Accessibility links

რუსი ტურისტების რიცხვის მოსალოდნელი შემცირების ზარალი და სარგებელი


პოლიტიკისა და ტურიზმის ერთმანეთში არევა არ შეიძლება. ასე გამოეხმაურა „კარენტ ტაიმის“ გამოკითხვას ერთ-ერთი რუსი ტურისტი, რომელიც მეორე დღეა იმყოფება საქართველოში. იგი ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შეჩერების შესახებ პირველ რიგში რუსეთის მოქალაქეებს დააზიანებს.

მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით საქართველოში რუსეთიდან 550 000 ადამიანია შემოსული. წლის ბოლომდე მათი რიცხვის 2 მილიონამდე ზრდა იყო მოსალოდნელი. ექსპერტების შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მათი რაოდენობა, ყველაზე პესიმისტური გათვლებით, სავარაუდოდ განახევრდება. ასეთ შემთხვევაში ტურისტული შემოსავლების 250-300 მილიონი ლარით შემცირდება. ასე რომ რუსი ტურისტების გარდა, დაზარალდებიან მათი ქართველი მასპინძლებიც, თუმცა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ ზარალს დააბალანსებს სარგებელი, რომელიც ბაზრის დივერსიფიკაციაზე სერიოზულ ზრუნვას გულისხმობს.

მოდუნებული ყურადღების შედეგი - სიგნალი ბაზრის დივერსიფიცირებისთვის

გოგა ხიშტოვანი
გოგა ხიშტოვანი

„ბოლო წლებში ყველაზე მზარდი რუსეთიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა იყო. ჩვენ შევჩერდით მხოლოდ ტურისტული ნაკადების ზრდაზე და აღარ გავაგრძელეთ იმის ანალიზი, რა საფრთხეებს ატარებს ტურისტული ნაკადების მზარდი შემოდინება ქვეყნიდან, რომელიც ოფიციალურად გამოცხადებული მტერია“, - გვითხრა PMC კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ხიშტოვანმა. მისი შეფასებით,

  • მისაღებია სტრატეგია რუსეთიდან საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების დამაზარალებელი პოლიტიკის პრევენციისთვის
  • პროაქტიულად უნდა დაიწყოს მუშაობა ტურისტული ნაკადების დივერსიფიცირებისთვის
  • მთავრობამ უნდა იზრუნოს, რომ დამოკიდებულება რუსეთის ბაზარზე არ გახდეს იმხელა მოცულობის, რომ პოლიტიკურადაც შეგვეკრას ხელ-ფეხი
უცხოელი ტურისტები თბილისში
უცხოელი ტურისტები თბილისში

გიორგი ხიშტოვანი ვარაუდობს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვით, რუსეთმა ქვეყანას მისცა სიგნალი, რომ შესაძლოა ისევ დაიწყოს ემბარგოების სერია. მისი შეფასებით, ტურიზმისგან განსხვავებით, მაგალითად ღვინის ნაწილში საქართველო იმდენადაა დამოკიდებული რუსეთის საექსპორტო ბაზარზე, რომ მისგან გათავისუფლება უკვე ძნელია - დღევანდელი მოცემულობით საქართველოდან ალკოჰოლური სასმელების ექსპორტში რუსეთის ბაზარს 70 პროცენტი უჭირავს. საავიაციო ემბარგოს შემდეგ დღეს 24 ივნისს „როსპოტრებნადზორმა“ საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე იმპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელზე კონტროლიც გაამკაცრა.განცხადების თანახმად, „დინამიკა აჩვენებს, რომ საქართველოდან რუსეთში შესული ალკოჰოლური სასმელის ხარისხი გაუარესებულია. 2014-2018 წლებში გაზრდილია იმ პროდუქციის რაოდენობა, რომელიც არ აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს“.

განცხადებაში ჩამოთვლილია ის კომპანიები, რომლებიც „როსპოტრებნადზორის“ ინფორმაციით, ვერ აკმაყოფილებენ შესაბამის სტანდარტებს. ესენია: „ბაგრატიონი 1882; „ბოლერო ენდ კომპანი“, „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“, „ბადაგონი“, „ქართული ღვინის სახლი“, კორპორაცია ქართული ღვინო“, „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“, „ბატონო“. ამ კომპანიების პროდუქტი „როსპოტრებნადზორის" ინფორმაციით, არ იქნა დაშვებული რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

რეკომენდაციები მთავრობას

გიორგი ისაკაძე
გიორგი ისაკაძე

„რუსეთიდან რაღაც მომენტში რომელიღაც სექტორთან ან ინდუსტრიასთან დაკავშირებით გარდუვალი იყო იმგვარი ქმედება, რასაც აქვს ადგილი ბოლო სამი-ოთხი დღეა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა გიორგი ისაკაძემ. მისი შეფასებით ეს აბსოლუტურად სუბიექტური გადაწყვეტილებები ხაზს უსვამს სწორედ იმ გარემოებას, რამდენად არასტაბილურია რუსეთის ბაზარი. ოფიციალური სტატისტიკა კი რომელიც მას მოაქვს, ადასტურებს ობიექტურ რეალობას - რუსი ტურისტი საქართველოში სხვა ქვეყნების ტურისტებთან შედარებით ნაკლებად მომგებიანია, რადგან ნაკლებ თანხას ხარჯავს:

  • რუსეთი -1350 ლარი
  • აშშ - 3047 ლარი
  • ბრიტანეთი - 3189 ლარი
  • ისრაელი - 2047 ლარი
  • უკრაინა - 1659 ლარი
  • ირანი - 2071 ლარი
  • გერმანია - 2046 ლარი
  • არაბთა გაერთიანებული საემიროები - 2719 ლარი
  • ყაზახეთი - 1956 ლარი
  • პოლონეთი - 2183 ლარი
  • ესპანეთი - 2541 ლარი.

გიორგი ისაკაძის თანახმად, საავიაციო ემბარგო მოკლევადიან პერიოდში შემოსავლების კლებას გამოიწვევს და აისახება ქვეყნისა და სასტუმრო სექტორში ჩართულ მოსახლეობაზე, განსაკუთრებით შავი ზღვისპირეთში. იგი აკეთებს პროგნოზს იმის შესახებაც, რომ რუსი ტურისტების ნაკადის მოსალოდნელი შემცირება ეკონომიკას დიდ ზიანს ვერ მიაყენებს. მისი აზრით, მთლიანი შიდა პროდუქტი 1 პროცენტზე მეტად არ შემცირდება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

„თქმა იმისა, რომ აქედან ვერ გამოვალთ, ან გამოვალთ წაგებულნი, არის აბსურდი“, - აღნიშნავს იგი და მიიჩნევს, რომ სახელმწიფო რამდენიმე მიმართულებით უნდა გააქტიურდეს:

  • გააგრძელოს წერტილოვანი და მიზანმიმართული, ძალიან აგრესიული მარკეტინგული და პიარ კამპანია ტურისტების მოსაზიდად
  • მათ შორის პოპულარული პერსონების ჩამოყვანით საქართველოში, იქნებიან ეს ბლოგერები თუ სხვა ცნობილი პირები
  • უნდა შეთანხმდეს შეღავათების კონკრეტული პაკეტი, რათა ამ სექტორში დასაქმებულებს მდგომარეობა შეუმსუბუქდეთ
  • შესაძლოა ეს იყოს საგადასახადო თუ სხვა რაიმე ტიპის სუბსიდირებაც

რეკომენდაციების მიუხედავად, ჯერჯერობით ეგრეთ წოდებული რუსული ტურისტული ემბარგოს შესაბამისი სამოქმედო გეგმა არც ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში აქვთ და არც საქართველოს მთავრობაში. კონსულტაციები ტუროპერატორებთან და სასტუმრო სექტორში დასაქმებულ პირებთან ახლახანს დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG