Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მიზანი აქვს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას საქართველოში


„საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის სრულმასშტაბიანი იდეოლოგიური ოპერაცია მიმდინარეობს“ - ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო იდეის“ მიერ 3 სექტემბერს გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, რომელიც ჩინეთის ზეგავლენებს შეეხება. ჩინეთის სამოქმედო ტაქტიკა შედარებულია რუსეთის რბილ ძალასთან. თუმცა, კვლევის თანახმად, თუკი რუსეთის რბილ ძალას საქართველოში დიდი ყურადღება ეთმობა; თითქმის სრულიად უკონტროლოა ჩინეთთან დაკავშირებული რისკები და საფრთხეები.

ახალი კვლევა ჩინეთის რბილი ძალის მოქმედებას სამ ფაზას გამოყოფს და აღნიშნულია, რომ საქართველო უკვე შესულია ყველაზე პრობლემურ - მესამე ფაზაში.

  • პირველი ფაზა - სასურველ სახელმწიფოში ჩინეთი შედის ინვესტირების დაპირებითა და ზოგჯერ - კონკრეტული ბიზნესპროექტებითა და ფულითაც (განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ პროექტებში)’;
  • მეორე ფაზა - ჩინეთი ცდილობს ხანგრძლივად დაიმკვიდროს ადგილი კონკრეტულ სახელმწიფოში: ფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმები, ყალიბდება ბიზნეს საბჭოები, მეგობრობის ჯგუფები, საპარლამენტო თანამშრომლობისა თუ სხვა სახის ოფიციალური ფორმატები. მიზანია, რომ მუდმივად მოექცნენ მედიის ყურადღების ცენტრში - გაშუქდეს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები;
  • მესამე ფაზა - მასპინძელი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბიზნესი და პოლიტიკური ინსტიტუტები იზიარებენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის იდეოლოგიას და ექცევიან მისი ზეგავლენის ქვეშ. ასევე - ხდება ჩინური ენისა და კულტურის შესწავლის წახალისება; სრული იდეოლოგიური მხარდაჭერისათვის იხსნება კონფუცის ინსტიტუტები, სტუდენტებს ჩინეთში სასწავლებლად სთავაზობენ სპეციალურ სტიპენდიებს კომუნისტური პარტიის ცენზურაგავლილ აკადემიურ ინსტიტუტებში და სხვა.
თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

არასამთავრობო ორგანიზაცია - „ სამოქალაქო იდეა“ ჩინეთის საქმიანობას საქართველოში ბოლო სამი წელია იკვლევს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი და კვლევის ერთ-ერთი ავტორი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი ამბობს, რომ „ქვეყანაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძალის არაკონტროლირებადი და გაუწონასწორებელი ზრდა, საფრთხეს უქმნის, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებასა და დემოკრატიულ განვითარებას“.

კვლევაში ხაზგასმულია ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ 2013 დამტკიცებული დოკუმენტი #9 (Communiqué on the Current State of the Ideological Sphere), რომელიც ადგენს აკრძალვებს და ადამიანის უფლებათა დარღვევის, ცენზურისა და უკანონო კონტროლის გზებით მიზნად ისახავს პარტიის იდეოლოგიური ზეგავლენების ყველა სფეროში (განათლება, მედია თუ ბიზნესი) განმტკიცებას.

კვლევის მასალების თანახმად, სწორედ ამ პრინციპების შესაბამისად მოქმედებს ჩინეთი სხვა ქვეყნებშიც, რაც დასავლეთს მთელ რიგ შემთხვევებში უკვე განგაშის გამოცხადების საფუძველსაც აძლევს.

ჩინეთის „რბილი ძალა“ საქართველოს განათლების სისტემაში

კვლევის მიხედვით, საქართველოს სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები ჩინეთის მხარესთან აქტიურად თანამშრომლობენ - როგორც სახელმწიფოს ოფიციალური ხელშეწყობით, ასევე კერძო ინიციატივების გზით.

მაშინ, როცა დასავლეთის ქვეყნებში (მათ შორის - შეერთებული შტატები) კონფუცის გლობალური ქსელის ინსტიტუტებს თანდათან ხურავენ, „სამოქალაქო იდეის“ თანახმად, საქართველოში ეს ქსელი სულ უფრო იკიდებს ფეხს. ორგანიზაციის დაკვირვება ცხადყოფს, რომ ჩინეთი ცდილობს - რაც შეიძლება მეტი სტუდენტი მოიცვას ენის შემსწავლელი თუ სხვა დაფინანსებული სასწავლო პროგრამების ხაზით.

კვლევის თანახმად, კონფუცის ინსტიტუტების გლობალური ქსელი საქართველოში ოფიციალურად ორ უმაღლეს სასწავლებელშია წარმოდგენილი: 2010 წლიდან თავისუფალ უნივერსიტეტში და 2017 წლიდან - თბილისის ღია უნივერსიტეტში.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ის ოფიციალურად კონფუცის ინსტიტუტის სახელით არ ფუნქციონირებს, „თუმცა ამ დაწესებულებებს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე 2017 წლიდან სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა უფასოდ გაიარონ ჩინური ენის კურსები“.

კვლევაში მოყვანილია შემდეგი ფაქტები:

  • „2018 წელს კონფუცის ინსტიტუტმა ენის შემსწავლელი უფასო კურსები ჩინეთში უფასო სწავლის გაგრძელების შესაძლებლობით შესთავაზა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს".
  • წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს, რომ კონფუცის ინსტიტუტი მათ ბაზაზე 2015 წლიდან ფუნქციონირებს და ამ ხნის განმავლობაში ჩინეთის ელჩთან ერთად საქართველოში მათ მრავალჯერ უმასპინძლეს სხვადასხვა ცერემონიასა და ღონისძიებას“.
  • კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლა ასევე მონაწილეობს ჩინეთის სტიპენდიის პროგრამაში.
  • საქართველოს განათლების სამინისტროსა და ჩინეთის საელჩოს შორის 2019 წელს ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში, ჩინური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ქართულ სკოლებში მე-5 კლასიდან შემოღებულია უფასო ჩინური ენის გაკვეთილები (როგორც მეორე უცხო ენა).
  • განათლების სამინისტრო გეგმავს ქართველი მასწავლებლების გადამზადებას, რათა მათ ჩინური ენის გაკვეთილები უფრო ეფექტურად წარმართონ.

კვლევაში ხაზგასმულია, რომ ჩინეთის მხარე საქართველოს აკადემიურ წრეებსაც მრავალ საეჭვო პროექტსა თუ თანამშრომლობის ფორმატს სთავაზობს. რეგიონებში აქტიურად მოქმედებენ ასევე ჩინეთის მეგობრობის ასოციაციები, რომლებიც „როგორც წესი, დაკავშირებულნი არიან ჩინეთის კომუნისტური პარტიის გაერთიანებულ ფრონტთან და ემსახურებიან ჩინეთის კომუნისტური პარტიის ინტერესების გატარებას საზღვარგარეთ“.

„სამოქალაქო იდეის“ დასკვნით, 10 წელიწადში სავალალო შედეგებია მოსალოდნელი.

„დასავლეთის უნივერსიტეტებში სტიპენდიების შემცირებისა და ჩინეთის მხრიდან ინტერესის ზრდის ფონზე, დღეიდან ათ წელში, ჩვენ მივიღებთ ქართველების ახალი თაობის შეცვლილ რეალობას, ჩინური უნივერსიტეტის დიპლომებით და მსოფლიოს იმგვარი ხედვით, როგორც ეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის გაერთიანებული ფრონტის შესაბამისი განყოფილებების კარგად შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების პრიზმიდან ჩანს“.

„სამოქალაქო იდეა“ აღნიშნავს, რომ ჩინეთის იდეოლოგიური ზეგავლენები მედიაშიც შეინიშნება და განსაკუთრებით იმ ჟურნალისტების მხრიდან, რომლებიც სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ ჩინეთის მხარის მიერ დაფინანსებულ მედიატურებში.

ამასთან, „მთავრობის მიერ მხარდაჭერილი მედია ძირითადად ჩინეთს წარმოაჩენს, როგორც საიმედო პარტნიორს და წარმატებით აშუქებს მთავრობის ძალისხმევას ჩინეთთან ურთიერთობების განსამტკიცებლად... კონკრეტული ანალიზის ან რისკფაქტორების შეფასების გარეშე“.

უსაფრთხოების რისკები განათლების ხაზით

„სამოქალაქო იდეა“ ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებზე და მათ შორის - განათლების ხაზითაც.

კვლევის მიხედვით, მაგალითად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანამშრომლობს Beijing Institute of Technology-თან (BIT) და Peking University -სთან. სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია სასწავლო, გაცვლითი და საზაფხულო პროგრამები, სრული დაფინანსებით.

„სამოქალაქო იდეა" ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ორივე ეს სასწავლებელი ავტორიტეტიანი კვლევითი ორგანიზაციის (ავსტრალიის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის (ASPI) კიბერპოლიტიკის საერთაშორისო ცენტრის) საძიებო სისტემაში ჩინეთის თავდაცვის სფეროს ცენტრებს წარმოადგენენ.

ASPI-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით:

  • BIT წარმოადგენს "ჩინეთის ეროვნული თავდაცვის შვიდეულიდან (‘Seven Sons of National Defence’) ერთ-ერთ საგანმანათლებლო ინსტიტუტს".
  • BIT წარმოადგენს “ძალიან მაღალი რისკის მატარებელ დაწესებულებას უმაღლესი კატეგორიის საიდუმლო (top-secret security credentials) სტატუსით, თავდაცვის ლაბორატორიების და თავდაცვისა და შეიარაღების კვლევების დიდი რაოდენობის გამო”.

„სამოქალაქო იდეის“ კვლევის მიხედვით, „თავდაცვის უნივერსიტეტების შვიდეულიდან ოთხი ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტმა, 2020 წლის 24 მაისს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მატარებელი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა“.

მართალია, BIT-ი ამ სიაში არ არის, მაგრამ ამ კონტექსტში, ტექსტში გამოყენებულია სიტყვა - „ჯერჯერობით“. აქვე ხაზგასმულია ის ფაქტიც, რომ აშშ-ის პოლიტიკის თანახმად, „ჩინეთის განმათავისუფლებელ არმიასთან (PLA) დაკავშირებულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა ეროვნული უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მატარებელია და ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების დაცვას, განსაკუთრებით - ტექნოლოგიების სფეროში“.

რატომ გახდა საქართველო ჩინეთის გავლენების სამიზნე?

„სამოქალაქო იდეა“ აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული ვითარება სრულიად უკონტროლოა და არ არსებობს პრევენციული მექანიზმები:

  • სახელმწიფოს პრაქტიკულად სრულად აქვს მოხსნილი პასუხისმგებლობა უსაფრთხოების იმ რისკების მიმართ, რომელზეც დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო შეთანხმებულია“.
  • არ არსებობს არავითარი წინასწარი შესწავლის დოკუმენტები, სუსის ანგარიში ან რაიმე სხვა, ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების მიერ ან შავ სიაში შეყვანილი, ან მაღალი რისკის მატარებელი დაწესებულებებისა და კომპანიების თაობაზე, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათის მაინც იქნებოდა საქართველოს ფიზიკური, თუ იურიდიული პირებისთვის, ჩინეთში პარტნიორების ძიების პროცესში“.

რით არის ჩინეთისთვის საინტერესო საქართველო? ამ შეკითხვაზე კვლევაში არაერთი ირიბი პასუხის მოძიებაა შესაძლებელი. თუმცა პირდაპირ სახელდება ორი ძირითადი მიზეზი:

  • საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა ინიციატივისთვის - „ერთი სარტყელი - ერთი გზა“;
  • შეერთებულ შტატებთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა.

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, მკვლევარებს გამოაქვთ დასკვნა, რომ ჩინეთი ცდილობს, რომ საქართველოში ერთგვარი კონკურენცია გაუწიოს შეერთებულ შტატებს, რომელიც უპირატესობას ორი ათეული წლის განმავლობაში ინარჩუნებს. ჩინეთი ამ მიზნის მიღწევას მასშტაბური პროგრამებითა და ძირადღირებული საინფორმაციო კამპანიებით ცდილობს.

სხვა რისკები და საფრთხეები - 5G (5ჯი), TikTok (ტიკტოკი)

კვლევაში ჩამოთვლილია მითები, რომლებიც სრულიად უსაფუძვლოდ უპირისპირდება (მეხუთე) თაობის უკაბელო ქსელის პროგრესულ ტექნოლოგია 5G-ს.

თუმცა ამ შემთხვევაში, კვლევის მთავარ აქცენტს წარმოადგენს არა მითები, არამედ რეალობა და კერძოდ ის ფაქტი, რომ 5G ქსელები „უსაფრთხოების უნიკალურ გამოწვევას“ წარმოადგენენ. ეს გამოწვევა კი, თავის მხრივ, გამომდინარეობს მოცემულობიდან, რომ „5G ქსელის ყველა მიმწოდებელს (ან მის ადგილობრივ მთავრობას) შეუძლია გაშიფროს ნებისმიერი ინფორმაციული ნაკადი, ან თუნდაც შეაფერხოს მთელი ქსელის ფუნქციონირება“. შეერთებული შტატები სწორედ ამ კუთხით თვლის სარისკოდ პროექტში ჩინური გიგანტი კომპანია „ჰუავეის“ მონაწილეობას.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ამ კომპანიას აშშ „ჩინეთის მთავრობისთვის ინფორმაციის მიწოდებაში, არალეგალურ საბანკო მაქინაციებსა და შესაბამისად, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნაში ადანაშაულებენ“.

  • ამჟამად „ამერიკის მთავრობა "ჰუავეის" უკრძალავს, მისი ოფიციალური ნებართვის გარეშე ამერიკულ კომპანიებთან ბიზნესის წარმოებას“.
  • „აშშ-ს გარდა, "ჰუავეის" ინფორმაციის გაჟონვასა და არალეგალურ მაქინაციებში ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, კანადისა და ბრიტანეთის მთავრობებიც ადანაშაულებენ“.

მიუხედავად იმისა, რომ "ჰუავეი" კერძო კომპანიად ითვლება, "სამოქალაქო იდეის" კვლევის თანახმად, „ის და მისი მსგავსი ტექნოლოგიური გიგანტები მარტივად ექცევიან ჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენის ქვეშ და ეფექტურად ატარებენ მათ პოლიტიკას არა მარტო ჩინეთში, არამედ მთელ მსოფლიოში“.

ასეთი ვითარების ფონზე, „სამოქალაქო იდეის“ მკვლევარები პრობლემად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ საქართველოში კონტროლი არ არის და აღმავლობის ფაზაშია, „ჰუავეისა“ და სხვა ჩინური ტექნოლოგიების გიგანტი კომპანიების საქმიანობა.

რა საფრთხეები უკავშირდება საქართველოში ასე პოპულარულ, გასართობ სოციალურ პლატფორმას - ტიკტოკს?

„ერთი შეხედვით, უწყინარი პროგრამები შეიძლება შეიცავდეს უსაფრთხოების რისკებს და ემსახურებოდეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ინტერესებს“ - წერია „სამოქალაქო იდეის“ ანგარიშში.

მრავალ წყაროზე დაყრდნობით მომზადებულ კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ:

  • ტიკტოკის კონფიდენციალურობის პოლიტიკით „მონაცემები შეიძლება გადაეცეს ჩინეთს, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი დაეთანხმება შესაბამის პირობებს“.
  • აშშ-ს არმიამ და საზღვაო ძალებმა აუკრძალეს თავიანთ სამხედროებს ტიკტოკის „პროგრამის ჩამოტვირთვა. ხოლო ისინი, ვისაც ტიკტოკი უკვე ჰქონდათ მობილურ ტელეფონებში, იძულებული გახდნენ წაეშალათ“.
  • აშშ-ს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტიკტოკის პლატფორმის მფლობელი კომპანია - ByteDance - „შესაძლოა ექვემდებარებოდეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენზურას და შესაბამისად, აწვდიდეს სენსიტიურ სამხედრო ინფორმაციას, რომელიც გროვდება მთავრობის მიერ ჯარისკაცებისთვის გადაცემული ტელეფონებიდან“.
  • 2019 წელს „აშშ-ს მთავრობამ ტიკტოკი 5.7 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა - ბავშვების პირადი ინფორმაციის უკანონო შენახვისთვის, მათი სახელების, სურათების, ადგილმდებარეობისა და ელ.ფოსტის ჩათვლით“,

„სამოქალაქო იდეა“ პრობლემად თვლის იმ ფაქტს, რომ საქართველო როგორც პროექტის „ერთი სარტყელი, ერთი გზა" მონაწილე, „თანდათანობით დამოკიდებული ხდება ჩინეთის ციფრულ გავლენაზე“.

ორგანიზაციის დაკვირვებით, ტიკტოკი საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული გახდა პანდემიის პირობებში - ახალგაზრდებს, შოუბიზნესის წარმომადგენლებს თუ ხელისუფლების ამჟამინდელ და ყოფილ წევრებს შორის.

ანგარიშის ტექსტი შეგვახსენებს იმ ფაქტსაც, რომ პანდემიის პერიოდში ტიკტოკზე გამოჩნდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ვიდეოში თავის ვაჟთან ერთად ცეკვავდა.

„მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები სერიოზულად უნდა მიუდგნენ ამ საკითხს, აკონტროლონ ტიკტოკის გამოყენება და იმუშაონ საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ზრდისთვის“ - აღნიშნავს „სამოქალაქო იდეა“.

ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეა" აპირებს, რომ ახლო მომავალში გამოაქვეყნოს კიდევ რამდენიმე ანგარიში საქართველოში ჩინეთის გავლენებთან დაკავშირებით. წინასწარი ინფორმაციით, გამოაშკარავდება ხელისუფლების წარმომადგენელთა კორიფციული გარიგებები და ის გამოჩნდება "ქართული სახელმწიფოს სისუსტე და მყიფე ხასიათი".

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG