Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სწორება გიორგი რურუაზე


ახალი საარჩევნო სისტემის მესამე მოსმენით განხილვის წინ ვითარება კვლავ უცვლელია: „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა ისევ დაკავებულია, ხოლო მისი პატიმრობის გამო საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი კვლავაც ბოიკოტის რეჟიმში რჩება. ოპოზიცია ამ საკითხს 8 მარტის შეთანხმების პრინციპულ ნაწილად განიხილავს და დათმობას არ აპირებს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი ოპოზიციას საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების იგნორირებაში ადანაშაულებს, „კრიმინალურს“ უწოდებს და ბრალდებების დაუდასტურებლად დასავლეთს ატყობინებს, რომ პოლიტპატიმრად მოხსენიებული გიორგი რურუა მძიმე ბოროტმოქმედია.

როგორ აღიქმება "ქართული ოცნების" ასეთი ძალისხმევა გიორგი რურუასთან მიმართებით? როგორი პერსპექტივა აქვს ამ ფონზე ახალი საარჩევნო სისტემის საბოლოო დამტკიცებას? განმუხტავს თუ ვერა პოლიტიკურ დაძაბულობას მხოლოდ ახალი საარჩევნო სისტემის დამტკიცება?

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის წარმომადგენელმა, კახა კუჭავამ 24 ივნისს დაადასტურა, რომ გიორგი რურუასთან დაკავშირებული წერილი მართლაც გაიგზავნა საერთაშორისო პარტნიორებთან. თუმცა მან დააზუსტა, რომ ინფორმაცია გაგზავნა არა პირადად მან, არამედ - პარტია "ქართულმა ოცნებამ" და ადრესატები მხოლოდ ევროპარლამენტარები არ ყოფილან.

„პარტიის გაგზავნილია... ეს არ იყო ოფიციალური წერილი და ეს არ იყო ოფიციალური მიმართვა კონკრეტულად ვინმეს მიმართ. ეს არის სიახლეები, რომლებიც გამოწერილი აქვთ არა მხოლოდ ევროპარლამენტარებს ... (გამოწერილი აქვთ) მათ შორის - ამერიკის კონგრესის, სენატის წარმომადგენლებს“.

წერილში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, „ქართული ოცნება“ ატყობინებს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ოპოზიცია თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს დაკავებულ ბოროტმოქმედს - გიორგი რურუას. ტექსტში მაგალითად ნათქვამია, რომ:

  • გიორგი რურუა ცნობილია დაახლოებით 30 წლის წინ ჩადენილი საშინელი დანაშაულებით, იქნება ეს განზრახ მკვლელობები თუ ადამიანების გატაცება;
  • გიორგი რურუას კრიმინალურ დაჯგუფება - „ბოროტების საძმო“ მონაწილეობდა 1992 წელს თორაძეების ოჯახის 7 წევრის მკვლელობაში, ხოლო 1993 წელს ზაზა ვეფხვაძისა და მისი ძმისშვილის მკვლელობაში;
  • გიორგი რურუა სხვა გვარითა და სახელით (დავით კურცხალია) ცხოვრობდა აშშ-ში, ინტერპოლის მიერ იძებნებოდა ფულის გამოძალვის გამო და 2000 წელს მოხდა მისი დეპორტაცია საქართველოში;
  • გიორგი რურუას „მთავარი არხის“ მეწილედ ყოფნა (2.5%-იანი წილი 2 500 ლარად იყიდა) საკუთარი მიზნებისთვის, ანუ თვალის ასახვევად დასჭირდა.

გიორგი რურუას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი „ქართული ოცნების“ წერილს ცილისწამებას უწოდებს, რადგან, მისი თქმით, რურუას წინააღმდეგ (გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ) არცერთ ხელისუფლებას არა აქვს აღძრული საქმე. ამასთან, რურუასთვის არანაირი ბრალდება არ არის წაყენებული და მით უმეტეს, დამტკიცებული - „8 წელია უკვე, „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში და არცერთხელ კითხვაც კი არ დასმულა გიორგი რურუასთვის ამ საქმეებთან დაკავშირებით“.

რურუას ადვოკატი ასევე ტყუილს უწოდებენ „მთავარი არხის“ მფლობელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც - „2500 ლარია წილის ნასყიდობის თანხა, მაგრამ გარდა ამისა, ტელეარხის კაპიტალში ის ახორციელებს ინვესტიციას 250 ათასი დოლარის ოდენობით“.

24 ივნისს ოპოზიციას „კრიმინალური“ უწოდა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მან თქვა, რომ საქართველოში პოლარიზაციას იწვევს არა ბოროტმოქმედთა ციხეში ჯდომა, არამედ ბოროტმოქმედთაპოლიტიკაში ყოფნა.

"ეს ვითარება უნდა შეიცვალოს და სწორედ ამიტომ გვყავს კრიმინალური ოპოზიცია. კრიმინალები არიან წინა პლანზე ოპოზიციაში. თქვენ ხედავთ, რომ ფაქტობრივად რურუა არის გამოცხადებულია როგორც ამ ოპოზიციის ერთგვარი არაფორმალური ლიდერი და ეს ყველაფერზე მეტყველებს“.

23 ივნისს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კობახიძემ ოპოზიციას ანტიდასავლურიც უწოდა, რადგან, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, უგულებელყოფენ დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს ახალი საარჩევნო სისტემის პარლამენტში მხარდაჭერასთან დაკავშირებით - „ისინი პირდაპირ და უხეშად არღვევენ 8 მარტის შეთანხმებას“.

საპარლამენტო პარტიები - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით ისევ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. ისინი საერთაშორისო პარტნიორებისთვის ხელისუფლების მიერ გაგზავნილ წერილს იმ ფაქტის კიდევ ერთ დასტურად აღიქვამენ, რომ რურუა პოლიტიკური პატიმარია.

  • „დიდი ხანია გვაქვს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ ავრცელებს პროპაგანდას გიორგი რურუას საქმეზე დასავლეთში და ახლა უკვე წარმოდგენილ იქნა უტყუარი საბუთი, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი რურუას წინააღმდეგ ხორციელდება პოლიტიკური დევნა ხელისუფლების მხრიდან“ - სალომე სამადაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა";

  • „ეს წერილი არის დასტური იმისა, რომ პოლიტიკური მოტივია და პირდაპირი დაკვეთაა ივანიშვილის გუნდისგან, რომ რურუა იყოს ციხეში... ჰგონიათ, რომ ასეთი დისკრედიტაციის კამპანიით მიაღწევენ მიზანს საქართველოს მეგობრებში... ასეთი დოკუმენტი ვისაც უვარდება ხელში, ყველა ხვდება, რომ პოლიტიკური მოტივი და დაგეგმილი კამპანია აქვს მთავრობას“ - გიგა ბოკერია, „ევროპული საქართველო“.

ვითარება ვერც თავად გიორგი რურუას მოწოდებამ შეცვალა. რადიო თავისუფლებას „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობაში“ უთხრეს, რომ არ აპირებენ მხარი დაუჭირონ ახალი საარჩევნო სისტემის ამსახველ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რადგან საქართველოში პოლიტპატიმრების დრო წარსულს უნდა ჩაბარდეს.

ოპოზიცია დიდი ხანია ითხოვს, რომ სრულად შესრულდეს 8 მარტს საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმება, რომლის განუყოფელ ნაწილსაც წარმოადგენს პოლიტპატიმრების გათავისუფლება. თავდაპირველად ოპოზიცია ასახელებდა ოთხ პირს, ესენი არიან: გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა და ბესიკ თამლიანი. ამჟამად საპატიმროში მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა რჩება. შესაბამისად, ოპოზიციის მოთხოვნაც ამჯერად მხოლოდ მას უკავშირდება.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება თავიდანვე უარყოფდა და ახლაც კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის დაპირებას კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით.

ახალი საარჩევნო სისტემის ამსახველ საკონსტიტუციო ცვლილებებს, პირველი მოსმენით განხილვის დროს, 136-მა, ხოლო მეორე მოსმენით განხილვის დროს 115-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. "ქართული ოცნება" პირობას დებს, რომ კანონპროექტი მესამე მოსმენითაც დამტკიცდება და ის ორი ოპოზიციური პარტიის გარეშეც დააგროვებს 116 ხმას.

იმის გამო, რომ კანონპროექტს დასამტკიცებლად მინიმუმ 113 ხმა სჭირდება, 21 ივნისს გამართული მეორე კენჭისყრის მაჩვენებელმა მთლად კმაყოფილი ვერ დატოვა 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ფასილიტატორი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი.

23 ივნისს მან ტვიტერზე კიდევ ერთხელ დაწერა, რომ პარლამენტის დეპუტატებს შორის 142 მხარდამჭერი ეგულება და იმედი აქვს, რომ 29 ივნისს, დასკვნითი კენჭისყრის დროს პროექტს მეტი დეპუტატი დაუჭერს მხარს.

ბოლო დღეებში საერთაშორისო პარტნიორებმა არაერთხელ მოუწოდეს ყველას, მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუმცა როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი, ლევან ნატროშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, საერთაშორისო პარტნიორებმა სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული განცხადებებით ასევე მკაფიოდ მიანიშნეს ხელისუფლებას, რომ 8 მარტის შეთანხმების განუყოფელი ნაწილია მართლმსაჯულების დეპოლიტიზების საკითხიც და შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს.

„მათ განცხადებებში აშკარად იკითხება ტექსტი, რომ შეთანხმება არ არის ბოლომდე შესრულებული... და ჩვენც ვფიქრობთ, რომ გიორგი რურუას შემთხვევაში ბევრი კითხვა არსებობს და მისი დაკავების მიზეზი ძალიან პრობლემურია. გამოძიების პროცესში არის ბევრი ხარვეზი და მართლაც ჩნდება ეჭვები, რომ სწორედ პოლიტიკური ნიშნით ხდება ამ ადამიანის დევნა... შეიძლება ადამიანი დამნაშავეც იყოს, მაგრამ როცა ვერ უმტკიცებ, ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს - მით უმეტეს, თუკი ის ოპოზიციურად განწყობილი და პოლიტიკურად აქტიურია“.

როგორც კონსტიტუციონალისტი ალიკა კუპრავა ეუბნება რადიო თავისუფლებას, მნიშვნელოვანია და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებიც ამისკენ არის მიმართული, რომ ახალ საარჩევნო სისტემას მაქსიმალურად კონსოლიდირებული ფართო მხარდაჭერა ჰქონდეს.

მაგრამ „8 მარტის შეთანხმება შედგებოდა ორი ნაწილისგან და ორივე ძალიან მნიშვნელოვანია“ და ამიტომ „8 მარტის შეთანხმებას ორივე მხარემ უნდა სცეს პატივი, როგორც ახალი საარჩევნო სისტემის ნაწილში, ასევე პოლიტპატიმრების ნაწილში“.

კუპრავა თვლის, რომ ახალი საარჩევნო სისტემის მიღებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება ამომრჩეველთა ნების უფრო სამართლიანად ასახვის თვალსაზრისით, თუმცა, როდესაც კვლავაც გადაუწყვეტლად დარჩება პოლიტიკური მართლმსაჯულების პრობლემა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალი არჩევნებისთვის სასურველი, მშვიდი ფონი მივიღოთ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG