Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეორგანიზაცია თუ პოლიტიკური სადამსჯელო ღონისძიება


ქუთაისის მერია
ქუთაისის მერია

ქუთაისის მერიის 10 სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს მერის წერილობითი ბრძანება, რომლის თანახმად, დაიწყო სამსახურების რეორგანიზაცია და ამ პროცესში მოსალოდნელია დასაქმებულთა შტატების ცვლილება.

რეორგანიზაციას საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს უკავშირებენ საკრებულოს წევრები „ევროპული საქართველოდან“ და აცხადებენ, რომ მიზანია არჩევნების პროცესში ნაკლებად ჩართული თანამშრომლების დასჯა და „ქართული ოცნების“ აქტივისტების დასაქმება. საკრებულოს წევრი დავით გოგისვანიძე მერიაში გამოცხადებულ რეორგანიზაციას სადამსჯელო ღონისძიებას უწოდებს:

„დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები და იმ ჩინოვნიკების მიმართ, ვინც ხელისუფლების მოსაზრებით, არ იყო ჩართული სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში და არ ეხმარებოდა, იწყება სადამსჯელო ოპერაცია და წაახალისებენ იმ პირებს, ვინც თავი გამოიჩინა კამპანიის დროს“.

რეორგანიზაცია არ გულისხმობს ვინმეს გათავისუფლებას, ეს არის საჯარო დაწესებულებების ინსტიტუციური ცვლილება. შეიძლება განხორციელდეს სამსახურების შერწყმა ან გაყოფა...
ირაკლი გიორგაძე

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დავით გოგისვანიძე არ გამორიცხავს, რომ მერიის ზოგიერთ სამსახურს შტატი დაემატოს და ამ პოზიციებზე დასაქმდნენ „ქართული ოცნების“ ის მხარდამჭერები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. დავით გოგისვანიძის შეფასებით, მერიაში რეორგანიზაცია აუცილებელია სისტემაში არსებული მართვის პრობლემების გამო, თუმცა დაგეგმილი რეორგანიზაცია რეალურად ემსახურება არა სიტუაციის გამოსწორებას, არამედ პოლიტიკური ნიშნით თანამშრომლების შერჩევას.

ოპოზიციის ბრალდებას არ იზიარებს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი ირაკლი გიორგაძე. მისი განცხადებით, მერიის პირველადი ერთეულების რეორგანიზაცია კანონის შესაბამისად ხორციელდება და ორიენტირებული არ არის თანამშრომელთა შემცირებაზე. ირაკლი გიორგაძე უარყოფს, რომ თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით შეარჩევენ:

„რეორგანიზაცია არ გულისხმობს ვინმეს გათავისუფლებას, ეს არის საჯარო დაწესებულებების ინსტიტუციური ცვლილება. შეიძლება განხორციელდეს სამსახურების შერწყმა ან გაყოფა, ამის თაობაზე წინადადებებს წარმოადგენენ სამსახურის უფროსები და კურატორი ვიცე-მერები კომპეტენციის ფარგლებში და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს მერი“.

მერიაშიც და მერიას დაქვემდებარებულ გაერთიანებებში არის ძალიან ბევრი „ნაციონალური მოძრაობის“ მიმდევარი. მათი პოლიტიკური სიმპათიები საინტერესო არ არის, მაგრამ როდესაც მოქალაქეები მოდიან და ითხოვენ პრობლემების მოგვარებას, ისინი შეგნებულად აწყობენ საბოტაჟს...
ალექსანდრე ახალაძე

მერიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი ირაკლი გიორგაძე რეორგანიზაციის შედეგად ზოგიერთ სამსახურში თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს და მაგალითად მოჰყავს ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური. გიორგაძის განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, ზედამხედველობის სამსახურს ახალი ფუნქციები დაემატა და აუცილებელია თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდა.

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა სამსახურიდან დათხოვნის მომხრეა საკრებულოს უმრავლესობის - „ქართული ოცნების“ - წარმომადგენელი ალექსანდრე ახალაძე. მისი განცხადებით, თანამშრომლები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან, შეგნებულად აფერხებენ თვითმმართველობის მუშაობას, შედეგად კი უკმაყოფილონი არიან მოქალაქეები:

„მერიაშიც და მერიას დაქვემდებარებულ გაერთიანებებში არის ძალიან ბევრი „ნაციონალური მოძრაობის“ მიმდევარი. მათი პოლიტიკური სიმპათიები საინტერესო არ არის, მაგრამ როდესაც მოქალაქეები მოდიან და ითხოვენ პრობლემების მოგვარებას, ისინი შეგნებულად აწყობენ საბოტაჟს, აჭიანურებენ გადაწყვეტას და ყველა უკმაყოფილება მოდის მერიაზე და საკრებულოზე. ეს მე მიმაჩნია შემაფერხებლად და ეს ძალა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მოსახლეობას არ მიიყვანს იმ ამოცანების შესრულებამდე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაისახა“.

​საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელ ალექსანდრე ახალაძის პოზიციას არ იზიარებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი საკრებულოში ოთარ ლორთქიფანიძე. ის არასწორად მიიჩნევს საჯარო სექტორში დასაქმებული თანამშრომლების დადანაშაულებას და მერიის მუშაობის გასაუმჯობესებლად საჭიროდ თვლის ცვლილებას მენეჯმენტში:

„ცვლილებები და რეორგანიზაცია საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ მენეჯმენტის გაუმჯობესებისთვის და ვფიქრობ, რომ ბატონი ალექსანდრეს განცხადებაც ამას ემსახურება, თუმცა ამას განაპირობებს განცდები და პირველი ტურის ის შედეგი, რაც ქუთაისში იყო“.

ქუთაისის მერიაში ამ დროისთვის ვერ ასახელებენ, თუ რამდენ ადამიანს შეეხება რეორგანიზაცია, რამდენი შტატი დაემატება ან გაუქმდება და რამდენი სამსახური ჩამოყალიბდება. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ რეორგანიზაცია, სავარაუდოდ, ახალ წლამდე დასრულდება. ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია შარშანაც განხორციელდა - 13-ის ნაცვლად 10 სამსახური ჩამოყალიბდა, დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა კი 350-ით განისაზღვრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG