Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უნდა ქნას სახელმწიფომ, მოზარდი რომ მსხვერპლად არ აქციოს?


მოზარდი რომ მსხვერპლად არ იქცეს, სკოლამ რომ მოზარდის საჭიროებები დროულად დაინახოს, სკოლაში რომ მოზარდის უფლებები დაცული იყოს და თუკი მოზარდს კანონთან პრობლემები შეექმნება, სამართალდამცავებთან მისი ურთიერთობა იყოს უსაფრთხო, - აი, ამ და კიდევ სხვა მსგავს საკითხებზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ფორმატში მსჯელობა დაიწყო.

ამ ჯგუფმა ექსპერტებთან ერთად ის სისტემური ცვლილებები უნდა განახორციელოს, რომელმაც სკოლებში არსებულ გამოწვევებს უნდა უპასუხოს და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს დახვეწაზე იზრუნოს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა უწყება ერთად იკრიბება და მოზარდთა გამოწვევებსა და პრობლემებზე მსჯელობას იწყებს. პრაქტიკა მოწმობს, რომ მსგავსი შეკრებები და დისკუსიები, როგორც წესი, მორიგი ტრაგედიის დატრიალების შემდეგ იწყება და ხელისუფლება გადაბრუნებული ურმის ეფექტით იწყებს მოქმედებას.

ასე იყო 2017 წელსაც, როდესაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ, შეიქმნა უწყებათაშორისი ჯგუფი და 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობიდან ერთი კვირის თავზე, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, კანონმდებლობის დახვეწისათვის და სკოლებში მეტი დაცულობის უზრუნველსაყოფად სამ უწყებას - შინაგან საქმეთა, განათლებისა და იუსტიციის სამინისტროებს - მიმართა:

„უმოკლეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად უნდა მივიღოთ ზომები, რა არის გასაკეთებელი, რომ მოკლე პერიოდში ჩვენ მეტი დაცულობა უზრუნველვყოთ, მაგრამ ამასთან ერთად, ალბათ, საჭიროა მუშაობა კანონმდებლობის კუთხითაც. მინდა, რომ იუსტიციის მინისტრი ჩაერთოს პროცესში. პირველ რიგში, პრევენციული ზომები უნდა მივიღოთ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ უფრო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ფონი მოიხსნას“.

ორი წლის თავზე, ირკვევა, რომ პრობლემა ვერ მოგვარდა. უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში, ერთადერთი, რაც ამ ორი წლის განმავლობაში შეიცვალა, სკოლებში მანდატურების უფლებამოსილება გაიზარდა. სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები მეტალო-დეტექტორებით აღიჭურვნენ, მანდატურის სამსახურს დაემატა ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურება.

2019 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვაში დადანაშაულებულმა მოზარდმა, პოლიციაში ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და საავადმყოფოში გარდაიცვალა, კვლავ დადგა დღის წესრიგში უწყებათაშორისი ჯგუფის შეკრების საკითხი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, ექსპერტებთან ერთად 25 დეკემბერს შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რომ:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მასშტაბით არასრულწლოვანთა სამმართველო ექნება;
  • ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმას სოციალური მუშაკების ნაკლებობის აღმოსაფხვრელად;
  • განათლების სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან ერთად, ფსიქოლოგთა ბაზას შექმნის;
  • იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს საკანონმდებლო წინადადებას, მართლმსაჯულების სფეროში მოწმის სტატუსით მოხვედრილი არასრულწლოვნების საქმეში ადვოკატის სავალდებულო წესით მონაწილეობაზე

უწყებების „საშინაო დავალება“ ასეთია - 2020 წლის 10 იანვრისთვის სამუშაო ჯგუფის შეკრებაზე წარადგინონ კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმა და ბიუჯეტი, თუ როგორ და რა ფორმით აპირებენ ჩამოთვლილი პრობლემებისა და საკითხების მოგვარებას.

უწყებათაშორისი ჯგუფის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი ანა აბაშიძე. მისი თქმით, პირველი მიღწევა, რაც ამ ჯგუფის შეხვედრებს შეიძლება მიეწეროს, არის ის, რომ უწყებებმა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირდაპირ აღიარა სისტემაში არსებული მძიმე ხარვეზების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ასობით პოლიციელს ამზადებს და ასწავლის, როგორ მოიქცნენ მოზარდებთან, ანა აბაშიძის თქმით, როდესაც ბავშვები პოლიციაში აღმოჩნდებიან, ისინი მაინც ხდებიან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები.

„შსს-მ აღიარა, რომ სისტემაში არ იციან ბავშვთან ურთიერთობა. რომ ინფრასტრუქტურა, სადაც ბავშვების გამოკითხვა/დაკითხვა მიმდინარეობს, არ არის მორგებული ბავშვებზე. ჩემის მხრივ, დავამატებდი, რომ გარემო და ინფრასტრუქტურა, სადაც ბავშვების გამოკითხვა მიმდინარეობს, ბავშვისთვის სახიფათოც კია. მეტიც, სისტემაში დიდი ალბათობით, არსებობენ არაკეთილსინდისიერი გამომძიებლები, რომლებსაც შეუძლიათ ბავშვი იმგვარად დააზიანონ, რომ მოზარდმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს. სწორედ ისე, როგორც ამ ცოტა ხნის წინ მოხდა“.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ანა აბაშიძე წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს შსს-ს ინიციატივას, რომ პირველი აპრილიდან თბილისის მასშტაბით შეიქმნება არასრულწლოვანთა სამმართველო. თუმცა, თვლის, რომ სისტემის გაჯანსაღებისთვის მხოლოდ ეს შეთავაზება არ იქნება საკმარისი.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სამმართველოში, რომელიც პირველი აპრილიდან ამოქმედდება, იმუშავებენ არასრულწლოვნებზე სპეციალიზებული გამომძიებლები. პირველი ეტეპისთვის მათი რაოდენობა 25 იქნება. მისივე თქმით, სამმართველო აღჭურვილი იქნება ვიდეო-კამერებით, რომელიც ასახავს სრულ პროცესს სამმართველოში არასრულწლოვნის შესვლიდან გასვლამდე:

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ უნდა დაინერგოს ბავშვზე მორგებული გარემო რეგიონებში, შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე წარმოადგენს კონკრეტულ წესს, რომელიც გამომძიებლებს კარნახობს, როგორ უნდა მოიქცნენ არასრულწლოვნებთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას. საუბარია, როგორც მოწმე არასრულწლოვანზე, ისე ბრალდებულ და დაზარალებულ არასრულწლოვანზე“.

ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რომელიც ბავშვთა უფლებების დამცველებმა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს, ეს არის საკანონმდებლო წინადადების შემუშავება, მართლმსაჯულების სფეროში მოწმის სტატუსით მოხვედრილი არასრულწლოვნების საქმეში ადვოკატის სავალდებულო წესით მონაწილეობაზე.

დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუკი მოზარდი საგამოძიებო უწყებაში იმყოფება გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით, მას სავალდებულო ადვოკატი არ ენიშნება. ანა აბაშიძის თქმით, საკანონმდებლო ინიციატივამ ეს მიდგომა უნდა შეცვალოს:

„ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვი გამოკითხვაზე მშობელთან ერთად იქნება, სოც მუშაკთან თუ ფსიქოლოგთან ერთად, მას სჭირდება პროფესიული დაცვა, რასაც ყველაზე კარგად ადვოკატი გააკეთებს. სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრაზე, ჩვენ უკვე გვეცოდინება სტატისტიკური მონაცემები, თუ რამდენი ბავშვი გამოიკითხა მოწმის სტატუსით ბოლოს ერთი წლის განმავლობაში და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, უფასო იურიდიული დახმარების სამსახურმა უნდა წარმოადგინოს გეგმა და ბიუჯეტი, რა დამატებითი ხარჯები დასჭირდება იმისათვის, რომ მოზარდები უზრუნველყოს ადვოკატების მომსახურებით. ადვოკატმა უნდა უზრუნველყოს, რომ მოზარდს გამოკითხვისას არ დაუსვან ისეთი შეკითხვა, რომელიც შემდგომ მის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. და რაც მთავარია, ადვოკატი იქნება საუკეთესო გარანტი იმისა, რომ მოზარდის მიმართ არ განხორციელდეს უკანონო ქმედება“.

სამუშაო ჯგუფის კიდევ ერთი მონაწილე, მაია ჩოჩუა, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ჯგუფის პირველმა შეხვედრამ ნათლად გამოავლინა ის სისტემური ხარვეზები, რომელიც დღემდე ღრმად არის ფესვგადგმული, როგორც განათლების სისტემაში, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სისტემაში.

მისი თქმით, განათლების სამინისტრო, ფაქტობრივად აღიარებს, რომ მას არ აქვს კრიზისების მართვის არანაირი გამოცდილება და მენეჯმენტი. არ აქვს ხედვა, როგორ უნდა იქცეოდეს სკოლა კრიზისულ სიტუაციაში:

„სამწუხაროდ, არის მკაფიო ტენდენცია, რომ მასწავლებლები არსებობენ ე.წ. კარგი მოსწავლეებისთვის, სასწავლო პროცესი ძირითადად არის მათთვის, ვინც კარგად სწავლობს. დანარჩენები უბრალოდ ხელის შემშლელები არიან. ან გაკვეთილიდან უნდა გააგდოს მასწავლებელმა ან სკოლიდან გარიცხონ. აღსანიშნავია ისიც, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემდეგ, ყველაზე მცირე კონფლიქტის დროსაც კი, მანდატურები პროცესში პოლიციას რთავენ. ეს პრობლემები რეგიონებში ვიზიტისას ცხადად გამოიკვეთა. სკოლებს არ აქვთ შიდა მექანიზმები, როგორ უნდა იმოქმედონ კრიზისულ სიტუაციებში. არ აქვთ არანაირი კონცეფცია, რა შემთხვევაში უნდა განიხილონ პრობლემა სკოლის შიგნით და რა შემთხვევაში უნდა გადამისამართდნენ პოლიციაში. სკოლას უნდა შეეძლოს პრობლემის იდენტიფიცირება“.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სკოლებში არა სადამსჯელო, არამედ მხარდამჭერი ღონისძიებების სერვისების შექმნაზე, რომელიც დღესდღეობით, მისი თქმით, სკოლებში არ არის.

მისი თქმით, დღეს, მასწავლებლები არ არიან მზად, რომ გაუმკლავდნენ პირველად გამოწვევებს და როგორც კი სკოლაში თავს იჩენს პრობლემა, იწყება ე.წ. სადამსჯელო ოპერაცია და მანდატურის საშუალებით ბავშვი გადამისამართდება მანდატურის სამსახურის ქვეშ დაქვემდებარებულ ფსიქოლოგიურ ცენტრში. ფსიქოლოგის თქმით, მოზარდი ამ ცენტრში გაშვებას აღიქვამს არა როგორც მხარდაჭერას, არამედ როგორც დასჯას:

„სკოლაში წარმოქმნილი პრობლემების 70% თავად სკოლამ უნდა მართოს. დანარჩენი 30%, სადაც შედიან ქცევითი და ემოციური საჭიროებების მქონე ბავშვები, ისინი, რა თქმა უნდა, სკოლის გარეთ სერვისში უნდა გადამისამართდნენ. ბავშვის ემოციური უსაფრთხოების საკითხი ძალიან ბევრ ფაქტორზე გადის. მათ შორის იმაზე, თუ რამდენად ზრუნავს მასწავლებელი თუნდაც იმაზე, რომ როდესაც ბავშვი გაკვეთილზე ზის, ჩართული იყოს საგაკვეთილო პროცესში არა შიშით, არამედ ინტერესით. მას არ ჰქონდეს შფოთი, რომ დაბალ ნიშანს მიიღებს და ამის გამო მშობლები გაუბრაზდებიან, მასწავლებელი ეჩხუბება, კლასელები დასცინებენ“.

რაც შეეხება მოზარდებს, რომლებიც შესაძლოა კანონთან კონფლიქტში აღმოჩნდნენ, მაია ცირამუას თქმით, სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა უნდა იყოს, რომ ამ სიტუაციაში მოზარდმა მაქსიმალურად უსაფრთხოდ იგრძნოს თავი:

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კანონი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მაგრამ ეს კანონი არის სახლის კარგი სახურავი, რომელსაც არ აქვს კედლები და ფუნდამენტი. ამიტომ გვაქვს ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა. როდესაც ქვეყანაში გვაქვს ასეთი კანონი, უნდა გქონდეს კარგად გამართული ადრეული პრევენციის მექანიზმები - ბავშვზე ორიენტირებული სკოლა, ადგილობრივი თვითმმართველობები, რომლებიც ხედავენ ბავშვს თავის სივრცეში, კარგად გამართული სოციალური მომსახურეობის სერვისები და ა.შ“.

ანა აბაშიძის თქმით, განათლების სამინისტრომ აღიარა ისიც, რომ დღესდღეობით, უწყებას არ გააჩნია არანაირი დოკუმენტი სკოლებში ბულინგის პრევენციისა და რეაგირებისთვის.

როგორც ჩანს, განათლების სამინისტრო ახლა იწყებს მუშაობას ამგვარ დოკუმენტზე. ყოველ შემთხვევაში, მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე ირწმუნება, რომ უწყება ბულინგის წინააღმდეგ დოკუმენტზე მუშაობს:

„ვეცდებით, ძალიან მოკლე ვადაში გავაკეთოთ ყველა დოკუმენტის თავმოყრა, გაანალიზება და ჩვენთვის მორგებული შესაბამისი დოკუმენტის შედგენა. ვფიქრობ, 2020 წლის დასაწყისში ალბათ, შევძლებთ, რომ გარკვეული სამუშაო დოკუმენტი არსებობდეს, როგორც ბულინგის მიმართულებით, ასევე კრიზისების მართვის მიმართულებით. ჩვენ უწყებათაშორის ჯგუფს წარვუდგინეთ პრობლემის მოგვარების კომპლექსური ხედვა, რომელსაც „ბავშვთა კეთილდღეობა“ დავარქვით. მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან სწრაფად გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი, განვსაზღვრეთ მოკლე ვადაში რა იქნება მნიშვნელოვანი. ასევე, დროში გავწეროთ ის ღონისძიებებიც, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მიზნად დავისახეთ. ორი პრიორიტეტი იქნება პრიორიტეტი - კრიზისების მართვა და ბულინგის წინააღმდეგ დოკუმენტი, რომელიც იანვრის ბოლოსთვის უნდა გვქონდეს“.

როგორც უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მონაწილეები ამბობენ, ყველაზე ბუნდოვანი გეგმა 25 დეკემბრის შეხვედრაზე, ჯანდაცვის სამინისტრომ წარადგინა. სწორედ ამ უწყებამ უნდა გაწეროს გეგმა და ბიუჯეტი, რომელიც უზრუნველყოს სისტემაში სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდას, რაც ასევე უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მოზარდთა უსაფრთხოების დაცვისთვის.

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 2020 წლის 10 იანვარს გაიმართება. სწორედ ამ შეხვედრაზე მოუწევთ უწყებებს წარადგინონ კონკრეტულად გაწერილი გეგმები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და განათლების სფეროში არსებულ გამოწვევების აღმოსაფხვრელად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG