Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის წესები შეიმუშავა


ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა COVID 19-ის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები შეიმუშავეს. დოკუმენტი რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტრომ მიაწოდა. რეკომენდაციები კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების გვამიდან ვირუსის გადადების რისკების შესამცირებლად შეიქმნა.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის 25 მარტის ბრძანებისა და #16 დანართის თანახმად:

  • კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანი თავსდება გვამის ჩანთაში და გარედან უკეთდება ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლო;
  • ხდება გვამის ჩანთის დეზინფიცირება;
  • სამკურნალო დაწესებულებიდან გვამის გადასვენება ხდება სასახლით, რომელშიც გარდაცვლილი თავსდება გვამის ჩანთით და რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია.
  • საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება.

გადადის თუ არა კორონავირუსი გვამთან შეხებით, ამ კითხვაზე დადასტურებული პასუხი, ამ ეტაპზე, არ არსებობს. ჯანდაცვის სპეციალისტების განმარტებით, ამის რისკი მცირეა, თუმცა სხვადასხვა ქვეყანა სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს მიმართავს.

აქვს თუ არა საქართველოს კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტის დაკრძალვის პროტოკოლი, ამ საკითხით რადიო თავისუფლება მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ესპანეთმა საქართველოს უარი უთხრა იქ გარდაცვლილი საქართველოს სამი მოქალაქის გადმოსვენებაზე. ამის ერთ-ერთ მიზეზად ესპანეთის საავადმყოფოებსა და ესპანეთში საქართველოს საელჩოში, დასახელდა გვამისგან ვირუსით ინფიცირების საფრთხე.

„დავპირდით, რომ კუბოს თავს არ ავხდიდით და ისე წავასვენებდით, მაგრამ მაინც უარი გვითხრეს“

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილ 34 წლის ცირა ალიხანაშვილს, 27 მარტს, მადრიდრის სასაფლაოს აკლდამაში დაკრძალავენ. ცირას ოჯახმა უარი თქვა კრემაციაზე. მათ მიცვალებულის საქართველოში გადმოსვენებაში დახმარების თხოვნით ესპანეთში საქართველოს საელჩოს მიმართეს. თუმცა, როგორც საელჩოში განუმარტეს, ესპანეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილების თანახმად, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს ან კრემაციას უტარებენ, ან ესპანეთშივე კრძალავენ. ოჯახის წევრებს კი მხოლოდ 5-6 წლის შემდეგ შეეძლებათ მათი სამშობლოში გადასვენება.

როგორც ცირა ალიხანაშვილის მული, ხათუნა ნაჭყებია ეუბნება რადიო თავისუფლებას, ოჯახის წევრებს მიცვალებულთან გამომშვიდობების საშუალება არ ექნებათ:

„ჩვენ არ გვინახავს ცირას გვამი. მისი ნივთებიც კი დალუქულია. როგორც საავადმყოფოში განგვიმარტეს, არსებობს ინფიცირების რისკი და ამიტომ, მას პირდაპირ გადაასვენებენ აკლდამაში. ჩემ ძმას მისცემენ სპეციალურ ნომერს და ეცოდინება, სად არის დაკრძალული. საქართველოს საელჩო ცდილობდა დაგვხმარებოდა, მაგრამ ესპანეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, სამწუხაროდ, ვერ ეწინააღმდეგება. ვითხოვე გამონაკლისი, რომ დაელუქათ კუბო, არ ავხდიდით, ისე გაეტანებინათ ჩვენთვის, რომ თავის მიწა-წყალზე დაგვეკრძალა და დაეტირა დედას და შვილებს, მაგრამ საელჩოშიც ამიხსნეს, რომ იმიტომ არ ხერხდება გადასვენება, რომ კორონავირუსით არის დაღუპულიო და შესაძლოა, გვამიდანაც დაინფიცირდეს ადამიანიო. ჩემმა ძმამ უკვე მოაწერა ხელი დოკუმენტს ცირას აკლდამაში დაკრძალვის თანხმობაზე. მას აუცილებლად ჩამოვასვენებთ საქართველოში. შვილებს ექნებათ დედის საფლავი. დედას კი შვილის საფლავი“.

ცირა ალიხანაშვილი და ხათუნა ნაჭყებია
ცირა ალიხანაშვილი და ხათუნა ნაჭყებია

34 წლის ცირა ალიხანაშვილი და მისი მეუღლე ესპანეთში, 2 მარტს მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც ქალს საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ცირა მადრიდის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადიოდა ქიმიოთერაპიის კურსს. კორონავირუსით ის სწორედ საავადმყოფოში დაინფიცირდა.

უკვე დაკრძალეს ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 74 წლის დოდო ასამბაძე. ქალაქ არნედოში მან 20 წელი იცხოვრა. როგორც მისი ახლობელი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ქალი გარდაცვალების დღესვე, არნედოს სასაფლაოს აკლდამაში, სამგლოვიარო ცერემონიალის გარეშე, პირდაპირ საავადმყოფოდან გადაასვენეს:

„კარგად ვიცნობდით, ძალიან თბილი ადამიანი იყო. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს აწუხებდა ძალიან ბევრი სახის ქრონიკული დაავადება, გული, თირკმელი. სანამ გარდაიცვლებოდა, ერთი კვირის გამოსული იყო ჰოსპიტლიდან და ძალიან უნდოდა საქართველოში დაბრუნება. სამწუხაროდ, გზები უკვე ჩაკეტილი იყო. არნედოელები ვგლოვობთ და იმედია, გზები გაიხსნება, მის ცხედარს გადაასვენებენ სამშობლოში და ქალიშვილის გვერდით, ბათუმში, დაკრძალავენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრემაციის გადაწყვეტილება მიიღეს ბარსელონაში გარდაცვლილი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, 73 წლის კაცის ოჯახის წევრებმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, „მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ჩვეულებრივი გადმოსვენების პროცედურა ვეღარ მოქმედებს. ჯანდაცვის მსოფლოს ორგანიზაციას აქვს მკაცრად განსაზღვრული პროტოკოლი კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვის, რომლის დაცვის ვალდებულებაც აქვს წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის ესპანეთს“.

როგორ კრძალავს მსოფლიო კორონავირუსით გარდაცვლილებს?

მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და პათოლოგიური ანატომიის საზოგადოებას, ამ ეტაპზე, არ აქვს მყარი მტკიცებულებები იმისა, რომ გვამთან შეხება შესაძლოა ზრდიდეს კორონავირუსით ინფიცირების რისკს, COVID 19-ით გარდაცვლილი ადამიანების ახლობლებს არ ეძლევათ ოჯახის წევრთან გამომშვიდობების შესაძლებლობა.

როგორც ესპანურ გაზეთ „ელ პაისს“ ესპანეთში მოქმედი ერთ-ერთი სარიტუალო მომსახურების კომპანიის ხელმძღვანელი, ხუან დომინგო ეუბნება, „ეს შეზღუდვები საჭიროა გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და სარიტუალო მომსახურების თანამშრომლების უსაფრთხოების დასაცავად“.

ესპანეთი, სამედიცინო პერსონალს კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანი მიჰყავს, 25 მარტი.
ესპანეთი, სამედიცინო პერსონალს კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანი მიჰყავს, 25 მარტი.

კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის სპეციალური წესები შემოიღეს ისრაელშიც. ისრაელის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გვამი უნდა დაიფაროს გაუმტარი პლასტმასით და მხოლოდ მას შემდეგ დაიკრძალოს.

ირლანდიის ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინი კი მოუწოდებს სარიტუალო მომსახურების თანამშრომლებს, მიცვალებულებთან კონტაქტის შემთხვევაში, გვამს გაუკეთონ პირბადე, რაკიღა გარდაცვალებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მიცვალებულის ფილტვებიდან გამოიფრქვევა მცირე წვეთები, რაც ინფიცირების რისკს ზრდის.

ახლობლებთან გამომშვიდობების საშუალება არ ეძლევათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, იტალიასა და ირანშიც. იქ აკრძალულია სამგლოვიარო რიტუალები და გარდაცვლილის ოჯახის წევრები ან საერთოდ ვერ ესწრებიან დაკრძალვის ცერემონიალს, ან შორიდან ადევნებენ მას თვალს.

26 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 22 329 ადამიანია გარდაცვლილი. ინფიცირებულია 338 268 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული არცერთი პაციენტი არ გარდაცვლილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG