Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსეთის ჩარევის თავიდან აცილება“ სომხეთის არჩევნებში - რა გეგმა აქვს ევროკავშირს

ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმირ პუტინთან (მარცხნივ) და ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებთან, ურზულა ფონ დერ ლაიენთან და ანტონიუ კოშტასთან ერთად
ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმირ პუტინთან (მარცხნივ) და ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებთან, ურზულა ფონ დერ ლაიენთან და ანტონიუ კოშტასთან ერთად

გასულ კვირაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს სომხეთში „სწრაფი რეაგირების ჰიბრიდული ჯგუფის“ გაგზავნას, რათა ქვეყანას დაეხმარონ „უცხოეთის საინფორმაციო მანიპულირებასთან და ჩარევასთან“ (FIMI) ბრძოლაში. 

„სწრაფი რეაგირების ჰიბრიდული ჯგუფის“ მიზნების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, ამბობს, რომ სომხეთი „ინტენსიური ჰიბრიდული აქტივობების წინაშე დგას“.

განსაკუთრებით სომხეთის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში - არჩევნებისა, რომელშიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტი“ დაუპირისპირდება მეტწილად პრორუსულად მიჩნეულ ძალებს.

„რისკები წინასაარჩევნოდ“

დოკუმენტის თანახმად, „არსებობს შეშფოთება [ევროკავშირის] მოწინააღმდეგეების მიერ [სომხეთის] დემოკრატიული ინსტიტუტების, პროცესებისა და საზოგადოებრივი ნდობის შელახვის მიზნით განხორციელებული ქმედებების გააქტიურების შესახებ“.

და, ამავე წყაროს ვარაუდით, ამ ტიპის საფრთხეები „არჩევნების წინა პერიოდში კიდევ უფრო გამწვავდება“.

დოკუმენტიც - და ევროკავშირის დახმარებაც - ეხება სომხეთთან დაკავშირებულ საინფორმაციო მანიპულაციებს, ისე ქვეყნის კიბერუსაფრთხოების გამოწვევებს.

  • ექსპერტების ჯგუფი მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში 10-15 სამუშაო დღით გაიგზავნება სომხეთში.
  • ისინი მთავრობას კონსულტაციებს გაუწევენ „კრიზისების მართვის გეგმებსა და სხვადასხვა საარჩევნო სცენარში დაზვერვის მონაცემების გაზიარება-გამოყენებასთან დაკავშირებით“.
  • ჯგუფს დააკომპლექტებენ ექსპერტები, - 9-დან 14-მდე ადამიანი. მათი რაოდენობა ჯერ საბოლოოდ განსაზღვრული არ არის.

დოკუმენტში ჩამოთვლილია ინიციატივის განხორციელების მოსალოდნელი შედეგები.

ერთ-ერთი ჩანაწერის თანახმად, პროექტის შემდეგ „სომხეთის პოლიტიკური ხელისუფლება უფრო მკაფიოდ გაიგებს თავის როლსა და პასუხისმგებლობებს რთული კრიზისების მართვისა და ჰიბრიდული საფრთხეების აღმოჩენისა და მათზე რეაგირების საკითხებში“.

თანამშრომლობის ფარგლებში გათვალისწინებულია დახმარება „უკანონო დაფინანსების მონიტორინგისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მიმართულებითაც“.

ასევე, FIMI-ის შესახებ „არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის დაწყება ... მედიაწიგნიერების და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობით“.

არჩევნები სომხეთში და მოლდოვის მაგალითი

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის 7 ივნისსაა დაგეგმილი.

არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე ერევანმა დახმარებისთვის თავად მიმართა ევროკავშირს, არჩევნებში უცხოური ჩარევისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში.

2025 წლის 2 დეკემბერს ბრიუსელმა გადაწყვიტა, ერევანს 12 მილიონი ევროს მხარდაჭერა გამოუყოს ამ მიზნით.

ევროკავშირმა ისე ჯგუფი, როგორც ერევანში გზავნის, გაგზავნა მოლდოვაში გასული, 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, - რომლის დროსაც პროევროპულმა ძალებმა პრეზიდენტ მაია სანდუს მეთაურობით ძალაუფლება შეინარჩუნეს.

ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომლებთანაც რადიო თავისუფლებას კონტაქტი ჰქონდა ამ საკითხზე, იმედი აქვთ, რომ სომხეთში ეს „წარმატების ისტორია“ განმეორდება.

  • მანამდე, დეკემბერში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა სომხეთის მიმართვა ღიად შეადარა მოლდოვის შემთხვევას.
  • 2025 წლის 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მოლდოვა საუბრობდა რუსეთის მასშტაბურ ჩარევაზე, რასაც ქვეყნის პრორუსულმა ოპოზიციამ უსაფუძვლო, ხოლო რუსეთმა „ანტირუსული ისტერია“ უწოდა.

„რუსეთთან დაკავშირებული“ დეზინფორმაცია

მიმდინარე კვირაში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ დეზინფორმაციის ნაწილი, რაც სომხეთში არჩევნების წინ შეიმჩნევა, ნაწილობრივ რუსეთთანაა დაკავშირებული.

„ხედავთ თუ არა, როგორ ამბობენ რუსეთის პარლამენტის წევრები ისეთ რაღაცებს, რაც სომხეთის სუვერენიტეტისა და მისი კანონიერად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული? ხედავთ თუ არა ისეთ რაღაცებს, რისი თქმის უფლებაც არ აქვთ, რადგან ეს შიდა პოლიტიკაში ჩარევაა? დიახ, ხედავთ“ - განაცხადა მან.

„ხედავთ, როგორ არიან სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირები ასეთ ქმედებებში ჩართულნი? დიახ, ხედავთ. ხედავთ, როგორ მოდის ასეთი რაღაცები საექსპერტო წრეებიდან? Google-ში ერთ წამში შეგიძლიათ ამ ყველაფრის ნახვა“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს 23 მარტს.

  • 2026 წლის 5 თებერვალს, მოსკოვში სომხეთის პარლამენტის სპიკერ ალენ სიმონიანთან შეხვედრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „უცნაური“ უწოდებს ცნობებს „სომხეთისკენ ჩრდილოეთიდან მომავალ საფრთხეების შესახებ“.
  • „შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ როდესაც საზღვარგარეთიდან ისმის სიგნალები, რომ ვიღაც - და აშკარად მიანიშნებენ რუსეთზე, - ემზადება [არჩევნებში] ჩარევისთვის, როდესაც ერევნიდან ისმის მოწოდებები ევროკავშირისადმი, არ დაუშვან ეს ჩარევა, ეს ყველაფერი ჩვენთვის, უცნაურია“, - განაცხადა მან.
  • „ჩვენ გვჯერა, რომ ერევანში პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსები ხვდებიან, რომ ასეთი ნაბიჯები აშკარა პროვოკაციული მიზნებით იდგმება“, - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამავე შეხვედრაზე ლავროვმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მოსკოვის უარყოფითი დამოკიდებულება სომხეთის გაცხადებულ სურვილზე, გახდეს ევროკავშირის წევრი.

სიმონიანს 2025 წლის მაისში ნათქვამი აქვს, რომ რუსეთი „ჰიბრიდულ ომს“ აწარმოებს სომხეთის წინააღმდეგ და ეს პროცესი 2026 წელს კიდევ უფრო გაძლიერდება. სიმონიანის თქმით, ხშირად ამისთვის „ეთნიკურად სომეხ კომენტატორებს იყენებენ“.

ბრიუსელის შემდგომი ნაბიჯები

ჯერ გაურკვეველია, აპრილში მისიის დასრულების შემდეგ, დაბრუნდება თუ არა ჰიბრიდული რეაგირების ჯგუფი სომხეთში არჩევნების თარიღთან უფრო ახლოს.

თუმცა, აპრილის დასაწყისში ერევანში მოგზაურობის შემდეგ, მომზადდება ანგარიში, რომელიც განსაზღვრავს ბრიუსელის შემდგომ ნაბიჯებს ერევანთან დაკავშირებით.

ეს შემდგომი ნაბიჯები შეიძლება მოიცავდეს ევროკავშირის სრულფასოვანი სამოქალაქო მისიის გაგზავნას სომხეთში, რომელიც ჩაანაცვლებს ევროკავშირის ამჟამინდელ მისიას, EUMA-ს.

  • ეს მისია 2023 წელს შეიქმნა აზერბაიჯანის მიმდებარე სომხეთის სასაზღვრო რაიონებში სტაბილურობის ხელშესაწყობად.
  • თუმცა, ახალი მისიის ინიციირებას დასჭირდება ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი მხარდაჭერა.

ჰიბრიდული რეაგირების ჯგუფის პარალელურად, ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, კერძოდ კი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ასევე გაუგზავნა უფრო ვრცელი დოკუმენტი სახელწოდებით „კრიზისული მიდგომის პოლიტიკური ჩარჩო სომხეთისთვის (PFCA)“.

  • 28-გვერდიანი დოკუმენტი, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო, მხარს უჭერს ევროკავშირის „ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის“ (CSDP) მისიის ახლებურად განსაზღვრავს.
  • დოკუმენტის ავტორები მიუთითებენ, რომ „ევროკავშირის სასიცოცხლო ინტერესებშია სომხეთთან მზარდი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და შიდა და რეგიონული სტაბილიზაციის ხელშეწყობა - სომხეთის გამოთავისუფლებით საგარეო, პოლარიზაციის გამომწვევი ჩარევისგან“.

კიდევ უფრო დეტალურად

დოკუმენტი ნათლად აცხადებს, რომ მოსკოვი ბრიუსელის მთავარი მოწინააღმდეგეა სომხეთში.

მასში აღნიშნულია, რომ „სომხეთის ევროკავშირისკენ თანდათანობითი რეორიენტაციის ფონზე, ამ ქვეყნის ღრმა ეკონომიკური დამოკიდებულებისა და რეგიონული უსაფრთხოების მყიფე გარემოს გამოყენებით, რუსეთმა გააძლიერა იძულების პოლიტიკა“.

დოკუმენტში ჩამოთვლილი „დესტაბილიზების გამომწვევი ტაქტიკები“ მოიცავს:

  • რუსეთის მხრიდან გაზის ფასის ზრდითა და ვაჭრობის გარკვეული სფეროების შეჩერების შესახებ მუქარას;
  • დეზინფორმაციულ კამპანიებს;
  • კიბერშეტევებს;
  • „ფსიქოლოგიურ ოპერაციებს“ (PSYOP).

ყველა ეს მეთოდი შეიძლება მიმართული იყოს „არჩევნების მთლიანობისა და რეგიონული სტაბილურობისადმი ნდობის შესასუსტებლად“.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია მოლოდინი, რომ „კრემლი სათავისოდ გამოიყენებს აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ირანთან არსებულ დაძაბულობას და ამ დაძაბულობასთან დაკავშირებულ შიშებს, რაც კიდევ უფრო ართულებს რეგიონულ სურათს და სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობას“.

ერევანი ბოლო წლებში ევროკავშირს დაუახლოვდა, მათ შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის იმედითა და პერსპექტივაში ბლოკში წევრობაზე განაცხადის შეტანის იდეით.

თუმცა ეს ახალი დოკუმენტი ნათლად ასახავს იმასაც, თუ ჯერ რამდენად მჭიდროდ არის ქვეყანა გადაჯაჭვული მოსკოვთან.

„მჭიდრო კავშირები“ ახალი შესაძლებლობის ფონზე

ასე, მაგალითად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „სომხეთი კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთზე უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში“.

გასათვალისწინებელ გეოპოლიტიკურ ფაქტორებს შორის ჩამოთვლილია:

  • სომხეთის ქალაქ გიუმრიში მდებარე რუსული სამხედრო ბაზა;
  • რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მესაზღვრეები, რომლებიც პატრულირებენ სომხეთის საზღვრებზე ირანთან და თურქეთთან;
  • ასევე, FSB-ს მიერ სომხეთის სასაზღვრო მომსახურების უზრუნველყოფა.

„ეკონომიკური თვალსაზრისით, არსებობს მკაფიო ინდიკატორები იმისა, რომ მოსკოვის გავლენა სომხეთში კვლავ მნიშვნელოვანი რჩება“, - წერია დოკუმენტში.

დეტალები ასეთია:

  • უპირველეს ყოვლისა, სომხეთი რუსეთის ლიდერობით მოქმედი „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ წევრია, რაც მოსკოვს ქვეყნის მთავარ ენერგომიმწოდებლად და უდიდეს სავაჭრო პარტნიორად აქცევს;
  • დიდი სომხეთის მოქალაქეების შრომითი მიგრაცია რუსეთის ფედერაციაში;
  • დამატებით, რუსული ფირმები აკონტროლებენ სომხეთის გაზის, რკინიგზისა და ტელეკომუნიკაციების ძირითად ინფრასტრუქტურას.

ყველაფერთან ერთად, დოკუმენტი გასაოცარი გულწრფელობით აღწერს იმას, თუ რას დაკარგავს ევროკავშირი, თუ არ გააძლიერებს სომხეთთან ურთიერთობას.

ავტორები აფრთხილებენ ბრიუსელს, რომ თუ იგი პოლიტიკური მხარდაჭერის განცხადებებს კონკრეტულ ქმედებებს არ მოაყოლებს, ევროკავშირის გავლენა შემცირდება.

მთავარი შიში ასეთია: თუ ბრიუსელი ნაბიჯებს არ გადადგამს, რუსეთი ჩაერევა.

დოკუმენტის დასკვნის თანახმად, „იმ დროს, როდესაც რუსეთის ფედერაცია რეგიონულ დონეზე დასუსტებულია, ევროკავშირმა ხელიდან არ უნდა გაუშვას ისტორიული შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს რეგიონულ აქტორებს, თავი დააღწიონ მოსკოვის მკლავებს“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG