Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლო: ამოქმედდა სასარგებლო მექანიზმი


სტრასბურგის სასამართლო
სტრასბურგის სასამართლო

უპრეცედენტო ფაქტი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიაში - სასამართლომ გასცა პირველი საკონსულტაციო დასკვნა საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს მიმართვის საფუძველზე. დასკვნა სუროგაციის საკითხზეა. ახალი მექანიზმი სასარგებლო იქნება საქართველოსთვისაც.

2019 წლის 10 აპრილს გაცემული დასკვნა პირველი შედეგია ახალი მექანიზმისა, რომლითაც ეროვნული სასამართლოები შეძლებენ წინასწარ გაიგონ სასამართლოს დამოკიდებულება ამა თუ იმ პრინციპულ საკითხთან მიმართებით და წინასწარვე განსაზღვრონ, რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს მსგავსი საკითხების სტრასბურგის სასამართლოში განხილვა.

სტრასბურგის სასამართლოსთან თანამშრომლობის მრავალწლიანი პრაქტიკის მქონე იურისტის, დავით ჯანდიერის თქმით, პროცესი დაიძრა მას შემდეგ, რაც 2018 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის N16 დამატებითი ოქმი, რომელიც 2013 წლის 2 ოქტომბერს მიიღეს.

დავით ჯანდიერი
დავით ჯანდიერი

დავით ჯანდიერი იზიარებს ოქმის ავტორთა პოზიციას, რომ „საკონსულტაციო დასკვნების გაცემის თვალსაზრისით სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოება კიდევ უფრო გააღრმავებს დიალოგს სასამართლოსა და ეროვნულ ორგანოებს შორის; გაამყარებს ევროპული კონვენციის განხორციელებას სუბსიდიარობის პრინციპის შესაბამისად და საშუალებას მისცემს მხარეებს დაზოგონ დრო და რესურსები“.

საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შესაძლებელია მიმართოს უმაღლესი ინსტანციის სასამართლოებსა და ტრიბუნალებს (საქართველოს შემთხვევაში ესენია - საქართველოს უზენაესი სასამართლო და საკონსტიტუციო სასამართლოა). მოთხოვნის წარმდგენ სასამართლოს ან ტრიბუნალს საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნა შეუძლია მხოლოდ მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით.

მიმართვის საფუძველი პრინციპულ საკითხებს უნდა შეეხებოდეს და მიზანი უნდა იყოს კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების განმარტება-გამოყენება.

„ეს მექანიზმი არ იმუშავებს ყველა საკითხთან მიმართებით. საკითხი უნდა იყოს ისეთი, რაზეც სტრასბურგის სასამართლოს მანამდე არ უმსჯელია, ნოვატორულია, სიახლის შემომტანია და ეროვნული სასამართლოებისთვის უცნობია ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიდგომები“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დავით ჯანდიერი.

საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნის მიღებაზე თანხმობის საკითხს განიხილავს დიდი პალატის კოლეგია, ხუთი მოსამართლის შემადგენლობით. საკონსულტაციო დასკვნას გასცემს სასამართლოს დიდი პალატა. დავით ჯანდიერის თქმით, მართალია, დასკვნას არა აქვს სავალდებულო ხასიათი, მაგრამ მან შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს უშუალოდ სტრასბურგის სასამართლოში მსგავსი მიმართულების საქმის განხილვის ჭრილში.

საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 5 ოქტომბერს ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი სუროგატი დედის, ბავშვის არაბიოლოგიური დედისა და ბიოლოგიური მამის სამართლებრივი ურთიერთობების ასპექტებს შეეხებოდა.

დასკვნაში წერია, რომ:

  • საზღვარგარეთ სუროგატი დედის მეშვეობით გაჩენილი ბავშვის შემთხვევაში, ქვეყნის შიდა კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს შესაძლებლობას კანონიერად იქნას აღიარებული დედაშვილურ ურთიერთობად ბავშვისა და არაბიოლოგიური დედის ურთიერთობა, როდესაც ის საზღვარგარეთ გაცემულ დაბადების მოწმობაში მითითებულია „კანონიერ დედად“ და როდესაც ამ უკანასკნელის მეუღლე ბავშვის ბიოლოგიური მამაა. საფუძვლად დასახელებულია ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება);
  • სასამართლომ მიიჩნია, რომ ზოგადი და აბსოლუტური შეუძლებლობა იმისა, რომ აღიარებულ იქნას სუროგაციის გზით საზღვარგარეთ დაბადებულ ბავშვსა და სავარაუდო დედას შორის ურთიერთობა, არათავსებადია ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვასთან;
  • ამასთან, აუცილებელი არ არის, რომ საზღვარგარეთ გაცემული დაბადების მოწმობის აღიარება განხორციელდეს სამოქალაქო აქტში ჩანაწერის განხორციელების გზით. ეს შესაძლებელია განხორციელდეს სხვა საშუალებით - შვილად აყვანის შიდა კანონმდებლობით დადგენილი გზით, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ და ეფექტურ იმპლემენტაციას ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.

დავით ჯანდიერი მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დანერგილი ახალი პრაქტიკა (საკონსულტაციო დასკვნის გაცემა) სასარგებლო შესაძლებლობა იქნება საქართველოსთვისაც.

იმის გარდა, რომ საკონსულტაციო დასკვნა ადგილობრივი სასამართლოების უკეთ ინფორმირების საშუალებაა, ასეთი დასკვნები იმ პირთა უკეთ ინფორმირებასაც შეუწყობს ხელს, ვინც აპირებს მომავალში საჩივრით მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG