Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირი”


ეკა ხუციშვილი, "დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" პროექტის მენეჯერი

“სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირი”, არ მოგვწონს ეს გამოთქმა? გამოთქმას ვინ ჩივის, როდესაც მასობრივი ჭირი ყოველ წელს გამოწერილი აქვს საქართველოს შაქარაშვილის, ხორავას ქუჩის და კიდევ სხვა ბევრი ტრაგედიის სახით. სამწუხაროდ, ყოველ წელს ასე იქნება, და იქნება ბევრი, და იქნება დიდი, და იქნება იქამდე, სანამ სხვისი ჭირი ღობეს ჩხირად დარჩება მხოლოდ.

“ჩატარდა ასობით საგამოძიებო მოქმედება და მიმდინარეობს გამოძიება”. “დაიკითხნენ მოწმეები და საქმეზე ჩატარდა ექსპერტიზა”. “საქმის მთავარმა მოწმემ ჩვენება შეცვალა”. “მისი თქმით, პეტრე და ივანე პავლესთან ერთად არ იმყოფებოდნენ და მათ დანაშაულთან კავშირი არ ჰქონიათ”.

სანამ მოწმე პეტრესა და ივანეზე სიმართლეს არ იტყვის, ჩატარებულ ასობით საგამოძიებო მოქმედებას ახალი ასი დაემატება და გამოძიება ისევ და ისევ ... გაგრძელდება და გაგრძელდება უსასრულოდ. ბრიფინგებიც გაგრძელდება, სადაც დამაჯერებლად გვეტყვიან, რომ მასალები გაიგზავნა გენერალურ ინსპექციაში და ყველა გადაცდომას გაეცემა პასუხი. პასუხის გაცემის მოლოდინში ისევ ახალი ჭირი ახალი ტალღით, ახალი ადამიანების ახალი ტრაგედიებით წამოგვეწევა. სცენარი იგივე - “მოწმემ შეცვალა ჩვენება და განაცხადა, რომ პეტრე და ივანე პავლესთან ერთად არ იმყოფებოდნენ იმ მომენტში და მათ დანაშაულთან კავშირი არ აქვთ”. და ისევ - “სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი”.

მშობელი, რომელმაც თავისი გამოარიდა და სხვები კონფლიქტში მიატოვა, არ გამოიძახა პოლიცია, თავი არ შეიწუხა, არც ის გააცნობიერა, რომ სხვისი ჭირი მისთვის ღობის ჩხირია, იმიტომ რომ მან სრულიად ორგანულად, ინსტინქტურად, და ბუნებრივად ის, რომელსაც სხვა არაერთი მშობელი აკეთებს. რა ქნა საოცარი და განსხვავებული? არაფერი.. „სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი“...

გამოძიებას რა აქვს სათქმელი, ატარებს და ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს, თანაც - ასობით. მეტი რა ქნას? მოწმემ შეცვალა ჩვენება, მეტი რა ქნას? პეტრე და ივანე პავლესთან ერთად არ იმყოფებოდნენ იმ მომენტში და მათ დანაშაულთან კავშირი არ აქვთო, მეტი რა ქნას? პარლამენტი კანონებს იღებს, მოწმემ თუ ჩვენება შეცვალა, პარლამენტმა რა ქნას? დანაშაულის გამოძიების კანონები ხო შექმნა, მეტი რა ქნას?

ვუყურებ ტელევიზორს და ვარ აღშფოთებული. რატო არ ამბობენ სიმართლეს, რატომ არ იძიებენ, რატომ ხდება ეს ტრაგედიები, მეტი რა ვქნა? სხვაც აღშფოთებულია, მეტი რა ქნას? ზოგი კიდევ უფრო მეტად აღშფოთებულია, მეტი რაღა ქნას?

ის მოწმე, რომელმაც წელს ჩვენება შეცვალა, 2 წლის წინ ჩემსავით და შენსავით აღშფოთებული იყო, როცა ტელევიზორს უყურებდა და ესმოდა, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიაში მოწმეები არ თანამშრომლობდნენ. მეტი რა ექნა? ის მშობელი, რომელმაც წელს თავისი გამოარიდა და სხვები მანქანის კარის უკან დატოვა, 2 წლის წინ ისეთივე შეძრული და სევდიანი იყო ხორავას ტრაგედიით, როგორც დღეს მე და შენ, და სრულიად უთანაგრძნობდა მოკლული ბავშვების მშობლებს. მეტი რა ექნა?

საბოლოოდ ხომ მაინც სხვისი ჭირი ღობეს ჩხირად რჩება - თვითონაც ხომ მხოლოდ თავისი გამოარიდა და სხვები კონფლიქტში მიატოვა, იმიტომ რომ სხვისი ჭირი მისთვის მხოლოდ ჩხირია. საბოლოოდ ხომ პეტრესა და ივანეზე სიმართლე არ თქვა და შეცვალა ჩვენება, იმიტომ რომ სხვისი ჭირი მისთვის მხოლოდ ჩხირია, გარდაცვლილის მეგობარი კია, მაგრამ ხომ მაინც სხვისი ჭირი სხვისია. დანაშაულში კავშირი არ ჰქონდათო, თქვა და ამით “შარი” აირიდა.

მოძალადე რაგბისტები ისევ საზოგადოების გმირები იქნებიან, მოკლული ისევ უცნობისგან მოკლული იქნება, ისევ აღვშფოთდებით და მაინც ისევ სხვისი ჭირი ჩვენთვის ღობის ჩხირად დარჩება. ასე იქნება, სანამ პეტრეზე სიმართლის თქმას არ ვისწავლით, სანამ სხვა ბავშვის კონფლიქტი ჩვენი ბავშვის კონფლიქტთან არ გაიგივდება, სანამ პოლიცია თავის მართლებიდან რეალურ მოქმედებაზე არ გადავა და სანამ პარლამენტი მოწმის ეფექტიანი თანამშრომლობის კონკრეტულ მექანიზმს არ შექმნის.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს რადიო თავისუფლების მოსაზრებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG