უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი საარჩევნო კამპანიის დროს და კაბინეტის პოტენციური წევრების შესარჩევად კრაუდსორსინგს მიმართა.
პრეზიდენტის ფიცის დადებიდან რამდენიმე დღეში კი პრეზიდენტის ახალშექმნილმა პარტია „ხალხის მსახურმა“ ონლაინ კონკურსი გამოაცხადა 21 ივლისის არჩევნებისთვის პარტიულ სიაში ადგილების მოსაპოვებლად.
ზელენსკის ადმინისტრაცია არ ღალატობს თავის ციფრულ ტექნიკაზე ორიენტირებულ სტილს. მან საჯაროდ გამოაცხადა, რომ ახალი ონლაინ პლატფორმის მეშვეობით აგროვებს იდეებსა და განაცხადებს გუნდში ახალი თანამდებობების დაკავების მსურველებისგან.
მას „ლიფტი“ ეწოდება და ორგანიზატორების თქმით, ესაა მოსახლეობაში არსებული ცოდნისა და უნარების გამოყენების საშუალება უკრაინის უმწვავესი პრობლემების მოსაგვარებლად.
ყოველ შემთხვევაში, ის იმას მაინც ემსახურება, რომ გაამყაროს ზელენსკის, როგორც აუტსაიდერის იმიჯი და ბოლო მოუღოს უკრაინელების დიდ უკმაყოფილებას პოლიტიკოსებით.
„ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გვჭირდება სხვადასხვა დონეზე“, უთხრა რადიო თავისუფლებას კამპანიის მრჩეველმა სვიატოსლავ იურაშმა, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, ივლისში „ხალხის მსახურის“ პარტიულ სიაში მოხვდება. მისი თქმით, ეს არის ხალხისადმი გულწრფელი მიმართვა, რაც აუცილებელია ისეთი ადამიანების საპოვნელად, რომლებიც არ არიან ძველი პოლიტიკითა და კორუფციით დამძიმებული.
კრაუდსორსინგი უცხო ხილია უკრაინის პოლიტიკური სამყაროსთვის, რომელიც, ფაქტობრივად, მიუდგომელი ბუნკერივითაა და ათწლეულების განმავლობაში კონტროლდება ინსაიდერების მიერ, რომლებიც ეჭვით უყურებენ ახალ იდეებსა და აუტსაიდერებს.
მაგრამ აპრილში ზელენსკის დიდი უპირატესობით გამარჯვების შემდეგ, რაც პოსტსაბჭოთა უკრაინაში უპრეცედენტოა, არის იმის ნიშნები, რომ კრაუდსორსინგი და ინტერნეტის მეშვეობით რეკრუტირება შეიძლება ჩვეულ პრაქტიკად იქცეს პოლიტიკური გუნდების ჩამოყალიბების საქმეში.
სულ მცირე, კიდევ ერთი პოლიტიკური აუტსაიდერი ფიქრობს ასე. ეს გახლავთ სვიატოსლავ ვაკარჩუკი, როკვარსკვლავი, რომელსაც დასავლეთში აქვს განათლება მიღებული, და, ბევრის აზრით, ბონოს უკრაინული ვერსიაა. მიმდინარე თვეში მან გამოაცხადა თავისი პარტია „ჰოლოსის“ („ხმა“) შექმნის შესახებ და პირობა დადო, რომ ასევე გამოიყენებს კრაუდსორსინგს.
ამერიკული პოლიტიკური გამოცდილება
ინტერნეტით სამოქალაქო საზოგადოების წევრთა რეკრუტირება, როგორც ჩანს, უკრაინელებმა ისესხეს ამერიკიდან, სადაც ინტერნეტით რეკრუტირებამ შესაძლებელი გახადა ახალგაზრდებისა და უმცირესობების გააქტიურება კონგრესის 2018 წლის შუალედური არჩევნებისთვის.
ზელენსკის ადმინისტრაციისა და პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ლიფტი“ არ არის ამ უცხოური პლატფორმების მიბაძვა, მაგრამ მსგავსებას აღიარებენ.
იურაშის თქმით, მას არაოფიციალური არხებით „ყოველდღე“ მიმართავენ ადამიანები, რომლებსაც ზელენსკის გუნდის წევრობა სურთ, და „ლიფტის“ შექმნის მიზანია „საზოგადოებაზე წვდომის სტრუქტურირება და კვალიფიციური ხალხის პოვნა“.
„ლიფტის“ ვებსაიტის მიხედვით, პლატფორმა „თავს უყრის ნიჭიერ სპეციალისტებსა და ინოვაციებს. იგი მიზნად ისახავს დადებით ცვლილებებს ქვეყანაში და მის რთულ სოციოეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში“.
პრეზიდენტის მრჩეველმა და ციფრული საკითხების დირექტორმა მიხაილო ფედოროვმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ადმინისტრაციამ „ლიფტის“ ამუშავებიდან ერთ დღეში მიიღო 573 განაცხადი და პროექტების 834 წინადადება და შეთავაზება.
ახლახან ჩატარებული გამოკითხვა მეტყველებს, რომ უკრაინელ ამომრჩეველთა 43,3% მხარს უჭერს პარტია „ხალხის მსახურს“, რაც არ არის საკმარისი საპარლამენტო უმრავლესობისთვის, თუმცა არც ძალიან შორსაა მისგან. და ეს მაშინ, რომ პარტიული სია ჯერ არ არის შევსებული ან, ყოველ შემთხვევაში, გასაიდუმლოებულია.
სადავო დანიშვნების გაწონასწორება
თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ კრაუდსორსინგის გზით ახალი სახეების მიზიდვა სხვათა შესანიღბად ხდება. მათი აზრით, ზელენსკის მოკავშირეები შესაძლოა ცდილობდნენ გაანეიტრალონ კრიტიკა, რომელიც დაიმსახურა ადმინისტრაციის ზოგიერთმა კანდიდატმა.
პოლიტოლოგ ოლექსი ჰარანის თქმით, ერთ-ერთ ასეთ სადავო ფიგურად მიიჩნევენ ანდრი ბოჰდანს, რომელიც ზელენსკის შტაბის ხელმძღვანელად დაინიშნა.
„ბოჰდანის დანიშვნა ძალიან ცუდი ნიშანია“ არა მხოლოდ იმის გამო, რომ ის სადავო რეპუტაციის მქონე ოლიგარქთანაა კავშირში, „არამედ იმიტომ, რომ ეს კანონის აშკარა დარღვევაა“.
მაგნატ იჰორ კოლომოისკის ადვოკატი ბოჰდანი, რომელიც ზელენსკის იურიდიული მრჩეველი იყო საარჩევნო კამპანიის პერიოდში, და რომელიც ამბობს, რომ სწორედ მან ჩააწვეთა ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის იდეა, ოდესღაც სამთავრობო პოსტზე მუშაობდა ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციაში.
2014 წელს მიღებული კანონი იანუკოვიჩის პერიოდის თანამდებობის პირებს უკრძალავს უკრაინის მომავალ მთავრობებში მუშაობას.
იუსტიციის სამინისტრომ დაადგინა, რომ კანონი ვრცელდება ბოჰდანზე. ლუსტრაციის კომიტეტმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც ამ კანონის შესრულებას ადევნებს თვალს, ბოჰდანის დანიშვნა სასამართლოში გაასაჩივრა.
ბოჰდანი ამტკიცებს, რომ კანონი მას არ ეხება, ვინაიდან სხვა კანონის ძალით, პრეზიდენტის შტაბის უფროსი არ მიიჩნევა საჯარო მოხელედ.
თავად ზელენსკი კოლომოისკისთან დაკავშირებულია ტელეკომპანია „1+1“-ის გზით, რომლის მეწილეცაა კოლომოისკი და რომელშიც აჩვენებენ ზელენსკის იუმორისტულ სერიალს, „ხალხის მსახურს“. სწორედ ამ სერიალიდან ისესხა მან საკუთარი პარტიის სახელწოდება. გარდა ამისა, ზელენსკის კოლომოისკისთან აკავშირებს საერთო მრჩევლები და რესურსები.
მაგრამ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ არაა კავშირში კოლომოისკისთან, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დაუძინებელი მტერია. ზელენსკის ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე კოლომოისკი პირველად დაბრუნდა უკრაინაში ორწლიანი პაუზის შემდეგ.
ჰარანის თქმით, ზელენსკის მიერ დანიშნულთაგან ყველა არ არის ცუდი კანდიდატურა და რომ მოელიან, რომ პრეზიდენტი ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებსაც იცნობს.
„მე ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაინიშნენ, შემოქმედებითი, ჭკვიანი ხალხია. მაგრამ საკითხავია, რამდენად პროფესიონალები არიან ისინი, რამდენად შეძლებენ პრეზიდენტის პრიორიტეტების განვითარებას“.
ახალი „ხმა“ კრაუდსორსინგის არენაზე
საპარლამენტო არჩევნებში ზელენსკის პარტიის მეტოქე იქნება ვაკარჩუკის პარტია „ხმა“. ვაკარჩუკის თქმით, ის იმედოვნებს, რომ „დაანგრევს პოლიტიკის წარმოების ძველ მეთოდს და შექმნის ახალს“.
ისიც ცდილობს, ისარგებლოს ისტებლიშმენტის წინააღმდეგ მიმართული განწყობით, რომელმაც მოიყვანა ხელისუფლებაში ზელენსკი, და ახალი სახეების მოსაძიებლად სამოქალაქო საზოგადოებას მიმართავს.
პარტიის ვებსაიტზე ვკითხულობთ: „ნამდვილი ცვლილებების გუნდი მოგესალმებათ! ჩვენი გუნდი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს შემოგვიერთდეს“.
„ხმის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა იარემა დუხმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პარტიამ მასში გაწევრიანების მოსურნეთა 8000-ზე მეტი განაცხადი მიიღო.
მიმდინარე კვირაში პარტია გეგმავს განაცხადების ონლაინ მიღების დაწყებას „ყველასთვის, ვინც ეთანხმება და მხარს უჭერს“ პარტიის მანიფესტს.
დუხის თქმით, მთავარი ისაა, რომ პარტიას სურს შეცვალოს პოლიტიკის კეთების წესი. საამისოდ კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ახალი ადამიანების მოზიდვას.
მაგრამ ამჟამინდელმა დეპუტატებმა ტყუილად არ უნდა შეიწუხონ თავი. „მათ უკვე ჰქონდათ თავიანთი შანსი“, ამბობს დუხი.