Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეზო ოკუჯავა: „სოხუმი კი არ დაეცა, დაეცნენ აფხაზი და ქართველი ბიჭები“


სოხუმი, სექტემბერი 1993 წ.
სოხუმი, სექტემბერი 1993 წ.

25 წლის გასვლის შემდეგაც 27 სექტემბერი ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ დღედ აღიქმება განსაკუთრებით მათთვის, ვინც 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის ბრძოლების შემდეგ, საკუთარი სახლი იძულებით დატოვა. ეს დღე ისტორიაში დარჩა როგორც სოხუმის დაცემის დღე, რაც დიდ მსხვერპლთან, ადამიანების ტრაგიკულ ისტორიებთან, ომის სისასტიკესა და წარსულში დარჩენილ ცხოვრებასთან ასოცირდება. თუმცა ამ ტრაგიკული დღის დაცემად მოხსენიებას ერიდება აფხაზეთის ომის ვეტერანი, სოხუმელი რეზო ოკუჯავა:

“შეიძლება მართლა დაეცე ადამიანი, მაგრამ მერე ფიქრობდე წამოდგომას. ჩვენ ისეთ უბედურ დღეში ვართ იმ ე. წ. დაცემიდან, რომ არ ვფიქრობთ როგორმე წამოვდგეთ. მოგვწონს დაცემული პოზა... დავეცით 1993-ში სოხუმში, 2008-ში ცხინვალში დავეცით და დაცემულ სიტუაციაში კარგად ვართ, დავდივართ ამ ძეგლებთან, მემორიალებთან და ვეთაყვანებით კერპებს და არავინ არ ფიქრობს, როგორ უნდა წამოდგე ამ დაცემული სიტუაციიდან. ეს თაობები, ახალგაზრდები, რომლებიც არ არიან გასვრილები ამ ყველაფერში, ვერ ეკარებიან ამ თემას. უკვე არც იციან, ბევრს არც ახსოვს, ბევრს არც აინტერესებს. არ არიან ჩართულები არანაირ დიალოგში ჩვენი შვილები, სტუდენტები, ჩვენგან განსხვავებით, რომლებიც ვიყავით ის საბჭოთა საზიზღარი პროდუქტი, დავიჭირეთ ავტომატი და გვეგონა ყველგან უნდა გვეომა და ომით რაღაცას ვიზამდით. მივხვდით, რომ არ ვიყავით ღირსნი ამ თავისუფლების ჩვენი თაობა და ახლა ესენი არიან ყველაფრის ღირსნი, მაგრამ არც კი ფიქრობენ. თითქოს ეს არ იყო ჩვენი ომი. ცუდი ომი იყო ეს ომი და ომები, საერთოდ, და ამიტომ არ უნდა ამ თაობას, რომ, საერთოდ, გაითავისოს. სოხუმი კი არ დაეცა, იბრძოლა. იქ დაეცნენ ადამიანები, დაეცნენ ბიჭები: აფხაზები და ქართველები მათ შორის”.

სულ ვამბობ, რომ იარაღი მეჭირა მშვიდობისთვის - ჩემი აზრით, აფხაზისთვის და ქართველისთვისაც. ვფიქრობდი, რომ ჩემიანები და ჩემზე გაცილებით უკეთესებიც, ბევრნი ფიქრობდნენ, რომ აფხაზებსაც უნდა გაეგოთ, მიმხვდარიყვნენ, რომ ეს არის ჩვენი ორივეს უბედურება...
რეზო ოკუჯავა

რეზო ოკუჯავა სოხუმში გელოვანის ქუჩაზე ცხოვრობდა. იხსენებს, რომ გასული საუკუნის 70-იან წლებში ქალაქის ამ ქუჩაზე ყველაზე კარგად იჭერდნენ მაშინ აკრძალული რადიო მონტე კარლოს ტალღებს, რომლის ეთერითაც სოხუმელი ახალგაზრდები დასავლურ მუსიკას უსმენდნენ. ამის გამო გელოვანის ქუჩის დასაწყისი ერთგვარი შეკრების ადგილი იყო. 1992 წელს კი რეზო ოკუჯავა 24 წლის იყო, როდესაც ააფხაზეთში ომი დაიწყო. იხსენებს, რომ 14 აგვისტოს სოხუმში დაწყებული სროლების დროს მეგობართან ერთად ზღვაზე იყო. ამბობს, რომ ამ მეგობართან ერთად იარაღი აიღო და ომში ჩაერთო. მეგობარი გაგრის ბრძოლებისას დაიღუპა, თვითონ კი გადარჩა და ახლა უკვე, 25 წელია, ბათუმში ცხოვრობს:

„იძულებული კი არა, ვალდებულებაც მქონდა, რა თქმა უნდა. შეიძლება ვიღაცამ რაღაცა შეცდომით გააკეთოს, მაგრამ მერე შენ ვალდებული ხარ ამ ქვეყნისთვის რაღაცა ნაბიჯი გადადგა, რომ შენი წვლილი შეიტანო. სულ ვამბობ, რომ იარაღი მეჭირა მშვიდობისთვის - ჩემი აზრით, აფხაზისთვის და ქართველისთვისაც. ვფიქრობდი, რომ ჩემიანები და ჩემზე გაცილებით უკეთესებიც, ბევრნი ფიქრობდნენ, რომ აფხაზებსაც უნდა გაეგოთ, მიმხვდარიყვნენ, რომ ეს არის ჩვენი ორივეს უბედურება, რომლითაც ვიღაც სხვა სარგებლობს. ეს ვერ მოხერხდა, რა თქმა უნდა, და მივედით სანამდე... დღეს აფხაზები ზეიმობენ გამარჯვებას, იქ ზეიმია 27 სექტემბერი“.

ერთი დიდი შეცდომა იყო აფხაზეთის, რომ არ იცოდნენ, შემდეგ რა დღეში აღმოჩნდებოდნენ. ახლა ვიცით, იქ რა მდგომარეობაც არის...
ანზორ კუდბა

სოხუმის დაცემის დღიდან 25 წლის გასვლის შემდეგ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, უზენაესი საბჭოს დეპუტატი, მწერალი ანზორ კუდბა აფხაზეთის ომს განიხილავს როგორც რუსეთის იმპერიის ანგარიშსწორებას პატარა ქვეყანაზე, რომელიც დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. იგი იხსენებს, რომ როდესაც ეროვნული მოძრაობა საქართველოში პიკს აღწევდა:

„ამის საწინააღმდეგოდ აფხაზეთშიც და სამაჩაბლოშიც დაიწყეს ეროვნული მოძრაობა. უბრალოდ, მე ასე ვფიქრობ, თავისუფლება რომ მიენიჭა ყველას და თითქოს ამისთვის არავინ დაგსჯიდა, ყველამ იფიქრა, რომ გავთავისუფლდებითო და ერთი დიდი შეცდომა იყო აფხაზეთის, რომ არ იცოდნენ, შემდეგ რა დღეში აღმოჩნდებოდნენ. ახლა ვიცით, იქ რა მდგომარეობაც არის. ჩვენ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და სამწუხაროა, ამ შეცდომებს რომ უგულებელვყოფთ და ისევ ძველებურად მიგვაჩნია, რომ თითქოს ახლა ვიკაფავდეთ გზას. რა თქმა უნდა, რუსეთის რეაქცია მოჰყვებოდა და მით უმეტეს მაშინ, როცა ჩვენ ამ ეროვნულ მოძრაობას ჩავუდექით სათავეში მთელ საბჭოთა კავშირში, ამან დიდი რეაქცია გამოიწვია რუსებში. ეს იმპერიული სულის ქვეყანაა და ამას არ დაუშვებდა“.

ასეთი ომები არასოდეს არ მთავრდება კარგად, როგორც არ უნდა დასრულდეს ის. ყველანაირად უნდა აგვეცილებინა...
გიორგი მასალკინი

აფხაზეთის ომი სამოქალაქო ომად მიაჩნია რესპუბლიკური პარტიის ყოფილ წევრს და მაშინდელი უზენაესი საბჭოს დეპუტატს გიორგი მასალკინს. მისი შეფასებით, ეროვნული მოძრაობის შემდეგ დამოუკიდებლობამოპოვებულ ქვეყანას სახელმწიფოებრიობის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, გადაწყვეტილებები კი, როგორც იხსენებს, პატრიოტულ ემოციურ ფონზე მიიღებოდა:

„ყველა გრძნობდა, რომ საქართველო დასაცავი იყო. ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი მონაწილეობდა ამ ომში. ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით, მე ამ ომში ვერ წავედი. მე მახსენდება მაშინდელი სახელმწიფო საბჭოს შეხვედრა. მაშინ იყვნენ შევარდნაძე, სიგუა, იოსელიანი, კიტოვანი და აჭარაში ასლან აბაშიძე. ეს ხალხი მართავდა მაშინ ქვეყანას. ჩვენ არ გვყავდა ჯარი, ჩვენ არ გვქონდა სტრატეგია, თუ რა პოზიცია უნდა დაგვეკავებინა დასავლეთის მიმართ, რუსეთის მიმართ. რუსეთში კი ამ დროს ელცინია, ბანდიტიზმია და კიდევ კარგად გადავრჩით! ამოქმედდა ის ისტორიულ-პოლიტიკური ნაღმი, რასაც ჰქვია სესეციური რეგიონები, თუმცა ეს მარტო საქართველოს არ შეეხო. სამწუხაროდ, სხვისი მაგალითებიც ვერ გავითვალისწინეთ - ასეთი ომები არასოდეს არ მთავრდება კარგად, როგორც არ უნდა დასრულდეს ის. ყველანაირად უნდა აგვეცილებინა, მაგრამ მე ვერ ვხედავდი, არც არსებობდა გარკვეული მასა, რომელიც ხმამაღლა იტყოდა, რომ ეს არ უნდა გაკეთებულიყო, იმიტომ რომ ცუდად დამთავრდება. ძალიან ვიყავით ემოციებს აყოლილი და, პრონციპში, ახლაც ჩვენი პოლიტიკა ეგზალტირებული და აყოლილია, დღესაც ჩვენ გვიჭირს საღად გააზრება ბევრი პრობლემის და ეს დღესაც გვიშლის ხელს რეფლექსიასა და ანალიზში იმ გამოწვევებისა, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე დგას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG