Accessibility links

site logo site logo

საპროტესტო აქციები და გახელაძის ოჯახის მოლოდინი


ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის განაჩენის გამოცხადების შემდეგ საქართველოში საპროტესტო აქციები უკვე ყოველდღიურად იმართება.

5 თებერვალს ზაზას ოჯახმა ყურადღების მისაქცევად საპროტესტო აქცია გამართა და ხელისუფლებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა, მომდევნო დღეებში კი იმავე მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები გამოვიდნენ. გახელაძის ოჯახში გრძნობენ, რომ როგორც კი ქვეყნის შიგნით სახელისუფლებო და სამოქალაქო ჩართულობა იზრდება, პარალელურად საერთაშორისო რეაქციაც აქტიურდება ხოლმე. ეს მოვლენები ოჯახს იმედს უჩენს, რომ ცხინვალის ციხის პატიმარი მალე გათავისუფლდება. ზაზა გახელაძის დედას, ნანა ბუნტურს, იმედი აქვს, რომ მისი ცრემლები საოკუპაციო რეჟიმსაც გულს მოულბობს.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - „სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა“ და „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა“.

ბრალდების მხარე გახელაძისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. ამ განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს კოლეგიაში. გახელაძის სახაზინო ადვოკატი 5 თებერვლის შემდეგ ოჯახს აღარ დაჰკავშირებია. მან ახლობელს დააბარა, რომ პატიმარი გათავისუფლების იმედს არ კარგავს და მხნედ არის. ზაზას ცოლი, ირმა ბუთხუზი, ელოდება, რომ განაჩენის შემდეგ მოლაპარაკებები სხვა ეტაპზე გადავა და როგორც საქართველოს ხელისუფლება, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები უფრო ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ.

7 თვეა, ზაზა გახელაძე ცხინვალის ციხეში იმყოფება, თუმცა ეს არ არის საქართველოს მოქალაქის პატიმრობის ყველაზე ხანგრძლივი შემთხვევა. 2016 წელს იძულებით გადაადგილებული პირი, გიორგი გიუნაშვილი, საოკუპაციო ძალებმა დააკავეს და მას ტერორისტულ-დივერსიული საქმიანობის ბრალდებით 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 18- თვიანი პატიმრობის შემდეგ, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, პრინციპით „ყველა-ყველაზე“ პატიმრების გაცვლით გიორგი 2017 წლის ბოლოს ოჯახს დაუბრუნდა. გარდა ოფიციალური მოლაპარაკებებისა, დაკავებულთა გათავისუფლების პროცესში არაფორმალური კავშირების ამოქმედებაც ხდება ხოლმე. მაგალითად, მაია ოთინაშვილისა და ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში ქართველი და ოსი სპორტსმენები, ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლები იყვნენ ჩართული. ჯერჯერობით უცნობია, გახელაძის შემთხვევაში მოქმედებს თუ არა არაფორმალური კავშირები. ზაზას ოჯახი ახლა „ინციდენტების პრევენციის“ შეხვედრისა და კარასინ-აბაშიძის ფორმატში ზაზას გათავისუფლების საკითხის განხილვას ელოდება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მხარეებთან უკვე დაიწყო კონსულტაციები და, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ გახელაძემ სამხედრო მოსამსახურეს ესროლა, თუმცა სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.

ზაზა გახელაძის ოჯახში ახლა ხელისუფლების მიერ ცხინვალის ციხის პატიმრის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელოდებიან. ზაზას ცოლი, ირმა ბუთხუზი, ამბობს, რომ თუ აქტიური ქმედებები ვერ ნახეს, ქუჩაში ისევ გავლენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG