Accessibility links

რუსთავის ახალ საპყრობილეში მე-17 პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს მოათავსებენ


რუსთავის ახალ საპყრობილეში, რომელიც ჭყონდიდელის დასახლებაში შენდება, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აშენებული მე-17 პენიტენციარული დაწესებულების, ე.წ. პირველ და მეორე კოლონიების პატიმრებს გადაიყვანენ.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა 18 აპრილს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პირველ და მეორე ზონებად ცნობილი პენიტენციარული დაწესებულება დაიხურება.


რუსთავის ახალგაზრდობაზე მავნე გავლენას თუ რამე ახდენს, ეს არის მოძველებული, ღია ტიპის ე.წ. ზონები. სწორედ ამგვარი დაწესებულებებიდან ხდება ე.წ. ქურდული მენტალიტეტის გავრცელება - ისინი დასახურია.” - თქვა შოთა რეხვიაშვილმა. მან დაადასტურა, რომ ის და ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა შეხვდნენ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს და საპატიმროს მშენებლობის „ყველა დეტალი” განიხილეს.

ადგილობრივ მოსახლეობასაც ვესაუბრე. რუსთავის სკაუტების მოძრაობის ხელმძღვანელებს და ახალგაზრდებსაც, რომლებიც აქციაში მონაწილეობენ და ღამეს ათევენ მშენებარე ობიექტთან. მათთან აბსოლუტურად ჯანსაღი კომუნიკაცია გვაქვს”, - თქვა ქვემო ქართლის გუბერნატორმა. მან განუმარტა საპატიმროს მშენებლობის მოწინააღმდეგეებს, რომ ახალი პენიტენციური დაწესებულება იქნება თანამედროვე, დახურული ტიპის უახლოესი ტექნოლოგიით აღჭურვილი საპატიმრო, რომელიც არავის არაფერში ხელს არ შეუშლის.”

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, სადაც საბჭოთა პერიოდში სამხედრო ნაწილი იყო დისლოცირებული, პენიტენციარული დაწესებულების მშენებლობა მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო. საპატიმრო რომ შენდებოდა, მოსახლეობამ მოგვიანებით გაიგო. მშენებლობის პროცესში საბჭოთა ჯარის მიერ დატოვებული ორი ნაღმი გააუვნებელყვეს.

მშენებლობის წინააღმდეგ მოეწყო რამდენიმე საპროტესტო აქცია. 15 აპრილს, ღამით ახალგაზრდებმა მშენებარე ციხესთან კარვები გაშალეს. მეორე დღეს კი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ადგილზე ავიდნენ და ჭყონდიდელის დასახლების მოსახლეობას შეხვდნენ.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე დაპირდა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას საპატიმროს არ ააშენებინებს, და თუ მაინც ააშენებენ, ახალი ხელისუფლება მას ტექნოლოგიურ ცენტრად გადააკეთებს.

ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა ვაშაძის განცხადების კომენტირებისას, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „გულდათუთქულებს” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 9 წლის განმავლობაში, ჭყონდიდელის დასახლებაში არაფერი გაუკეთებიათ და „მათი ჭირისუფლობის არავის არ სჯერა.”

სამოქალაქო აქტივისტებმა დააანონსეს კიდევ ერთი საპროტესტო აქცია, რომელიც 19 აპრილს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG