Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჯერ არის დრო" - რა დარჩა შესასრულებელი კანდიდატის სტატუსის მისაღებად


ფოტოილუსტრაცია: საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობიდან მხოლოდ ერთი შეასრულა
ფოტოილუსტრაცია: საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობიდან მხოლოდ ერთი შეასრულა

ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის 12 პირობიდან მხოლოდ ერთი შეასრულა ბოლომდე, ორი - მეტწილად, ოთხი კი ნაწილობრივ. ხუთი რეკომენდაცია კვლავ შესასრულებელია.

„ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსმეტრი“ – „ღია საზოგადოება საქართველოს“ პროექტია, რომლის ფარგლებშიც 8 არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას უწევს მონიტორინგს.

ანგარიშზე, რომელიც მარტის ბოლომდე არსებულ მდგომარეობას ასახავს, მუშაობდნენ: „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“, „სასამართლოს გუშაგი“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი“, „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და „საფარი“.

„ჩვენი მიზანია, გამოვკვეთოთ ეტაპი, სადაც დღეს საქართველო არის, ამ 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით და ვაჩვენოთ მიმართულება, სად არის მეტი გასაკეთებელი. ჩვენ გვჯერა, რომ არის დრო პოლიტიკური ნების საჩვენებლად, არის დრო პროგრესის საჩვენებლად და თუკი პროგრესი გამოჩნდება, იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი ამას გაითვალისწინებს“, - ამბობს „ღია საზოგადოების ფონდის“ ხელმძღვანელი, ქეთი ხუციშვილი.

„ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსმეტრის“ ანგარიშის პრეზენტაცია სასტუმრო "რადისონში". 20 აპრილი, 2023 წელი.
„ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსმეტრის“ ანგარიშის პრეზენტაცია სასტუმრო "რადისონში". 20 აპრილი, 2023 წელი.

„ქართული ოცნება“ თვლის, რომ 12-დან მხოლოდ ორი რეკომენდაცია - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის დამტკიცება და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა - დარჩა შესასრულებელი.

რა წერია "კანდიდატის სტატუსმეტრში"?

#1 დეპოლარიზაცია - შესასრულებელია

ევროკავშირის პირობაა: „19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით გადაიჭრას პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის გზით“.

ანგარიშის თანახმად, დეპოლარიზაციის ნაცვლად, „პოლიტიკური პოლარიზაცია გაიზარდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას, ხელისუფლებასა და მედიას, ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის“; მაშინ, როცა ხელისუფლება თვლის, რომ #1 რეკომენდაცია არა მთავრობის, არამედ ოპოზიციის შესასრულებელია.

„ქართულმა ოცნებამ“ ანტიდასავლური რიტორიკა გააძლიერა; ამასთან, ის დასავლეთს, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებასა და კრიტიკულ მედიას საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევის სურვილში ადანაშაულებს... „ქართული ოცნება“ კრიტიკოსებს „ომის პარტიად“ მოიხსენიებს... ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ხშირად „რუსეთის მონებს“ და „მოღალატეებს“ უწოდებს“, - წერია ანგარიშში.

დეპოლარიზაციის შესამცირებლად, სტატუსმეტრის მიხედვით, აუცილებელია შემდეგი გამოწვევების დაძლევა: 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 2%-მდე შემცირება; კრიტიკული მედიისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დასრულება; „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას, გათავისუფლება; ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაყვანა; მმართველი პარტიის მიერ კრიტიკული მედიის არხების ბოიკოტის დასრულება და სატელევიზიო დებატებში მონაწილეობის მიღება; სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მტრული რიტორიკის დასრულება და სხვა.

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (Grass) ხელმძღვანელი, პაატა გაფრინდაშვილი იხსენებს, რომ „შარლ მიშელის შეთანხმების“ სახელით ცნობილი 19 აპრილის შეთანხმების მიმართ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითია და პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ (2023 წლის 2 მარტს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში) ისიც კი განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმების შესრულების შემთხვევაში, „თბილისში იდგებოდა რუსული ტანკები“.

„აქედან გამომდინარეობს ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რაც ახასიათებს პირველი პრიორიტეტის - დეპოლარიზაციის - ამ ეტაპზე ჯერ კიდევ შეუსრულებლობას. ამაში მოიაზრება ძალთა გადანაწილების პრობლემაც პარლამენტში... პირველი ნაბიჯი იქნებოდა, რომ შეწყდეს ერთმანეთის ლანძღვა-გინება“, - ამბობს პაატა გაფრინდაშვილი.

#2 საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები - ნაწილობრივ შესრულდა

ევროკავშირის პირობაა, საქართველომ: „უზრუნველყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულყოფილი მუშაობა, გააძლიეროს მათი დამოუკიდებლობა და ეფექტიანი ანგარიშვალდებულება, ასევე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციები; კიდევ უფრო გააუმჯობესოს საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო, აღმოფხვრას ყველა ხარვეზი, რომელიც ამ პროცესების დროს ეუთო/ოდირმა და ევროპის საბჭომ/ვენეციის კომისიამ გამოავლინა”.

რა გაკეთდა?

„ქართული ოცნების“ ინიციატივით, ცვლილებები შევიდა პარლამენტის რეგლამენტში. მაგალითად, ორჯერ (8-მდე) გაიზარდა ინტერპელაციების რაოდენობა და მინისტრებს დაევალათ - წერილობითი ანგარიში დეპუტატებს „მინისტრის საათამდე“ 5 დღით ადრე გაუგზავნონ.

საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებით, უბნების 90%-ში ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემა დამონტაჟდება, დარჩენილ უბნებზე ბიულეტენები გაციფრულდება და შედეგები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადაითვლება.

პარლამენტმა გაითვალისწინა ვენეციის კომისიის „რეკომენდაციების ნაწილი“, ცვლილებები შეეხო პარტიების დაფინანსებას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, საარჩევნო ადმინისტრაციას და სხვა.

საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა 2023-26 წლების საჯარო ადმინისტრაციის რეფორმების სტრატეგია და 2023-24 წლების სამოქმედო გეგმა, რაც მოიცავს დეცენტრალიზაციას, ციფრულ მმართველობას, ანტიკორუფციულ ზომებს და სხვა.

რა დარჩა გასაკეთებელი?

მოლოდინი, რაც კვლავ დარჩენილ გამოწვევებს უკავშირდება, მოიცავს: საარჩევნო ბარიერის 2%-მდე შემცირებას, რის პირობადაც „ქართული ოცნება“ კანდიდატის სტატუსის მიღებას ასახელებს; ცესკოს თავმჯდომარისა და კომისიის პროფესიული წევრების დეპუტატების ხმების 2/3-ით არჩევა და ანტიჩიხური მექანიზმის შექმნა; ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის მნიშვნელოვანი რეკომენდაციების ასახვა საარჩევნო კოდექსში: თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ამომრჩეველთა დაშინების პრევენციისთვის და სხვა. არ არის შემუშავებული მექანიზმი ე.წ. კარუსელების წინააღმდეგ. „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილმა საპარლამენტო სამუშაო ჯგუფმა „არ განიხილა ის შეთავაზებები, რომლებიც უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას ეხებოდა“.

„საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, საარჩევნო კოდექსში რჩება მთელი რიგი დებულებები, რომელთა დახვეწა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ კარგ საკანონმდებლო ბაზაზე, რომელიც არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს“, - ამბობს „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, თამარ ხიდაშელი.

#3 დამოუკიდებელი სასამართლო - შესასრულებელია

ევროკავშირის პირობაა, საქართველომ: „მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2021 წლის შემდგომი პერიოდისათვის, რომელიც დაეფუძნება ფართო, ინკლუზიურ და პარტიათა შორის წარმართულ საკონსულტაციო პროცესს; უზრუნველყოს, რომ მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვი იყოს სრულებით, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი, ასევე დაიცვას შტოებს შორის ძალაუფლების განაწილება; კერძოდ, უზრუნველყოს ყველა სასამართლო და საგამოძიებო ინსტიტუტის ჯეროვანი ფუნქციონირება და კეთილსინდისიერება, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოსი, და გადაჭრას ყველა პრობლემა, რომელიც გამოვლინდა მოსამართლეთა ნომინირების ყველა დონეზე, ასევე გენერალური პროკურორის შემთხვევაში; გაატაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრები. ყველა ეს ზომა უნდა გატარდეს ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული დაცვით”.

მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ის, რომ - საკანონმდებლო ცვლილებები არ მოიცავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებას, რაც საერთაშორისო პარტნიორების ერთ-ერთ უმთავრეს რეკომენდაციასა და მოლოდინს წარმოადგენს.

ასევე, საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ აურჩევია იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები. ანგარიშის თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი ცვლილებები „რეალურად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი სასამართლოს ჩამოყალიბებისათვის საკმარისი არაა, რასაც ადასტურებს ვენეციის კომისიის ბოლო მოსაზრება“.

ანგარიში ასახავს მდგომარეობას 2023 წლის მარტის ჩათვლით და, შესაბამისად, მასში ვერ მოხვდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ყოფილი და მოქმედი მოსამართლეების სანქცირების ფაქტი და „ქართული ოცნების“ ღია ბრძოლა ოპოზიციის მიერ პარლამენტში ინიცირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგ.

„სასამართლოსთან დაკავშირებით სიტუაცია მძიმეა... რეფორმა არ განხორციელებულა. დისკუსიაც არ ყოფილა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმაზე... ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მეორდება. [ცვლილებებში] არ არის გათვალისწინებული მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის გაძლიერების საკითხები... 5 არამოსამართლე წევრის არჩევის საკითხის გადაწყვეტა მოკლე დროში შეიძლება, მაგრამ ეს საკითხი ფაქტობრივად კენჭისყრაზეც ვერ გავიდა. იმედი გვაქვს, რომ მოკლე დროს, რაც დარჩა [ოქტომბრამდე], ხელისუფლება გამოიყენებს. ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ინტერესი და ჩავერთოთ ამ პროცესში“, - ამბობს „სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი.

#4 ანტიკორუფციული ზომები - ნაწილობრივ შესრულდა

ევროკავშირის პირობაა, საქართველომ: „გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც თავს მოუყრის ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციას; განსაკუთრებით კი, საგულდაგულოდ გადაჭრას მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები; აღჭურვოს ახალდაარსებული სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტო იმ რესურსებით, რომლებიც მათ მანდატს შეესაბამება და უზრუნველყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა”.

რა გაკეთდა?

„ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ინიცირება და პარლამენტში შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებები სამი მოსმენით მიიღო; შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო და მისი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა კონკურსის საფუძველზე დანიშნა; ბიურო ანგარიშვალდებულია პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე; გაიზარდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილება და იზრდება სამსახურის მიერ გამოსაძიებელ სამართალდარღვევათა ჩამონათვალი. გენერალური პროკურატურის ნაცვლად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა გამოიძიოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების დარღვევა; ცვლილებები ითვალისწინებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა სოციალური გარანტიების გაფართოებას.

რა დარჩა გასაკეთებელი?

„სტატუსმეტრის“ მიხედვით, კვლავ პრობლემად რჩება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა რეკომენდაცია ანტიკორუფციული ბიუროს საგამოძიებო ფუნქციებით აღჭურვასთან დაკავშირებით და „კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიება კვლავ სხვადასხვა საგამოძიებო ორგანოს ხელშია, რაც ეწინააღმდეგება ყველა საკვანძო ანტიკორუფციული ფუნქციის ერთ ორგანოში თავმოყრის მოთხოვნას“.

ანტიკორუფციული სააგენტო კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში რჩება.

„კორუფციული საქმეების გამოძიება ისევ მიმობნეული იქნება სხვადასხვა უწყებაში და, შესაბამისად, ამ ბიუროს არ ექნება ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება - ჩაატაროს დამოუკიდებელი გამოძიება... ასევე თავმჯდომარის დანიშვნა ხდება პრემიერ-მინისტრის მიერ, რაც ბადებს ბევრ კითხვას“, - აცხადებს „მმართველობის მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი, ზაზა აბაშიძე.

#5 დეოლიგარქიზაცია - შესასრულებელია

ევროკავშირის პირობაა: „დეოლიგარქიზაციის პირობისადმი ერთგულება, რაც უნდა მიღწეული იქნას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საშუალებით”.

„სტატუსმეტრი“ აღნიშნავს, რომ „ევროკავშირს დეოლიგარქიზაციის საკანონმდებლო რეგულაცია არ მოუთხოვია“, თუმცა ხელისუფლება #5 რეკომენდაციის შესრულებას სწორედ კანონის მიღებით გეგმავს; ხოლო საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ დეოლიგარქიზაციის მიღწევა სხვა 12 რეკომენდაციის პრიორიტეტების შესრულებით არის შესაძლებელი. აქ იგულისხმება სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერება და სხვა.

ანგარიში ასახავს მთავარ გამოწვევებს, რომლებიც შესაძლოა დეოლიგარქიზაციის კანონის დამტკიცებას მოჰყვეს.

„ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ კანონპროექტის “პერსონალური” მიდგომა, რომელიც განსაზღვრავს და ახდენს პიროვნებების სტიგმატიზაციას, ბუნდოვან კრიტერიუმებზე დაყრდნობით, შეიცავს მაღალ რისკს, რომ ადამიანის უფლებები დასახული მიზნების მიღწევის გარეშე დაირღვეს“, - წერია ტექსტში, რომელიც ვენეციის კომისიისგან პირველი დასკვნის მიღების შემდეგ, კანონპროექტში ცვლილებების შეტანისა და შემდეგ ისევ ვენეციის კომისიისთვის გაგზავნამდეა მომზადებული.

თუმცა ოლიგარქების რეესტრის შედგენა შეცვლილი კანონპროექტითაც იგეგმება. განსხვავება ისაა, რომ რეესტრს არა მთავრობა, არამედ ახალშექმნილი ანტიკორუფციული ბიურო შეადგენს.

„ურთულესი თემაა ეს... საზოგადოების დიდი ნაწილისთვის და მათ მიხედვით - ევროკავშირისთვისაც, დეოლიგარქიზაციაში უპირველეს ყოვლისა არაფორმალური ლიდერის გავლენის აღმოფხვრა იგულისხმებოდა, ხოლო მმართველი პარტიისთვის დეოლიგარქიზაცია ნიშნავს პოლიტიკურ ოპოზიციაში მყოფი ან მათთან აფილირებული ბიზნესმენების, მდიდარი ადამიანების განეიტრალებას“, - ამბობს „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელი, პაატა გაფრინდაშვილი.

„სტატუსმეტრის“ მიხედვით, პრობლემაა პოლიტიკური ნების არარსებობა, „რათა მოხდეს დაბრუნება საწყის მიდგომასთან, რომლის თანახმადაც კანონის მიღება პრიორიტეტის შესრულებისთვის საჭირო არ არის“.

#6 ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა - მეტწილად შესრულდა

ევროკავშირის პირობაა: „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, რაც უნდა დაეფუძნოს საფრთხის დეტალურ შეფასებებს, კერძოდ, საგულდაგულო გამოძიებების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების სანდო გამოცდილების უზრუნველყოფის გზით; სამართალდამცველი უწყებების ანგარიშვალდებულება და ზედამხედველობა უნდა იყოს გარანტირებული“.

რა გაკეთდა?

„სტატუსმეტრის“ თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც 76 კონკრეტულ გადასადგმელ ნაბიჯს მოიცავს, ასევე განსაზღვრულია მათ განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოები და მათი შესრულების ვადები; დოკუმენტი შეეხება ორგანიზებულ კრიმინალურ ჯგუფებს, ტრეფიკინგსა და ფულის გათეთრებას, კიბერ- და ნარკოდანაშაულებს, ტერორიზმის დაფინანსებასა და სხვა. ასევე, პარლამენტმა მიიღო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის 2022-24 წლების სამოქმედო გეგმა.

რა დარჩა გასაკეთებელი?

საპარლამენტო ჯგუფს არ უმუშავია „სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის საკითხებზე“ და არ გაითვალისწინა „რეკომენდაციები, რომლებიც სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულების გაზრდას და ზედამხედველობის ეფექტიანობის უზრუნველყოფას შეეხებოდა“.

სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები საზოგადოებისთვის არ არის ხელმისაწვდომი.

„ჩვენი მხრიდან იყო შეთავაზება, რომ აუცილებელია პარლამენტის რეგლამენტის შეცვლა და ნდობის ჯგუფის გაძლიერება იმგვარად, რომ მათ შორის - საპარლამენტო ოპოზიციასაც ჰქონდეს შესაძლებლობა რეალურად შეამოწმოს სამართალდამცავი უწყებები, მაგრამ ამაზე კომიტეტს რეაგირება არ ჰქონია“, - ამბობს „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, თამარ ხიდაშელი.

#7 მედია - შესასრულებელია

ევროკავშირის პირობაა: „უფრო ძლიერი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს, და ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარების შემთხვევებზე“.

„სტატუსმეტრის“ მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ დადო პირობა, რომ „პარლამენტი, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს ინფორმაციის საჯაროობას საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მიმდინარე გამოძიებების შესახებ“. თუმცა გაცილებით ვრცელია ჯერჯერობით შეუსრულებელი მოლოდინების ნუსხა:

  • „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, პატიმრობიდან გათავისუფლება;
  • „ფორმულასა“ და „TV პირველის“ მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლისა და სხვა სახის სამართლებრივ დავებზე მართლმსაჯულების შეწყვეტა;
  • 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტთა მიმართ ძალადობის ჩამდენებისა და ორგანიზატორების სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა;
  • მედიის წარმომადგენლების უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების ფაქტებზე გამოძიების დასრულება; დამნაშავეების სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა;
  • ფართო კონსენსუსის საფუძველზე, საქართველოს მედიის მარეგულირებელი კანონმდებლობის ჰარმონიზება აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების შესახებ ევროკავშირის დირექტივასთან;
  • მედიის საქმიანობისთვის ხელის შემშლელი კანონმდებლობის ნებისმიერი სახით ინიცირებისა და მასზე განხილვების დაწყებისგან თავის შეკავება ან/და არმიღება.

ანგარიში ახსენებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებას, „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“, რაც ანგარიშის მიხედვით, „არღვევს და ხელს უშლის მედიის პარლამენტში თავისუფლად საქმიანობის უფლებას“.

„ზოგიერთი სხვა პრიორიტეტისგან განსხვავებით, სამწუხაროდ, აქ [#7] სიტუაცია ძალიან გაუარესებულია და ამაზე განსაკუთრებული გავლენა იქონია ხელისუფლების მხრიდან მარტში ინიცირებულმა კანონპროექტმა [ე.წ. აგენტების შესახებ], რომელიც მათ შორის - დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მედიის საქმიანობის ხელშეშლას და, საბოლოო ჯამში, მათი საქმიანობის შეჩერებას გამოიწვევდა“, - ამბობს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელი, ვასილ ჟიჟიაშვილი.

#8 მოწყვლადი ჯგუფები - ნაწილობრივ შესრულდა

ევროკავშირის პირობაა: „სასწრაფოდ გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებათა დაცვა, მათ შორის, მოძალადეების და ამ ძალადობის დამკვეთების მართლმსაჯულებისადმი უფრო შედეგიანად წარდგომის გზით”.

რა გაკეთდა?

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის” და დაწყებულია მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე.

ასევე, მთავრობა აცხადებს, რომ აგრძელებს პოლიტიკის გატარებას, რათა გააძლიეროს ეთნიკური უმცირესობები, მათ შორის - ეთნიკური უმცირესობების მიერ ქართული ენის შესწავლის, მათთვის განათლების ხელმისაწვდომობისა და სახელმწიფო ორგანოებში სტაჟირების შესაძლებლობის მხარდაჭერა.

რა დარჩა გასაკეთებელი?

„ხელისუფლებამ კარგი რაც გააკეთა, მიიღო ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია 2022-30 წლებისთვის, თუმცა გამოტოვა უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რაზეც მიიღო კრიტიკა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისგან - გამოტოვა LGBTQI ადამიანების წინაშე არსებული ეგზისტენციალური პრობლემები. გადარჩენისთვის რომ იბრძვიან, იმ ადამიანების საჭიროებები არ ჩანს ამ სტრატეგიაში, განსხვავებით წინა ეროვნული სტრატეგიისგან“, - ამბობს ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ანა აბაშიძე და აღნიშნავს ასევე, რომ ხელისუფლებას „ამ შეცდომის გამოსწორება“ შეუძლია სამოქმედო გეგმაში, რომელზე მუშაობაც ჯერ არ დასრულებულა.

გამოწვევების ნუსხაშია ასევე ის, რომ „მმართველმა პარტიამ გააძლიერა LGBTQI თემის საწინააღმდეგო რიტორიკა“ და „LGBTQI ჯგუფის უფლებების დაცვა გაქრა დღის წესრიგიდან“.

„სტატუსმეტრის“ გამოწვევებს შორის არის კვლავ ის ფაქტი, რომ არ დასჯილან 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები.

„ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის, ლექსო ლაშქარავას მიმართ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდადებულები სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო, თუმცა ძალადობის ორგანიზებისთვის არც ერთი ადამიანი არ დასჯილა“, - ვკითხულობთ „სტატუსმეტრის“ ანგარიშში.

#9 გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა - მეტწილად შესრულდა

ევროკავშირის პირობაა: „გაძლიერდეს ძალისხმევა გენდერული თანასწორობის ზრდისთვის და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის წინააღმდეგ”.

რა გაკეთდა?

პარლამენტის მიერ გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, კანონპროექტების გენდერზე გავლენის შეფასება სავალდებულო გახდა და ფორმალური გენდერული თანასწორობის მიღწევის გარდა, სახელმწიფო „უზრუნველყოფს ქალსა და მამაკაცს შორის რეალური/ფაქტობრივი თანასწორობის დამკვიდრების სტიმულირებას“. ასევე - მთავრობამ მიიღო დადგენილება ძალადობის მსხვერპლთა კომპენსაციის შესახებ; ხოლო პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია მიიღო. ასევე, პარლამენტმა ერთი მოწვევით (2032 წლის ჩათვლით) გაზარდა საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გენდერული კვოტირების მოქმედების ვადა და სხვა.

რა დარჩა გასაკეთებელი?

  • გაუპატიურების განმარტება არ შეცვლილა სტამბოლის კონვენციის შესაბამისად;
  • გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციამ დაავიწროვა გენდერის დეფინიცია და ის LGBTQI თემის უფლებების დაცვას არ ითვალისწინებს;
  • ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციამ დაავიწროვა გენდერის დეფინიცია და ის LGBTQI თემს აღარ მოიცავს.

„ჩვენი კანონმდებლობით გაუპატიურება ჯერ კიდევ არის ძალადობრივი დანაშაული, მაშინ, როცა სტამბოლის კონვენციის მიხედვით და საუკეთესო პრაქტიკების მიხედვით, ეს უნდა იყოს ქმედება, ჩადენილი თანხმობის ნაკლებობით. სამწუხაროდ, ეს რეკომენდაცია, რომელიც ყველაზე მთავარ რეკომენდაციად მიგვაჩნდა, დღეს შესრულებული არ არის და ცხადია, იმედს ვიტოვებთ, რომ შესრულდება“, - აცხადებს „საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია.

#10 სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა - შესასრულებელია

ევროკავშირის პირობაა: „უზრუნველყოფილ იქნას სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე“.

„სტატუსმეტრის“ თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ პირობა დადო, რომ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს 12 პრიორიტეტის შესრულებაში ჩართავდა და მათი ეფექტური მონაწილეობისთვის მექანიზმებს შეიმუშავებდა“; თუმცა მათ არაერთი სახის პრობლემა შეექმნათ:

  • საზოგადოებრივი ორგანიზაციები საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში მიწვეულნი იყვნენ, თუმცა შეზღუდული წარმომადგენლობით;
  • „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო საკითხებზე არსებულ სამუშაო ჯგუფში ISFED-ის მონაწილეობა დაბლოკა (რის გამოც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია სოლიდარობის ნიშნად გამოეთიშა საპარლამენტო ჯგუფში მუშაობის პროცესს);
  • სასამართლოს რეფორმის, ანტიკორუფციული ზომების, დემოკრატიული ზედამხედველობის, მედიისა და მოწყვლადი ჯგუფების შესახებ მათი რეკომენდაციების უმეტესობა არ იქნა გათვალისწინებული;
  • „ქართული ოცნება“ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას აგრძელებს და სხვა.

ანგარიშში საგანგებოდ არის ხაზგასმული ის ფაქტი, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონი (რომელიც ხელისუფლებამ მასშტაბური აქციების შემდეგ ჩააგდო), საბოლოოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის შეწყვეტას გამოიწვევდა.

„მმართველი პარტიის მიერ ე.წ. აგენტების კანონის პრინციპების ერთგულების გამო, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია) ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობა შეაჩერეს“, - წერია ანგარიშში.

#11 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება - შესრულდა

ევროკავშირის პირობაა: „მიღებული იქნას კანონი, რომლის თანახმადაც ქართული სასამართლოები პროაქტიურად გაითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენებს თავიანთ გადაწყვეტილებებში”.

არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშის თანახმად, პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც „ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების დანერგვას ეროვნული სასამართლოების პრაქტიკაში და გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხის გაზრდას“ და „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან მიმართებაში მოსამართლეთა კომპეტენცია გაიზრდება“.

ასევე, ცვლილებებით გათვალისწინებულია საქართველოს სასამართლოებში სპეციალური სამსახურის ფუნქციონირება, რომელიც მოსამართლეებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ანალიზს მიაწვდის.

„ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში უკვე შეიქმნა ანალიტიკური სამსახური, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია ადამიანის უფლებებთან და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკასთან დაკავშირებული მასალების მოძიება და თარგმნაა“, - აღნიშნულია ტექსტში.

#12 დამოუკიდებელი სახალხო დამცველი - ნაწილობრივ შესრულდა

ევროკავშირის პირობაა: „უზრუნველყოფილი იქნას, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭება დამოუკიდებელ პირს და რომ პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ; დაცული უნდა იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა”.

„საგაზაფხულო სესიაზე, სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გარეშე, “ქართულმა ოცნებამ” მხარი დაუჭირა ოპოზიციური პარტიის “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის კანდიდატურას. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა“, - წერია ანგარიშში.

რა დარჩა გასაკეთებელი?

„ქართულმა ოცნებამ” მხარი არ დაუჭირა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანდიდატებს (გიორგი ბურჯანაძე, ანა აბაშიძე და ნაზი ჯანეზაშვილი), რომლებმაც (თავად „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ ფორმატში) 9 წევრისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჯგუფის მხრიდან უმაღლესი შეფასებები დაიმსახურეს.

„გამოწვევად დარჩა საგაზაფხულო სესიაზე სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა და სახალხო დამცველად მოქმედი პოლიტიკოსის არჩევა“, - წერია ანგარიშის ტექსტში. გამოწვევების ნუსხაშია ასევე „ახალარჩეული სახალხო დამცველის მიერ სახალხო დამცველის აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა“.

"კანდიდატის სტატუსმეტრის" შემდეგი ანგარიშის გამოქვეყნება მაისში იგეგმება.

მარტის ბოლოს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 12 რეკომენდაციიდან შესასრულებლად დარჩენილია მხოლოდ ორი კანონპროექტის დამტკიცება და ივნისის ბოლოსთვის პროცესი სრულად იქნება დასრულებული.

„ეს ყველაფერი გავაკეთეთ რადიკალური ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე – ჩვენი ცალმხრივი პასუხისმგებლობით“, - თქვა კობახიძემ.

„საქართველოსთვის ეს 12 რეკომენდაცია მნიშვნელოვანია და ის შესაბამისად უნდა შესრულდეს. ამიტომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით და ფოკუსით ვცდილობთ, რომ ეს რეკომენდაციები შევასრულოთ“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მარტის მიწურულს, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის დროს.

მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ ტვიტერზე დაწერა, რომ განხილვის მთავარი თემა ევროკომისიის დასკვნაში ჩამოყალიბებული 12 პრიორიტეტის შესრულების გზა იყო და, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს რეფორმების დღის წესრიგის წინსვლისთვის.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ამის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ შეავსო ევროკომისიისგან მიღებული კითხვარი. 2022 წლის ივნისში, ევროკავშირმა, საქართველოსგან განსხვავებით, წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა უკრაინასა და მოლდოვას, რომლებმაც წევრობის განაცხადები 2022 წლის თებერვალსა და მარტში წარადგინეს. საქართველომ მიიღო მხოლოდ ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 პირობა უნდა შეასრულოს. პროგრესი ოქტომბერში შეფასდება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG