Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვინც არ არის ჩვენ წინააღმდეგ, ის ჩვენთანაა“ - რუსეთის რეაქცია "აგენტების კანონის" ჩაგდებაზე


საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ. 6 მარტი, 2023 წელი
საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ. 6 მარტი, 2023 წელი

რუსეთს აბრაზებს და აფორიაქებს ის ამბავი, რომ მომიტინგეთა მძლავრმა პროტესტმა „ქართულ ოცნებასა“ და მის მოკავშირეებს „აგენტების“ კანონპროექტებზე უარი ათქმევინა.

რუსი ტურისტების გაფრთხილების გარდა, რომ საქართველოსკენ აღარ გამოიხედონ, ისმის მუქარაც და მათ შორის - თბილისზე დარტყმის შესახებაც. თუმცა რუსეთში შერჩათ იმედიც, რომ „ქართული ოცნება“ ამ კანონპროექტებს ისევ დაუბრუნდება.

ჩაგდებული კანონპროექტების კვლავ დამტკიცების მცდელობას გამორიცხავენ „ოცნებაში“; მაგრამ ისინი გეგმავენ გააგრძელონ საზოგადოების ინფორმირება - რომ ეს კანონპროექტები არ იყო რუსული.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც წელს არაერთხელ შეაქო საქართველოს ხელისუფლება დასავლეთთან „ვაჟკაცური“ დაპირისპირებისთვის, ახლა აცხადებს, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები უკრაინულ „მაიდანს“ ახსენებს და ხელისუფლების დამხობის მცდელობას ხედავს. ბოლო დღეებში, სწორედ სახელმწიფო გადატრიალების ვერსიებზე ლაპარაკობენ საქართველოშიც, „ქართული ოცნებისა“, თუ მისი მხარდამჭერების რიგებში.

  • რაზე მიუთითებს რუსეთის მძაფრი რეაქციები „აგენტების“ კანონპროექტების ჩაგდების ფონზე?
  • გაიზარდა თუ არა რუსეთისგან მომავალი საფრთხე?

რუსეთის რეაქცია

თუკი ოფიციალურ განცხადებებსა და რეაქციებს გადავხედავთ, ე.წ. აგენტების კანონპროექტების იძულებით ჩაგდებას მოსკოვი აშშ-ის, ევროკავშირის და საერთოდ, მთელი დასავლეთის საქართველოზე „ზეწოლით“ ხსნის. 10 მარტს, რუსეთის მედიამ აიტაცა დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის სიტყვები, რომ საქართველო სუვერენიტეტს ამერიკის ზეწოლით კარგავს და, რომ სწორედ აშშ-ის ორგანიზებული იყო თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციები.

საპარლამენტო უმრავლესობამ „აგენტების“ შესახებ კანონპროექტები, მეორე მოსმენის პროცედურის გამოყენებით, 10 მარტს იძულებით ჩააგდო; მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ, რომლებიც სამართალდამცველებმა სპეციალური საშუალებებით - წყლის ჭავლით, მხუთავი აირითა და „წიწაკის სპრეით“ არაერთხელ დაშალეს. დაშავდა ათობით ადამიანი.
„არა რუსულ კანონს!“ - თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციების ძირითადი სლოგანი იყო. ქუჩაში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი გამოვიდა, უპირატესად სტუდენტები.

პრეზიდენტ პუტინის სპიკერს, დმიტრი პესკოვს მნიშვნელოვნად მიაჩნია ისიც კი, რომ მოქალაქეებს ამერიკიდან მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

10 მარტს სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მოლდოვასა და საქართველოში აგორებული პროტესტის ტალღას აშშ ერთმანეთისგან განსხვავებულად იმიტომ აფასებს, რომ „საქართველოში ოპოზიცია დასავლეთის ინტერესებს ასახავს, ხოლო მოლდოვაში სხვა [რუსეთის] ინტერესებს“. „მოლდოვაში დასავლურ ინტერესებს მთავრობა და პრეზიდენტი ასახავს“, - ამბობს ლავროვი.

რატომ აფორიაქდა რუსეთი?

ექსპერტებს, რომლებსაც რადიო თავისუფლება ელაპარაკა, ერთადერთი პასუხი აქვთ - საქართველოში აგენტების შესახებ კანონის მიღება რუსეთის ინტერესებში შედიოდა. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი და საგარეო ურთიერთობათა მდივანი, თენგიზ ფხალაძე, რომელსაც საქართველოს პარლამენტში ძლიერი „მეხუთე კოლონა“ ეგულება, გვეუბნება, რომ კანონპროექტების თემა „ლუსტრაციად იქცა“. „ქარი საიდან უბერავს“ გასაგებია პოლიტოლოგ ალექსანდრე კუხიანიძისთვისაც, რომელიც არ გამორიცხავს, რომ საქართველოში ამ კანონის მიღება რუსეთის ზეწოლის შედეგად დაიგეგმა.

კანონპროექტების ჩავარდნის შემდეგ, თემა სხვადასხვა მიმართულებით გაშალა კრემლის მომხრე მედიამ. ერთ-ერთი ვერსია დროებით უკან დახევასაც უკავშირდება.

„სპუტნიკის“ რუსეთის ბიუროს რადიოგადაცემაში მოწვეულმა ექსპერტმა, ნიკოლაი სილაევმა ივარაუდა, რომ აქციების ტალღის შესუსტების შემდეგ, „ქართული ოცნება“ დაიწყებს გზების გამონახვას - როგორ მიუბრუნდეს „უცხოელი აგენტების“ შესახებ იმავე კანონპროექტს ან შექმნას რაიმე მსგავსი, რადგან „არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის ტიპური მანერაა, რომ ძლიერი წინააღმდეგობის დროს ის უკან იხევს, ხოლო შემდეგ - ეძებს სხვა გზებს, რომ მაინც განახორციელოს თავისი გეგმები“. სილაევის შეფასებით, ეს კანონპროექტები საქართველოს ხელისუფლებას შიდაპოლიტიკური ბრძოლისა და მომავალი არჩევნებისთვის ესაჭიროება; ხოლო რაც შეეხება ორი ქვეყნის ურთიერთობას - დღეს მოსკოვს თბილისთან „გასაყოფი არაფერი აქვს“, რადგან რუსეთი ხელმძღვანელობა მოქმედებს პრინციპით - „ვინც არ არის ჩვენ წინააღმდეგ, ის ჩვენთან არის“.

თავად „ქართული ოცნება“ პირობას დებს, რომ კანონპროექტებს აღარასდროს დაუბრუნდება, მაგრამ ეს შინაარსის მიმართ აზრის შეცვლას არ ნიშნავს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ტელეკომპანია „იმედს“ ეუბნება, რომ ასეთ შემთხვევაში „საზოგადოების რეაქცია ამაზე გაცილებით მძაფრი იქნება, ვიდრე გუშინ და გუშინწინ იყო“; ხოლო „ეს პოლიტიკური რისკი არავის სჭირდება".

პარალელურად, „ოცნება“ პრინციპულად მიიჩნევს, აუხსნას საზოგადოებას, რომ ეს კანონპროექტი რუსული არ იყო.

„მე პირადად არ ვაპირებ, რომ, ორი შვილი მყავს და, რაც ცხოვრებაში არ გამიფიქრია, ის ვიღაცას დავაბრალებინო“, - უთხრა მდინარაძემ „იმედს“.

კრემლის მიმართ კრიტიკული მედიაპორტალი - „მედუზა“, რომელიც რუსეთში უკვე არა მხოლოდ უცხოურ აგენტად, არამედ „არასასურველ ორგანიზაციად“ არის გამოცხადებული, წერს, რომ „აგენტების“ შესახებ კანონის ჩაგდება მრავალათასიანი აქციების დამსახურებაა, რომელსაც სამართალდამცველები სპეციალური საშუალებებით „მკაცრად არბევდნენ“.

„[ქართველები] ამაყი, თავისუფლებისმოყვარე ერია“, - წერს ერთ-ერთი კომენტატორი „მედუზას“ პოსტზე, ფეისბუკში; მეორე კი შენიშნავს, რომ „აგენტების“ კანონის ჩაგდება საბოლოო გამარჯვებად ვერ ჩაითვლება, რადგან „მთავარი პრობლემა არა კანონი, არამედ [საქართველოს] ხელისუფლებაა“.

ამავე კომენტარებში უპირისპირდებიან მოსაზრებას იმის შესახებაც, რომ საქართველოს აშშ იმორჩილებს. „და რა არის ცუდი აშშ-ში? მაშინ რატომ გარბიან რუსი ოლიგარქები და მათი შვილები [აშშ-ში], თუკი იქ ცუდია?!“, „ამერიკა აყვავებულია და საკუთარ მოქალაქეებს ცხოვრების სასურველ დონეს სთავაზობს... აღარ მინდა ამ განავალში, ცივილიზაციის ფსკერზე გდება“; „ყველას როდი აწუხებს სტალინის ბანაკებისა და დასმენებისკენ ლტოლვა [როგორც რუსეთშია]“, - წერენ სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქეები.

მოიმატა თუ არა საფრთხემ?

10 მარტს, საქართველოში განვითარებული მოვლენები სერგეი ლავროვმა შეადარა „კიევის მაიდანს“ - 2014 წლის რევოლუციურ პროცესებს, რასაც მაშინ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების მიტაცება და ომი მოჰყვა. მაიდანთან გავლებულ პარალელებში ექსპერტებმა გარკვეული მუქარაც ამოიკითხეს.

„ძალიან ჰგავს კიევის მაიდანს. უდავოა, რომ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის კანონი, რომელთა ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთის დაფინანსებულია, წარმოადგენდა მხოლოდ საბაბს იმისთვის, რომ დაეწყოთ ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის მცდელობა“, - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 10 მარტს პროგრამა „დიდი თამაშისთვის“ მიცემულ ინტერვიუში და მისი ეს სიტყვები გამოიყენეს კრემლის მხარდამჭერმა მედიასაშუალებებმა.

ხელისუფლების დამხობის რისკებზე განაახლა საუბარი „ქართულმა ოცნებამაც“, ფარულ ვიდეოჩანაწერებზე დაყრდნობით. 10 მარტს ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, უკრაინიდან ჩამოსულთა ჩართულობით, რევოლუციური გეგმების სამოქალაქო ომში გადაზრდის საფრთხეზეც ილაპარაკა. ითქვა ახალგაზრდული ჯგუფების სპეციალურად მომზადების შესახებაც და დასახელდა ისევ „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ მტკიცებულებები ხელისუფლებას არ წარმოუდგენია.

ოპოზიციის მიერ არეულობის გამოწვევისა და ხელისუფლების დამხობის სურვილზე „ოცნება“ მანამდეც ხშირად ლაპარაკობდა და ყოველ ჯერზე ამ ვერსიას საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნისა და თბილისში რუსული ტანკების შემოსვლის პერსპექტივებს უკავშირებდა.

რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიის, RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა, 10 მარტს განაცხადა, რომ პროტესტი საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის მიზანს უკავშირდება; მაგრამ რუსეთს შემოსვლა არც დასჭირდება და შორიდანვე „გლიჯავენ თბილისს“.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი და საგარეო ურთიერთობათა მდივანი, თენგიზ ფხალაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რუსეთი მიზეზს ყოველთვის მოძებნის, თუკი მან რომელიმე ქვეყანაში შესვლა გადაწყვიტა და ეს, ყველაზე უკეთ, 2022 წელს უკრაინაში შეჭრის ფაქტმა დაადასტურა. ზოგადად კი, ფხალაძის განცხადებით, უსაფრთხოების რისკები არა ამ კანონპროექტების ჩაგდების შემდეგ გაიზარდა, არამედ მანამდე - როცა „ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ღიად დაიწყო დასავლეთის კრიტიკა და საერთაშორისო პარტნიორებთან დაპირისპირება“.

„ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ვლანძღავთ იმ დროს, როცა საქართველო უნდა ლაპარაკობდეს დაცვის ახალი გარანტიების მიღებაზე, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს გაძლიერებაზე და ძალიან აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართული ნატოს მნიშვნელოვანი სამიტის მომზადებაში, რომელიც ვილნიუსში სულ რამდენიმე თვეში იქნება“, - გვეუბნება ფხალაძე და ამატებს, რომ „უსაფრთხოების რისკების გაზრდა ასევე დაკავშირებულია რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლასთან საქართველოში“.

პოლიტოლოგი ალექსანდრე კუხიანიძე თვლის, რომ რუსეთის გაღიზიანებამ რისკები თავისთავად გაზარდა და საქართველოს მეტი სიფრთხილეც ჰმართებს, რადგან მასობრივად შემოსულ რუსეთის მოქალაქეებს შორის აუცილებლად იქნებიან ადამიანები, რომლებიც საქართველოში არეულობის მოწყობას შეძლებენ, რუსეთის სპეცსამსახურებისგან შესაბამისი დავალებების მიღების შემთხვევაში და ამით რუსეთს საქართველოსთან „ანგარიშსწორების საბაბიც“ მიეცემა - „თავისი მოქალაქეების დაცვა“ (რაც 2008 წელს - საქართველოში, ხოლო 2014 წელს უკრაინაში გააკეთა).

ზოგადად, ალექსანდრე კუხიანიძის შეფასებით, საქართველოსთვის რეალური საფრთხე ახლა გაცილებით იმაზე ნაკლებია, ვიდრე ამას სადავო კანონის დამტკიცება მოიტანდა:

„კანონის მიღების შემთხვევაში, ჩვენ მთლიანად გვექნებოდა თავი ჩაყოფილი რუსული ცხოვრების წესში და ყველაფერი დამთავრდებოდა... საქართველოს გზა დაეკეტებოდა ევროპისკენ და არჩევანი აღარ რჩებოდა. დასავლეთი იტყოდა, რომ საქართველოში ხალხი სუსტია და მიჰყვება ძალას, რომელსაც, თავის მხრივ, მიჰყავს საქართველო რუსეთში... ახლა კი, როცა ქართულმა საზოგადოებამ, ახალგაზრდების აქტიურობით, ყველას დაუმტკიცა, რომ არ უნდა რუსეთის გზით სიარული, გვაქვს მორალური უფლება, დასავლეთს მოვთხოვოთ უფრო ქმედითი დახმარება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად... ჩვენ სულ უნდა ვიყოთ მზად, რადგან რუსეთისგან ყველაფერი მოსალოდნელია“.

რუსულენოვანი მედიის ცნობით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 10 მარტს ჟურნალისტებს უთხრა, რომ გადაჭარბებულია ცნობები საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების მასობრივი გაქცევის შესახებ, თუმცა რუსეთის მოქალაქეებმა უნდა შეიგნონ, რომ - „უკეთესია ბედნიერება მოძებნო იმ მხარეს, სადაც არ არის ასეთი სახალხო მღელვარებები და სადაც არ წვავენ შენი სამშობლოს დროშებს“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG