Accessibility links

site logo site logo

COVID-ვაქცინაცია იწყება - რა არ უნდა გამოგრჩეს 15 მარტს


დღეიდან COVID-აცრა იწყება - ვინ, სად, როგორ აიცრება?

დღეიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა ნებაყოფლობითია და პირველ ეტაპზე მედპერსონალი აიცრება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აცრაზე სამედიცინო სფეროს 1449 წარმომადგენელია ჩაწერილი.

დღეს, დემონსტრაციულად, ღია ეთერში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.

ამ ეტაპზე ქვეყანაში AstraZeneca-ს 43 ათასი ვაქცინაა შემოსული. ეს ორეტაპიანი აცრის მხოლოდ პირველ ეტაპზე სამყოფი დოზაა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, აპრილის თვეში ქვეყანა გარანტირებულად მიიღებს AstraZeneca-ს ვაქცინის კიდევ 86 000 დოზას. მანამდე, 22 მარტიდან კი, Pfizer-ის ვაქცინებს ელოდება ჯანდაცვის სამინისტრო.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

კრისტიან დანიელსონმა საქართველოში ვიზიტის დრო გაახანგრძლივა - მოლაპარაკებები გრძელდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი კიდევ ერთი დღით დარჩება თბილისში, რათა, მისი თქმით, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას დაეხმაროს პოზიციების დაახლოებაში და შესაძლებელი გახდეს შეთანხმების მიღწევა.

გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების მიუხედავად, ამ დროისთვის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციას შედეგი არ აქვს.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ საჭიროა ბევრ საკითხზე მუშაობა, რათა ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვდეს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აზრით კი, ოპოზიცია ამ პროცესში „გაკოტრებული და ქუჩაში დარჩენილია“.

„ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში, ბრიუსელში, ცარიელი ხელებით არის დარჩენილი ოპოზიცია. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით და უამრავი რამ გაკეთდა გასული წლების განმავლობაში და უამრავი რამ კეთდება ახლაც, ეს არის ასოცირების დღის წესრიგი, რომელსაც ზედმიწევნით ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება და ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციას, მათი თქმით, სასურველი შედეგი მოლაპარაკებებს ჯერ არ მოუტანია, თუმცა ამისკენ გზა კომპრომისებზე გადის. ასეთი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის პოზიციაც, როცა ის მოლაპარაკებებიდან გამოვიდა.

„ლელო საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კი თქვა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება ფორმულაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს შეთანხმება ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, ეს არის მხარეების „ნაბიჯ-ნაბიჯ“ სვლა კრიზისის დაძლევისკენ.

ამ თემაზე ასევე ნახე:

მორიგი აქცია გაიმართა ქუთაისში ნამახვანჰესის პროექტის წინააღმდეგ

რიონის ხეობაში ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მოსახლეობა, აქტივისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ამ მიზნით აქციაზე ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო.

აქციის ორგანიზატორები ხვალ ნამახვანის ტერიტორიაზე აპირებენ პროტესტის გაგრძელებას. აქციაზე, აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, გაითვალისწინოს ათასობით, ათიათასობით ადამიანის პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, „რეგიონებში შეიქმნება საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც დაიძრებიან თბილისისკენ“.

„შემდეგი აქცია ჩატარდება პარლამენტთან, თუკი ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა, - გვინდა, ჩამოვყალიბდეთ ისეთ სამოქალაქო საზოგადოებად, რომელსაც ექნება უფლება, მოითხოვოს რეფერენდუმი, რომ მსგავსი საკითხები გადაწყდეს სწორედ რეფერენდუმით”.

წაიკითხე მეტი.

დღეიდან შეზღუდვების კიდევ ერთი ნაწილი იხსნება

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული ეკონომიკური საქმიანობის ეტაპობრივი აღდგენის გეგმის მიხედვით, დღეს, 15 მარტიდან:

  • მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები;
  • უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, სრულად აღადგინონ საგანმანათლებლო საქმიანობა და სალექციო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში;
  • განახლდება სასკოლო წრეების მუშაობა;
  • თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას დღეიდან შეძლებენ, საქმიანობას სრულად მაყურებლების დასწრებით - 1-ლი აპრილიდან.

ძალაში რჩება ე.წ. კომენტანტის საათი, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს, სპეციალური საშვის გარეშე, ეკრძალებათ გადაადგილება 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე.

მთიანი ყარაბაღის ხელისუფლება მხარს უჭერს რუსული ენისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას

სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლება მხარს უჭერს ინიციატივას, რომელიც რუსული ენისათვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, აღნიშნული ინიციატივა შეტანილი იქნება სეპარატისტული საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტის, არაიკ არუთიუნიანის ხელმოწერის შემდეგ, დოკუმენტი უკვე იურიდიულ ძალას შეიძენს.
საკანონმდებლო პროექტის თანახმად, მთიანი ყარაბაღის ოფიციალურ ენებად სომხური და რუსული ცხადდება.

წაიკითხე მეტი.

რა გვიხარია, როცა ბასილაშვილის გამარჯვება (არ) გვიხარია?

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ დოჰას ტურნირის მოგებამ და მანამდე ჩოგბურთის ლეგენდის, როჯერ ფედერერის დამარცხებამ საქართველოში საზოგადოება ორად გაყო.

სოციალურ ქსელებში ნაწილი დაუფარავად გამოხატავდა გამარჯვებით მოგვრილ სიხარულს და ბასილაშვილს კარიერულ წინსვლას მთელი გულით ულოცავდა, ნაწილი კი წერდა, რომ გმირი ვერ იქნება ადამიანი, რომელიც ცოლზე ძალადობაშია ბრალდებული და რომ ასე აღტაცებით ამ ფაქტის აღნიშვნა და „სავარაუდო მოძალადის“ წახალისება არასწორია.

ფეისბუკგარჩევების მიღმა, საზოგადოებაში არსებულ ორივე აზრს თავისი არგუმენტი აქვს. რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ეკა ქევანიშვილმა განსხვავებული პოზიციები მოისმინა, გადახედა სასამართლოში მიმდინარე გახმაურებულ საქმეს და მოისმინა სპორტის ქომაგების შეფასებები ჩოგბურთელის სპორტულ ტრიუმფზე. რა გვიხარია და რა არ გვიხარია ბასილაშვილის გამარჯვებაში? - წაიკითხე ვრცლად აქ.

კარავი, რომელშიც ნამახვანჰესის აშენების მოწინააღმდეგე რიონის ხეობის მცველები მორიგეობით ათევენ ღამეს, ნამოხვანელი ლალი ეფრემიძის ყანის ადგილას დგას.

მისი სახლი ამ ადგილიდან დაახლოებით ორ კილომეტრშია, რიონის პირას. სახლის საქმეებს რომ მოითავებს ხოლმე, მერე ხეობის მცველებთან გარბის. თან თავის ნაკვეთსაც დახედავს - წელსაც უნდა, რამე დათესოს. თუ დააცადეს.

ლალი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ხეობაში დიდი ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება და საკუთარ მიწას არ ყიდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG