Accessibility links

საგანგაშო ვითარება - ჩაკეტილ ახალგორში დაღუპული ადამიანები


ახალგორი

გასულ კვირაში ახალგორის რაიონულ საავადმყოფოში ორი პაციენტი გარდაიცვალა. ორის მდგომარეობა კრიტიკულია და, თუ მათ თბილისის საავადმყოფოში გადაყვანის უფლებას არ მისცემენ, შესაძლოა იგივე შედეგი დადგეს. ამ ინფორმაციას ახალგორიდან სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ავრცელებს. ოკუპირებულ რეგიონში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ამოქმედებული მკაცრი კარანტინის შემდეგ ბიბილოვის ხელისუფლება კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის გამონაკლისს არ უშვებს და მათ თბილისის კლინიკებისკენ გზას არ უხსნის.

ზაურ ჩიტიშვილი ახალგორში 14 აპრილს, თავის დაბადების დღეს, ნათესავებმა დაკრძალეს. 66 წლის უნდა გამხდარიყო. მასთან გამოთხოვება წეროვანში მცხოვრებმა ოჯახის წევრებმა ვერ შეძლეს.

65 წლის ზაურ ჩიტიშვილს ახალგორში ყველა იცნობდა. ფანდურზე შესრულებული მისი სიმღერები ბევრს მოსწონდა. მუსიკალური სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და, როგორც ახალგორში ამბობენ, სიცოცხლით სავსე კაცი იყო. ორი კვირის წინ ავად გახდა. ორი კვირის განმავლობაში, მოკლე ინტერვალებით, აღენიშნებოდა ღებინება და დიარეა. ორჯერ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, მაგრამ ექიმებმა მხოლოდ დიმედროლი და ანალგინი დაუნიშნეს. მოგვიანებით მას გაუწყლოება დაემართა და წნევა დაუვარდა. ადგილობრივ საავადმყოფოში მას გასტროენტერიტის დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობა ისევ დიმედროლით და ანალგინით გააგრძელეს. ამის შემდეგ ჩიტიშვილმა ცოტა ხანს იცოცხლა. გარდაცვალების მიზეზად ექიმებმა გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა დაასახელეს. გარდაცვლილის დისშვილი, თამარ ბალაშვილი, ამბობს, რომ ბიძის თბილისში სწრაფად გადმოყვანა ჩაკეტილი გზის გამო ვერ მოხერხდა, „წითელი ჯვარი“ კი ამ საქმეში უძლური აღმოჩნდა.

რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ასეთი ექიმების ხელში? ისინი, ვინც ამ ექიმებს ასაქმებს, ჩვენი რეგიონის ლიდერები, ვერასდროს მოხვდებიან ამ საავადმყოფოში.
თამარ მეარაყიშვილი

ზაურ ჩიტიშვილი ახალგორში 14 აპრილს, თავის დაბადების დღეს, ნათესავებმა დაკრძალეს. 66 წლის უნდა გამხდარიყო. მასთან გამოთხოვება წეროვანში მცხოვრებმა ოჯახის წევრებმა ვერ შეძლეს. გასვენებას ვერ დაესწრო მისი შვილი, გელა ჩიტიშვილი.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ,,ეხო კავკაზას" ეუბნება, რომ მსგავსი ისტორიები რეგიონის მოქალაქეებისთვის ყოველდღიურ ცხოვრებად იქცა.

თამარ მეარაყიშვილის თქმით, საავადმყოფოს ექიმები „გუგლის“ მეშვეობით ცდილობენ პაციენტებისთვის დიაგნოზის დასმას. მისი განცხადებით, კვალიფიციური ექიმები სამსახურიდან გაყარეს და მათ ადგილზე საკუთარი გემოვნებით შერჩეული კადრები დანიშნეს.

,,რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ასეთი ექიმების ხელში? ისინი, ვინც ამ ექიმებს ასაქმებს, ჩვენი რეგიონის ლიდერები, ვერასდროს მოხვდებიან ამ საავადმყოფოში. მათ საშუალება ექნებათ რუსეთში იმკურნალონ", - უთხრა თამარ მეარაყიშვილმა ,,ეხო კავკაზას".

თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი

სამოქალაქო აქტივისტი იტყობინება, რომ დაბაში უამრავი მოხუცი ცხოვრობს, რომლებიც მაღალკვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. ახალგორში ყველაზე ხშირად ადამიანები ინსულტისგან იღუპებიან.

„ახლა ჩვენ გვყავს ორი მოხუცი, რომლებსაც ესაჭიროებათ მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება, მაგრამ ამას ცხინვალში ვერ უზრუნველყოფენ. ერთ-ერთი მათგანია სამოცდაათი წლის ადამიანი, რომელსაც რესპუბლიკის მთავარმა ონკოლოგმა, გრიგორი ყულიჯანოვმა, სიმსივნე დაუდგინა და თქვა, რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ქიმიოთერაპია და ეს შესაძლებელია მხოლოდ თბილისში. კიდევ ერთ ქალს სჭირდება სასწრაფოდ გულის ოპერაცია. იგივე ოპერაცია ჩაიტარა რესპუბლიკის ერთერთი რაიონის პოლიციის უფროსმა. ის თბილისში „წითელი ჯვრის“ მეშვეობით გაგზავნეს რამდენიმე თვის წინ. ოპერაცია არ იყო გადაუდებელი, მას შეეძლო აერჩია კლინიკა ჩრდილოეთ ოსეთში, მაგრამ პოლიციელმა თბილისი ამჯობინა“,- ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

იმის მიუხედავად, რომ ხდება ცხელ ხაზზე კომუნიკაცია, ამ ადამიანების სურვილისა და საჭიროების დაფიქსირება, მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების...
ქეთევან ციხელაშვილი

„უკიდურესად საგანგაშო ხასიათი შეიძინა ვითარებამ ცხინვალის რეგიონში, ადამიანებს სჭირდებათ კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა და არ ეძლევათ ამის შესაძლებლობა იმის გამო, რომ რეგიონი არის იზოლირებული უკვე თვეების განმავლობაში“,- განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, 4 სექტემბრიდან დღემდე 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა რეჟიმის ამგვარ მიდგომებს.

იმის მიუხედავად, რომ ხდება ცხელ ხაზზე კომუნიკაცია, ამ ადამიანების სურვილისა და საჭიროების დაფიქსირება, მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების. ასეთი პაციენტები დღესაც იმყოფებიან ახალგორში და, საუბედუროდ, უნდა აღვნიშნო, რომ სწორედ ეს შეზღუდვები ყველაზე მეტად აზარალებს ახალგორის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას, რომელიც არის, ფაქტობრივად, გაგრძელება, აი, ამ ეთნიკური დისკრიმინაციის, რომელსაც აქვს სხვადასხვა ფორმა. 4 სექტემბრიდან - ეს ის თარიღია, როდესაც ახალგორის მიმართულებაზე, ფაქტობრივად, ერთადერთი გადასასვლელი პუნქტი ჩაიკეტა - დღემდე 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, აი, ამ რეჟიმის ამგვარ მიდგომებს, რომელიც ჰუმანურობის არც ერთ პრინციპში არ ჯდება; რა თქმა უნდა, სრულიად უკანონოა და, ფაქტობრივად, არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებების უხეში შელახვა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფო იყენებს ნებისმიერ ფორმატს იმისთვის, რომ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და ასევე მიმართავს დე ფაქტო გადაწყვეტილების მიმღებთ, რომ ხელი არ შეუშალონ ადამიანებს, რომლებსაც კრიტიკულად ესაჭიროებათ დახმარება და დრო მათთვის უდრის სიცოცხლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG