Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში დაკავებული მძღოლი საქართველოს მოქალაქეა?


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ფლობს ინფორმაციას - საქართველოს მოქალაქეა თუ არა იმ სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელსაც საბერძნეთში არალეგალი მიგრანტები გადაჰყავდა. საერთაშორისო მედიის ცნობით, 4 ნოემბერს დაკავებული პირი, 40 წლის მამაკაცი, ეროვნებით ქართველია.

საგარეო უწყებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ინფორმაცია ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არ არის, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.

იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიება საწყის სტადიაშია და დგინდება მთელი რიგი გარემოებები, ბერძნული მხარე - გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე - უფრო დეტალურ ინფორმაციას (მათ შორის, ეჭვმიტანილის ვინაობას) ამ ეტაპზე არ გასცემს. შესაბამისად, დაზუსტებული ინფორმაცია, მათ შორის - დაკავებულის მოქალაქეობრივი კუთვნილების საკითხი, უახლოეს პერიოდში დადგინდება“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივ სამართალდამცველებთან დეტალების გარკვევას ამ დრომდე ცდილობს ქალაქ თესალონიკში მოქმედი საქართველოს გენერალური საკონსულო. დაკავებულ მძღოლს ამ დრომდე არ მოუთხოვია გენერალურ საკონსულოსთან დაკავშირება.

საბერძნეთის მედიის ცნობით, სატვირთო ავტომობილში (რომელიც სამაცივრე კონტეინერს წარმოადგენს) 80 მიგრანტი იმყოფებოდა. გარდიანის თანახმად კი, მიგრანტთა რიცხვი 41-ს შეადგენს.

უცხოური მედია იუწყება ასევე, რომ სატვირთო ავტომობილში მყოფების ნაწილს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებოდათ. 10-მდე ადამიანი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უცხოური მედიის ცნობით:

  • მიგრანტების ძირითადი ნაწილი ავღანეთის მოქალაქეა (ძირითადად 20-30 წლის მამაკაცები);
  • სატვირთო ავტომობილში იყვნენ ასევე ბავშვები;
  • მაცივარი გამორთული იყო, თუმცა მიგრანტები იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყვნენ, რომ შესაძლოა, მათ ვეღარც ჩაეღწიათ თესალონიკამდე;
  • მიგრანტების დიდი ნაწილი გეგმავდა ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადასვლას;
  • სატვირთო ავტომობილი საბერძნეთში თურქეთიდან შევიდა;
  • პოლიციამ ის შესამოწმებლად გააჩერა, სავარაუდოდ - წინასწარ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;
  • საეჭვო იყო ავტომობილის მარკირება.

საერთაშორისო მედია ამ ფაქტს განიხილავს ბრიტანეთის პოლიციის მიერ სატვირთო ავტომობილში 39 დაღუპული ადამიანის აღმოჩენის ფაქტის კონტექსტში. ცხედრები მაშინაც სამაცივრე კონტეინერში აღმოაჩინეს.

დაღუპულთა დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, ვიეტნამიდან არის. ისინი სავარაუდოდ არალეგალურ მიგრაციას ემსხვერპლნენ. ამ შემთხვევის დროს დააკავეს ორი მძღოლი. უცხოური მედიის ცნობით, მათ ბრალად ედებათ ტრეფიკინგი და მკვლელობა - არა წინასწარი განზრახვით. ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ ვიეტნამში სავარაუდოდ ამავე საქმის გამო დააკავეს კიდევ 8 პირი.

  • ცხედრები 23 ოქტომბერს, ესექსის საგრაფოში მდგარ სატვირთო ავტომობილში აღმოაჩინეს;
  • წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 31 კაცი და 8 ქალია;
  • სატვირთო ავტომობილი ინგლისში 19 ოქტომბერს ბელგიიდან ჩავიდა;
  • ავტომობილი რეგისტრირებულია ბულგარეთში ირლანდიის მოქალაქეზე;
  • ტრაილერმა ბულგარეთი 2017 წელს დატოვა და აღარ დაბრუნებულა.​

​საბერძნეთი ამ ეტაპზე თურქეთის მიმართულებიდან მიგრანტთა დიდი ნაკადის შემოტევას განიცდის. საბერძნეთის მედიის ცნობით, 35 ათასზე მეტი ქალი, კაცი და ბავშვი იმყოფება ბანაკებში, საბერძნეთის კუნძულებზე. მათი მძიმე მდგომარეობა სულ უფრო დიდ შეშფოთებასა და კრიტიკას იწვევს უფლებადამცველთა ჯგუფების მხრიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG