Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მოუგო ორმა ქალმა სახელმწიფოს ბრძოლა 12 წლის შემდეგ


ეკა აღდგომელაშვილი, 2017 წლის 17 მაისი
ეკა აღდგომელაშვილი, 2017 წლის 17 მაისი

გაშიშვლება, დამცირება, შეურაცხყოფა, დაშინება, თვალთვალი და უარი სამართლიან გამოძიებაზე. ქალებმა, რომლებსაც სახელმწიფო 12 წელი უსამართლოდ ექცეოდა, საკუთარი სიმართლის დამტკიცება შეძლეს.

2009 წლის 15 დეკემბერს ფონდ “ინკლუზივის” ოფისში დაახლოებით 20 ქალი ახალი წლის ერთად შეხვედრას გეგმავდა და ერთმანეთისთვის საჩუქრებს ამზადებდა, როდესაც შენობაში რამდენიმე პოლიციელი ფორმისა და სასამართლო განჩინების გარეშე შევიდა და ჩხრეკა დაიწყო. პოლიციელებმა იმ დღეს ფონდ “ინკლუზივის” დირექტორი პაატა საბელაშვილი დააკავეს, რომელსაც ბრალად ედებოდა ნარკოტიკების შეძენა, შენახვა, გასაღება ან გადაგზავნა. ფონდის შენობაში მყოფი ქალები ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) პროექტებში მონაწილე ლბტ თემის წევრები იყვნენ. ჩხრეკის მიმდინარეობისას სამართალდამცავები მათ დასცინოდნენ და შერაცხყოფას აყენებდნენ. WISG-ს ამ დროს საკუთარი ოფისი ჯერ კიდევ არ ჰქონდა და შეხვედრებს “ინკლუზივის” სივრცეში აწყობდნენ ხოლმე.

“ამდენი წლის განმავლობაში არ გამნელებია ბრაზი - ასეთი გამოცდილება არ არის ადვილი დასავიწყებელი და, მით უმეტეს, როცა გამოძიება ასე ჭიანურდება. ადგილობრივ დონეზე გამოძიებას ფაქტობრივად არც არაფერი გაუკეთებია, პრაქტიკულად არ წარმართულა”, - ამბობს ეკა აღდგომელაშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც იმ საღამოს ოფისში მაშინ მივიდა, როცა პოლიციელები უკვე შენობაში იმყოფებოდნენ, ერთ ოთახში ქალები ჰყავდათ ერთად შეყრილი, მეორეს კი ჩხრეკდნენ. ეკა იმ დღიდან მოყოლებული ამ ამბავზე ხმამაღლა ლაპარაკს არ მორიდებია. ჯერ გამოძიება მოითხოვა, პარალულურად არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დოპლომატიურ კორპუსებს მიმართა დასახმარებლად. მერე კი, სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წაიღო.

იმ შემთხვევიდან 12 წლის შემდეგ, ეკამ და კიდევ მისმა ერთმა კოლეგა ქალმა სახელმწიფოს დავა სტრასბურგის სასამართლოში მოუგეს. სასამართლომ დაადგინა, რომ იმ დღეს პოლიციელების საქციელი ლესბოსელი, ტრანსგენდერი და ბისექსუალი ქალების მიმართ ჰომოფობიური განწყობით იყო ნაკარნახევი და დაზარალებულებმა სამშობლოში სამართლიანი გამოძიების უფლებით ვერ ისარგებლეს.

“როცა ძალადობის მსხვერპლი ხარ, მნიშვნელოვანია, ამაზე ვიღაცამ პასუხი აგოს. არა უბრალოდ სამსახურებრივ გადაცდომაზე, რა მუხლითაც დაიწყო გამოძიება, არამედ სწორედ ჰომოფობიური საფუძვლით ჩადენილ დანაშაულზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, დაენახა სახელმწიფოსაც, სასამართლოსაც”, - ამბობს ეკა აღდგომელაშვილი.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როცა სარჩელი უკვე სტრასბურგში იყო გაგზავნილი, ეკას და მეორე მოსარჩელეს, თინათინ ჯაფარიძეს სახელმწიფო მორიგებას და კომპენსაციის გადახდას სთავაზობდა. ქალები მორიგებაზე არ წავიდნენ, კომპენსაციის მიღებაზე მნიშვნელოვანი იმის ჩვენება იყო, რომ სამართალდამცველები მათ დისკრიმინაციულად მოექცნენ, მათ შორის იმის გამოც, რომ ქალები იყვნენ, რომ, როცა სახელმწიფოსგან მხარდაჭერა სჭირდებოდათ, სახელმწიფომ ისინი სამართლიანი გამოძიების უფლებით ვერ უზრუნველყო.

ეკა აღდგომელაშვილისა და თინათინ ჯაფარიძის საქმე პირველია საქართველოდან, რომელიც სამართალდამცველთა მხრიდან ჰომოფობიასა და სექსუალური ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო.

„პოლიციელებმა განზრახ შეულახეს ღირსება და დაამცირეს განმცხადებლები და მათი კოლეგები სიძულვილის ენის გამოყენებით, როდესაც ოფისში მყოფ ადამიანთა გასაგონად შეურაცხყოფას აყენებდნენ ისეთი ფრაზებით, როგორიცაა „ავადმყოფი ხალხი“ და „გარყვნილები“. გარდა ამისა, ზოგიერთი პოლიციელის ქმედება შეიცავდა მუქარის ელემენტებს. პოლიციელები უხეშად, არასათანადოდ ეპყრობოდნენ „ინკლუზივის“ ოფისში შეკრებილ ადამიანებს“, – თქვა სტრასბურგის სასამართლომ მომხდარიდან 12 წლის შემდეგ.

“ეს იყო რთული და გრძელი გზა”, - ასე იხსენებს ეკა იმ წლებს, რაც საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად დასჭირდა. ამ გზაზე ადამიანები ნელ-ნელა ქრებოდნენ მის გარშემო და ის რამდენიმე გაბედული მხარდამჭერი, ვინც მას ამხნევებდა, შეუდარებლად ძვირფასი გახდა.

ფონდ “ინკლუზივის” ოფისში პოლიციის შესვლა პირველი გახმაურებული და მასშტაბური ძალადობა იყო ქვიარ თემის მიმართ. ეკა აღდგომელაშვილი ამბობს, რომ მაშინ ეს საქმე სახელმწიფოს სათანადოდ რომ გამოეძიებინა და ძალოვან სტრუქტურებში არსებული პრობლემებისთვის თვალი გაესწორებინა, მომდევნო წლებში ფართომასშტაბიანი, ჰომოფობიური აქციები და ლგბტ პირების დარბევები შესაძლოა თავიდანაც კი აგვეცილებინა. მისივე თქმით, ახლა ასეთი მასშტაბის თავდასხმა არასამთავრობო ორგანიზიციაზე, რთულად წარმოსადგენია, თუმცა ხელისუფლება მაშინაც და ახლაც გენდერულ იდენტობას ხან ნაციონალისტური განწყობების გასაღვივებლად იყენებს, ხან დაშინების და შანტაჟის იარაღად. ის სიტყვები, რაც 2009 წლის დეკემბერში ესმოდათ ეკას და სხვა ქალებს, რომ “ბიჭები რომ ყოფილიყვნენ, ნახავდნენ, როგორ მოექცეოდნენ”, რომ “თუ არ გაჩუმდებოდა, მოკლავდნენ და დაანაკუწებდნენ” - დღესაც ესმით ქალებს [და სხვებსაც] სამართალდამცველებისგან, მით უფრო, ქვიარ თემის წარმომადგენელ ქალებს.

ფონდ "ინკლუზივის" ოფისი პოლიციელების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ
ფონდ "ინკლუზივის" ოფისი პოლიციელების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ

2009 წლის დეკემბრის შემთხვევა მომდევნო წლების, მათ შორის, 17 მაისის აქციების დაშლისგან იმით იყო გამორჩეული, რომ მაშინ არა რადიკალური ჯგუფების, არამედ სამართალდამცველების ჰომოფობია გახდა ძალადობის საფუძველი. დარბევა არა საჯარო სივრცეში, არამედ ორგანიზაციის ოფისში მოხდა, სადაც იქ მყოფი ადამიანების უმეტესობა ანონიმურობის დაცვით საუბრობდა საკუთარ სექსუალურ იდენტობაზე და მათთვის საჯაროობა მხოლოდ პრობლემების გამრავლებას ნიშნავდა.

“მაშინ თემი უფრო უხილავი და პატარა იყო. შეხვედრები, ღონისძიებები, რასაც იმ დროს ვაკეთებდით გოგოებთან, უმეტესად დახურული იყო, გარეთ არ ვახდენდით პოზიციონირებას. იმ პერიოდში ღიად პოზიციონირება ნიშნავდა იმას, რომ ადამიანი შეიძლება არ მოსულიყო შენთან ორგანიზაციაში. ისეთი დროც კი მახსოვს, როცა ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ორგანიზაციაში დადიოდნენ, გარეთ თვალს გვარიდებდნენ და ეს სრულიად გასაგები იყო”, - იხსენებს ეკა აღდგომელაშილი.

საქმეს ართულებდა ისიც, რომ ამავე დღეს ფონდ “ინკლუზივის” დირექტორი ნარკოტიკებთან კავშირის გამო დააკავეს და მისი დაკავება და ქალებისადმი დამამცირებელი მოპყრობა გამოძიებამ ერთ საქმედ მიიჩნია. დაზარალებულები დღესაც ეჭვობენ, რომ ეს ორი ამბავი შეგნებულად გაერთიანდა იმისათვის, რომ ქალებს მომხდარზე საჯაროდ და ხმამაღლა ლაპარაკისგან სტიგმატიზაციისა და მარგინალიზაციის შიშით უარი ეთქვათ. არის სხვა ფაქტორიც, 2009 წლის საქართველოს კანონმდებლობაში დისკრიმინაციული მოტივი სისხლის სამართლის კოდექსში საერთოდ არ არსებობდა.

“მე ერთ-ერთი მსხვერპლი ვიყავი თავდასხმის და ძალადობის და ის ფაქტი, რომ ოფისში მყოფი ოცამდე ქალიდან მხოლოდ ორმა შევძელით და გავასაჩივრეთ ეს ფაქტი, არ ნიშნავს იმას, რომ დანარჩენ ადამიანებსაც არ ჰქონდათ ძალადობაზე პროტესტი. უბრალოდ, მაშინდელი კონტექსტის გათვალისწინებით, სხვებმა ვერ შეძლეს, ასე ღიად განეცხადებინათ ამ ძალადობის შესახებ“, - ეუბნება თავისუფლებას ეკა და იხსენებს, რომ სისტემის მხრიდან მათზე ძალადობა იმ დღეს მხოლოდ დაიწყო და მომდევნო თვეების განმავლობაში უკანონო თვალთვალისა და დაშინების მსხვერპლებიც გახდნენ.

ეშინოდათ, რომ ოფისში მისულებს იქ ვიღაც დახვდებოდათ, ამიტომ გამოსვლისას კარის ქვემოთ რაიმე პატარა და შეუმჩნეველ ნივთს, მაგალითად, ასანთის ღერს ტოვებდნენ, რომ მიმხვდარიყვნენ, მათ არყოფნაში კარი თუ გაიღო.

ეშინოდათ, რომ რამეს ჩაუდებდნენ, ამიტომ გარეთ გამოსვლისას ჩანთა რაც შეიძლება კარგად ჰქონდათ ჩაბღუჯული.

ეშინოდათ, რომ მათ საუბრებს უსმენდნენ და იცოდნენ, სად ვის ხვდებოდნენ. რამდენიმე ადამიანი და ავტომობილი მათ გადაადგილებას თვეების განმავლობაში უწყვეტად აკონტროლებდა და ეკამ დღესაც არ იცის, რა იყო ამ ყველაფრის მიზანი: მათი დაშინება, ზეწოლა თუ კიდევ რაიმე სხვა.

სამართალდამცველები ქალებს, რომლებიც საკუთარ გენდერულ იდენტობას მალავდნენ, ემუქრებოდნენ, რომ მათთვის ამ სივრცეში გადაღებულ ფოტოებს მათ ოჯახის წევრებს გაუგზავნიდნენ.

იმ დღეს ორგანიზაციაში მყოფი ქალები პოლიციელებმა შესაბამისი ორდერის და საფუძვლის გარეშე ჩხრეკის მიზნით, ოფისის ტუალეტში გააშიშვლეს, თუმცა ამ ფაქტზე ოქმი არ შეუდგენიათ. ჩხრეკას გადაურჩა იქ მყოფი ტრანსგენდერი ქალი მხოლოდ იმის გამო, რომ სამართალდამცველები ვერ შეთანხმდნენ, ის ქალ პოლიციელს უნდა გაეჩხრიკა თუ კაცს.

“ახლაც, როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ უფრო ხილული გახდა თემიც და პრობლემებიც, ადამიანებმა მეტი იციან ჩვენ შესახებ, სულ უფრო ნაკლები ადამიანი ამბობს, რომ გამოგონილია ლგბტ პირების მიმართ ძალადობა, დღემდე, ლესბი და ბისექსუალი ქალების მიმართ ძალადობა ყველაზე დაფარული და უხილავია.

შეიძლება ეს კულტურული ფონის გავლენა იყოს, ქალთა მიმართ ძალადობაც უხილავია და დიდ ძალისხმევას საჭიროებს, რომ ის ხილული გახადო. თუნდაც ის ფაქტი, რომ 2009 წელს, ამდენი ქალი გახდა პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, ამას ადასტურებს. ქალებზე უფრო მეტად ტყდება ჯოხი და მაინც უხილავი რჩება ძალადობა. თვითონ თემის შიგნითაც კი ასე თვლიან, რომ ყველაზე მეტად მოწყვლადი ტრანსი თემია, შემდეგ გეი და მხოლოდ ამის შემდეგ ლესბი და ბისექსუალი ქალები. თვლიან, რომ ქალები ყველაზე ნაკლებად ზარალდებიან ჰომოფობიისგან, მაშინ როცა გამოცდილება საპირისპიროს გვეუბნება”, - ამბობს ეკა აღდგომელაშვილი.

რატომ არის ამ საქმის მოგება მნიშვნელოვანი უფლებადამცველებისა და ლბტ თემისთვის

“ევროპული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დღესაც განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან დღემდე ლგბტქი თემი სამართალდამცავი უწყებებისთვის მიმართვისას მრავალ დაბრკოლებას აწყდება. ეს გამოიხატება როგორც მართლმსაჯულების ყველა რგოლის, პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოს მუშაკთა მხრიდან ჰომო/ბი/ტრანსფობიურ მოპყრობაში, ისე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიებაში”, - თვლიან ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფში.

“ის საკითხები, რაც ამ გადაწყვეტილებაში არის აღწერილი, მათ შორის, სტერეოტიპული გამონათქვამები და შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახველი ფრაზები, რასაც პოლიციელები ეუბნებოდნენ ქალებს 2009 წელს, დღესაც არის ჩვენი ყოველდღიურობა და დიდ გამოწვევად რჩება ჩვენთვის, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ დღევანდელი ყოფა შეგვიცვალოს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას WISG-ის იურისტმა, ქეთი ბახტაძემ.

2012 წლის მარტიდან კანონმდებლობა უკვე ცნობს დისკრიმინაციულ მოტივს, როგორც დამამძიმებელ გარემოებას სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის, თუმცა ის ქმედებები, რაც 12 წლის წინანდელ საქმეშია აღწერილი [სისტემის მიერ ძალადობა, დევნა, დისკრიმინაცია ჰომოფობიური ნიშნით] დღესაც ხდება. ამ მოტივის იდენტიფიცირება სამართალდამცავი უწყებების მხრიდან კვლავ პრობლემად რჩება და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, წესით, ერთგვარი სიგნალი უნდა გახდეს სახელმწიფოსთვის, რომ ამგვარი შემთხვევებისას გამოძიება ეფექტიანი იყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG