Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტელევიზიის თანამშრომლების მიმართ ხორციელდებოდა დევნა“ - სახალხო დამცველი გენპროკურატურას მიმართავს


საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურორს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა შესაძლო დევნის ფაქტებზე გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა.

„საქმის გარემოებების შესწავლით გაირკვა, რომ ტელევიზიის თანამშრომლების მიმართ ხორციელდებოდა დევნა, განსხვავებული აზრის, კერძოდ, მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე ღიად დაფიქსირებული კრიტიკული მოსაზრებების გამო. დაუსაბუთებლად ან, ფაქტობრივად, არასწორი დასაბუთებით ხდებოდა კონკრეტული თანამშრომლებისთვის ფუნქციების ცალმხრივად შეცვლა, დისციპლინური დევნის დაწყება და სამსახურიდან გათავისუფლება, რომლის მოტივიც ხსენებული პირების მხრიდან კრიტიკული აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იყო. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ თანამშრომლების მიმართ განხორციელებული მოქმედებები, რომელიც შეიცავს შესაძლო დევნის ნიშნებს, საგამოძიებო უწყების მხრიდან ადეკვატურ შეფასებას, გამოძიების დაწყებასა და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარებას საჭიროებს“, - წერია სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაში.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოში შრომითი უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად წლის დასაწყისში შექმნილ ალტერნატიულ პროფკავშირებში გაწევრიანებული ჟურნალისტები მაუწყებლის დირექტორს, გოგა კოხრეიძეს, სასამართლოში უჩივიან. მათი ნაწილი სამსახურიდან გათავისუფლების, ნაწილი თანამდებობრივი პოზიციის შეცვლის, ნაწილი კი ფუნქციის შეცვლის გამო დავობს. მაუწყებლის ორმა ყოფილმა ჟურნალისტმა აჭარის პროკურატურასაც მიმართა და მენეჯმენტის მხრიდან მათი დევნის საქმის შესწავლაც მოითხოვა. ერთ-ერთი მომჩივანია ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე და გადაცემა „ჰეშთეგის“ ყოფილი წამყვანი მალხაზ რეხვიაშვილი, რომელიც იხსენებს, რომ პროკურატურაში საჩივარი აპრილის თვეში შეიტანა, გამოკითხვაზე კი მაისის თვეში დაიბარეს, თუმცა მას შემდეგ საგამოძიებო უწყების მოქმედებაზე ინფორმაცია არ აქვს. ფეისბუკპოსტის გამო სამსახურიდან გათავისუფლებული ჟურნალისტი ამბობს, რომ სახალხო დამცველის მიმართვას სასამართლო დავების განხილვისას გამოიყენებენ. სასამართლოში მაუწყებლის 10-ზე მეტი ჟურნალისტი 15 სარჩელით ედავება დირექტორს.

„ვებსამსახურის ხელმძღვანელს, სოფო ჟღენტს, უფლებამოსილება არ დაუტოვა დირექტორმა, ამის გამო ტელევიზიის ჟურნალისტმა თეონა თურმანიძემ პროტესტი ფეისბუკში დააფიქსირა, რაც მას დამსაქმებლის დისკრედიტაციად ჩაუთვალეს და ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე ეთერიდან მოხსნეს. ამავე დროს, ახლად გამოქვეყნებული იყო წესი სოციალურ ქსელში ქცევის შესახებ, რომელიც მენეჯმენტმა მიიღო. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მენეჯმენტმა ამით იხელმძღვანელა, თუმცა ახალი წესით ვერ იხელმძღვანელებდა წარსულში მომხდარ ამბავზე და სწორედ ამაზე დავწერე მე ფეისბუკპოსტში, როდესაც თეონას ვიცავდი და მერე მე მითხრეს, ცილი დაგვწამე, რადგან მაგ წესით კი არა, თეონას ხელშეკრულებით ვიხელმძღვანელეთ და მოვხსენითო, მე კი ცილისწამებისთვის გამათავისუფლეს“, - ამბობს ჟურნალისტი.

მალხაზ რეხვიაშვილი შენიშნავს, რომ პროფკავშირების 15 სარჩელიდან ერთ-ერთით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სწორედ დირექტორის დადგენილება გაასაჩივრეს სოციალურ ქსელში ქცევის წესის შესახებ, რის საფუძველზეც ჟურნალისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ტელევიზიის ჟურნალისტი კი ეთერიდან მოხსნეს. მისივე ინფორმაციით, სასამართლომ ამ წესის გამოყენება დროებით შეაჩერა, ვიდრე არ იმსჯელებს, ზღუდავს თუ არა იგი ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებას.

სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული მიმართვის შესახებ დღეს ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი გოგა კოხრეიძე კომენტარს არ აკეთებს. მაუწყებლის მენეჯმენტის პოზიცია საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ფირუზ ბოლქვაძემ გაახმიანა და სახალხო დამცველს ბრალდებითვე უპასუხა:

„სახეზეა შერჩევითი რეაგირება თანამშრომელთა უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე სახალხო დამცველის მხრიდან. მაუწყებელი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველი მაუწყებელში განვითარებული პროცესების შეფასებაში არის მიკერძოებული. პასუხი უკვე გასაგებია: ერთადერთი მიზანი ამ მიმართვისა გენერალური პროკურორისადმი არის ის, რომ როგორმე მაუწყებელში შენარჩუნდეს დაძაბულობა და არაჯანსაღი, სტრესული ფონი. ამ მიმართვის სხვა მიზანს ჩვენ ვერ ვხედავთ, მით უმეტეს, მსგავსი ტიპის მიმართვაზე აჭარის პროკურატურამ უარი თქვა გამოძიების დაწყებაზე, იმიტომ რომ ვერ დაინახა მიმართვის ფაქტობრივ გარემოებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები“.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების მიერ ახლად შექმნილმა პროფკავშირულმა ორგანიზაციამ შრომითი უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად მიმდინარე წლის მარტში გაფიცვა სცადა და ამის უფლებაც მიიღო, მაგრამ პანდემიის გამო განზრახვა აღსრულება გადადო. პროფკავშირებში გაერთიანებულ 80-მდე ჟურნალისტთან მედიაციის პროცესი არ შედგა, მაუწყებლის მენეჯმენტმა კი ჟურნალისტების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლა, ნაწილი სხვა პოზიციაზე გადაიყვანა, ხოლო ნაწილი საქმიანობას ჩამოაშორა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG