Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა - რა არ უნდა გამოგრჩეს 23 აპრილს


ქვეყანა საგანგებო რეჟიმში კიდევ ერთი თვე დარჩება

საქართველოში 22 მაისის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა. დადგენილებას 97 მომხრე და 10 მოწინააღმდეგე ჰყავდა.

„ქართული ოცნების“ 85 დეპუტატის გარდა, მომხრეები იყვნენ უფრაქციო (7), დამოუკიდებელი (3) და „პატრიოტთა ალიანსის“ (2) დეპუტატები. მოწინააღმდეგეებს შორის კი იყვნენ: დამოუკიდებელი (2), „ევროპული საქართველოს“ (7) და „პატრიოტთა ალიანსის“ (1) დეპუტატები. სრული სია ასე გამოიყურება.

მიუხედავად იმისა, რომ კვირის ბოლომდე აკრძალვებს შორის რჩება ავტომობილით გადაადგილება და ქვეყანაში კომენდანტის საათიც მოქმედებს, სპეციალისტები ამბობენ, რომ დღისით მოქალაქეებს ფეხით სეირნობა შეუძლიათ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ ადამიანებს შეუძლიათ გარეთ გავიდნენ, მაგალითად, სასეირნოდ, თუმცა სხვებისგან დისტანციის დაცვით.

ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა #დარჩისახლში.

„გარეთ სეირნობის გარეშე ადამიანები დიდხანს, ალბათ, ვერ გაძლებენ. ეს აუცილებელი და საჭიროცაა მათი ჯანმრთელობისთვის“, - ამბობს ზახაშვილი და განაგრძობს: „ფაქტია, რომ ღია სივრცეში ნებისმიერ დროს რისკი არის შემცირებული, მაგრამ აქ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დისტანციის დაცვა არის აუცილებელი“.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

კორონავირუსის შედეგად კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

დადასტურებული შემთხვევა - 416

გარდაცვლილი - 5

გამოჯანმრთელებული - 107

კარანტინში - 1547

სტაციონარში - 573

კორონავირუსის შედეგად კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულ 68 წლის მამაკაცს, რომელიც თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი. ამის შესახებ მედიას აცნობა საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ.

ამჟამად ქვეყანაში ვირუსის 416 რეგისტრირებული შემთხვევაა. აქედან 107 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან პრეპარატ პლაქვენილის გამოყენების შესახებ დაწყებულ დისკუსიას გუშინ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გამოეხმაურა.

„დღეს, ვისაც რამე სჭირდება, მათ შორის პირადად მე, ხშირად მივდივარ საკონსულტაციოდ თენგიზ ცერცვაძესთან. ამ დებატებში ჩემი ოჯახი გააჟღერეს, არ არის საჭირო ამაზე საუბარი. სწორად უმკურნალეს ჩემს შვილს. იმიტომაც შედარებით სწრაფად გაჯანმრთელდა“, - ასე გამოეხმაურა „ფეისბუკის“ პირდაპირ ეთერში ამირან გამყრელიძე ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელ თენგიზ ცერცვაძესა და მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორ ზურაბ გურულს შორის დაპირისპირებას.

როგორც გამყრელიძე ამბობს, პლაქვენილი ახალი წამალი არ არის და ის ბაზარზე უკვე 40-50 წელია, რაც არსებობს.

წაიკითხე მეტი.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით აქციას გამართავს

დღეს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს.

14:00 საათზე ჯაფარიძე გეგმავს, პროტესტი იპოდრომის ტერიტორიაზე გამოხატოს.

„დისტანციას დავიცავთ“, - წერს ჯაფარიძე ფეისბუკღონისძიების აღწერაში და განაგრძობს: „თუ პოლიციელი დაინტერესდება თქვენით - უბრალოდ სეირნობთ იპოდრომზე. შესაბამისად, ვერ დაგაჯარიმებენ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის“.

ჯაფარიძის განცხადებით, არავის აუხსნია, რა კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა და რა კონკრეტული შედეგები მოიტანა ბლოკპოსტებმა სამხედროებით, ქუჩების რეცხვამ, რაიონების ჩაკეტვამ, საკომენდანტო საათმა, მანქანაში ჯდომის წესებმა, ბაზრების დაკეტვამ, ბიზნესების გაჩერებამ, სავალუტო ჯიხურების დახურვამ, მილიონობით ჯარიმებმა და სხვა. მისი აზრით, ხელისუფლებას „გაუტკბა ძალაუფლებით თამაში“ და სურს მოსახლეობის შიშებზე თამაში და ეპიდემიასთან წარმატებული ბრძოლის სურათის პოლიტიკურ დივიდენდებად თარგმნა.

წაიკითხე მეტი.

ევროსაბჭოს მინისტერიალი სტრასბურგში, საქართველოს თავმჯდომარეობით, აღარ გაიმართება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრა, მინისტერიალი, მაისში სტრასბურგში აღარ გაიმართება. მინისტერიალის თარიღისა და ადგილმდებარეობის შესახებ გუშინ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრა გაიმართება 2020 წლის 4 ნოემბერს ათენში, საბერძნეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში.

საქართველოს მაისში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომისთვის უნდა ემასპინძლა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანას, თუმცა, მინისტერიალის თბილისში ჩატარებამ საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია რუსეთის დელეგაციის მოსალოდნელი სტუმრობის გამო. შესაბამისად, 26 თებერვალს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართებოდა.

საქართველო 2019 წლის 27 ნოემბერს, ნახევარი წლით გახდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა. მან ეს უფლებამოსილება საფრანგეთისგან გადაიბარა.

„რით არის დაკავებული ბიძინა ივანიშვილი“ – „ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს

პარტია „ქართული ოცნება“ განცხადებას აქვეყნებს პარტიის თავმჯდომარისა და მისი შვილის ბერა ივანიშვილის ერთობლივი ვიდეორგოლის შესახებ, რომელიც „ტიკტოკ“-ზე განათავსეს.

„ამ აბსოლუტურად უწყინარ და პოლიტიკისგან სრულად დაცლილ ფაქტს, როგორც ხდება ხოლმე, „ქართული ოცნების“ აგრესიული ოპონენტების მხრიდან მოჰყვა მათთვის დამახასიათებელი, სრულიად არაჯანსაღი და ღვარძლიანი კრიტიკის ტალღა. მათ საკუთარ თავსაც კი აჯობეს უკადრებელის კადრებაში, იკადრეს, ამას კრიტიკასაც ვერ დაარქმევ - მათ თქვეს ყველაფერი, რაც შეიძლებოდა და არ შეიძლებოდა. ძირითადი ხაზი ოპონენტებმა იმაზე ააწყვეს, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი, რახან მედიაში აქტიურად არ ჩანს ამ კრიზისის პირობებში, არაფერს აკეთებს ხალხის დასახმარებლად და მხოლოდ ერთობა. ეს განცხადებები, თავისთავადაც აბსურდული და სასაცილოა, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელწერა ხალხის და ქვეყნის სამსახურში ყოველგვარი პიარის გარეშე დგომაა და რომ ამაზე ათწლეულების მანძილზე მის მიერ პრაქტიკულად ანონიმურ რეჟიმში ნაკეთები საქმეები ყველაზე ნათლად მეტყველებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ეპიდემიის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ დაკავებულია პარტიული საქმიანობით და მისი საქმეების ჩამონათვალსაც თან ურთავს პოსტს. წაიკითხე მეტი აქ.

COVID-19-ის ერთი თვე: სახლში ყოფნასაც ჰქონია საზღვარი

ერთი თვის წინ, ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე დიდი შემართებით ჩაება კერძების შინ მომზადების პროცესში. მაგრამ გავიდა ერთი თვე და კეთებაც მობეზრდა და, ცოტა არ იყოს, ჭამაც. თან, ძალიან მოიმატა და, მისი სიტყვებით რომ ვთქვა, თავისი წონის ისტორიულ მაქსიმუმსაც მიაღწია:

ხომ გახსოვთ, წინა ინტერვიუში ხახვს რომ ვჭრიდი? ესეც მომბეზრდა და საერთოდაც, დიეტა დავიწყე. და რადგან გარეთ ჰაერიც შედარებით დაიწმინდა და მანქანებიც დროებით აღარ დადიან, ახლა უფრო სასიამოვნოა ცოტა ხნით გარეთ გასეირნება. ამიტომ, თუ ერთი თვის წინ შეშინებულები სახლში ვისხედით, ამ ბოლო დროს ცოტა გავთამამდი და ჩემი ორი წლის ეველინიც მიმყავს ხოლმე სასეირნოდ“.

საამისოდ დილას არჩევს, როცა გარეთ ნაკლები ხალხი დადის და ქუთაისშიც ჰაერი უფრო სუფთაა. დისტანციით და ყველა წესის დაცვითო, ამბობს.

ამ ბოლო დროს ცდილობს, რამდენიმე კილომეტრი გაიაროს ფეხით და ის ისტორიული წონა სასურველზე ჩამოიყვანოს. მკაცრი კარანტინი კვირაში ერთხელ რადიოში წასვლით ირღვევა, სადაც დათოს თავისი გადაცემა მიჰყავს - აქაც დისტანციური სტუმრებით.

ახლა ნამდვილი სკოლა, ნამდვილი სამსახური და ნამდვილი სეირნობა ყველას ენატრება. როგორ შეცვალა პანდემიამ ყველა ასაკის ადამიანის ცხოვრება და როგორ დარჩა გაზაფხული 2020 მხოლოდ კალენდრის ფურცლებზე, წაიკითხე ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

რა საერთო აქვს ირაკლი ღარიბაშვილს ლეონარდო დიკაპრიოსთან, დედოფალ ვიქტორიასთან, ვლადიმირ პუტინთან ან პაბლო პიკასოსთან? თავდაცვის მინისტრის „დიდი გართულება“, „პატარა პრინცი“ და სხვა ცნობილი ბრენდების ძვირფასი მოდელების საათები გიორგი მგელაძის ჟურნალისტურ გამოძიებაში.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG