Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უნდა ვიცოდეთ აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე


ხმის მიცემის პროცესი აშშ-ში
ხმის მიცემის პროცესი აშშ-ში

8 ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნები იმართება. მილიონობით ამერიკელმა უკვე მისცა ხმა ფოსტით, კიდევ მილიონობით ადამიანი კი არჩევანს დღის ბოლომდე გააკეთებს.

აი, მოკლე ინფორმაცია 2022 წლის არჩევნების შესახებ:

რას ირჩევს ამერიკა?

წელს კენჭს უყრიან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყველა მანდატს და სენატის დაახლოებით მესამედს. ამჟამად კონგრესის ორივე პალატას დემოკრატები აკონტროლებენ, თუმცა სავარაუდოა, რომ ვითარება შეიცვლება.

წელს ირჩევენ შტატების უმეტესობის გუბერნატორებსაც. 2024 წელს, როდესაც ამერიკა ახალ პრეზიდენტს აირჩევს, მათ შეეძლებათ გავლენის მოხდენა საარჩევნო კანონმდებლობასა და კენჭისყრის სერტიფიცირების პროცესზე.

სხვადასხვა შტატის ამომრჩევლები ასევე გადაწყვეტენ ადგილობრივი ხელისუფლების არაერთი არჩევითი თანამდებობის ბედს.

როგორ ითვლიან ხმებს?

აშშ-ს დეცენტრალიზებული საარჩევნო სისტემა აქვს. კენჭისყრის პროცესს და შედეგების დათვლას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებენ, შედეგების სერტიფიცირებას კი შტატები ახდენენ.

შტატებს განსხვავებული წესები აქვთ - ზოგან კენჭისყრა მხოლოდ ფოსტით ხდება, სხვაგან კი - ფოსტითაც და საარჩევნო უბანზე მისვლით. განსხვავდება ხმის ადრე მიცემის წესებიც.

რამდენი ხანი დასჭირდება შედეგების გაგებას?

ამერიკას ცენტრალური საარჩევნო ორგანო არ გააჩნია და შტატები ბიულეტენებს სხვადასხვა დროს ითვლიან. ეს ნიშნავს, რომ ზოგან გამარჯვებულის გამოვლენას მეტი დრო დასჭირდება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ შტატებს მეორე ტურის საჭიროებისა და ხმის გადათვლის განსხვავებული წესები აქვთ.

ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნების დასრულებისთანავე ყველა შედეგი არ გვეცოდინება.

რას შედეგებს უნდა ველოდეთ?

შეიძლება, რომ დემოკრატებს სენატში დარჩეთ უმრავლესობა, რესპუბლიკელებმა კი კონგრესი გააკონტროლონ. ან, შესაძლოა, ორივე პალატაში უმრავლესობა რესპუბლიკელებმა მოიპოვონ - წინასაარჩევნო გამოკითხვებით მათ ქვედა პალატის არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი აქვთ.

სენატს ამჯერად დემოკრატები აკონტროლებენ - უმცირესი უპირატესობით და ამ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ცალსახა დასკვნის გამოტანა წინასაარჩევნო გამოკითხვებიდან შეუძლებელია. ყველაფერია შესაძლებელი და, დიდი შანსია, რომ საბოლოო შედეგი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გახდეს ცნობილი.

XS
SM
MD
LG