რადიო თავისუფლება ესაუბრა ერთ-ერთ ასეთ ახალწვეულს, მოსკოვის მკვიდრ გეორგი კოჩკინს, რომელიც გამოეხმაურა „კორპუსის“ ონლაინ განცხადებას, ხელი მოაწერა კონტრაქტს, შემდეგ გაგზავნეს ნიჟნი-ნოვგოროდის რეგიონში, მულინოში, საწვრთნელ ბანაკში, სადაც შეიტყო, რომ „კუპიანსკში ნაღმებისგან გასაწმენდად“ აგზავნიდნენ და ფილიპინებში გაიქცა.
დეზერტირის მონათხრობი "გრუ-ს" საქმიანობაზე უკეთ შეხედვის საშუალებას გვაძლევს. ეს უწყება პასუხისმგებელია „აფრიკის კორპუსის“ სამხედრო საქმიანობაზე: შტაბი, საიდანაც „კორპუსის“ ოპერატიული კონტროლი ხდებოდა, მდებარეობდა მოსკოვის ნაგატინო-სადოვნიკის რაიონში, საიდუმლო სამხედრო ინსტიტუტის ტერიტორიაზე, სადაც, იმავე მთავარი სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობით, „ნოვიჩოკის“ შხამი და კოსმოსური მკვლელი თანამგზავრების მოდერნიზებული ვერსია შეიქმნა.
„ზეწოლა მაშინვე დაიწყეს“
„21 წლის ვარ, დავიბადე მოსკოვში, უბრალო ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ, 2020 წელს, ომის დაწყებამდე ორი წლით ადრე, ჩავაბარე კოლეჯში, მოსკოვის ელექტრომექანიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიის სახელმწიფო კოლეჯში. მინდოდა, კოლეჯი წარჩინების დიპლომით დამემთავრებინა, მაგრამ ამისთვის „ახალგაზრდულ არმიაში“ გაწევრიანებას ითხოვდნენ. ეს „სავალდებულო“ იყო. განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებდით, უბრალოდ დავდიოდით მოსკოვში კონცერტებზე და ქალაქში ვსეირნობდით. კარგი ნიშნების მისაღებად, უსაფრთხოების მასწავლებელმა, რომელიც თავად ყოფილი ჯარისკაცია, შემომთავაზა დონეცკში მოხალისედ წავსულიყავი და ადგილობრივებისთვის სურსათის და სხვა ყუთები გვეტარებინა. წავედი, ერთი დღე გავატარე იქ, გავიგე, რომ რამდენიმე მოხალისე დაიჭრა და მოსკოვში დავბრუნდი - მამაჩემს ქრთამის მიცემა დასჭირდა, რადგან საომარი მდგომარეობის გამო წასვლა იოლი არ იყო. მამაჩემს მოუწია დრონი ეყიდა ვიღაცისთვის.
თუმცა წარჩინების დიპლომი არ მომცეს, ზოგიერთი გამოცდა ვერ ჩავაბარე ხელმეორედ, რადგან ლექტორები უკვე დათხოვნილი იყვნენ.
ინსტიტუტში მოხვედრის ვარიანტი აღარ მქონდა. ჯარიღა მრჩებოდა. მშობლები დამეხმარნენ ეროვნული გვარდიის სამეცნიერო ასეულში მოხვედრაში. პირველი ხუთი თვე ვმსახურობდი ბალაშიხაში, საინჟინრო და ტექნიკური მომსახურების ცენტრში, შემდეგ ადლერში, 3662-ე სამხედრო ნაწილში გადაგვიყვანეს. ძირითადად კომპიუტერთან ვისხედით. დიდი საბრძოლო მომზადებაც კი არ გაგვივლია.
"სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან" კონტრაქტის გაფორმების მოთხოვნა არ ყოფილა. თავად ასეულში მხოლოდ სერჟანტის კონტრაქტს მთავაზობდნენ. ყოველ შემთხვევაში, ჩემი თანდასწრებით კონტრაქტზე ხელი არავის მოუწერია. ყველაფერი მეტ-ნაკლებად მშვიდად იყო, განსაკუთრებით ეროვნული გვარდიის ბალაშიხის დივიზიასთან შედარებით, საიდანაც, როგორც გავიგე, კურსკში აგზავნიდნენ წვევამდელებს.
სამხედრო სამსახურის შემდეგ მოსკოვში, ქარხანაში დავიწყე მუშაობა, სადაც თვითმომსახურების სალაროებს ამზადებდნენ. ხელფასი დაბალი იყო, მანქანა ვიყიდე, ვიფიქრე, რომ მოვერეოდი, სესხები ავიღე, - ამიტომ შემარქვეს მეტსახელად "კრედიტორი", - მაგრამ ხელფასი საკმარისი არ იყო. უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოს ძებნა დავიწყე. ერთი განცხადება ვნახე - "აფრიკის კორპუსისა" - ეძებდნენ ადამიანებს წმინდა სამოქალაქო სამუშაოებისთვის, IT-სპეციალისტებს და ჩემი სპეციალობაც სიაში იყო. დავრეკე, შემდეგ Telegram-ზე დავუკავშირდი რეკრუტერს, რომელმაც საბუთების მიტანა მომთხოვა. მათ დამითქვეს ვადა, რომ მივსულიყავი და განაცხადი შემევსო. ჯერ მხოლოდ ოფისში მივედი და იქიდან საგანგებო მენეჯერმა ტაქსით წამიყვანა (რომლის საფასურიც მათ გადაიხადეს) იაბლოჩკოვის ქუჩაზე. „აფრიკის კორპუსს“ იქ ცალკე ოთახი აქვს, სადაც გასაუბრება ტარდება.
იმ კაცმა, რომელმაც მიმიყვანა, ოთახში მყოფს უთხრა, „ხორცი მოგიტანეო“ და მაშინვე დაიწყეს ჩემზე ზეწოლა. თავიდან დრონების ოპერატორად უნდოდათ ჩემი აყვანა, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ჩემი სპეციალობით, ინფორმაციული უსაფრთხოების პოზიციას დამპირდნენ. დამსაქმებელმა მიპასუხა: „კარგი, ამაზე ვიფიქრებთ და ამასობაში, შენ სამედიცინო შემოწმებას გაივლი“. ერთი საათის შემდეგ მასთან დავბრუნდი და მითხრა: „ყველაფერი კარგადაა, შენთვის ადგილი ვიპოვეთ, მოაწერე ხელიო“. ორი დღის შემდეგ კონტრაქტზე ხელის მოსაწერად დავბრუნდი, მაგრამ მასში არაფერი იყო ნათქვამი IT-ზე ან აფრიკაზე. შემდეგ უკვე გავიგე, რომ არტილერისტებს, დრონების ოპერატორებსა და გამნაღმველებს მხოლოდ უკრაინაში უშვებდნენ.
კონტრაქტის ხელმოწერისთვის 2 მილიონი მივიღე. თავდაცვის სამინისტროში ხელმოწერის ბონუსი 400 ათასს უდრიდა და მას ნახევარ-ნახევარს იძლეოდნენ. ახლა ხელფასებს ყველგან ამცირებენ. ჩემი მეგობრები ყაზანში მწერდნენ, რომ „აფრიკის კორპუსს“ ხელმოწერისთვის ბონუსი არ შეუმცირებია და საბოლოოდ 3 მილიონი მიიღეს. ახლახან მივიღე ბოლო ბონუსი მოსკოვიდან - 50 ათასი - ბარათზე, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია გაქცეული ვარ. ვეცდები, როგორმე აქ გადმოვიტანო, რომ ამით ვიცხოვრო.
შემდგომი ხელფასი ქვეყანაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ეკვატორულ გვინეაში ის თვეში 300 ათას რუბლს უდრის და მას ემატება მოსკოვის ბონუსები. ყველაზე დაბალი ხელფასი მალიშია, 200 ათას რუბლზე ოდნავ მეტი, გააჩნია თანამდებობას. იხდიან დოლარში, ნაწილს საბანკო გადარიცხვით, ნაწილს ნაღდი ფულით და ყველა ქვეყანაში ქვითავენ საკვების ფულს.
არავის უხსენებია გამგზავრების თარიღები ან შესაძლო დანიშნულების ადგილები.
უკვე მერე, როცა გავიქეცი, ვიცოდი, რომ ტოგოში, მათ ახალი დანიშნულების ადგილას, მალიში, ბურკინა-ფასოში, ეკვატორულ გვინეაში, სირიასა და ლიბიაში არსებულ ბაზებზე აგზავნიდნენ.
კონტრაქტს 2025 წლის 13 ოქტომბერს მოვაწერე ხელი. „თავიდან გვითხრეს, რომ მოლკინოში, „ვაგნერის“ ყოფილ ბაზაზე წაგვიყვანდნენ, მაგრამ საბოლოოდ ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში, მულინოში, 74754-ე სამხედრო ნაწილში აღმოვჩნდი. იქ 15 ოქტომბრის საღამოს ჩავედით“, - ამბობს გეორგი კოჩკინი.
მულინო და 74754-ე სამხედრო ნაწილი
74754-ე სამხედრო ნაწილი ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში 2021 წლის თებერვალში შეიქმნა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ. ინტერნეტში რამდენიმე წყარო ვარაუდობს, რომ ის სოფელ მულინოშია განლაგებული და „აფრიკის კორპუსისთვის“ აგროვებს ხალხს. დანაყოფს, გეორგი კოჩკინის თქმით, ამას ახალწვეულებს ღიად ეუბნებიან, ხელმძღვანელობს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო, უფრო ცნობილი, როგორც "გრუ" და ის განლაგებულია თავდაცვის სამინისტროს 333-ე სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე. ამ ცენტრის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამშენებლო ფედერალური სააგენტოსა და გერმანული კონცერნის, Rheinmetall-ის ერთობლივი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც რუსეთის თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა გააფორმა. პროექტის მიზანი იყო რუსეთში სასწავლო ცენტრების ქსელის შექმნა გერმანიის Altmark-ის სასწავლო პოლიგონის მოდელით. ეს ცენტრები მიზნად ისახავდა რუსეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას და თანამედროვე სამხედრო ოპერაციებისთვის მათ მომზადებას.
2014 წელს, ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გერმანიამ პროექტი დატოვა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დამოუკიდებლად დაასრულა სასწავლო ცენტრის მშენებლობა მულინოში. სოფელში რამდენიმე სამხედრო დანაყოფია განლაგებული, მათ შორის 26-ე სატანკო პოლკი, რომელსაც ოფიციალურად ეკუთვნის „აფრიკის კორპუსი", არმიის მე-3 კორპუსის 54-ე მოტორიზებული მსროლელთა პოლკი - რუსეთის სახმელეთო ჯარების ოპერატიულ-ტაქტიკური ფორმირება, რომელიც შეიქმნა 2022 წელს რეგიონული მოხალისეთა ბატალიონებისგან, მე-6 სატანკო ბრიგადა და სხვა. 2022 წელს მულინო გამოიყენებოდა, როგორც რუსეთის არმიის ერთ-ერთი მთავარი ბაზა მობილიზებული ჯარისკაცების შესაგროვებლად და ფრონტზე გაგზავნისთვის მოსამზადებლად.
2024 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია ოფიცრების მიერ მულინოში ჯარისკაცების შეურაცხყოფის შესახებ: მათ, ვინც ჭრილობები მოიშუშეს ან უარს ამბობდნენ უკრაინაში წასვლაზე, სცემდნენ და ხელბორკილებით აბამდნენ საწოლებზე დანაყოფის ტერიტორიაზე მდებარე შენობაში და რამდენიმე დღის განმავლობაში ტოვებდნენ იქ. გეორგი კოჩკინი ადასტურებს ამ ისტორიებს. მან რუკაზე მიუთითა შენობა, რომელიც დროებითი „ციხისთვის“ გამოიყენებოდა, მიუთითა მულინოში „აფრიკის კორპუსთან“ დაკავშირებულ სხვა ადგილებზეც. ჩვენ ისინი რუკაზე დავიტანეთ ღია წყაროებიდან და დავურთეთ სამხედრო პერსონალის მიერ „ვკონტაკტეში“ გამოქვეყნებული ფოტოები.
„აფრიკის კორპუსმა“ აფრიკაში „ვაგნერის“ კერძო სამხედრო გაერთიანების დაქირავებული მებრძოლები ჩაანაცვლა ევგენი პრიგოჟინის ამბოხისა და ტვერის რეგიონში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად მისი გარდაცვალების შემდეგ. ახლა რუსეთის ფარგლებს გარეთ მხოლოდ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მათი მოქმედების ერთ-ერთ პირველ არეალში არის განთავსებული „ვაგნერის“ რუსული კონტინგენტი. ის ძირითადად იმავე ადამიანებისგან შედგება, რომლებიც ადრე პრიგოჟინს ექვემდებარებოდნენ.
სხვა ქვეყნებში - და მათი რიცხვი მას შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა - „ვაგნერის“ ხალხი ჩაანაცვლა თავდაცვის სამინისტროს პერსონალმა, რომელმაც „აფრიკის კორპუსთან“ კონტრაქტები გააფორმა.
"გრუ-ს" „აფრიკის მიმართულებას“ ხელმძღვანელობს უწყების უფროსის მოადგილე ანდრეი ავერიანოვი, რომელიც ადრე 29155-ე სამხედრო დანაყოფის მეთაურად იყო ცნობილი და ევროპაში დივერსიულ საქმიანობაზე იყო პასუხისმგებელი - მაგალითად, დიდ ბრიტანეთში სერგეი სკრიპალის მოწამვლაზე და ჩეხეთის რესპუბლიკაში, ვრბეტიცეში, სამხედრო საწყობების აფეთქებაზე. 2023 წელს ცნობილი გახდა, რომ ავერიანოვის დანაყოფი, რომელიც დაწინაურდა, გარდაიქმნა „სპეციალური დავალებების დეპარტამენტად.“ მისი მიზანიც რუსეთის მიმართ არამეგობრულ ქვეყნებში დივერსია დარჩა. მას მიმართავენ რუსეთის მიერ დასავლეთის წინააღმდეგ წარმოებული „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომის პარალელურად მიმდინარეობს.
„ვაგნერელების“ სამუშაოს ადმინისტრაციული და პოლიტიკური ასპექტები ევგენი პრიგოჟინის სიკვდილის შემდეგ, როგორც რადიო თავისუფლების და სხვა მედიასაშუალებების მიერ ჩატარებულმა გამოძიებებმა აჩვენა, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა ჩაიბარა.
„ცოტა ვინმე თუ გაუშვეს აფრიკაში, მეტი - უკრაინაში"
მულინოს საწვრთნელ პოლიგონზე, სადაც გეორგი კოჩკინი წაიყვანეს, სწრაფად გაქარწყლდა მისი ოცნება აფრიკაში „IT სპეციალისტის“ მაღალანაზღაურებად სამსახურზე (როგორც შერჩევის პუნქტში უთხრეს, „კონდიციონერის ქვეშ იჯდები“).
„ჩვენ განგვათავსეს ავტონომიურ კარვების ბანაკში. თითო კარავი 20-25 ადამიანს იტევდა. იქ „აფრიკის კორპუსის“ ოთხიდან ორი ბრიგადა იყო განლაგებული. მესამე ბრიგადა ნარო-ფომინსკში განათავსეს, ხოლო მეოთხე - მოლკინოში, კრასნოდარის მხარეში.
თავიდან პრაქტიკულად არაფერს ვაკეთებდით, მხოლოდ მწყობრში გვაყენებდნენ, დავდიოდით სასადილოში და ვალაგებდით. ყველას არ მისცეს ფორმა; ბევრს, მათ შორის მეც, სამი კვირის განმავლობაში სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა. როდესაც მივიღეთ, ისინი საერთოდ არ შეეფერებოდა აფრიკას - თბილი ქურთუკი, შარვალი და საძილე ტომარა. ერთ დღესაც, შეკრებაზე უბრალოდ მითხრეს, ვინ რა მოვალეობას შეასრულებდა. მე გამნაღმველებთან განმაწესეს.
ვცდილობდი პროტესტი გამომეხატა, მაგრამ არავის აინტერესებდა. იქ ჩემი სპეციალობით მხოლოდ „კომუნიკაციების დაცვის“ სამსახურში ყოფნა შეიძლებოდა, მაგრამ იქ მოსახვედრად უმაღლესი განათლება იყო საჭირო, მე კი არ მქონდა.
იქ არ იყვნენ არანაირი „IT-ის სპეციალისტები“, როგორც სამხედრო გაწვევის ოფისში დამპირდნენ. მე მხოლოდ ერთი ადამიანი ვიცი, რომელმაც ამ სპეციალობით ხარისხი მიიღო და დრონების ოპერატორი გახდა, და კიდევ ერთი, რომელმაც როგორღაც ბრიგადის შტაბ-ბინაში მდივნად იშოვა სამსახური.
ხალხი სულ სხვადასხვანაირი იყო, ისეთებიც იყვნენ, რომლებსაც უკვე ჰქონდათ მიღებული მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში, მათ შორის ზოგიერთი „ვაგნერიდან“ იყო.
დაახლოებით ნახევარი იყო ჩემნაირი, ვისაც არასდროს უბრძოლია. სამხედრო მომზადებისას იარაღიც კი არ გაგვისროლია, გვითხრეს, ბრიგადაში „იარაღის რევიზია“ მიმდინარეობსო. ერთი თუ ორი გაკვეთილი იყო მედიცინაში, იმაზე, როგორ უნდა გვემოქმედა სისხლის დენის დროს. ერთი-ორი გაკვეთილი იყო ტაქტიკაზე და განაღმვის სამუშაოებზე. ასევე მოვიდნენ და „აფრიკის ქვეყნებზე“ გვიამბეს, იქ არსებულ ვითარებაზე, ვინ ცხოვრობს, როგორია სამხედრო ვითარება. მალიში, მათ მონათხრობს თუ დავუჯერებთ, „ტერორისტებისგან გაწმენდის“ და „ობიექტების დაცვის“ საქმე იყო გასაკეთებელი, ტოგოში - თვითმფრინავების, პორტების და კიდევ ბაზების აშენების.
მე მანქანა მყავდა, ამიტომ ჩემი მეთაური მუდმივად მთხოვდა ქალაქში წასვლას - ეს გააკეთე, ის იყიდე. ასე რომ, იმ გაკვეთილებს იშვიათად ვესწრებოდი, თან გაკვეთილები ისედაც ცოტა იყო. მე მგონი, მთელი იმ ხნის განმავლობაში, კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ, იარაღიდან ერთხელაც არ გამისროლია. საერთოდ, ბაზიდან თავისუფლად შეიძლებოდა ქალაქში წასვლა, იქ ვჭამდით, იმიტომ რომ სასადილოში საჭმელი სრულიად უვარგისი იყო. „მშვიდი სამსახურისთვის“ „კორპუსშიც“ და ასეულშიც საკმაოდ დიდ ფულს ითხოვდნენ. მე ჯერ კიდევ წვრთნების დროს, ჩემს მეთაურს 315 ათასი რუბლი მივეცი, და მერე, უკვე ასეულში, საინჟინრო სამსახურის უფროსს კიდევ 100 ათასი გადავურიცხე.
თითქმის ყველა იხდიდა, სხვადასხვანაირად, 20 ათასიდან და ზემოთ. ერთმა უარი თქვა ფულის მიცემაზე და მთელი ფული მეძავებსა და ალკოჰოლში დახარჯა. ჰოდა, სცემეს და ფრონტზე გაუშვეს - ყველას ამით ემუქრებიან.
მე რადგან მანქანით ვეხმარებოდი და ფულს ვიხდიდი, კარგი რეპუტაცია მქონდა, ამიტომ ამ მხრივ სრულიად მშვიდად ვგრძნობდი თავს. ყველა დოკუმენტი ხელთ მქონდა: პასპორტი, საერთაშორისო პასპორტი. იყო "ეფესბეს" მიერ შემოწმებები, მოდიოდნენ ტელეფონების შესამოწმებლად, რომ ენახათ, როგორი განწყობები იყო. ამასთან, ბანაკში ტელეფონებით სარგებლობა თავისუფლად შეიძლებოდა, მე საკუთარი კომპიუტერიც კი მქონდა. მთავარია, არ გადაგეღო ტერიტორია, ტექნიკა და ა.შ. ისე, თვითონ მეთაურებიც კი გვირჩევდნენ, ორი ტელეფონი იქონიეთ, რომ ვერაფერი იპოვონ, რამე რომ იყოსო“, - გვიამბობს დეზერტირი.
„ნოვიჩოკი“, მკვლელი თანამგზავრები და „აფრიკის კორპუსი“ ერთსა და იმავე ტერიტორიაზე
კოჩკინის მოგზაურობებმა, რომელთა დროსაც მას მეთაურები დაჰყავდა თავისი მანქანით, რადიო თავისუფლებას საშუალება მისცა, დაედგინა „აფრიკის კორპუსის“ ფაქტობრივი შტაბ-ბინის ადგილმდებარეობა. „აფრიკის კორპუსს“ სამხედროები ერთმანეთში „მთავარ ცენტრს“ უწოდებენ. დეზერტირის თქმით, „იქ ვიღაც გენერლები სხედან და წყვეტენ, ვინ გაგზავნონ აფრიკაში“, გადაანაწილებენ ადამიანებს სხვადასხვა რეისზე და აწყობენ ფრენებს მოსკოვიდან. როგორც ირკვევა, ეს „ცენტრი“ მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი სამხედრო-ტექნოლოგიური კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს, იქ ქმნიან შხამებს, მკვლელ თანამგზავრებს და კომპიუტერულ ვირუსებს: ეს არის ქიმიისა და მექანიკის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ЦНИИХМ).
„მთავარ ცენტრში“ კოჩკინის მოგზაურობა დეკემბერში შედგა, 2025 წელს. ჩვენს რესპონდენტს არ ახსოვდა „ცენტრის“ ზუსტი ადგილმდებარეობა, მაგრამ ახსოვდა ანდროპოვის გამზირი, მდინარე მოსკვა და „ლუკოილის“ ბენზინგასამართი სადგური. ამ მინიშნებების გამოყენებით, ჩვენ ვიპოვეთ ადგილი, სადაც მან გადმოსვა თავისი მგზავრი, რომელიც „სადღაც დოკუმენტებით წავიდა“.
საკონტროლო პუნქტი, სადაც კოჩკინმა თავისი უფროსი მიიყვანა, ისტორიულად ეკუთვნოდა 78055-ე სამხედრო ნაწილს, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ქიმიური იარაღის უსაფრთხო შენახვისა და განადგურების ფედერალური სამმართველო (ФУ БХУХО). 2000 წელს დაარსებულ სამმართველოს ევალებოდა საბჭოთა ქიმიური იარაღის მარაგების განადგურება და საერთაშორისო დახმარებით რამდენიმე საცდელი ადგილისა და სპეციალიზებული ობიექტის მშენებლობა.
2017 წელს რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა ქიმიური იარაღის სრული განადგურების შესახებ. თუმცა, რუსული რეესტრების თანახმად, БХУХО აგრძელებს ფუნქციონირებას და რეგისტრირებულია იმავე მისამართზე, მაგრამ ყველა მომსახურება, რომელსაც ბოლო წლებში უწევდა სახელმწიფოს, დაკავშირებულია БХУХО-ს ფილიალებთან - იმავე საცდელ ადგილებზე რუსეთის რეგიონებში, სადაც საბჭოთა მარაგები განადგურდა. დეპარტამენტის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სტატიაში არაფერია ნათქვამი მის შემდგომ საქმიანობაზე.
სინამდვილეში, ქიმიური იარაღის უსაფრთხო შენახვისა და განადგურების ფედერალური სამმართველო მდებარეობს ქიმიისა და მექანიკის ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის კამპუსში. თანამგზავრული სურათებით თუ ვიმსჯელებთ, მათ შორის ღობეც კი არ არის. როგორც რადიო თავისუფლებამ და The Insider-მა 2020 წელს აღმოაჩინეს, იმავე კამპუსში მდებარე Signal-ის კვლევითი ცენტრი „ნოვიჩოკის“ ტიპის საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერების გაუმჯობესებულ ვერსიაზე მუშაობდა.
„ნოვიჩოკი” გამოიყენეს ალექსეი ნავალნისა და სკრიპალების ოჯახის მკვლელობის მცდელობისას. ცოტა ხნის წინ, გამოცემა „სააგენტოს“ ცნობით, იმავე სამეცნიერო ცენტრის, „სიგნალის“ თანამშრომლები ეპიბატიდინის გამოყოფაზე მუშაობდნენ, შხამზე, რომლითაც ციხეში ალექსეი ნავალნი მოწამლეს. გაუმჯობესებულ „ნოვიჩოკზე“ მომუშავე ქიმიკოსები ხშირად ურეკავდნენ ანდრეი ავერიანოვს, გრუ-ს 29155-ე „დივერსიული“ რაზმის მეთაურს, ამჟამად „აფრიკის კორპუსის“ კურატორს, რომელიც დააწინაურეს სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილედ.
ქიმიური მედიცინის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობა ქიმიის ფარგლებს სცილდება - ინსტიტუტი დაკავშირებულია სამხედრო თანამგზავრებისა და ჰაკერული პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებასთან.
2020 წლის გაზაფხულზე, ქიმიური მექანიკის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დაიწყო ახალი შენობის აგება, რომელიც БХУХО-ს შენობის გვერდითაა. თანამგზავრული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, მშენებლობა 2025 წლის ბოლოსთვის სრულად ან თითქმის დასრულდა.
„ბანაკში ძალიან ბევრნი ვიყავით, - განაგრძობს კოჩკინი თავის ამბავს, - მაგრამ აფრიკაში ცოტა წავიდა, უმეტესობა უკრაინაში გაუშვეს. ამასთან, ჩემი ბევრი ამხანაგი, რომლებმაც კონტრაქტს ჩემთან ერთად მოაწერეს ხელი, ჯერ კიდევ ბაზაზე იმყოფება“.
შეუძლებელი იყო წინასწარ გაგეთვალა, სად მოხვდებოდი. ამას მხოლოდ მწყობრში დგომის დროს გაიგებდი, როცა დილის 8:30-ზე გაგვამწკრივებდნენ ხოლმე.
მერე გვარებს ამოიკითხავენ და გეუბნებიან: „მოემზადეთ, თვითმფრინავი ამდენ დღეში გაფრინდება, გვაძლევენ იარაღს, ვამზადებთ ბარგს“.
მართალია, ხანდახან ამბობდნენ: „თვითმფრინავი სამ დღეში გაფრინდებაო“, სინამდვილეში, ერთ თვეში მიფრინავდა. თუ არ გეტყოდნენ სად მიფრინავდი, ესე იგი უკრაინაში გიშვებდნენ, როგორც ეს მოგვიანებით შევიტყვეთ მათგან, ვინც გაამგზავრეს. თუ ამბობდნენ „აფრიკაშიო“, ესე იგი აფრიკაში მიფრინავდა.
თუ აფრიკაში გაგზავნიან, გამგზავრებამდე ახალ პასპორტებს გიკეთებენ. შენ თვითონ იგონებ რაღაც სამოტივაციო ისტორიას და ახალ სახელს, მთავარია, სასამართლოს რეესტრში, მონაცემთა ბაზაში შეამოწმო, რომ იმავე სახელის, გვარისა და მამის სახლის მქონე ადამიანს ქვეყნიდან გასვლა არ ჰქონდეს აკრძალული. ამის შემდეგ საზღვარგარეთის ახალ პასპორტს გიკეთებენ და შენი დაბადების თარიღს რამდენიმე დღით ან წინ გადაწევენ, ან უკან. მიდიხარ ბრიგადაში, აბარებ დოკუმენტებს და მერე, აფრიკაში გამგზავრებამდე, გაძლევენ პასპორტს.
შემდეგ ჩემი მეთაური აფრიკაში გაემგზავრა და ახლისგან კი გავიგე, რომ უკრაინაში გამნაღმველად მაგზავნიდნენ. ვიცნობ, სულ მცირე, სამ ადამიანს, რომლებიც, როდესაც გაიგეს, რომ უკრაინაში იგზავნებოდნენ, უარი თქვეს სამხედრო სამსახურზე. მითხრეს, რომ „კუპიანსკში ნაღმების გასაწმენდად“ მიშვებდნენ - „უკვე დაკავებული ქალაქების ნაღმებისგან გაწმენდა“.
„უკრაინა საერთოდ არ შედიოდა ჩემს გეგმებში“
გეორგი კოჩკინი ამბობს, რომ „აფრიკის კორპუსიდან“ გაქცევის მხოლოდ მეორე მცდელობა იყო წარმატებული - პირველი შემთხვევითი საგზაო ინციდენტის გამო ჩაეშალა.
„პარასკევს, 23 იანვარს, მითხრეს, რომ ორ ან სამ დღეში გამაგზავნიდნენ და ახლა ჯერ შინ წადიო. ძალიან შევწუხდი, რადგან უკრაინა საერთოდ არ შედიოდა ჩემს გეგმებში. მენდობოდნენ, შაბათ-კვირას შინ როცა მიშვებდნენ, ყოველთვის დროულად ვბრუნდებოდი ხოლმე, ამიტომ არავის უფიქრია, რომ გავიქცეოდი. თან მქონდა პასპორტიც და სამხედრო პირადობის მოწმობაც - თავიდან წაიღეს, რომ ასლი გაეკეთებინათ, მაგრამ შემდეგ დააბრუნეს. გავიგე, რომ ჩემი გაქცევის შემდეგაც კი, შაბათ-კვირას ხალხს უპრობლემოდ უშვებდნენ სახლში. არც კი მესმის, როგორ ხდება ეს. თუ არ აგვიანებთ და ბევრს არ სვამთ, გაგიშვებენ. ვიცნობ სამ ადამიანს, რომლებიც გაიქცნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, მალევე დაიჭირეს, რადგან რუსეთში იმალებოდნენ.
გაქცევას უფრო ადრეც ვგეგმავდი; უბრალოდ, მომბეზრდა ეს ყველაფერი, ჭორები იმის შესახებ, ვის სად უშვებდნენ, რომ უკრაინაში გაგზავნიდნენ. ახალი წლის ღამესაც კი ვცადე ამის განხორციელება; ფულიც კი გადავცვალე და ბელარუსისკენ გავემართე. რაღაც მომენტში, კალუგის ოლქის ბოლოს, მანქანა დამეწია უკნიდან, შემდეგ გზა გადამიჭრა იმის გამო, რომ არ დავუთმე. ბენზინგასამართ სადგურზე შევუხვიე და მანქანამაც იგივე გააკეთა. ვიღაც გადმოვიდა, უშიშროების სამსახურის თანამშრომლის ბარათის ქნევა დაიწყო და ჩემი განყოფილებაში წაყვანა მოინდომა. ეს მხოლოდ გზისპირა ინციდენტი იყო. ჩემს მეთაურს დავურეკე და მან როგორღაც გამათავისუფლა.
მაშინ გაქცევის მცდელობა ჩაიშალა, მაგრამ უკვე მქონდა გეგმა, თუ როგორ და სად უნდა გავქცეულიყავი.
მეორედ, იმავე მანქანით (სხვათა შორის, კონტრაქტით დაქირავებულ ჯარისკაცებს კანონიერად ჰქონდათ უფლება, სამსახურის განმავლობაში სესხი დაეფარათ) უსაფრთხოდ ჩავედი სმოლენსკში, ბილეთი ჩემი სახელით, პასპორტით ვიყიდე და ბელარუსისკენ მიმავალ სწრაფმავალ კომფორტულ მატარებელში ჩავჯექი. თან მქონდა კარგი სამხედრო ზურგჩანთა და ვიფიქრე, რომ გამცემდა: მესაზღვრეები სმოლენსკში მატარებელში ამოვიდნენ და ისე შემომხედეს, მეგონა, მორჩა მეთქი, მაგრამ არა, გადავრჩი.
მინსკში ჩავედი, ვალუტა გავცვალე, აეროპორტში წავედი და სულ ეს იყო - ჩინეთის გავლით ფილიპინებში ვიზის გარეშე გავფრინდი. მეშინოდა საქართველოში, ყაზახეთსა და სომხეთში წასვლის, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ექსტრადირებას მოახდენდნენ. ვფიქრობ, ტაილანდშიც ასეა და ინდონეზიაშიც, ამიტომ ფილიპინები ავირჩიე. თავშესაფრის განაცხადი შევავსე, მაგრამ ჩემთან ერთად განაცხადის შემტან არცერთ ადამიანს - ისინი სხვა აფრიკელები იყვნენ - თავშესაფარი არ მისცეს. ვიზის გახანგრძლივებით ვცხოვრობ, მისი გახანგრძლივება სამ წლამდე შეიძლება. საკმაოდ ძვირია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ღირს.
ნაწილში მხოლოდ 26 იანვარს გაიგეს, რომ გავიქეცი. ჩემმა თანამებრძოლებმა, ბრიგადის მეთაურმა და ბრიგადის მეთაურის მოადგილემ მომწერეს. შემომთავაზეს დაბრუნება, „თუ რამე ხელს არ გაძლევს, სხვაგან გადაგიყვანთ ან სამსახურიდან გაგათავისუფლებთო“, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ შეწყვიტეს წერა, როდესაც მიხვდნენ, რომ რუსეთში არ ვიყავი. გასაკვირია, რომ ყველაფერი საკმაოდ ცივილიზებულად ხდებოდა. არავინ დამმუქრებია, არც მე და არც ჩემს მშობლებს. ერთმა თანამებრძოლმა მომწერა, რომ ესაუბრა საინჟინრო სამსახურის უფროსს, რომელმაც უთხრა, რომ დანაყოფმა ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მაგრამ მართლა გააკეთეს თუ არა, არც კი ვიცი.
როგორც მოგვიანებით გავიგე, ჩემი ასეულის კონტრაქტორი ჯარისკაცები ცოტა მოგვიანებით, კვირა-ნახევრის შემდეგ გაგზავნეს გამნაღმველებად უკრაინაში. მას შემდეგ მათთან არანაირი კონტაქტი არ მქონია.
ჩემი მშობლები, რა თქმა უნდა, განადგურებული იყვნენ, როდესაც შეიტყვეს, რომ ასეთი რადიკალური გზა ავირჩიე. მოგვიანებით გაიგეს, რომ საკითხის [უკრაინაში გაგზავნის] მოგვარება ამის გარეშეც შეიძლებოდა. „ისინი ჯერ კიდევ ღელავენ, სად ვარ, როგორ ვიცხოვრებ და ა.შ.“
„იშვიათი დანიშნულების ადგილი“
ორგანიზაციის, „თავს უშველეთ“ პრესმდივანი, ივან ჩვილიაევი, რომელიც ეხმარება ადამიანებს რუსეთის არმიაში სამხედრო სამსახურისგან თავის აცილებაში, ამბობს, რომ ფილიპინებს, სადაც გეორგი კოჩკინმა თავშესაფარი იპოვა, აქვს როგორც უპირატესობები, ასევე ნაკლი სხვა ქვეყნებთან შედარებით, სადაც დეზერტირებს შეუძლიათ გაქცევა.
„ევროკავშირის ქვეყნებში რუსი დეზერტირებისთვის თავშესაფრის მინიჭების სიტუაცია იცვლება. მაგალითად, სულ რაღაც ერთი წლის წინ გერმანია თავშესაფარს იძლეოდა ასეთ შემთხვევებში, მაგრამ სულ ახლახან მათ უარი უთხრეს გიორგი ავალიანს.
ლატვიას, ლიეტუვას და ესტონეთს მყარი პოზიცია აქვთ. რუს დეზერტირებს იქ თავშესაფრის იმედი არ აქვთ. სხვა ქვეყნებში სიტუაცია განსხვავებულია. შეგიძლიათ თავშესაფრის მიღება საფრანგეთში, მაგრამ ამისათვის იქ უნდა მოხვდეთ, რისთვისაც, სულ მცირე, გჭირდებათ უცხოური პასპორტი. არსებობს სქემა პარიზში გადაჯდომით ბილეთის შესაძენად, რომლის დროსაც შეგიძლიათ თავშესაფარი მოითხოვოთ სასაზღვრო გადასასვლელზე. ასევე შეგიძლიათ თავშესაფრის მოთხოვნა ესპანეთში.
რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ჩაფრენა ან ხმელეთით მოგზაურობა ვიზის ან თუნდაც პასპორტის გარეშე, იქაც განსხვავებული სიტუაციაა. ყაზახეთმა დაიწყო დეზერტირების რუსეთში უკან გაბრუნება. ამჟამად ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება საქართველოსთან დაკავშირებით. იქიდან თითქმის ყველა დეზერტირი სხვა ქვეყანაში წავიდა და ვერ შევაფასებთ ამჟამინდელ მდგომარეობას.
სომხეთში, სადაც დეზერტირების გატაცების შემთხვევები იყო რუსი სამხედროების მიერ, რაზეც ადგილობრივი ხელისუფლება მკაცრად რეაგირებდა, რუსეთის უშიშროების სამსახურის პოსტი ახლა აეროპორტიდან მოხსნეს. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები თავისუფლად მოქმედებენ იქ და ვითარება გაუმჯობესდა. რუსეთსა და სერბეთს, ასევე რუსეთსა და მონტენეგროს შორის არ არსებობს შეთანხმება დამნაშავეების ორმხრივი ექსტრადიციის შესახებ. ამ ქვეყნებში ბევრი დეზერტირი, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ძებნილთა სიაშია, მეტ-ნაკლებად მშვიდად ცხოვრობს და არსებობს შანსი, რომ იქ დააკანონონ თავიანთი სტატუსი - გახსნან საბანკო ანგარიში და საბოლოოდ მიიღონ ბინადრობის ნებართვა. მსგავსი სიტუაციაა თურქეთშიც.
ლათინური ამერიკა, ძირითადად არგენტინა და ურუგვაი, დეზერტირებისთვის ძალიან ღირებული დანიშნულების ადგილია. მათი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ისინი უგულებელყოფენ ომთან დაკავშირებულ ნასამართლობებს, რაც სხვა ქვეყნებში შეიძლება გადაულახავ დაბრკოლებას წარმოადგენდეს ლეგალიზაციისთვის.
ურუგვაი ძალიან აყვავებული, მაგრამ ძვირადღირებული ქვეყანაა; იქ ცხოვრება უფრო ძვირია, ვიდრე ბევრ ევროპულ ქვეყანაში.
ფილიპინები დეზერტირებისთვის იშვიათი დანიშნულების ადგილია, მაგრამ ზოგადად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს ისინი სტუმრობენ, ვისაც ან ფული აქვს, ან შეუძლია მისი დისტანციურად გამომუშავება.
ისინი, ვისაც უბრალოდ აქვთ დანაზოგი, რომელიც სიკვდილისკენ გაგზავნისთვის მიიღეს, ჩვეულებრივ ტაილანდში მიდიან. ინდონეზიასა და ფილიპინებში ხალხი არ მიდის. იქ ლეგალურად შეგიძლიათ დიდი ხნით დარჩენა, მაგრამ ვიზები საკმაოდ ძვირია და სახელმწიფო დახმარების მიღება ან ადგილობრივი დასაქმების პოვნა ძალიან რთულია."