Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნება“ მეორე ტურისთვის, ოპოზიცია კი აქციისთვის ემზადება - რა არ უნდა გამოგრჩეს 20 ნოემბერს


ვინ რას აპირებს 21 ნოემბერს?

ბლოკის "ნაციონალური მოძრაობა" - "ძალა ერთობაშია" მაჟორიტარი კანდიდატები აცხადებენ, რომ არ აპირებენ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას და ამ პროცესს ბოიკოტს უცხადებენ. მაჟორიტარმა კანდიდატებმა ამომრჩეველს გუშინ თავად მიმართეს.

ამომრჩეველს მიმართა სამგორის რაიონის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმაც. ის 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურში მისულ ადამიანებს პასუხისმგებლობას აკისრებს.

ენმ-ს უერთდებიან სხვა ოპოზიციური პარტიებიც და ისინი არც პარლამენტში შესვლას აპირებენ. მიუხედავად ამისა, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველს ბიულეტენში მაინც დახვდება ოპოზიციური კანდიდატების ნომრები.

მეორე ტურში ყველა ოლქში ერთ-ერთი კანდიდატი "ქართული ოცნებიდანაც" იქნება. ოპოზიციიდან კი კანდიდატები ასე ნაწილდებიან: 12 ოლქში კანდიდატები ბლოკიდან "ნაციონალური მოძრაობა" - "ძალა ერთობაშია" არიან, 2-ში - "ევროპული საქართველოდან", 1-ში - "გირჩიდან", 1-ში - "ლეიბორისტული პარტიიდან", 1-ში - "მოქალაქეებიდან".

21 ნოემბერს ოპოზიციის გეგმებში ისევ პროტესტია. მორიგი აქცია სწორედ შაბათს გაიმართება. დეტალების შესახებ კი მეტს დღეს გავიგებთ.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

უკეთესი, უარესი თუ იგივე - როგორ (ვერ) მუშაობს ცესკო

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სადამკვირვებლო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, აქტივისტები და მოქალაქეები ინტერნეტში კოლექტიურად განიხილავენ ოქმებს, ოქმების ჩასწორებებს, დარღვეულ ბალანსს, მეტობას და ნაკლებობას საარჩევნო დოკუმენტაციაში.

დაშვებული შეცდომების მიზეზებმა, მათი გამოსწორების პრაქტიკამ, უბნებზე პროცესის ორგანიზატორთა გადაღლილობამ, დაძაბულმა სამუშაო გარემომ და სხვა ფაქტორებმა კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში, ერთი მხრივ, უბნებსა და ოლქებში მომუშავე ჯგუფების კვალიფიკაციის საკითხი, მეორე მხრივ კი, წარმოაჩინა არჩევნების სისტემისა და ორგანიზების ხარისხის პრობლემები.

იმის დასტურად, რომ 2020 წლის არჩევნები არაფრით გამოირჩეოდა, მათ შორის არც დარღვევების მასშტაბით, ცესკომ გამოაქვეყნა შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილი დისბალანსისა და ბიულეტენების ნაკლებობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები. 10 ჩატარებულ არჩევნებზე ოქმებს შორის დისბალანსი და 2020 წლის მონაცემების ანალიზი არ იძლევა განგაშის საფუძველს.

წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

19 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 38 პაციენტი.

ინფიცირებულთა შორის არის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა.

როგორც პრესსამსახური აღნიშნავს, ცერცვაძეს აღენიშნება ტემპერატურის მატება 38.0 გრადუსამდე. გულ-მკერდის ორგანოების კომპიუტერულ- ტომოგრაფიული გამოკვლევით დაფიქსირდა ორმხრივი COVID-პნევმონია. იმუნური სისტემის გამოკვლევით აღენიშნება უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

შაქარაშვილის საქმე: მსჯავრდებული არასრულწლოვნების სასჯელი დღეს გამოცხადდება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს დანიშნულ სხდომაზე გახდება ცნობილი, რა სასჯელს შეუფარდებენ ექვს არასრულწლოვან მსჯავრდებულს, რომლებსაც წინა კვირაში გამამტყუვნებელი განაჩენი გამოუტანა მოსამართლე მაია ოშხარელმა.

გამოძიება მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავებოდა. ეს მძიმე კატეგორიის დანაშაულს განეკუთვნება და, საერთო ჯამში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მოსამართლე უფლებამოსილია, არასრულწლოვანს დაუნიშნოს კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე ნაკლები, ან სხვა, უფრო მსუბუქი სასჯელი, თუკი მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა და არსებობს შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობა, რის გამოც მიზანშეწონილია კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა.

წაიკითხე მეტი.

თურნავა: წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, ვმსჯელობთ, რა დოზით შეეხება იგი ზამთრის კურორტებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, თუმცა რა დოზით შეეხება იგი ზამთრის კურორტებს, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. მისი თქმით, მთავრობის პრიორიტეტი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იქნება.

"არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ნორმალურად იფუნქციონირებს, მაგრამ, პირველ რიგში, უნდა გავაანალიზოთ ეპიდემიოლოგების რჩევები. თუ რა დოზით, რა დონით და რა გეოგრაფიით იქნება ეს წერტილოვანი შეზღუდვები, აქედან გამომდინარე ვიმსჯელებთ ზამთრის კურორტებზე”, - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, ზამთრის კურორტი ისევე, როგორც საზაფხულო კურორტი, დიდი მობილობის გენერატორია და ამ თვალსაზრისით ეპიდემიოლოგიურად გარკვეული კითხვები არსებობს.

წაიკითხე მეტი.

UNICEF-ი შიშობს, რომ პანდემია ბავშვების „დაკარგულ თაობას“ გააჩენს

გაეროს ბავშვთა ფონდი(UNICEF) შიშობს, რომ კორონავირუსის პანდემიამ შესაძლოა, ბავშვების „დაკარგული თაობა“ გააჩინოს. ფონდის ექსპერტთა შეფასებით, ასეთ საფრთხეს ქმნის პანდემიის გრძელვადიანი ზემოქმედება ბავშვების განათლებაზე, კვებასა და საერთო კეთილდღეობაზე.

UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჰენრიეტა ფორეს განცხადებით, ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ბავშვებს შედარებით მსუბუქი სიმპტომები აქვთ და მათთვის გაცილებით სერიოზულ საფრთხეს ქმნის პანდემიის გამო ძირითადი სამსახურების მუშაობის შეფერხება და სიღარიბის დონის სწრაფი ზრდა. როგორც ფორე ამბობს, საფრთხის ქვეშაა მთელი თაობის მომავალი.

წაიკითხე მეტი.

ხანდაზმულთა პანსიონატში COVID-ით სამი ბენეფიციარი გარდაიცვალა, 30 დაინფიცირდა

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში COVID19-ით სამი ბენეფიციარი გარდაიცვალა. მათი ასაკი 85-დან 90 წლამდე იყო და ინფიცირებიდან რამდენიმე დღეში, ნოემბრის დასაწყისში, კლინიკებში გარდაიცვალნენ.

ინფიცირების პირველი შემთხვევა თემქაზე მდებარე პანსიონატში, 27 ოქტომბერს დაფიქსირდა - COVID-19 ერთ ბენეფიციარსა და მორიგე ექთანს დაუდასტურდა. საბოლოოდ, პანსიონატის 40 ბენეფიციარიდან, ვირუსი 30-ს გამოუვლინდა.

დაინფიცირდა პანსიონატის 25 თანამშრომელი, მათ შორის, ოთხივე დარაჯი, მზარეულები, ექთნები, მომვლელები. ინფიცირების წყარო უცნობია.

რა მდგომარეობაა პანსიონატებში პანდემიის დროს? - წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

აზერბაიჯანელები, რომელთაც საცხოვრებელი ადგილები დატოვეს მთიან ყარაბაღში სომხებთან 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ, ახლა იმედოვნებენ, რომ შინ, მშობლიურ სოფლებში დაბრუნდებიან. სომხები, ვისაც უწევს ამ სოფლების ახლა დატოვება, სახლებს წვავენ და ელექტროგაყვანილობას აზიანებენ.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG