Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გეგმები აქვთ „რიონის ხეობის მცველებს“? - რა არ უნდა გამოგრჩეს 13 აპრილს


169 დღე კარვებში, მეორე ღამე კარვების გარეშე - როგორ გაგრძელდება ნამახვანჰესის პროტესტი

169-დღიანი პროტესტის შემდეგ „რიონის ხეობის მცველებმა“ სოფელ ნამოხვანიდან გუმათში გადაინაცვლეს. ჰესის მშენებელმა კომპანია „ენკამ“ ნამოხვანში მათი კარვები ტრაქტორით გადაასწორა. ინვესტორი ამბობს, რომ ხანგრძლივი პროტესტის ადგილი მისი საკუთრებაა 2019 წლიდან.

რიონის ხეობაში სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები და ვითარებაც გუშინ, დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაიძაბა.

როგორ ვითარდებოდა მოვლენები 12 აპრილს?

4 საათისთვის აქციის მონაწილეები შეეცადნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი და 17 კილომეტრი ნამოხვანამდე ფეხით გაევლოთ.

ნამოხვანისკენ კორდონი ვერ გაარღვიეს და მსვლელობა „ენკას” ბაზისკენ მოაწყვეს, მერე ისევ უკან გუმათში დაბრუნდნენ და ქუთაისში ავტოკოლონით წავიდნენ.

რა გეგმები აქვთ „რიონის ხეობის მცველებს“?

სოფელ გუმათში მყოფები ამბობენ, რომ მათი პროტესტი ისევ გრძელდება, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება. „რიონის ხეობის მცველებს“ ოთხი მოთხოვნა აქვთ:

  • გაწყდეს კონტრაქტი სახელმწიფოსა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის, რომელიც ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას გულისხმობს.
  • გაუქმდეს განკარგულება, რომელიც იმავე კომპანიისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისებას გულისხმობს.
  • გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა.
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

რას ამბობს ხელისუფლება რიონის ხეობაში შექმნილ კრიზისზე? ვინ უცხადებს მხარდაჭერას აქციის მონაწილეებს და კიდევ რა გეგმები აქვთ „რიონის ხეობის მცველებს“? წაიკითხე ვრცლად ნასტასია არაბულისა და თათა კაჭკაჭიშვილის სტატიაში.

რა მოასწავებს პანდემიის მესამე ტალღას - რამდენიმე მთავარი რიცხვი და მოლოდინი

ყველა რიცხვი და მონაცემი, რაც კი ქვეყნის ეპიდვითარებას აფასებს, დღეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო კოვიდპანდემიის მესამე ტალღის საფრთხის წინაშე დგას. საფრთხეს ისიც აორმაგებს, რომ საქართველოში, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, ნელ-ნელა დომინანტურ პოზიციებს იკავებს COVID-19-ის ბრიტანული შტამი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი თითქმის 70%-ით უფრო მარტივად გადამდებია, ანუ ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტ ადამიანს აინფიცირებს.

მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ თუკი მარტის მიწურულს, ეპიდემიოლოგები საქართველოში ბრიტანული შტამის მხოლოდ 50 დადასტურებულ შემთხვევაზე ლაპარაკობდნენ, ორი კვირის თავზე, ბრიტანული შტამის დადასტურებულმა შემთხვევებმა კოვიდინფიცირებულებში 50-70 % შეადგინა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ბოლო ორ კვირაში გაზრდილია ქვეყანაში 100 ათას მოსახლეზე ინციდენტობის მაჩვენებელი.

თუკი ორი კვირის წინ ყოველ 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების 9-10 ახალი შემთხვევა მოდიოდა, დღეს ეს მაჩვენებელი უკვე 16-17-ია.

როგორ ხვდება მესამე ტალღას საქართველო? წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას სასამართლო პროცესია დანიშნული. ის 8 აპრილს უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლემ მისი გადადების გადაწყვეტილება მიიღო. დღეს პროცესს დაესწრება თავად ნიკა მელიაც.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხს უნდა გადახედოს.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

მას ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო - 40 000 ლარი. მელიამ „უსამართლო გირაოს“ გადახდაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ბათუმის ბულვარის დირექტორი ამბობს, რომ სამსახურიდან კრიტიკული აზრის გამო გაათავისუფლეს

ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის მიზეზად აუდიტის სამსახურის მიერ აღმოჩენილი დარღვევები დასახელდა.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ირაკლი ჯინჭარაძე თავის გათავისუფლებას უკავშირებს გამოსვლას საკრებულოში, სადაც მან ხმამაღლა გაუწია წინააღმდეგობა ბათუმის ბულვარის ცენტრალური პლაჟის ნაწილის მრავალწლიანი იჯარით გადაცემის საკითხს, რომლის შემდეგ საკითხი საკრებულოში აღარ გავიდა.

მისი თქმით, აჭარის ტელევიზიით გაიგო, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებული იყო.

წაიკითხე მეტი.

უკრაინა: რუსეთი უგულებელყოფს დიალოგისკენ მოწოდებებს

უკრაინა აცხადებს, რომ ითხოვა რუსეთთან მოლაპარაკების გამართვა, უკრაინის აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის განხილვის მიზნით, თუმცა ჯერ პასუხი არ მიუღია. ამ განცხადებას უარყოფს მოსკოვი.

კიევი და დასავლეთი რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს - მათ, ვინც უკრაინის აღმოსავლეთის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის ნაწილებს აკონტროლებენ - სდებენ ბრალს ბოლო ხანებში დაძაბულობის ესკალაციაში, მოსკოვი კი თითს კიევისკენ იშვერს.

ბოლო პერიოდში გავრცელებული ფოტოები, ვიდეოჩანაწერები და სხვა მასალები აჩვენებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ინტენსიურად გადაადგილდებიან უკრაინის საზღვრისკენ, ან მის სიახლოვეს, ისევე, როგორც ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, რაც ზრდის შეშფოთებას, რომ მოსკოვი უკრაინაში სამხედრო ძალების გასაგზავნად ემზადება.

წაიკითხე მეტი.

რა იქნება ქართველი მომვლელების მოვალეობა, ხარჯი, შემოსავალი ისრაელში?

ისრაელი საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს სამსახურს ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე. დასაქმების ხანგრძლივობა 1 წელია - ისრაელში ჩასული დასაქმებული მიიღებს ერთწლიან ვიზას, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ყოველწლიურად, მაქსიმუმ 63 თვის განმავლობაში.

ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან http://workabroad.moh.gov.ge/ -ზე დაიწყო.

2021 წლის განმავლობაში, საქართველოს 1000 მოქალაქე დასაქმდება. შეირჩევიან ისინი, ვისაც აქვს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი.

დასაქმება გულისხმობს კვირაში 42-საათიან სამუშაო გრაფიკს. მოვალეობებში კი შედის ხანდაზმული/შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პაციენტების მოვლა.

ისრაელში სამუშაოს დაწყების პირობებსა და პროცედურებზე, დეტალებს გაეცანი ანი ბურდულის სტატიაში.

აივ დადებითი ადამიანები
please wait

No media source currently available

0:00 0:10:24 0:00
  • როდესაც გაიგე, რომ აივ დადებითი ვარ, რა იფიქრე?
  • რა შეცვალა ჩემმა დიაგნოზმა ჩვენს მეგობრობაში?
  • როგორ ფიქრობ, აივ დადებითი ადამიანები საშიში არიან? თუ კი, ვისთვის?
  • ყველაზე უფრო მეტად რისი თქმა გინდა ჩემთვის?
  • 20 წლის მერე როგორს მხედავ?

თენგო & ნიკოლო - მეგობრები პირისპირ.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG