Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება და რა შეიძლება მოხდეს ირანში


პროტესტი თეირანში
პროტესტი თეირანში

ირანის ქალაქებში საპროტესტო აქციები, ერთი შეხედვით, მხოლოდ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების მიზეზით დაიწყო. თუმცა თანდათან სულ უფრო უკეთესად გამოჩნდა, რომ ქუჩაში გამოსული ირანელებისთვის ყველა პრობლემის სათავე - ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისა და რევოლუციური გვარდიის კორპუსის მიერ დამყარებული რეჟიმია.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ირანში? რა შეიძლება მოხდეს, თუკი საქმე რევოლუციამდე მივიდა? რა კავშირი აქვს საპროტესტო ტალღას გენერალ სოლეიმანის მკვლელობასთან?

როგორ დაიწყო პროტესტი?

თეირანის განცხადებით, უკვე დაკავებულია რამდენიმე პირი, რომლებსაც უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში ედებათ ბრალი. მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ ეს ვეღარ შეაჩერებს ირანში დაწყებული საპროტესტო აქციების ტალღას.

  • თეირანში გამართულ აქციაზე ისმოდა შეძახილები ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წინააღმდეგ;
  • სხვადასხვა წყაროს ცნობით, აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გადადგომას;
  • სააგენტო „ფარსის“ თანახმად, აქციის მონაწილეები ხევდნენ აშშ-ის მიერ მოკლული ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის პორტრეტებს.

თეირანის შემდეგ, საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ასევე ისპაჰანში, ჰამადანში, სარიში, რაშტსა და ბაბოლში. მომიტინგეების რიცხვი, სხვადასხვა წყაროს ცნობით, ასობით და ათასობით განისაზღვრება.

საპროტესტო მუხტს მხარს უჭერენ ცნობილი ადამიანები: სპორტსმენები, მსახიობები, მწერლები.

  • პოპულარული ირანელი მსახიობი (ოსკარზე ნომინირებული), ტარანე ალიდოსტი თავის ინსტაგრამპოსტში ირანელებზე აღნიშნავს - „ჩვენ არასოდეს ვიყავით (მოქალაქეები). ჩვენ ტყვეები ვართ“;
  • ირანის სპორტის ისტორიაში ერთადერთმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ქალმა, 21 წლის კიმია ალიზადემ 12 იანვარს გამოაცხადა, რომ ქვეყნის დატოვება და ემიგრაციაში წასვლა პოლიტიკური მოსაზრებების გამო გადაწყვიტა.

როგორც ბრიტანულ-ირანული სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა, ბრიტანეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, ლორდმა ნორმან ლამონტმა უთხრა BBC-ის, უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებული ამბავი საბაბია ირანის ქალაქებში მცხოვრები ადამიანებისთვის, რათა გამოხატონ დაგროვილი უკმაყოფილება.

„ქვეყანაში, რომელიც გარკვეულწილად გაერთიანდა გენერალ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ, თვითმფრინავთან დაკავშირებულმა ამბავმა მკვეთრად შეცვალა საზოგადოებრივი აზრი“, - ამბობს ლამონტი.

რა შეიძლება მოხდეს?

თითქმის არავინ მოელის, რომ ირანში სიტუაცია დემოკრატიულ რელსებზე დადგება და ეს ერთ დღეში მოხდება; მაგრამ შეინიშნება პროცესი, რომელიც ძნელად შესაჩერებელი იქნება.

როგორც „რონდელის ფონდის“ მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ირანში პროტესტის საფუძველი არსებობს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემების გამო:

  • „ყოველწლიურად ირანის მოსახლეობა ერთი მილიონით მატულობს და არ იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები“;
  • „ხალხი განიცდის რეალურ ეკონომიკურ სიდუხჭირეს“;
  • „რიგითი ირანელების ცხოვრებას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ ირანი იმყოფება მკაცრი საერთაშორისო სანქციების ქვეშ“;
  • „ამას ემატება ქვეყანაში არსებული კორუფცია“.

„არასტაბილურობა ირანში გაგრძელდება აუცილებლად, მაგრამ ჯერ ბუნდოვანია, რა მიმართულებით წავა პროცესები... არ მოველი მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარებას... მაგრამ ასეც რომ მოხდეს, არ უნდა ველოდოთ, რომ ირანში სწრაფად დამყარდება დასავლური ტიპის დემოკრატიული მმართველობა... ე.წ. არაბულმა გაზაფხულმა ქაოსი და მსხვერპლი მოუტანა, მაგალითად, სირიასა და ერაყს... ამ ქვეყნებს არა აქვთ დემოკრატიული მმართველობის გამოცდილება“, - ამბობს ბატიაშვილი.

„შეკითხვა, რომელიც ამ დღეებში გაისმის, არის არა ის, „მიაღწევს თუ არა ისლამური რესპუბლიკა კრიტიკულ მომენტს - გარდაიქმნება ან განადგურდება?“, არამედ უფრო ის, თუ როდის მოხდება ეს. ეს დრო შეიძლება დადგეს, როცა 2020 წლის საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები შეძლებენ ხიდის გადებას მათსა და 2019 წლის აქციების მონაწილეებს შორის“, - ამბობს რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის, რადიო „ფარდის“ ჟურნალისტი, ჰანა ქავიანი.

პროტესტების მწარე გამოცდილება

თეირანის რეჟიმის არადემოკრატიულობისა და სისასტიკის გათვალისწინებით, ანალიტიკოსები საპროტესტო აქციების გამართვას გმირობის ტოლფასად თვლიან.

სოციალურ ქსელებში ლაპარაკი იყო დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტზეც, თუმცა თეირანი ამას უარყოფს.

2018-2019 წლებში ირანის რეჟიმი სასტიკად გაუსწორდა ხალხს - აქციის მონაწილეებს ძალით დაუპირისპირდა და ბევრიც დახოცა, პროტესტის ჩაახშობის მცდელობებისას.

  • ლაპარაკი იყო 300-დან 1500-მდე მოკლულ ადამიანზე;
  • სხვადასხვა წყარო იტყობინებოდა ათასობით მოკლულზეც;
  • ათასობით ადამიანი დაიჭირეს.

ბოლო წლებში ირანში არაერთი საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა. ქუჩაში სხვადასხვა პროფესიისა და საზოგადოებრივი ჯგუფის ადამიანები გამოდიოდნენ.

  • 2018 წელს ქუჩაში გამოვიდნენ ეკონომიკური პრობლემებით დამძიმებული ადამიანები - აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე თავი იჩინა ხელისუფლების მიერ ქვეყნის არაეფექტიანმა მართვამ და კორუფციის პრობლემებმა;
  • 2019 წელს, ხალხის ქუჩაში გამოსვლის ძირითად საფუძველს საწვავის ფასის მოულოდნელი ზრდა და მისი თანმდევი პრობლემები წარმოადგენდა;
  • 2020 წლის აქციები, ბევრის აზრით, სწორედ ამ პროცესებისა და კვლავაც მოუგვარებელი პრობლემების ლოგიკური გაგრძელებაა და უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდება მხოლოდ მნიშვნელოვანი საბაბია.

2020 წელს აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი სანქციები, ანალიტიკოსების აზრით, ირანს კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს და საპროტესტო მუხტიც გაიზრდება.

არ გამართლდა ვარაუდი, რომ გენერალ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ განვითარებული მოვლენები ირანში არა ანტისახელისუფლებო, არამედ - ანტიამერიკულ განწყობებს გააძლიერებდა.

გენერალ სოლეიმანის ფაქტორი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანისთვის ახალი სანქციების დაწესების გადაწყვეტილება ირანელი გენერლის მკვლელობის შემდეგ, ირანის მიერ ერაყში, ამერიკულ ბაზებზე თავდასხმის შემდეგ მიიღო. ტრამპი სოლეიმანს ამერიკელების მკვლელ ტერორისტად მოიხსენიებდა.

„ყალბი ამბების მედია და მისი დემოკრატი პარტნიორები მუყაითად მუშაობენ იმის გასარკვევად - გარდაუვალი იყო თუ არა ტერორისტ სოლეიმანის სამომავლო თავდასხმები და თანახმა იყო თუ არა ჩემი გუნდი. ორივე შემთხვევაში პასუხია მტკიცე კი, მაგრამ ამას რეალისტურად არც აქვს მნიშვნელობა მისი (სოლეიმანის) საშინელი წარსულის გათვალისწინებით“, - წერს პრეზიდენტი ტრამპი ტვიტერზე.

მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, მაგრამ პასუხების მიხედვით, მას უფრო ბევრი ეთანხმება:

  • „სოლეიმანი ისლამური სახელმწიფოს მამა და დამფუძნებელი იყო; მე ირანელი ვარ და ამ ტერორისტების რეჟიმის პირობებში ვარ გაზრდილი“
  • „ვინც ტერორისტს იცავს, ისიც ტერორისტია“;
  • „ფაქტი, რომ თალიბანმა და ალ-ყაიდამ მწუხარება გამოთქვეს სოლეიმანის სიკვდილის გამო, ბევრ რამეზე მეტყველებს“.

როგორც რადიო თავისუფლების ირანული რედაქციის დირექტორი მეჰდი ფარფანჩი აღნიშნავს, ირანში ბევრი ზეიმობდა კიდეც გენერალ სოლეიმანის მკვლელობას.

მისი თქმით:

  • სოციალურ ქსელებში ჩანდა, რომ უმრავლესობა ამ ფაქტს მიესალმებოდა და ერთმანეთსაც ულოცავდნენ;
  • რამდენიმე კვირის წინ ირანის 100-ზე მეტ ქალაქში გამართული საპროტესტო აქციების უმრავლესობა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ დაარბია და მან ასობით ადამიანი დახოცა.

62 წლის ირანელი გენერალი სწორედ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შემადგენლობაში შემავალი „ყუდსის ძალების“ სარდალი იყო.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG