Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანი და ბაქო კვლავ თოფის სამიზნიდან უყურებენ ერთმანეთს - რა ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე


სომხეთის არმიის ჯარისკაცი აზერბაიჯანის საზღვართან. 2021 წლის 22 ივლისი
სომხეთის არმიის ჯარისკაცი აზერბაიჯანის საზღვართან. 2021 წლის 22 ივლისი

ერევანი თავის სტრატეგიულ მოკავშირე რუსეთს სთხოვს, დაიცვას სუვერენული სომხეთი აზერბაიჯანის აგრესიისგან მას შემდეგ, რაც მტრულად განწყობილი ორი სამხრეთკავკასიელი მეზობელი, მთიანი ყარაბაღის გარშემო შარშანდელი 44-დღიანი ომის ზავით დასრულების წლისთავზე, კვლავ აღმოჩნდა ჩათრეული მორიგ სასაზღვრო კონფლიქტში.

ბოლო სამი დღის განმავლობაში დაპირისპირებული მხარეები ურთიერთგამომრიცხავ და საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებენ ინტენსიური ბრძოლების შედეგად დაჭრილების, დახოცილებისა და დატყვევებული სამხედროების შესახებ.

ამასთან, ჯერჯერობით გაუგებარია, თუ რამ გამოიწვია მორიგი ესკალაცია შარშანდელი ფართომასშტაბიანი ბრძოლების დასრულების წლისთავზე.

16 ნოემბერს, უკვე საღამოს 16:00 საათზე, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, სომხეთის საზღვრებში შეჭრილმა აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფმა ტყვედ აიყვანა 12 სომეხი ჯარისკაცი.

უფრო ადრე, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა, საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთმა თხოვნით მიმართა რუსეთს, დაიცვას სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობა.

მწვავე რეაქცია სასაზღვრო ინციდენტზე

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 16 ნოემბერს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა მოიგერიეს სომხეთის არმიის მხრიდან არტილერიისა და მძიმე ტექნიკის საშუალებით განხორციელებული „მასშტაბური პროვოკაცია“, რომლის დროსაც ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიჭრა.

პასუხად, სომხეთის სამხედრო უწყებამ აზერბაიჯანი დაადანაშაულა მოსაზღვრე ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონებში, შავი ტბის მახლობლად მდებარე სომხეთის პოზიციების ინტენსიურ დაბომბვაში. ერევანი ამტკიცებს, რომ საპასუხო სროლის შედეგად აზერბაიჯანმა დაკარგა „დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა“, სომხეთის დანაკარგი კი ოთხი დაჭრილი ჯარისკაცით შემოიფარგლება.

ამ ინფორმაციის ფონზე უცნაურად გამოიყურება სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილება.

15 ნოემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის საზღვართან შექმნილი რთული ოპერატიული ვითარების გამო, თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, არშაკ კარაპეტიანი.

სომეხი ანალიტიკოსი, რუბენ მეჰრაბიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ სომხეთის თავდაცვითმა ძალებმა, როგორც ჩანს, ვერ მოახერხეს ერთ-ერთ მონაკვეთზე შეტევის მოგერიება.

„ამან წარმოშვა შეკითხვები არა თავდაცვის მინისტრის პიროვნების გარშემო, არამედ მოხდა იმის გაცნობიერება, რომ საჭიროა მიდგომების შეცვლა და რომ თავდაცვის სამინისტროს უნდა ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელიც პოლიტიკური გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურაა. თავდაცვის მინისტრის პოსტზე ვიცე-პრემიერ სურენ პაპიკიანის წარდგენით ფაშინიანი ცდილობს, კიდევ უფრო კონსოლიდირებული გახადოს აღმასრულებელი ვერტიკალი და აამაღლოს სამხედრო უწყების პოლიტიკური პასუხისმგებლობის დონე. დღესდღეობით თავდაცვის უწყება მნიშვნელოვან როლს თამაშობს შიდაპოლიტიკური ვითარების ფორმირებაში. ყველას გვესმის, რომ როდესაც საზღვარზე ისვრიან, ეს პოლიტიკურად მაშინვე იგრძნობა ერევანში“, - ამბობს რუბენ მეჰრაბიანი, სომხეთის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის ექსპერტი.

სასაზღვრო დაპირისპირებამ გამოძახილი მალევე ჰპოვა სომხეთის პოლიტიკურ სპექტრში. 16 ნოემბერს სომხეთის ორმა ოპოზიციურმა საპარლამენტო პარტიამ, „ჰაიასტანმა“ და „პატივ უნემმა“ („მაქვს პატივი“), პროტესტის ნიშნად უარი თქვა საპარლამენტო სხდომებში მონაწილეობაზე მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვა დღის წესრიგში შეეტანა აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი ინციდენტის შესახებ მოსმენის გამართვის საკითხი.

„ოპოზიციურმა ფრაქციებმა მოვითხოვეთ სპეციალური სხდომის ჩატარება და მთავრობისგან პასუხების მოსმენა, თუ რა ხდება ჩვენი სამშობლოს საზღვარზე. მაგრამ ჩვენი მოთხოვნა ჩააგდო მმართველმა უმრავლესობამ. ამის ნაცვლად, ეროვნული ასამბლეის დღის წესრიგში ჩვენ ვხედავთ ისეთ საკითხს, როგორიცაა ვერცხლისწყლის უტილიზაცია“, - განაცხადა 16 ნოემბერს პარტია „პატივ უნემის“ ფრაქციის მდივანმა, ჰაიკ მამიჯანიანმა.

მისი თქმით, ფრაქცია მხოლოდ მაშინ დაბრუნდება დარბაზში, როდესაც პარლამენტში სომხეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა დაიწყება. ასეთი მნიშვნელოვანი საკითხია მთიანი ყარაბაღის გარშემო შარშანდელი 44-დღიანი ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგული ათობით სამხედრო და სამოქალაქო პირის ბედი.

„შარშანდელი 44-დღიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანის ტყვეობაში უნდა იმყოფებოდეს დაახლოებით 40 ადამიანი. ისინი გამოჩნდნენ სხვადასხვა აზერბაიჯანულ ვიდეომასალაში, რომელიც მოწმობს, რომ ისინი ტყვეობაში უნდა იმყოფებოდნენ. მაგრამ აზერბაიჯანი არ ადასტურებს თავისთან მათ ყოფნას. ასე რომ, გაუგებარია, ეს ხალხი უგზო-უკვლოდ დაკარგულია თუ დატყვევებული“, - ამბობს მეჰრაბიანი.

მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანმა სომხეთთან კონფლიქტის დროს დაკავებული 15 მოქალაქე გაათავისუფლა.

მოლაპარაკების ერთ-ერთი პირობა იყო აზერბაიჯანისათვის დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემა, რაც შეფასდა, როგორც განსაკუთრებული ნაბიჯი სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად.

საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ეკლიანი პროცესი

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო 2020 წლის 27 სექტემბრის შემდეგ განახლებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა.

44-დღიანი ომის შედეგად აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, 4 რაიონზე, რომლებიც ეთნიკური სომხების ხელთ იყო 1994 წლიდან.

2020 წლის 10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას, რომლის შედეგად სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა კიდევ სამი - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის - რაიონი.

შარშანვე რუსეთი გამოვიდა ერთობლივი კომისიის შექმნის წინადადებით, რომელსაც უნდა ემუშავა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხებზე.

შარშანდელი 44-დღიანი ომის დასრულების შემდეგ, სომხეთმა არაერთგზის დაადანაშაულა აზერბაიჯანელი სამხედროები საზღვრის დარღვევასა და შეიარაღებულ თავდასხმაში სიუნიქისა და გეღარქუნიქის სასაზღვრო რაიონებში.

აზერბაიჯანი კი სასაზღვრო პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს სომხეთს, რომელსაც მთიანი ყარაბაღის გარშემო შარშან განცდილი მწარე მარცხის შემდეგ აღარ სურს ისევ აღმოჩნდეს დამარცხებულის როლში და თავისი ნებით თქვას უარი მთიან ყარაბაღზე.

„დაძაბულობა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სწორედ ამით არის განპირობებული. ანუ აზერბაიჯანი დაინტერესებულია საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესით, სომხეთი კი - არა. სომხეთი შიშობს, რომ აზერბაიჯანთან არსებული საზღვრის აღიარების შემთხვევაში, მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღმოჩნდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა მეხმან ალიევმა.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გახშირებული სასაზღვრო ინციდენტები ნამდვილად არ უწყობს ხელს სასაზღვრო დავების გადაჭრას და გრძელვადიან სტაბილურობას შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე.

13 ნოემბერს დროებით დაიხურა მთიანი ყარაბაღის სომხებით დასახლებული რაიონებისა და სომხეთის დამაკავშირებელი დერეფანი, რომელსაც რუსეთის ჯარები აკონტროლებენ. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც, როგორც იტყობინებიან, აზერბაიჯანის საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლეს.

ინციდენტი მოხდა ხუთ დღეში მას მერე, რაც აზერბაიჯანის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს ერთი სომეხი სამოქალაქო პირი და სამი დაჭრეს, როცა ისინი მთიანი ყარაბაღის ქალაქ შუშის მახლობლად წყალგაყვანილობის მილის შესაკეთებელ სამუშაოებს ასრულებდნენ 8 ნოემბერს.

ოთხშაბათს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებით მიმართა რუსეთს, ეუთოს მინსკის ჯგუფსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (OCST), რათა ჩაერიონ და სუვერენული სომხეთის ტერიტორიიდან „გააძევონ აზერბაიჯანის“ შეიარაღებული ძალები.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG