Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სინოდის სხდომის წინასწარ გასაჯაროებული თემები


საპატრიარქო
საპატრიარქო

წმინდა სინოდის სხდომაზე 8 თვის განმავლობაში დაგროვილ საკითხებზე იმსჯელეს. სხდომიდან გამოსულმა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა) განმარტა, რომ მეუფე შიო (მუჯირი) პატრიარქის ტახტის თანამოსაყდრედ დასახელდა და მას ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება მიენიჭა. ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება მღვდელმსახურის თავსაბურავზე მართლმადიდებლური ეკლესიის უმაღლესი ჯილდოა.​

“მეუფე შიო დასახელებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის თანამოსაყდრედ. დებულებიდან გამომდინარე, არსებობდა შეკითხვა, რომელსაც გაეცა პასუხი”, - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ.

მანვე ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ ე. წ. „ციანიდის საქმის“ საკითხი სინოდის სხდომაზე „ზოგადად იყო დასმული“, მას კონტექსტი არ დაუკონკრეტებია, თუმცა თავისი პოზიცია ამ საკითხზე ხელისუფლების ქმედებებთან მიმართებით გამოხატა.

„ხელისუფლებამ უნდა შეძლოს აღიარება, რომ ცოდვა ჩაიდინა „ციანიდის საქმესთან“ მიმართებაში. ეს იყო ბოროტება და უნდა მოინანიოს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ.

სინოდის სხდომის წინასწარ გასაჯაროებული თემები
please wait

No media source currently available

0:00 0:00:51 0:00

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, სინოდის სხდომაზე უნდა განხილულიყო, იყო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების მიმართ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება. როგორც წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ (შიოშვილი) განმარტა, „ავტოკეფალიაზე მოისმინა ეკლესიამ... სწავლობს ახლა ამ საკითხს და მომავალში გამოიტანს დადგენილებას“.

„ამ თემაზე კონსტანტინოპოლი მუშაობს“, - თქვა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა), რომლის განმარტებით, „უამრავი შეკითხვაა და ჩვენც პარალელურ რეჟიმში ვიფიქრებთ და ვიმუშავებთ. ჩემი პოზიციაა, რომ უკრაინას, 40-მილიონიან ქვეყანას, უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია და დამპყრობელი ქვეყნის [რუსეთის] პირველ იერარქს არ უნდა იხსენიებდეს ლოცვებში და არ ექვემდებარებოდეს მას ეკლესიურად, მაგრამ პროცესუალურად ეს საკითხი დროში გაიწელება”, – განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ მას შემდეგ, რაც საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა.

რთული საკითხია, რასაც უკრაინა ითხოვს. ამას კანონიკური ნორმები განსაზღვრავს და ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობა რთული იქნება.
მიქაელ ბოტკოველი

უკრაინის ეკლესია რუსეთის ეკლესიისგან გამოყოფას ითხოვს. ავტოკეფალიის მოთხოვნას მხარი დაუჭირა უკრაინის პარლამენტმაც.

თბილისში 16 ივნისს შეხვედრა შედგა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესა და მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო და სასულიერო პირებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

როგორც მაშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან მიქაელ ბოტკოველისგან გახდა ცნობილი, მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრები - გალიის მიტროპოლიტი ემანუელი და სმირნის მიტროპოლიტი ბართლომეოსი - კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისთვის მსოფლიო პატრიარქის პოზიციის გასაცნობად ჩამოვიდნენ, რაც დაკავშირებულია უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან.

უფრო ადრე, 5 ივნისს, უკრაინის თემაზე საპატრიარქოში რუსული ეკლესიის დელეგაციამაც გამართა შეხვედრა. მაშინ პატრიაქრის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია უკრაინის ეკლესიის ურთულეს საკითხზე „მოზომილი“ იქნება.

„...მოზომილი და ისეთი, როგორც ეკლესიები შეთანხმდებიან. რთული საკითხია, რასაც უკრაინა ითხოვს. ამას კანონიკური ნორმები განსაზღვრავს და ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობა რთული იქნება“, - განაცხადა საქართველოს პატრიარქის მდივანმა.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG