Accessibility links

site logo site logo

„სრულიად რუსეთის მაყურებელი“


1991 წელს ვლადიმერ პუტინი იყო პეტერბურგის მერიის აპარატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

ერთი თვის წინ რიგაში, 62 წლის ასაკში, გარდაიცვალა პეტერბურგელი ჟურნალისტი დმიტრი ზაპოლსკი, რომელიც 2011 წლიდან ემიგრაციაში ცხოვრობდა. ჟურნალისტი ოჯახთან ერთად მოგზაურობდა, როცა მიოკარდიუმის ინფარქტი განუვითარდა. ”სიკვდილი იყო მოულოდნელი და სწრაფი, ” - განაცხადა ჟურნალისტის მეუღლემ.

დმიტრი ზაპოლსკი, გარდა იმისა, რომ იყო ცნობილი ჟურნალისტი (გაზეთი „სმენა“, ტელეკომპანია „მეხუთე არხი“, კოორპორაცია „რუსული ვიდეო“), ასევე აქტიურად მონაწილეობდა 1990-იანი წლების პეტერბურგის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომლის შუაგულში ტრიალებდნენ ანატოლი სობჩაკი და მისი "ერთგული" თანაშემწე, რუსეთის ფერედარციის დღევანდელი პრეზიდენტი, ვლადმირი პუტინი.

სწორედ ვლადიმირ პუტინის შესახებ დაწერილი წიგნი „პუტინბურგი“ გამოსცა შარშან ბრიტანულმა გამომცემლობა PVL Consulting Ltd-მა, რომლის მიერ წამძღვარებულ ანოტაციაში ვკითხულობთ:

„დიმიტრი ზაპოლსკიმ, ლეგენდარულმა ტელეჟურნალისტმა და პოლიტიკურმა ემიგრანტმა რუსეთიდან, ეს წიგნი დაწერა არა როგორც მოგონებები ან მემუარები, არამედ როგორც პორტრეტები იმ ადამიანებისა, რომელთა გამო თანამედროვე რუსეთი გადაიქცა იმპერიამდელ ურჩხულად. ეს არის ნამდვილი გონზო ლიტერატურა.“

სწორედ „პუტინბურგის“ შესახებ ელაპარაკა რადიო თავისუფლების რუსული სამსახური დმიტრი ზაპოლსკის, წიგნის გამოსვლის წინა დღეებში.

დმიტრი ზაპოლსკის წიგნი, "პუტინბრუგი"
დმიტრი ზაპოლსკის წიგნი, "პუტინბრუგი"

დმიტრი ზაპოლსკი, თავისი ცხოვრების შესახებ საუბრისას, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული 1990-იანი და 2000-იანი წლების პეტერბურგის მრავალ ცნობილ პერსონაჟთან, ამტკიცებს, რომ სწორედ პეტერბურგში შეიქმნა მმართველობის სისტემა, რომელიც ახლაც მოქმედებს რუსეთში, ხოლო ამ სისტემის შემქმნელები, ვლადიმირ პუტინის ჩათვლით, დღემდე მართავენ ქვეყანას.

წიგნი სავსეა უამრავი დეტალით - დაწყებული იმ სქემიდან, რომლის მიხედვითაც, ავტორის თქმით, იპარავდნენ ფულს ბალტიის სანაოსნოდან, დამთავრებული 1990-ინი წლების პეტერბურგში წარმოებული პელმენის შიგთავსის შემცველობით. წიგნში შევხდებით როგორც მოქმედ პოლიტიკოსებსა და საქმიან ადამიანებს, ასევე იმქვეყნად გარდასულებსაც, რომელთა ნაწილი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, ნაწილი კი მოკლეს. აქ არიან: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი, ვიცე-პრემიერ მინისტრი ვიტალი მუტკო, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის, რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის და "სამართლიანი რუსეთის" ლიდერები ვლადიმერ ჟირინოვსკი, გენადი ზიუგანოვი და სერგეი მირონოვი, პეტერბურგის ყოფილი გუბერნატორები ანატოლი სობჩაკი და ვლადიმერ იაკოვლევი, ფედერაციის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო, როსგვარდიის დირექტორი ვიქტორ ზოლოტოვი, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, სერგეი სტეპაშინი, როსნეფტის ხელმძღვანელი იგორ სეჩინი და გაზპრომის თავკაცი ალექსეი მილერი, სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი თავმჯდომარე, გენადი სელეზნევი, „რუსნანოს“ მმართველი ანატოლი ჩუბაისი, დუმის თავმჯდომარის მოადგილე ვიტალი მილონოვი, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი ვლადიმერ კუმარინი, უსაფრთხოების კომპანიის „ვაგნერის“ შემქმნელი რომან ცეპოვი, "ტროლების ფაბრიკის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი, კილერი კოსტია მოგილა და ბევრი სხვა.

განგსტერული მოდელი „Made in "Petersburg"

ავტორი, როგორც უკვე ითქვა, ცნობილი პეტერბურგელი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწეა, რომელსაც ბევრი რამ უნახავს და რომელმაც ბევრი რამ იცის 1990-იანი წლების პეტერბურგის კულუარული ცხოვრების შესახებ.

  • როგორია წიგნის - „პუტინბურგის“ მთავარი გზავნილი? ხომ არ ფაქრობს ავტორი, რომ სწორედ პეტერბურგს უნდა ეშვა და შვა კიდეც სახელმწიფოს იმგვარი მეთაური, როგორიც ვლადიმერ პუტინია და მართვის ისეთი მეთოდი, რომელიც ახლაც მეოქმედებს რუსეთში?

- მართვის ამ მეთოდს "განგსტერულ სახელმწიფოს" ვუწოდებ. ეს წიგნიც ზუსტად იმაზეა, თუ როგორ ჩამოყალიბდა ეს განგსტერული სახელმწიფო, - ამბობს დმიტრი ზაპოლსკი, - მე ძალიან არ მომწონს ფრაზა "მაფიოზური სახელმწიფო", რადგან ეს არ არის მაფია, ზუსტადაც რომ განგსტერები არიან და სწორედ პეტერბურგია განგსტერების სამშობლო ახალ რუსეთში. მზგავსი დაჯგუფებები არსად არ შექმნილა. არა, რა თქმა უნდა, განგსტერული ჯგუფები მოსკოვის შემოგარენშიც იყვნენ პერესტროიკის დროს. ჩვენ გვახსოვს „ლიუბერცის“ და „სოლნცევოს“ დაჯგუფებები. რა თქმა უნდა, ისინი ყაზანშიც იყვნენ, იყვნენ სვერდლოვსკშიც, მაგრამ ეს ჯგუფები არ იყვნენ ორიენტირებული სპეცსამსახურებზე, ხოლო პეტერბურგში ისინი შეიქმნა სპეცსამსახურების ძალისხმევით და შეიქმნა როგორც ქურდული წესრიგის კლასიკური საპირწონე.

უნდა გვესმოდეს, რომ არსებითად იყო ორი სახის კრიმინალი. საბჭოთა კავშირი - ეს არის ქურდული კანონების ისტორია, ეს არის ისტორია დამნაშავეობისა, რომელმაც ხელთ იგდო დიდძალი ფულადი სახსრები, მობილური ნაკადები. არა ის, რაც უნდა გატარებულიყო სახელმწიფო დაგეგმვის კომიტეტის გავლით, რაიმე სახის კონტროლისა და შეკავების მექანიზმების მეშვეობით, რომლებიც არსებობდა საბჭოთა კავშირში, არამედ ნაღდი ფული. სწორედ პეტერბურგში (ლენინგრადი) გამოიყენეს ეს ნაღდი ფული პრივატიზებისათვის 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების დასაწყისში. დიახ, 1980-იანი წლების ბოლოს იყო "მცოცავი", კოოპერატიული პრივატიზება, რადგან კოოპერატივები ასევე იყო პრივატიზების სისტემა, როდესაც გარკვეული თანხა, რომელსაც სახელმწიფო საწარმოები ფლობდნენ, გარკვეული რესურსები, სასაქონლო მარაგები და ა.შ. შეიძლებოდა, კოოპერატივების მეშვეობით, „წითელი“ დირექტორების (ისინი ყველა "წითელი" იყვნენ, რადგან პარტიის ნომენკლატურას წარმოადგენდნენ) მონაწილეობით, სწრაფ საქმეში დაბანდებულიყო, სწრაფად მოეტანა მოგება, რომელსაც შემდეგ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებდნენ.

დმიტრი ზაპოლსკი
დმიტრი ზაპოლსკი

პეტერბურგში გაჩნდა სწორედაც რომ განგსტერული მოძრაობა 1990-იანი წლების დასაწყისში. და განგსტერთა ხელთ აღმოჩნდა უზარმაზარი რესურსი. თავდაპირველად ისინი იყვნენ სპეცსამსახურების, ძირითადად, КГБ-ს აგენტები, მაგრამ დღეს ჩვენ ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარი სადაზვერვო სამმართველო (ГРУ) ასევე "ცუღლუტობდა" ამ მიმართულებით და ჰყავდა აგენტებიც, თუმცა მას არ ჰქონდა უფლება ჩაეტარებინა საგამოძიებო და ოპერატიული საქმიანობა ქვეყნის შიგნით. მიუხედავად ამისა, ამ რესურსებმა ძალიან სწრაფად გადაყლაპეს თავიანთი შემქმნელები, სპეცსამსახურები. მოხდა მათი ერთგვარი შეზრდა, მიღებული წარმონაქმნი კი აღმოჩნდა ბევრად უფრო მობილური, გაცილებით გონივრული, მატერიალურადაც ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე მთელი დანარჩენი ქვეყანა. ამ წარმონაქმნმა შესაძლებელი გახადა ძალაუფლების ისეთი სისტემის შექმნა, რომელსაც არ გაუჭირდებოდა ქალაქის და მისი ყველა ფენის - სტუდენტების, დეპუტატების, რიგითი ჩინოვნიკების, ბანკირების, მეწარმეებისა და სახელმწიფო მოხელეების - მართვა. და მართლაც, შექმნა სისტმემა, რომელიც შემდგომში აღმოჩნდა საოცრად მოხერხებელი და, რის გამოც ის ექსპორტირდა პეტერბურგიდან რუსეთის დანარჩენ პროვინციებში. ამიტომ, ვამტკიცებ, რომ პეტერბურგის მოდელი - რასაც ეძღვნება ჩემი წიგნი - აღმოჩნდა მოდელი, რომელიც მოარგეს იმას, რასაც დღეს რუსეთის რეგიონებს უწოდებენ.

  • რატომ მოხდა ეს მაინცდამაინც პეტერბურგში? რამ ითამაშა გადამწყვეტი როლი? წიგნის თავში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ბალტიის სანაოსნო კომპანიის ისტორიას, მის პრივატიზებას, როგორ მოიპარეს იქ ფული ...

- ბალტიის სანაოსნო კომპანია იყო, ასე ვთქვათ, რუსეთის ევროპული ნაწილის კარიბჭე მთელ ევროპაში. ვწერ ბალტიის გადაზიდვის კომპანიის შესახებ, ვწერ ლომონოსოვის პორტზე, ვწერ იმაზე, თუ როგორ გაიხსნა რუსეთ-ფინეთის საზღვარი, როგორ აიღეს ხელში განგსტერებმა ვიბორგი. ვამტკიცებ ჩემს წიგნში, რომ, ძალიან მაღალი ალბათობით, პუტინი პეტერბურგის მთავრობაში აღმოჩნდა სწორედ იმიტომ, რომ ეს ძალიან აწყობდა ტრეიდერთა ჯგუფს, განგსტერებს, რომლებსაც ქალაქის ხელმძღვანელობაში "თავისი კაცი" სჭირდებოდათ. მაშინ, რა თქმა უნდა, არავის აზრად არ მოსვლია, რომ მართვა ქალაქიდან დანარჩენ ქვეყანაზეც გავრცელდებოდა.

თუმცა ბალტიის სანასოსნო კომპანია - ეს ფენომენია, რადგანაც კომპანიის ხელში აღების შემდეგ, ვიბორგის, რუსეთ-ფინეთის საზღვრის აღების შემდეგ, გაჩნდა ფერადი ლითონების, ხე-ტყის და კონტრაბანდის ექსპორტის შესაძლებლობა. და ეს ჯგუფები წარმოუდგენლად გამდიდრდნენ იმის გამო, რომ მათ უბრალოდ „გაჭრეს ფანჯარა" ევროპაში. 80-იანი წლების ბოლოდან, ალბათ, 90-იანი წლების ბოლომდე, პეტერბურგი იყო ერთგვარი ოფშორული, "ნაცრისფერი" ზონა, რომლის მეშვეობითაც პრაქტიკულად გადიოდა ყველა რესურსი, რომლის თავისუფლად გაყიდვა შეიძლებოდა დასავლეთში. ბუნებრივია, ამ რესურსებიდან ბიუჯეტში არც ბაჟი შედიოდა და არც გადასახადები, მაგრამ მთავარი ეს არც არის. საქმე ის არის, რომ ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მიდიოდა ჯიბეში, იმ ადამიანთა საერთო ფონდში, რომლებმაც შემდგომში ამ „ობშიაკით“ შეძლეს ხელისუფლების შეცვლა მთელ ქვეყანაში.

„სრულიად რუსეთის მაყურებელი“

  • გამოდის, რომ პეტერბურგმა მოახდინა, როგორც თქვენ ამბოლბთ, ქვეყნის მართვის განგსტერული სისტემის დელეგირება მთელ რუსეთში, ხოლო პუტინი ამ სისტემის მთავარი სიმბოლია?

- ასეა, მაგრამ პუტინი იყო არა იმდენად სიმბოლო, რამდენადაც ამ სისტემის ოპერატორი. აი, მაგალითად მიდის მატარებელი, რომელსაც ჰყავს მემანქანე, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ დაუგია რელსები, არ აუშენებია ვაგონები და ა.შ. მან უბრალოდ იცის, სად არის აღმართი, სად - დაღმართი, იცის წესები: უნდა გაჩერდეთ წითელზე, გაიაროთ მწვანეზე, "ფრთხილად, კარები ღიაა", "ფრთხილად, კარები იხურება". ასე რომ, პუტინი პეტერბურგული სისტემის მხოლოდ მემანქანე იყო. მან ეს ისწავლა, მას ეს ასწავლეს, თუმცა იმ დროისათვის თვითონაც საკმაოდ კარგად იყო მომზადებული. თავისი ფსიქოფიზიკური და პიროვნული თვისებების გამო, ძალიან სწრაფად აითვისა ყველაფერი. შემდეგ კი მას აჩვენეს და ანდეს მატარებელი, რომელიც მოძრაობს არა საგარეუბნო სადგურებს შორის, არამედ ქვეყნებსა და კონტინენტებს შორის. მან უბრალოდ ისწავლა ყოველივე ეს.

ვლადიმირ პუტინი, 1995 წ.
ვლადიმირ პუტინი, 1995 წ.

სისტემა კი, დიახ, მის დროს შეიქმნა. პუტინმა შეძლო ყოფილიყო მისი ოპერატორი და გარანტი და, რაც მთავარია, ადამიანი, რომელიც იცავს წესებს. "სრულიად რუსეთის მაყურებელი" - ეს არის მისი თანამდებობა. უყურებს „ობშიაკს“, რომელსაც ეწოდება "რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტი". ფაქტობრივად, ამაზეა ჩემი წიგნი - რომ, დიახ, პუტინი უბრალოდ არის მაყურებელი ამ უზარმაზარი საერთო ფონდისა, „ობშიაკისა“, რომელშიც თავის იყრის წილი ქვეყნის ყველა რესურსიდან. ჩვეულებრივ ამას "გადასახადებს" უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის გადასახადები, ეს არის წილი, რადგან გადასახადები იანგარიშება შემოსავლიდან და არა იმ იარლიყიდან (იგულისხმება სიგელი თათრულ სახანოებში), რომელსაც ხანი რომელიმე მთავარზე ჰყიდის. მთავარი, მართვა რომ შეძლოს, იძულებულია იყიდოს ხანისგან იარყილი, რათა შემდეგ შეაგროვოს და ხანთან ერთად გაიყოს ხარკი. დღევანელი რუსეთის სისტემა, ეკონომიკური და პოლიტიკური, ახალი ურდოა, ეს არის 21-ე საუკუნის ურდო. არ ვამბობ, რომ რუსეთში არ არსებობს სოციალური ლიფტები. არსებობს. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფრის იარლიყი, მაგრამ თქვენ უნდა დაამტკიცოთ, რომ გყავთ გუნდი, გაქვთ რესურსები, გყავთ ჯარი, გყავთ რაზმელები, გყავთ საკუთარი ეპისკოპოსი, რომ გაქვთ დაფასება და პატივისცემა ხალხისგან. კი, ბატონო, თუ ეს ყველაფერი გაქვთ, შეგიძლიათ იყიდოთ იარლიყი და გადაიხადოთ იმის მიხედვით, რაც გაქვთ. გაქვთ ოქრო? გადაიხადეთ ოქროთი. ბრილიანტები გაქვთ? იყოს ბრილიანტები. არიან ადამიანები, რომლებიც ცხვარს ზრდიან, ისინი მატყლით გადაიხდიან. არის ტყე? გადაიხდიან სიასამურით. ეს არის სისტემა, რომელიც წარმოიშვა ლენინგრადში (პეტერბურგი) და გავრცელდა მთელ რუსეთში.

როგორ გახდე მემკვიდრე

  • უკვე 20 წელზე მეტია, რაც პუტინი ხელისუფლებაშია. რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული აზრმ, რომ პუტინი გამოძერწა გლებ პავლოვსკიმ ელცინის "ოჯახის" დავალებით. და კიდევ, როგორც ახლა სოციოლოგები ამბობენ, 20 წლის წინ საზოგადოებაში იყო მოთხოვნა ახალგაზრდა, აქტიურ ლიდერზე?

- უდავოდ, ამგვარი მოთხოვნა იყო. თუ გახსოვთ, განიხილებოდა სხვა და სხვა კანდიდატურა - ნემცოვი, სტეპაშინი ... ნემცოვი და სტეპაშინი, რა თქმა უნდა, სრულიად სხვანაირად მოიქცეოდნენ, მაგრამ კრიმინალის გარეშე მაინც არაფერი გამოვიდოდა. უკვე 2000-იანი წლების დასაწყისისთვის სახელმწიფო საკმაოდ განგსტერული იყო. ერთმანეთს ორი სისტემა ეჯიბრებოდა - ქურდული და განგსტერული. და აშკარა იყო, რომ ქვეყანა აღარ მიჰყვებოდა ჩვეულებრივ დემოკრატიულ, ევროპულ გზას. ეს გასაგები გახდა, რადგან ლუჟკოვი და ბატურინა (მოსკოვის მერი და მისი ბიზნესმენი ცოლი) უკვე თანამშრომლობდნენ კანონიერ ქურდებთან, იზმაილოვსკისა და სოლნცევოს ბანდებთან. ცხადი იყო, რომ სისტემამ აირჩია ურდოს სქემა.

ევგენი პრიმაკოვიც, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, წარმოადგენდა კლასიკურ სადაზვერვო სისტემას. ის იყო საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, იყო მზვერავი, ჰყავდა თავისი სპეცრაზმი, ჰყავდა თავისი გვარდიელები. სხვათა შორის, ეს ძალიან საინტერესო თემაა. პრიმაკოვს მართლაც ჰყავდა თავისი გვარდიელები, სპეციალურად გაწვრთნილი ГРУ-ს ოფიცრები, რომლებიც მის გარემოცვაში იყვნენ და მოქმედებდნენ მისი მითითებით. ასე რომ, პრიმაკოვს ძალიან მარტივად შეეძლო ქვეყნის თავკაცობა. მან ამოქექა კოლოსალური მასშტაბის კომპრომატები სობჩაკსა და პუტინზე. წიგნში ვყვები, როგორ მოხდა ეს. ოპერაცია "ქარიშხლის" დროს გამოვლენილი იქნა დარღვევები კომპანიაში, რომელიც უშუალოდ იყო დაკავშირებული პუტინთან, სობჩაკთან, ჩუბაისთან, ჩერნომირდინთან, რომელიც დაკავშირებული იყო პრაქტიკულად ყველა განქსტერულ კლანთან პეტერბურგში და არაერთ კლანთან რუსეთის მასშტაბით. სისტემა კი ამხილა დაზვერვის მთავარმა სამმართველომ ბრწყინვალედ ჩატარებული ოპერაციით, რომლის მსვლელობისას ГРУ-ს ოფიცრები საგადასახადო პოლიციის ეგიდით მოქმედებდნენ. უფრო ზუსტად, ისინი მივლენილი იყვნენ საგადასახადო პოლიციაში, თითქოსდა გადასახადებთან დაკავშირებული ოპერაციის ჩასატარებლად, სინამდვილეში კი ეს იყო პოლიტიკური ოპერაცია. პრიმაკოვმა, რა თქმა უნდა, მოიპოვა კოლოსალური მასშტაბის მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც შეძლო მოლაპარაკება როგორც "ოჯახთან“, ასევე - პუტინთან.

რაც შეეხება პავლოვსკის... გლებ ოლეგოვიჩი კარგი მოაზროვნე და კარგი ინტელექტუალია. იყო დისიდენტი, იცნობს საზოგადოების არაერთ ფენას. მან გაარკვია, როგორ მუშაობს სპეცსამსახური და მიხვდა, რომ კგბ - ეს არის ნამდვილ სქელთავიანთა სისტემა. მან ძალიან კომპეტენტურად "გამოძერწა" ამოცანა, ჩამოაყალიბა "ტექდავალება": ვის შეიძლება მისცეს ხმა ამომრჩეველმა, ვინ შეიძლება აწყობდეს უშიშროების ძალებს, ვინ - განგსტერებს, ვინ - საერთაშორისო ორგანიზაციებს და ვინ - გარკვეულ საგარეო-პოლიტიკურ ინტერესებს. პავლოვსკის დავარქმევდი ამ შოუს "კასტინგის დირექტორს", მაგრამ „ტექდავალების“ შექმნა საკმაოდ მარტივია ნებისმიერი პოლიტოლოგისთვის თუ ინტელექტუალისთვის, რადგან ამისათვის საკმარისი იყო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების ყურადღებით შესწავლა. არა „ლევადა ცენტრისა“, არამედ სამთავრობო კომუნიკაციებისა და ინფორმაციის ფედერალური სააგენტოს მონაცემებისა. ეს ორგანიზაციები დიდი ყურადღებით სწავლობენ საზოგადოებრივ აზრს და მათ, რა თქმა უნდა, იციან, ვის შეიძლება მისცენ ხმა. და ის, რომ ეს აღმოჩნდა პუტინი, აიხსნება იმით, რომ საჭირო იყო ოპერატორი, რომელსაც ზუსტად ეცოდინებოდა როგორ არ დააჭიროს არასწორ ღილაკს, როგორც ეს ჩერნობილში მოხდა. ცხადია, ამგვარ ოპერატორებს ამზადებდნენ და მათი კანდიდატურები განიხილებოდა. პუტინი, ალბათ, განგსტერული სახელმწიფოსთვის ყველაზე მისაღები ოპერატორი აღმოჩნდა, მაგრამ ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ ის არ არის სისტემის კაცის, რადგან სისტემა არ არსებობს. ის მხოლოდ და მხოლოდ ოპერაციული გარემოს დრაივერია. რუსეთში არ არსებობს სისტემა. ეს ოპერაციული გარემოა.

სობჩაკი ყველას ხელს უშლიდა

  • წიგნში არის საინტერესო ეპიზოდი. 1996 წელს პეტერბურგის გუბერნატორის არჩევნების წინ პუტინს და მის თანამოაზრეებს არა მხოლოდ არ სურდათ ანატოლი სობჩაკის არჩევა, არამედ ცდილობდნენ მის "ჩაძირვას". წიგნის ერთ-ერთ სქოლიოში ისიცაა ნათქვამი, რომ ვლადიმერ იაკოვლევმა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პუტინს შესთავაზა ვიცე-მერის პოსტი და, რომ იაკოვლევს არ გაუგდია პუტინი გინებით მისაღები ოთახიდან, როგორც ამაზე დღემდე ლაპარაკობენ. და რომ, იაკოვლევისა და პუტინის ნორმალური ურთიერთობა არ შეცვლილა პუტინის პრეზიდენტობის დროსაც. ახლა რა გამოდის, რომ ელცინი, რომელიც დაეყრდნო პუტინს იმის გამო, რომ მან არ უღალატა სობჩაკს, უბრალოდ ცდებოდა და მას ამის შესახებ არავინ უთხრა?

- წიგნში ვწერ იმაზე, რაც თვითონ ვნახე. არა ჭორებზე, არა რაღაც წარმოდგენებზე, არამედ მხოლოდ იმაზე, რაც თავად ვნახე. პუტინთან კაბინეტში ვიყავი არჩევნების მომდევნო დღეს, სობჩაკის დამარცხების შემდეგ. ოფისში ვესაუბრე. მან პირდაპირ მითხრა: "მე წავალ". ვკითხე: "ვოლოდია, სად?" "არსად! აი, არსად! არ მინდა მასთან (იაკოვლევი) მუშაობა. მე მასთან მუშაობა არ შემიძლია - ის საზიზღარია!" ვეუბნები: "კი, მაგრამ როგორ?" "ჩვენ ვისაუბრეთ ნახევარი საათის წინ, ვიდრე შენ მოხვიდოდი. მითხრა, დარჩი. შენ იქნები შენს ადგილზე, იქნები პირველი ვიცე-მერიო. მე ვუთხარი: არა, ვლადიმერ ანატოლიევიჩ, არ შემიძლია. ძალიან სულელურად გამოჩნდება ჩემი დარჩენა." აი, არსებითათ, სულ ეს იყო. შემდეგ იაკოვლევმა მეც მითხრა: "დიახ, მე მას შევთავაზე, რადგან ის აბსოლუტურად შესანიშნავია." მას არ უთქვამს სიტყვა" ოპერატორი ", თქვა, რომ ის თავის ადგილზეა, რომ მას ესმის "რა" და "საიდან". ანუ, ეს ასე უნდა გავიგოთ: იაკოვლევს თავის გუნდში არ ჰყავდა ადამიანი, რომელსაც შეეძლო იმის გაკეთება, რასაც პუტინი აკეთებდა. და რას აკეთებდა პუტინი არსებითად? ის ხელმძღვანელობდა ქალაქის ადმინისტრაციის უსაფრთხოების სამსახურს. ანუ, პუტინი იყო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. რაც შეეხება მისი მოვალეობის ნაწილს, რომელიც გულისხმობდა საგარეო ეკონომიკური-ურთიერთობების კურირებას - ეს ყველაფერი სისულელეა. დიახ, ის კურირებდა ზუსტად იმიტომ, რომ სწორედ ეს იყო უსაფრთხოების სამსახური, ეს იყო მისი უშუალო სამუშაო. მას ებარა ყველაზე დელიკატური საკითხები: სათამაშო ბიზნესი, გარე ექსპორტი, შესყიდვები, ლიცენზიები - ის, რაზეც ბევრი ფულის გაკეთება შეიძლება. სწორედ ამას ზედამხედველობდა ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ პუტინი, ფაქტობრივად, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, როგორც სამართალდამცავ ორგანოებში მუშაოების გამოცდილების მქონე პირი, ადამიანი გადაბირების გამოცდილებით და განგსტერებთან, თაღლითებთან და მეწარმეებთან კონტაქტების დამყარების უნარით. ამაში იყო მისი არსი. იაკოვლევს კი არ ჰყავდა ადამიანი ამ თანამდებობაზე. ადგა და ვიღაც კაცი დანიშნა ОБХСС-იდან, რომელმაც მერე ბევრი საქმე გააფუჭა. მერეც დიდხანს ეძებდა პუტინის ღირსეულ შემცვლელს, რომელიც უკიდურესად საჭირო იყო იაკოვლევისთვის. ის, რომ მათ არანაირი უთანხმოება არ ჰქონიათ, ერთმნიშვნელოვანი ამბავია.

ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და ანატოლი სობჩაკი. სანკტ-პეტერბურგი. 1992 წლის 28 სექტემბერი
ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და ანატოლი სობჩაკი. სანკტ-პეტერბურგი. 1992 წლის 28 სექტემბერი

ეს ყველაფერი თამაშია, თითქოს პუტინმა უღალატა სობჩაკს თუ არ უღალატა. სობჩაკი ყველას უშლიდა ხელს, მათ შორის ელცინსაც, რადგან არ სურდა მასთან შეთანხმება. უფრო ზუსტად შეუძლებელი იყო სობჩაკთან შეთანხმების მიღწევა. არა, შეიძლება რაღაცაზე მოგელაპარაკა კიდეც, მაგრამ ორი დღის შემდეგ ნარუსოვა (ლუდმილა ნარუსოვა - ანატოლი სობჩაკის მეუღლე) ეტყოდა, რომ ის ცდებოდა და სობჩაკიც შეიცვლიდა აზრს: „რა, საუბარი გვქონდა? არ მახვსოვს! ასეთი საუბარი არ ყოფილა! შენ არასწორად გამიგე." მოკლედ, შეუძლებელი იყო მასთან მოლაპარკება. სობჩაკს ნამდვილად შეეძლო 2000 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და, მინიმუმ, მეორე ტურში გასვლა, მაქსიმუმ - გამარჯვება, რადგან მას მართლა შეეძლო გამარჯვება. სობჩაკი საშიში იყო, რადგან ის აბსოლუტურად არ იყო ჩაართული კონტროლისა და შეკავების მოქმედ სისტემაში. რასაკვირველია, ის არ შეხვდა არც კუმარინს და არც მირილაშვილს (პეტერბურგელ "კრიმინალურ ავტორიტეტებს"), მაგრამ მისი ცოლი საკმაოდ უკომპლექსო პიროვნება იყო, რომელიც არ გაურბოდა შეხვედრებს არც კრიმინალებთან და არც იმ ადამიანებთან, ვინც ძალიან ახლო ურთიერთობაში იყვნენ კრიმინალებთან, მაგრამ სობჩაკმა დაფრთხო როგორც კრიმინალები, ასევე მრეწველები, რადგან შეუძლებელი იყო მასთან პირდაპირი მოლაპარაკება. სობჩაკი არ იყო სისტემის კაცი, ამიტომ მასში ყველა საფრთხეს ხედავდა. შესაბამისად, ყველა დაინტერესებული იყო მისი მოშორებით არა როგორც ქალაქის ლიდერისა, არამედ როგორც რომელიმე დიდი პარტიის ლიდერისა ან სულაც რუსეთის პოტენციური პრეზიდენტისა. ასეთი იყო საერთო ამოცანა, რაც ყველას ესმოდა.

ასევე უნდა ითქვას, რომ პუტინი - სობჩაკის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მითია. ის არასოდეს ხელმძღვანელობდა ანატოლი სობჩაკის საარჩევნო შტაბს. პუტინი იყო მისი ერთ-ერთი წევრი და დაკავებული იყო უსაფრთხოებისა და ინფორმაციის ზოგიდი საკითხებით, მაგრამ ის არასოდეს ხელმძღვანელობდა შტაბს. პუტინი აქრობდა ამა თუ იმ სახის ინფორმაციულ ხანძარს და მოქმედებდა სისტემის და არა ანატოლი ალექსანდროვიჩის ინტერესებიდან გამოდინარე.

სისტემის ოპერატორი

  • პუტინს არაერთხელ უწოდეთ "სისტემის ოპერატორი", "ადამიანი, რომელიც ხანძარს აქრობს", ადამიანი, რომელიც წარმატებით გაუმკლავდა თავის ამოცანას, ვინც, ბოლოს და ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტი გახდა. მეორე მხრივ, ის ასევე აღწერილია როგორც ნაცრისფერი, უღიმღამო, КГБ–ს თანამშრომლების მიერ ათვალწუნებული ადამიანი, რომელიც შედარებულია გოგოლის აკაკი აკაკიევიჩთან. რამდენად თავსებადია ყოველივე ეს?

- ხშირად გინახავთ უსაფრთხოების სამსახურის უფროსები, რომლებიც ენერგიულები, დიდები, კეთილშობილურები და გამორჩეულები არიან? ცხადია, არა. ამ სისტემაში ნორმალურია პატარა, მონაცრისფრო, არაფრით გამორჩეული აღნაგობის ადამიანები. ასეთია სამსახურის სპეციფიკა. ასეთია ადამიანი, რომლის პროფესია უსაფრთხოების სამსახურის უფროსობა, „ობშიაკის“ მაყურებლობაა. კრიმინალურ სამყაროშიც კი, ადამიანები, რომლებიც მართლაც იკავებენ მაღალ პოზიციებს, არ ჰგვანან "საპნის ოპერების" მომხიბლავ გმირებს. როგორც წესი, ესენი მართლაც უსახური ადამიანები არიან, რადგან მათი ამოცანა არც იდეების გენერირებაა და არც ჯარების გაძღოლა ბრძოლის ველზე. მათი ამოცანაა წონასწორობის უზრუნველყოფა, საფრთხეების განსაზღვრა და დაზღვევა, მრჩევლების ანგარიშის მიღება, ყველას მოსმენა, საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირება, მერე კი მათი შერიგება და ამაში დივიდენდების მიღება... ასეთი სამსახურია.

და ის, რომ ასეთ ადამიანზე შესაძლებელია ნებისმიერი რამის შეთხზვა, ეს არის იმათი იღაბლი და წარმატება, ვინც შეამჩნია და დააწინაურა ასეთი ადამიანი. თხზავენ კი ყველაფერს, იქნება ეს ფრენა ციმბირში, ამფორების ამოღება ზღვის ფსკერიდან და ა.შ. რა უნდა ამომრჩეველს? სტაბილურობა. პირველ რიგში, ვუყურებთ ჭადრაკის დაფას სახელწოდებით "რუსი ხალხი", "ამომრჩეველი". გვაქვს 64 უჯრა, თითოეულ სვლას და ფიგურას ვწონით: რომელია უკეთესი, რომელია უარესი. ვაანალიზებთ. ცხენი მოძრაობს ასე, მაგრამ ეს საშიშია, რადგან პაიკს შეუძლია მისი აღება. ეს სვლა - კარგია, ის - ცუდი. ასეთია პოლიტიკური ჭადრაკი ანუ ის მართლაც ნაცრისფერია, მართლაც უსასხურია, მართლაც ისეთია, როგორსაც ჩვენ ვხედავთ, მაგრამ ის ზუსტადაც რომ ოპერატორია. ჩვენთვის ხომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მატარებლის მძღოლი ან თვითმფრინავის პილოტი, რომელსაც შეუძლია კაბინიდან თქვას: "ლაპარაკობს ეკიპაჟის მეთაური. სიმაღლე - 11,200 მეტრი. ბორტს მიღმა ტემპერატური მინუს 49 გრადუსი. გისურვებთ სასიამოვნო ფრენას!" აი, ეს არის ის, რასაც პუტინი აკეთებს.

დიმიტრი მედვედევის პარადოქსი

  • ძალიან დამაინტერესა დიმიტრი მედვედევის აღწერამ, რადგან, ისევ და ისევ, გავრცელებული შეხედულების მიხედვით, მედვედევი არის პუტინის აბსოლუტური მარიონეტი, ადამიანი, რომელმაც ხალხში ბევრი ირონიული მეტსახელი დაიმსახურა, რომლებზეც ღიად იცინიან. ამე დროს, თქვენ აღნიშნავთ, რომ მედვედევმა ბევრი რამ ასწავლა პუტინს.

- მედვედევი პუტინის კონსულტანტი იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. კომიტეტში მისვლამდე ის იყო იმ დროისათვის ცელულოზის გადამამუშავბელი უმსხვილესი კომპანიის იურიდიული განყოფილების უფროსი. საუბარია, საკმაოდ სერიოზულ ოლიგარქიულ ჯგუფზე. მას არ სჭირდებოდა სამთავრობო კარიერა, რადგან კარგ ფულს შოულობდა. რატომ აიყვანა პუტინმა? იმიტომ, რომ მედვედევი ერთადერთი იყო კომიტეტში, ვისაც ნამდვილად ესმოდა საგარეო ვაჭრობა, ესმოდა რა იყო ნედლეული, ნავთობი, ხე-ტყე; იცოდა როგორ გაეყიდა, როგორ ეშოვა ფული და როგორ აერიდებინა თავი გადასახადებისთვის. მან აუხსნა პუტინს როგორ შეიძლებოდა გაზის, ნავთობის გაყიდვა. საიდან უნდა სცოდნოდა პუტინს ეს? ამას არ ასწავლიან წითელდროშოვან ინსტიტუტში, არც დრეზდენში ერთ კათხა ლუდზე შტაზის თანამშრომლეთან შეხვედრაზე. მოკლედ, პუტინმა, რა თქმა უნდა, პუტინმა ეს არაფერი არ იცოდა. მედვედევმა კი იცოდა, რადგან იყო პროფესიონალი.

დმიტრი მედვედევი და ვლადიმირ პუტინი
დმიტრი მედვედევი და ვლადიმირ პუტინი

ძალიან სახალისო იყო მედვედევის ჩაცმულობაზე დაკვირვება. მას ჰქონდა ათასდოლარიანი ფეხსაცმელი, Brioni-ის კოსტუმი... გამოიყურებოდა მილიონ დოლარად, მის გვერდით კი იდგა КГБ-ს ჩვეულებრივი მაიორი. სხვათა შორის, მითია, რომ პუტინი იყო კგბ-ს ვიცე-პოლკოვნიკი. როდესაც კგბ-ს აგენტი თარაგში გადიოდა, მას მორიგ წოდებას ანიჭებდნენ. სობჩაკის თანაშემწეობისას, პუტინი მაიორი იყო. როცა პენსიაში გავიდა, ერთი ვარსკვლავი წაუმატეს. პუტინმა მიიღო ვარსკვლავი ორდენის ნაცვლად. ან ორდენს იძლევიან, ან - ვარსკლავს. იშვიადათ ორივეს ერთად.

ერთი სიტყვით, მედვედევი პუტინზე მართლა ერთი თავით მაღლა იდგა, მათ შორის მაღლა იდგა როგორც პროფესიონალი. ის იყო ადამიანი, რომელსაც ესმოდა საგარეო ურთიერთობები. ის მუშაობდა პატრონზე ანუ ის ნამდვილად არ მუშაობდა სპეცსამსახურებზე, არც სხვებზე, ის მუშაობდა თავის შემკვეთზე, შემკვეთი კი პუტინი იყო. ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. პუტინი ვერ შეძლებდა ბევრ რამეს უბრალოდ სათანადო განათლების არარსებობის გამო.

„მე ამ ტრამვაიდან ჩავედი“

  • პეტერბურგში ცხოვრებისას თქვენ იყავით ცნობილი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. პირდაპირ კავშირში იყავით, მეგობრობდით კიდეც იმათთან, ვინც ჩაიდინა დანაშაული, ვინც გაძარცვა ბიუჯეტი, აიღო კოლოსალური ფული, ჩაიდინა მკვლელობები, იყო ხელისუფლებაში, შემდეგ ზოგმა დაკარგა ძალაუფლება, ზოგი გაკოტრდა ან გარდაიცვალა. თქვენ პირადად იცნობთ იმათაც, ვინც ახლა კრემლში არიან და, როგორც ჩანს, პირველ პირთან "შენობითაც" ლაპარაკობდით, მაგრამ თქვენ ახლა იძულებული ხართ იცხოვროთ გადასახლებაში... მინდა გკითხოთ, ხომ არ დაწერეთ ეს წიგნი შურისძიების მიზნით? უკმაყოფილების გამო, რომ გაგრიყეს?

- ერთ-ერთი ყველაზე ტიპიური რემარკა ასე ჟღერს: "ავტორი არაფრით არ არის უკეთესი თავის გმირებზე". დიახ, მე არ ვარ უკეთესი, ჩემ გმირებზე, მაგრამ მე მაქვს ერთი უპირატესობა: ჩემი ნებით ჩამოვედი ამ "ტრამვაიდან". არავის ჩამოვუგდივარ, არავის უთქვამს უარი გარიგების დადებაზე. გარიგებებს მთავაზობდნენ. არასოდეს დამკლებია ხელისუფლების ყურადღება, მაგრამ რაღაც მომენტში, უბრალოდ მივხვდი, რომ შეუძლებელი იყო ყოველივე ამაში მონაწილეობის მიღება... კი, ახლა გადასახლებაში ვარ, მაგრამ სჯობს იყო დევნილობაში, ვიდრე იყო სოლოვიოვი ან თუნდაც ვენედიქტოვი. უმჯობესია გქონდეს იმის თქმის საშუალება, რასაც ფიქრობ და ჩემი ბედნიერებაც ის არის, რომ შემიძლია ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ, რაც იწვევს ინტერესს და, რამაც საკმაოდ სერიოზული ბრიტანული გამომცემლობა დააინტერესა ჩემი წიგნის სახით. ეს მართლაც ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე იდაყვზე კბენა, ჯდომა პირველ არხზე და რაღაც იდიოტობის ლაპარაკი რადიოაქტიური ფერფლის შესახებ. ესაა საშინელება.

დმიტრი ზაპოლსკი
დმიტრი ზაპოლსკი

რაც რუსეთში პრესასთან დაკავშირებით ხდება, საშინელებაა, მე კი სხვა არაფრის კეთება არ შემიძლია. ვიფიქრო და ვთქვა, რასაც ვფიქრობ, კიდევ დავწერო - ესაა ჩემი საქმე. საკმაოდ საინტერესო პროექტები გვაქვს როგორც YouTube- ზე, ასევე ჩემს Facebook- ზე. მე არ მრცხვენია იმის, რაც მაშინ გავაკეთე, რადგან არ მიმიღია მონაწილეობა დანაშაულში, არ მიმიღია მონაწილეობა ძალადობაში, დაპირისპირებებში; არ მიმიღია მონაწილეობა ბიზნესის წართმევაში. მე უბრალოდ ვნახე ეს ყველაფერი და დავწერე ამის შესახებ, თუმცა ის, რომ არ ვარ ჩემ გმირებზე უკეთესი, რა თქმა უნდა, მართალია, მაგრამ დანტეც ხომ ჩავიდა ჯოჯოხეთში? ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ დანტე ოდნავადაც არ არის უკეთესი ეშმაკებზე.

სტატია მომზადდა რუსული სამსახურის მასალების მიხედვით

XS
SM
MD
LG