Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკეთ დაიცავს ახალი კანონი ცხოველებსა და მათ პატრონებს?


ავტორი: ცირა გურგენიძე

პარლამენტი შინაური ცხოველების უფრო მეტად დაცვისთვის ახალ კანონმდებლობაზე მუშაობს, თუმცა დაგეგმილი ცვლილებებით კმაყოფილი კანონპროექტის თანაავტორებიც კი არ არიან. რატომ?

2 თუთიყუში, 2 ზღვის გოჭი, 1 თევზი და კიდევ 1 კატა არ შეიძლება

„კორპუსში თუ ვინმეს ეყოლება 2 თუთიყუში, 2 ზღვის გოჭი და 1 თევზი, აღარ ექნება უფლება აიყვანოს ძაღლი ან კატა. ეს ცხოველთა შემფარებლების უფლებების შეზღუდვაა”, - ამბობს “ცხოველთა დაცვის ფედერაციის“ თავმჯდომარე თემურ ლაჭყეპიანი. არადა, ეს ორგანიზაცია სხვებთან ერთად კანონპროექტის თანაავტორია.

ახალი კანონმდებლობის დამტკიცების შემთხვევაში მრავალბინიან კორპუსში მცხოვრებ რიგით მოქალაქეს 5-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლა აეკრძალება.

ცხოველთა უფლებების დამცველებს მიაჩნიათ, რომ არა პარლამენტმა, არამედ მუნიციპალიტეტებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის რამდენი შინაური ცხოველის ყოლის უფლება მიეცეს.

“ვისაც მეტი ფართი და პირობები აქვს, მეტი ცხოველის ყოლის უფლება უნდა ჰქონდეს. ერთიანი რეგულაცია არ უნდა ვრცელდებოდეს თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე, და ყაზბეგის რომელიმე სოფელში, სადაც მეპატრონეს უფრო დიდი ტერიტორია აქვს”, - ამბობს თემურ ლაჭყეპიანი.

კანონპროექტის მიხედვით, მრავალბინიანი საცხოვრებლის ბინაში 5-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლის შემთხვევაში პიროვნებამ ბინა ცხოველთა თავშესაფრად უნდა დაარეგისტრიროს, რაც დამატებითი სტანდარტების დაცვას მოითხოვს.

„მეპატრონემ საცხოვრებელი საოჯახო ტიპის თავშესაფრად რომ დაარეგისტრიროს, სჭირდება ნებართვა მეზობლებისა და ახლომდებარე საწარმოებისგან...კანონპროექტში გაწერილია, რომ საოჯახო თავშესაფარს უნდა ჰქონდეს ვოლიერები. სახლში ვინ აკეთებს ვოლიერებს?“ - კითხვას სვამს თემურ ლაჭყეპიანი.

რამდენად მკაცრად უნდა დაისაჯოს ცხოველის მკვლელობა

„ცხოველთა დაცვის ფედერაციისთვის" მიუღებელია, რომ მძღოლი, რომელიც დააზიანებს ან მოკლავს ცხოველს ავტოავარიაში და ამის შესახებ პოლიციას არ შეატყობინებს, მხოლოდ 50 ლარით დაჯარიმდეს, თუმცა საგზაო ბორდიურს თუ დაარტყამს, 250 ლარი გადაიხადოს.

ბუნდოვანია ჩანაწერი იმის თაობაზე, თუ რა შემთხვევაში ჯარიმდება ხმაურის გამო ცხოველის მეპატრონე:

“ამ ჩანაწერის მიხედვით ძაღლის ერთი დაყეფება 50-ლარიან ჯარიმას ნიშნავს”, - გვეუბნება თემურ ლაჭყეპიანი.

“სისხლის სამართლის კოდექსში” შესატანი ცვლილებით, პირი, რომელიც წამებით დაასახიჩრებს ან მოკლავს ცხოველს, შეიძლება დაისაჯოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, შინაპატიმრობით, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით მაქსიმუმ სამ წლამდე.

თემურ ლაჭყეპიანი ფიქრობს, რომ პატიმრობის ალტერნატივად ჯარიმამ აღარ უნდა იარსებოს. ცხოველთა უფლებების დამცველი დამკვიდრებულ პრაქტიკაზე მიუთითებს და ამბობს, რომ მოსამართლეებს, როგორც წესი, ასეთი დანაშაულის შემთხვევაში მხოლოდ ჯარიმის გადახდის გადაწყვეტილება გამოჰქონდათ.

რატომ იწუნებენ პროექტს ის ჯგუფები, რომლებმაც მასზე იმუშავეს

კანონპროექტის კიდევ ერთი ავტორი ორგანიზაციის, „ცხოველთა უფლებების კომიტეტის“, თავმჯდომარე თინათინ ჭავჭანიძე ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც პროექტზე იმუშავეს, მისი საბოლოო ვერსია მხოლოდ პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ ნახეს.

„ჯარიმების საკითხი ცალკე მზადდებოდა პარლამენტის წევრების მიერ და ჩვენთან არ ყოფილა შეთანხმებული. გვაქვს შენიშვნები, რომ ჯარიმა რაღაცისთვის მეტია, რაღაცისთვის ნაკლები. მიუღებელია დაკაწვრისთვის 800 ლარით დაჯარიმდეს პატრონი, როდესაც ცხოველის ქუჩაში გაგდებაზე ბევრად ნაკლებია ჯარიმა“,- ამბობს თინათინ ჭავჭანიძე.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ხუციშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ორგანიზაციებს შენიშვნების გამოთქმა საკომიტეტო მოსმენებზე შეუძლიათ და, საბოლოოდ, საუკეთესო ვარიანტს მიიღებენ.

„ადმინისტრაციული ჯარიმების რაოდენობა მარტო ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების გადასაწყვეტი საკითხი არ არის. ვერ გეტყვით, ჯარიმების ნაწილი მათთან იყო თუ არა შეთანხმებული. სხვა მხრივ, აბსოლუტურად ყველა პუნქტი ერთად გავიარეთ. კანონპროექტი საკომიტეტო მოსმენებზე შეიძლება დაიხვეწოს და შეიცვალოს“, - ამბობს ზაზა ხუციშვილი.

„ცხოველთა დაცვის ფედერაცია“, იმისათვის რომ მათი შენიშვნები გათვალისწინებული იქნეს, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტს წერილობით მიმართავს და კანონპროექტის განხილვაშიც ჩაერთვება.

XS
SM
MD
LG