Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აისახება ქვეყნის თავდაცვაზე ბიუჯეტის მოსალოდნელი შემცირება? 


ჯარისკაცები ალგეთის საწრთვნელ ბაზაზე.
ჯარისკაცები ალგეთის საწრთვნელ ბაზაზე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ძალოვან უწყებებში საბიუჯეტო ხარჯების ყველაზე მსხვილი მომხმარებელია, კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო 2020 წელს ვერ მიიღებს 75 მილიონ ლარს, რაც სამხედრო უწყების წლიური ბიუჯეტის, დაახლოებით, 9-10 პროცენტია.

ამის შესახებ 10 ივნისს განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტით, უფრო ცოტა, 10 მილიონი ლარი მოაკლდება შინაგან საქმეთა სამინისტროს და სულ მთლად უმნიშვნელო თანხა, ერთი მილიონი ლარი, - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

როგორ აისახება ქვეყნის თავდაცვასა და სამხედრო უწყების ამბიციურ გეგმებზე ბიუჯეტის მოსალოდნელი შემცირება? რამდენად თანაბრად და სამართლიანად მცირდება ძალოვანი უწყებების ხარჯები? ხომ არ აღმოჩნდება მოსალოდნელი საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად „გერის მდგომარეობაში“ საქართველოს ჯარი, რომელსაც, ქვეყნის თავდაცვის ამოცანების გარდა, საკმაოდ რთული საერთაშორისო სამშვიდობო მისიაც აკისრია?

ამ და სხვა საკითხებზე ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო გაზეთ „არსენალის“ რედაქტორი.

„წელს, ჩემი აზრით, კიდევ მოხდება რაღაც კორექტირება“

კობა ლიკლიკაძე: ირაკლი, პირველი შეკითხვა , რომელიც ამ ციფრების ნახვის შემდეგ საქმეში ჩაუხედავ ადამიანს გაუჩნდება, არის ის, რომ 75 მილიონი ლარით მცირდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი - 10 მილიონით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის - მხოლოდ 1 მილიონით. და ეს ეჭვის ჭია უბიდან რომ გამოუშვათ, ასეთი შეკითხვა იქნება: გერის როლში ხომ არ არის თავდაცვის სამინისტრო?

ირაკლი ალადაშვილი: „რა თქმა უნდა, არ არის ეს კარგი ინფორმაცია, როდესაც ქვეყნის ბიუჯეტი მცირდება, მაგრამ გასაგებია, პანდემიაა მსოფლიო დონეზე და აქ ყველგან პრობლემებია. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2020 წელს გაიზარდა 880 მილიონ ლარამდე. შარშან ნოემბერში იყო დიდი სჯა-ბაასი, როცა ის გაიზარდა და, დაახლოებით, 35 მილიონი დაემატა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში 770 მილიონ ლარზე იყო საუბარი. ახლა თავდაცვას თუ 75 მილიონი ლარი მოაკლდება, გამოვა, რომ 800 მილიონზე ჩამოვა ეს ბიუჯეტი. თუმცა, ჩემი აზრით, წელს კიდევ მოხდება რაღაც კორექტირება: შეიძლება მოიმატოს, არც ესაა გამორიცხული, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ, პირიქით, კიდევ დაიკლოს.

როცა სახელმწიფო ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროს ხარჯების მოსალოდნელ შემცირებაზე ლაპარაკობდა, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, განმარტა, რომ 75 მილიონი ლარიდან 30 მილიონი არის თანხა, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულების რეალიზებაზე უნდა დახარჯულიყო.

კერძოდ, საუბარია საფრანგეთ-საქართველოს ხელშეკრულებაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველო საფრანგეთისგან ღებულობს გარკვეულ სამხედრო პროდუქციას. „შესაბამისად, პანდემიის გათვალისწინებით, წარმოიქმნა მოწოდების და ინსტალაციის პრობლემა და ამანაც ვადაში გადაიწია, თუმცა პროექტი ჩვეულებრივ გაგრძელდება და, ცხადია, ამ პროექტით ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კობა ლიკლიკაძე: ირაკლი, რა კონტრაქტზეა საუბარი და რა ეტაპია შესრულებული?

ირაკლი ალადაშვილი: „ჩვენ გვახსოვს, რომ ეს იყო გასულ წელს, საზოგადოებასაც წარუდგინეს მობილური რადიოლოკაციური სადგური - ერთი, უფრო ძლიერი, GM-400 და GM-200, ანუ სხვადასხვა მოდიფიკაციის ტექნიკა. ასევე, იყო მობილური „მისტრალის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები (არ უნდა აგვერიოს „მისტრალის ტიპის“ ფრანგულ ვერტმფრენმზიდში.- რედ). ეს არ ნიშნავს, რომ ეს ქართულ ცას მთლიანად ჩაკეტავს, მაგრამ ეშელონირებული თავდაცვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. წინასწარ არ აფიშირდებოდა, თუ შემდგომში რას ვაპირებდით, მაგრამ ეს 30 მილიონი (ლარი), ეტყობა, ახალ ეტაპზე იყო გათვლილი“.

სამხედრო წარმოება: ამბიციური გეგმები და რეალობა

საქართველოში, სადაც, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფორმებისა და „ფეხსაცმელების წარმოება იყო და არის გამოწვევა“,სამხედრო უწყება რამდენიმე ამბიციურ პროექტზე მუშაობს:

  • ნატოს სტანდარტების შესაბამისი ყუმბარმტყორცნების, ყუმბარებისა და რაკეტების წარმოება;
  • ვაზნების ქარხნის მშენებლობა;
  • 250 სამხედრო ობიექტის სრული რეაბილიტაცია, რაზეც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა წლის ბოლომდე 100 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.
  • დაბოლოს, 100-დან 120 მილიონამდე დაიხარჯება წელს შეიარაღებაში. ე.წ. „სპეციალურ შესყიდვებში“, რომლის დეტალებზე თავდაცვის მინისტრი ღია საუბარს ჯერჯერობით არ აპირებს.

რამდენად გასწვდება სეკვესტრირებული სამხედრო ბიუჯეტი ყველა ამ ამბიციური პროექტის ბოლომდე განხორციელებას? რა საჭიროა და რამდენად იქნება რენტაბელური საქართველოში ნატოს სტანდარტების საბრძოლო მასალების ან ტყვია-წამლის ქარხნის მშენებლობა, როდესაც იარაღის საერთაშორისო ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია? და რა პერსპექტივა აქვს ქართულ სამხედრო მრეწველობას, საერთოდ?

ირაკლი ალადაშვილი: „კარგი შეკითხვაა. საქართველომ უნდა აწარმოოს ისეთი რამ, რაც თავის არმიასაც გამოადგება და, რაც მთავარია, ის უნდა გავიდეს და კონკურენტუნარიანი უნდა იყოს შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე. აი, როცა ვამბობთ, რატომ არ შეგვიძლია ავტომატი გავაკეთოთო. ნუ, გავაკეთოთ ქართული არმიისთვის 30 ათასი, დავამზადოთ 60 ან 100 ათასი, მაგრამ ეს არ იქნება რენტაბელურად მომგებიანი, თუ მას არ გაყიდი“.

ამის პრეცედენტი იყო სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ „დელტას“ მიერ გამოშვებული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი MedEvac“-ი, რომლის რამდენიმე ერთეული თავის დროზე საუდის არაბეთმა იყიდა.

ირაკლი ალადაშვილი: „საუბარი იყო, დაახლოებით, 100 ერთეულზე. მერე იქ მოხდა პრობლემები, როდესაც ააფეთქეს. მერე ვიდეო გავრცელდა და ამან შეარყია, შეაჩერა დროებით. მაგრამ ეს ნიშა მაშინ ვიპოვეთ. წარმოუდგენელი ნიშა იყო, მაგრამ ვიპოვეთ. ამის შემდეგ იგივე „დიდგორის“ ბაზაზე დამზადდა ეს მობილური ნაღმსატყორცნი, რომელიც ძალიან პერსპექტიულია“.

ქართული იარაღი პირველად ნატოს შეიარაღებაში

ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომრის“ ახალი 120-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდელი „დელტამ“ გაიტანა საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენაზე IDEX 2019, რომელიც 2019 წლის თებერვალში აბუ-დაბიში გაიმართა.

საქართველოს სამხედრო უწყებამ მაშინ გაავრცელა ცნობა, რომ ახალი ქართული სამხედრო ტექნიკის მოდელით რამდენიმე ქვეყანა დაინტერესდა.

ირაკლი ალადაშვილის თქმით, „დიდგორის“ ბაზაზე შექმნილი შეიარაღებით მრავალი ქვეყანაა დაინტერესებული, მაგრამ იარაღის ექსპორტისათვის მნიშვნელოვანია ერთი ნიუანსი:

ირაკლი ალადაშვილი: „ყველა ქვეყანა უყურებს, სანამ შენს პროდუქტს შეიძენს, თვითონ შენს არმიაში შეიარაღებაში გაქვს თუ არა იგი. სხვათა შორის, უკვე მიიღეს ქართულ ბატალიონებში. გადაგზავნეს ნაწილებში „დიდგორის“ ბაზაზე დამზადებული კავშირგაბმულობის შეჯავშნილი მანქანები, ხოლო „დელტაში“ დამზადებული ნაღმსატყორცნების რამდენიმე ათეული ერთეული გაყიდულია ნატოს ერთ-ერთ ქვეყანაში“.

ირაკლი ალადაშვილმა არ დააზუსტა, თუ ნატოს რომელ ქვეყანაში გაიყიდა „დელტას“ ბაზაზე დამზადებული შეიარაღება, მაგრამ მიანიშნა, რომ საუბარია ალიანსის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაზე.

„საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში მე არ მახსენდება შემთხვევა, რომ ნატოს რომელიმე წევრ სახელმწიფოს ქართველი იარაღის მწარმოებლების მიერ შექმნილი იარაღი შეეძინოთ, რაც მრავლისმეტყველია“, - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG