Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში აქციების ფონზე რუსეთი იწყებს სამშვიდობო მისიას ყარაბაღში


რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებმა სომხეთში უკვე გადაისროლეს 400-ზე მეტი ჯარისკაცი და რამდენიმე ათეული საბრძოლო ტექნიკა.
რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებმა სომხეთში უკვე გადაისროლეს 400-ზე მეტი ჯარისკაცი და რამდენიმე ათეული საბრძოლო ტექნიკა.

11 ნოემბრის შუადღით ერევნის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, სპეცდანიშნულების რაზმი და დემონსტრანტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ანტისამთავრობო აქციაზე, რომლის მონაწილეებიც ეროვნული ინტერესების ღალატში სდებენ ბრალს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და მის გადადგომას მოითხოვენ აზერბაიჯანთან გაფორმებული კაპიტულანტური შეთანხმების გამო.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ უშიშროების წარმომადგენლებმა დააკავეს ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი, გაგიკ წარუკიანი, დღევანდელი ანტისამთავრობო მიტინგის ერთ-ერთი ინიციატორი.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, დაკავებულთა შორის არის ასევე სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წევრი ვაგრამ ბაღდასარიანი, საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი.

დღესვე სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოში გამოძახებული იყო სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, მაგრამ ბოლო მომენტში გავრცელდა ცნობა მისი დაკითხვის გაურკვეველი ვადით გადადების შესახებ.

ვის სურს „მღვრიე წყალში თევზის დაჭერა“?

დღევანდელი საპროტესტო აქციის დაწყებამდე სომხეთის ვიცე-პრემიერმა, ტიგრან ავინიანმა, ოპოზიციას შეახსენა, რომ მთიან ყარაბაღში მიმდინარე სისხლისმღვრელი ბრძოლების გამო ქვეყანაში ფორმალურად კვლავ მოქმედებს საომარი მდგომარეობა და გააფრთხილა, რომ ხელისუფლება მკაცრად დაუპირისპირდება „სახელმწიფო გადატრიალების“ მცდელობას.

წინა დღით ერევანში დააკავეს 6 პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ხელისუფლების მიტაცებისა და კონსტიტუციური წყობის დამხობისკენ მოწოდებებში.

მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ მოთხოვნებს, სომხეთის ვიცე-პრემიერი ტიგრან ავინიანი მათ ლეგიტიმურად მიიჩნევს და არ გამორიცხავს, რომ დღის წესრიგში დადგეს ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობის გადადგომა.

„მინდა დავარწმუნო ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც კომენდანტის საათის მოქმედების დროს ცდილობს მღვრიე წყალში თევზის დაჭერას, ამ საკითხში თავის ნებაზე არავის მივუშვებთ. თუ საჭირო გახდება, ეს მთავრობა წავა და არჩეული იქნება ახალი მთავრობა, მაგრამ ჩვენი გუნდი და პირადად მე არ დავუშვებთ არანაირ გადატრიალებას“, - განაცხადა სომხეთის ვიცე-პრემიერმა.

არგუმენტი, რომლისაც ოპოზიციას არ სჯერა

„მოღალატე ნიკოლი, მოღალატე ნიკოლი“, - გაიძახოდა ერევნის ცენტრში 11 ნოემბერს შეკრებილი ათასობით დემონსტრანტი იმ დროს, როდესაც მათი რისხვის ადრესატი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ბრბოს მიერ იავარქმნილი მისი სამუშაო რეზიდენციიდან შორს მყოფი, დისტანციური მიმართვებით მეორე დღეა ცდილობს დაარწმუნოს განრისხებული ოპონენტები, რომ სამმხრივი შეთანხმებით მან კი არ ჩააბარა მთიანი ყარაბაღი, არამედ დაცემას გადაარჩინა მისი დედაქალაქი სტეფანაკერტი, ხოლო არმია - დაღუპვას.

„იმ მომენტში შეიქმნა სიტუაცია, როდესაც სტეფანაკერტი პირდაპირ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. არცახის (მთიანი ყარაბაღის) პრეზიდენტის შეიარაღებული ძალების შტაბის შეფასებით, სტეფანაკერტი ძალიან სუსტად ან სიმბოლურად იყო დაცული. სტეფანაკერტი რომ აეღოთ, ათასობით ჩვენი ჯარისკაცი აღმოჩნდებოდა ალყაში და შედეგად დავკარგავდით დანარჩენ (ტერიტორიებსაც), რაც ამ დოკუმენტით შევინარჩუნეთ. მთელი სიმართლე ესაა“, - განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრს მხარს უბამს სომხეთის თავდაცვის მინისტრი, დავიდ ტონოიანი, რომელიც ირწმუნება, რომ რუსი სამშვიდობოების შეყვანა კონფლიქტის ზონაში იყო ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც შეიძლებოდა მიეღო სომხეთის ხელისუფლებას იმ ფონზე, როდესაც მოწინააღმდეგეს ჰქონდა აბსოლუტური უპირატესობა ჰაერში თურქეთიდან მიღებული დახმარების წყალობით.

მაგრამ სომხეთის მთავრობის წევრების ეს არგუმენტები უკვე აღარ ჭრის ოპოზიციურ გაერთიანებასა და მის მომხრეებზე.

„ეს ომი მოგვიტანა ფაშინიანმა და მისმა არათანამიმდევრულმა პოლიტიკამ“, - განაცხადა 11 ნოემბერს ანტისამთავრობო მიტინგზე გამოსვლისას პარტია „დაშკანციუტუნის“ (სომხეთის რევოლუციური ფედერაციის) ლიდერმა იშხან საგატელიანმა. "მთელი ომის მანძილზე იგი (ფაშინიანი) ავლენდა უმოქმედობას და ღალატს“.

მიტინგზე იშხან საგატელიანმა წაიკითხა ერთობლივი მიმართვა, რომელშიც ოპოზიცია ნიკოლ ფაშინიანს მოუწოდებს ძალაუფლება გადააბაროს „სამშობლოს ხსნის კომიტეტს“, რომელიც აირჩევს ახალ, ეროვნულ ლიდერს, უფლებამოსილს გაუძღვეს ქვეყანას ამ რთულ პერიოდში.

პარალელურად ოპოზიციურ საბჭოში შემავალმა საპარლამენტო ფრაქცია „გაბრწყინებულმა სომხეთმა“ წამოიწყო ხელმოწერების შეგროვება პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით.

სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული კრების რიგგარეშე სხდომის მოწვევისათვის საჭიროა 33 დეპუტატის თანხმობა. ფრაქციის ხელმძღვანელ ედმონ მარუკიანის თქმით, პეტიციას ხელი უკვე მოაწერა 17-მა დეპუტატმა.

მისი სიტყვებით, სხდომაზე, მის მიერ წარდგენილი დღის წესრიგის მიხედვით, იმსჯელებენ შექმნილ ვითარებაზე და იქიდან გამოსვლის გზებზე, ასევე განცხადების კანონიერებაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერა ხელი 9 ნოემბერს აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან, ილჰამ ალიევსა და ვლადიმირ პუტინთან ერთად.

კიდევ ერთხელ ერთობლივ განცხადებაზე

მხარეთა მიერ მიღებული ერთობლივი განცხადება ითვალისწინებს შემდეგ პუნქტებს:

1. 10 ნოემბერს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სრულად წყდება ცეცხლი და ყველა სამხედრო მოქმედება და აზერბაიჯანი და სომხეთი ჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე;

2. აღდამის რაიონი და სომხური მხარის მიერ გაზახის რაიონში დაკავებული ტერიტორიები აზერბაიჯანს უბრუნდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე;

3. გამყოფი ხაზისა და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განთავსდება რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი.

ამავე შეთანხმებით, 2020 წლის 15 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს უბრუნებს კელბაჯარის რაიონს და 1 დეკემბრამდე - ლაჩინის რაიონს და იტოვებს ლაჩინის 5-კილომეტრიან დერეფანს, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის კავშირს სომხეთთან, თუმცა არ შეეხება ქალაქ შუშას.

იძულებით გადაადგილებული პირები და დევნილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე და მის მიმდებარე რაიონებში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კონტროლით.

აფხაზეთიდან მთიან ყარაბაღამდე

სანამ სომხეთში ოპოზიცია იბრძვის მთავრობის გადასაყენებლად, რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებმა სომხეთში უკვე გადაისროლეს 400-ზე მეტი ჯარისკაცი და რამდენიმე ათეული საბრძოლო ტექნიკა. სამშვიდობო მისიის შესასრულებლად მთიან ყარაბაღში განლაგდება რუსეთის მე-15 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა.

საყურადღებოა, რომ აღნიშნული დანაყოფი 2005-2008 წლებში ე.წ. სამშვიდობო მისიას ასრულებდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში და, დიდი ალბათობით, მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში - კონკრეტულად, ზუგდიდის, სენაკისა და ფოთის მიმართულებაზე წარმოებულ ოპერაციებში.

თავის დროზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი რუსული ბრიგადა ახალი დანიშნულების ადგილზე სწორედ საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ჩაფრინდა. ცნობილია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რუსეთის შუამავლობით ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველომ საჰაერო სივრცე გახსნა სომხეთში მიმავალი რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებისთვის, რომლებსაც კონფლიქტის ზონაში რუსული სამშვიდობო კონტინგენტი გადაჰყავს.

სამმხრივი შეთანხმებით, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის საერთო რაოდენობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაახლოებით 2000 ჯარისკაცით განისაზღვრა, მათ განკარგულებაში იქნება 90 ჯავშანტრანსპორტიორი, 400 ავტომობილი და სპეცტექნიკა.

პირადი შემადგენლობა, შესაბამისი ჯავშანტექნიკა და კავშირის საშუალების ტრანსპორტირება სომხეთში ილ-76 ტიპის 12 თვითმფრინავით განხორციელდა და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება.

მოსკოვი აცხადებს, რომ, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე კონტროლის მიზნით, რუსეთის სადამკვირვებლო პოსტები განლაგდება შეხების ხაზის გასწვრივ მთიან ყარაბაღში და ასევე სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის გასწვრივ.

სამშვიდობო ოპერაციების სარდლობის შტაბი ბინას დაიდებს სტეფანაკერტში.

კიდევ ერთი საინტერესო ამბავია ის, რომ კრემლმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელად დანიშნა რუსეთის გმირი, გენერალ-ლეიტენანტი რუსტამ მურადოვი. წარმოშობით დაღესტნელი რუსი გენერალი უკრაინის დონეცკის ოლქის რაიონ იასინოვატაიაში დაიჭრა 1916 წელს, როდესაც ერთობლივ რუსულ-უკრაინულ ცენტრში მყოფ რუსეთის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მასირებულიცეცხლის ქვეშ მოექცა.

11 ნოემბერს რუსი გენერალი მიიღო სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, დავიდ ტონოიანმა, და მას ყოველმხრივ დახმარებას დაჰპირდა სამშვიდობო საქმიანობაში, რომელიც არავინ იცის თუ რამდენ ხანს გასტანს და რა შედეგებით დასრულდება სომხეთში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარების გამო.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG