Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა იწვევს აზრთა სხვაობას აშშ-ის პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრს შორის


დონალდ ტრამპი და ჯიმ მატისი
დონალდ ტრამპი და ჯიმ მატისი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ჯიმ მატისის, შეხედულებები სრულად არ ემთხვევა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისას - ამის შესახებ თვითონ მატისი აცხადებს გადადგომის შესახებ წერილში. აზრთა სხვაობის გამომწვევ მიზეზებს შორის ის ასახელებს რუსეთსა და ჩინეთთან მიმართებით გატარებულ პოლიტიკას.

მატისის განცხადება გავრცელდა 20 დეკემბერს პრეზიდენტისათვის გაგზავნილი წერილით, რომელიც გასაჯაროვდა მალევე მას შემდეგ, რაც ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ მატისი 2019 წლის თებერვლის ბოლოს გადადგება.

„მატისი იყო სტაბილურობის კუნძული ტრამპის ადმინისტრაციის ქაოსში“ - ამ შეფასებით ტვიტერშივე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრზე ცნობას დემოკრატი სენატორი მარკ უორნერი.

სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე „საშიშად“ მიიჩნევს მთავრობიდან მატისის წასვლას. შეშფოთებას გამოთქვამს ბევრი სხვა კანონმდებელიც, ტრამპის თანაპარტიელების ჩათვლით. სიტყვა „ქაოსი“ მარკ უორნერის გარდა ახსენა სენატში დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმაც, ხოლო ნენსი პელოსი, რომელიც მალე წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდება, ამბობს, რომ ის "შეძრა" მატისის წერილმა გადადგომის შესახებ.

რაც შეეხება რესპუბლიკელებს, სენატში უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა მატისი შეაქო და დასანანად მიიჩნია მისი გადადგომა.

„აშშ-ს კარგად უნდა ესმოდეს, ვინ არის ჩვენი მეგობარი და ვინ - მტერი და გააცნობიეროს, რომ რუსეთი მეორე ჯგუფს მიეკუთვნება“, - წერს ის ტვიტერში.

რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო, რომელიც ცნობილია ტრამპის მიმართ კრიტიკული პოზიციით, ხედავს იმის საშიშროებას, რომ ქვეყანამ დაუშვას „სერიოზული პოლიტიკური შეცდომები“, რომლებიც საზიანო იქნება ამერიკელებისათვის, ავნებს მოკავშირეებთან ურთიერთობას და გააძლიერებს მოწინააღმდეგეებს.

მატისის წასვლა ბოლო გადადგომის შემთხვევაა აშშ-ის ადმინისტრაციაში. ერთი დღით ადრე ტრამპმა გააოცა და გააბრაზა აშშ-ის ბევრი სამხედრო ლიდერი, კანონმდებელი და უცხოელი მოკავშირე განცხადებით, რომ სირიიდან სრულად გაჰყავს აშშ-ის სამხედროები, რომლებიც იქ სირიელი არაბებისა და ქურთების კოალიციას ეხმარებიან "ისლამური სახელმწიფოსა" და სხვა ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში.

მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ სირიის შესახებ ასეთ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდნენ მატისი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის სხვა მრჩევლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სირიიდან ამერიკელების გასვლა, პრაქტიკულად, გამარჯვებით ასაჩუქრებს რუსეთს, ირანსა და თურქეთს. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“, მაღალი რანგის ანონიმი ოფიციალური პირის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ მატისი გადადგა ტრამპთან შეხვედრის დროს, როცა გამოიკვეთა მათ შორის უთანხმოება „ზოგ საკითხში“.

20 დეკემბრის საღამოს კი გავრცელდა ცნობა, რომ ტრამპი აპირებს საკამათო გადაწყვეტილება მიიღოს ავღანეთის თაობაზეც - გაიყვანოს იქიდან ამერიკელი სამხედროების „მნიშვნელოვანი“ ნაწილი.

68 წლის ჯიმ მატისი, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის გენერალი, მიჩნეულია ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთ ყველაზე კომპეტენტურ წევრად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG