Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბოლოო გაფრთხილება: ციხე და ცოლის გაძევება


მალხაზ კურტაევი, თათია ადიკაშვილი
მალხაზ კურტაევი, თათია ადიკაშვილი

დაბრუნება

მალხაზ კურტაევი და თათია ადიკაშვილი ცხინვალიდან სახლში დაბრუნდნენ. სახლი სოფელ ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მდებარეობს. დათა პაპა და ვალია ბაბო მათ ორი კვირის განმავლობაში ელოდნენ, ამვლელ-ჩამვლელს მახოსა და თათიას ამბავს ეკითხებოდნენ. მალხაზი და თათია კი ამ დროს ცხინვალის საავადმყოფოს კარანტინში იმყოფებოდნენ. ხანდახან მათთან ექთნები შედიოდნენ და სიცხეს უზომავდნენ. საავადმყოფოში მათ ცხინვალის უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებიც აკითხავდნენ.

„ცხინვალის სავადმყოფოში, ინფექციურში ვიყავით, იქ კაგებეც დამადგა. მაგათმა უშიშროებამ თათიას არაფერი უთხრა. მე მითხრეს, თუ ეხლაო არ გაჩერდებიო და იქით გადახვალ ხოლმეო, ცუდად გექნება საქმეო. რაღა გინდა, ეს ცოლი დაგიტოვეთ, საბუთიც არაფერი აქვსო და შენ რაზე ცელქობო. გაჩერდი ერთ ადგილზეო, თორემ შენ ცოლსაო გავგზავნით უკანაო, თავის სახლშიო, შენ კიდევ ექვსი წელი ციხეში ამოყოფო თავსაო და ვეღარც პაპასა და ბაბოს და ვერც სახლსა ნახავო. აი, ასე გამაფრთხილეს და დამემუქრნენ. მორჩა, მე ხურვალეთში ვეღარ გადავალ. საბოლოო გაფრთხილებაა. ორჯერ ხომ დაგიჭირეთ და გაგიშვითო და კიდევ თუ დაგიჭირეთ, შენ თავს დააბრალეო. თუ ერთხელ მაინც გადავედი სოფელში, ესე იგი უნდა წავიდე და წავიდე, ჩემ სახლში აღარ უნდა დავბრუნდე. პაპა და ბაბო როგორ დავტოვო?“

დათა ვანიშვილი შვილიშვილთან, მალხაზ კურტაევთან ერთად. 2017 წელი
დათა ვანიშვილი შვილიშვილთან, მალხაზ კურტაევთან ერთად. 2017 წელი

სიყვარული მავთულხლართებს აქეთ-იქით

მალხაზ კურტაევი დათა ვანიშვილის შვილიშვილია. მალხაზი ბაბოსა და პაპასთან გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ დედა ვლადიკავკაზში ცხოვრობს და რუსეთის მოქალაქეობა აქვს, მთელი ბავშვობა ხურვალეთში გაატარა. 2008 წლის ომის შემდეგ, სამი წელი ოჯახი მიწას ჩვეულად ამუშავებდა და თავიც გაჰქონდა, მაგრამ 2011 წელს მათ სახლთან რუსი მესაზღვრეები გამოჩნდნენ.

დათა ვანიშვილს სახლის წინ მავთულხლართი გაუვლეს. სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, მიწა კი - „საქართველოს ტერიტორიაზე“. დათა ვანიშვილსა და მის ოჯახს უთხრეს, რომ ამიერიდან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და სოფელ ხურვალეთში, საქართველოს ტერიტორიაზე, გადასვლა ეკრძალებოდათ.

დათას საქართველოს მოქალაქეობა აქვს და შეთავაზების მიუხედავად, უარის თქმას არ აპირებს. სთავაზობენ, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა მიიღოს და იქაური პენსიაც დაენიშნება, მაგრამ დათა ვანიშვილი ვერ ეგუება ოკუპაციას. რამდენჯერმე დაკავებული იყო ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდებით. პირველად ცხინვალის იზოლატორში ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს, მაგრამ მოხუცი თავისას არ იშლის.

საქართველოში ჩამოსული უცხოელი ლიდერების უმრავლესობა, როგორც წესი, ხურვალეთში ჩადის და მავთულხლართების მეორე მხრიდან ისმენს დათა ვანიშვილის გასაჭირს.

თათიასიანები, ალბათ, ღობესთან მოვლენ ხოლმე და ასე დაგველაპარაკებიან და იმ შემთხვევაში, თუ რუსებმა გამოიარეს, პრობლემები შეიქმნება. ლაპარაკსაც გვიკრძალავენ უკვე. შემოწოდება-გადაწოდებაც სასტიკად აკრძალულია...
მალხაზ კურტაევი

მავთულხლართის აქეთ-იქით მალხაზიც ხშირად გადად-გადმოდიოდა. ისიც ორჯერ დააკავეს და ე.წ. ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა მალხაზი ამას მაინც არ უშინდებოდა, რადგან სოფელში გადასვლის მიზეზი ჰქონდა. ეს მიმოსვლა მას შემდეგ უფრო გახშირდა, რაც ხურვალეთში, „საქართველოს ტერიტორიაზე“, გოგო გაიცნო და შეუყვარდა.

„თათია მაღაზიაში გავიცანი. ორი წელი ვიცნობდით ერთმანეთსა. ეკლესიაში გადავდიოდი ხოლმე და იქა ვნახულობდი. ჰოდა, 5 თვის წინა გადმოვახტუნე საზღვარზე და მოვიყვანე სახლში პირდაპირა. 5 თვეა, ერთადა ვართ და ახლა მე რომ დამიჭირონ და თათია გააგდონ, რა მეშველება. ადრე ერთი თვე ჩემ მოყვრებთან ვიყავი გადმოსული და ეგეც კი გაიგეს რუსებმა. ყველაფერს იგებენ, სად და რა დროს დავდივარ. აბა, რა ვქნა, რა ვუყო“.

ცხინვალში მიღებული მუქარის შემდეგ მალხაზ კურტაევი განსაკუთრებით ფრთხილობს. ეშინია, მის ოჯახს ახალი პრობლემები არ შეექმნას. მალხაზი რუსეთის მოქალაქეა, თათია ადიკაშვილს საქართველოს პასპორტი აქვს. 16 აპრილს, მორიგი დაკავებისას, ფიქრობდა, რომ ციხეში გადაიყვანდნენ და თათიასაც სახლიდან, როგორც „საზღვრის დამრღვევს“, გაუძევებდნენ, მაგრამ ახალი კორონავირუსის ინფექციის საპრევენციო კარანტინში მოხვდნენ და ცხინვალში კა-გე-ბე-დან საბოლოო გაფრთხილებაც მიიღეს.

„თათიასიანები, ალბათ, ღობესთან მოვლენ ხოლმე და ასე დაგველაპარაკებიან და იმ შემთხვევაში, თუ რუსებმა გამოიარეს, პრობლემები შეიქმნება. ლაპარაკსაც გვიკრძალავენ უკვე. შემოწოდება-გადაწოდებაც სასტიკად აკრძალულია. მაგაზეც გაგვაფრთხილეს, მე და თათიასა საზღვართან ახლოსაც აღარ შეგვიძლია მივიდეთ. მოშორებითა ერთი ათ მეტროში მაინც უნდა დავდგეთ და ისე ველაპარაკოთ, თუ ვინმე მოვა. მოხუცებს უფრო აღარ ეუბნებიან აღარაფერსა, ღობეს რომ უახლოვდებიან, მაგრამ მე გამაფრთხილეს“.

მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ოჯახი

ადრე ერთი კაგებეშნიკი იყო მოსული და მეუბნება, აქა საზღვარი არასწორად გადისო, არხზე გადისო ზუსტადაო, არხი კიდევ სახლის ზევითაა და იქნებ ეს ღობე სახლის უკან გადააგდონ და მეც დავისვენო ამ რუსებისგანა...
მალხაზ კურტაევი

სახლში დაბრუნებულ მალხაზს პრობლემებით დამძიმებული მოხუცები დახვდნენ.

„ბაბო და პაპაც ძალიან მოხუცდნენ, რა შეუძლიათ? დათა პაპას ყურში თითქმის აღარ ესმის, აპარატი სჭირდება, თვალებიდანაც ვეღარ ხედავს ნორმალურად. ადრე მოწოდებული ცოტაოდენი კარტოფილი გვქონდა და ეგეც თავდება. სახლში აღარც მაკარონია, აღარც ბრინჯი, ხახვი და ზეთი. პაპას და ბაბოს წნევის წამლები სჭირდებათ და ეგეც გამოელიათ. ჩემი გამოსვლა უკვე შეუძლებელია და აქ არც მაღაზიაა და არც არაფერი. ცხინვალში წასასვლელი ფულიც კი არა მაქვს. ფეხსაცმელები და ტანსაცმელიც დაგვიძველდა მე და თათიას. ჩემი გადმოსვლა შეუძლებელია და არ ვიცი, რა ვქნა. მთავრობიდანაც აღარავინ მოდის. აღარ ვიცი, ვის შევჩივლო ჩვენი გასაჭირი“.

მალხაზის ოპტიმიზმი

დათა ვანიშვილის სახლის წინ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ოჯახს პატარა ბოსტანიღა შემორჩა. ტრაქტორი გაფუჭებულია. მახო და თათია მიწას ახლა ხელით ამუშავებენ. ორკვირიანი კარანტინის გამო ლობიოსა და სიმინდის თესვა დაუგვიანდათ, მაგრამ ფიქრობენ, რომ მოსავლის მოყვანას მაინც შეძლებენ და შემოდგომით ცოტას ამოისუნთქავენ. მალხაზმა ერთი ამბავიც გაიგო, რამაც მისი განწყობა მცირედით გამოასწორა.

„ადრე ერთი კაგებეშნიკი იყო მოსული და მეუბნება, აქა საზღვარი არასწორად გადისო, არხზე გადისო ზუსტადაო, არხი კიდევ სახლის ზევითაა და იქნებ ეს ღობე სახლის უკან გადააგდონ და მეც დავისვენო ამ რუსებისგანა. აღარ შემიძლია, რა! არხის ქვევითა საქართველოაო, და სახლიც არხის ქვევით არის. ნეტა, ნეტა, ჩემ უკან გადაიტანონ საზღვარი, რა! დავისვენებდი უკვე, რა. ქვეყნის ხალხი იყო იმდღესა მოსული, რუსები და ოსები რაღაცებსა ზომავდნენ და მაგ დროს მითხრა იმ კაცმა“.

მხარეებს შორის მოლაპარაკების ფორმატი ჩაშლილია, ჟენევაში მორიგი შეხვედრა კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ გაიმართა. ერგნეთის „ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების“ სამუშაო ჯგუფის მოლაპარაკების ფორმატიც გასული წლის აგვისტოს შემდეგ ჩაიშალა. დე ფაქტო ხელისუფლება და საოკუპაციო ძალები კი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ სოფლებში, ახალი ღობეებით, მცოცავ ოკუპაციას განაგრძობენ.

რუსეთის მესაზღვრეები ხან ატოცში გამოჩნდებიან, ხან გუგუტიაანთკარში და ხანაც ტახტისძირში. მალხაზს კი მაინც იმედი აქვს, რომ მის სახლთან ოკუპაცია დასრულდება და ნათესავებთან მისვლა-მოსვლას ადრე თუ გვიან თავისუფლად შეძლებს, მანამდე კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული სახლის დატოვებას არ აპირებს.

XS
SM
MD
LG