საწვავის გაყიდვაზე სხვადასხვა სახის შეზღუდვები უკვე რუსეთის, სულ მცირე, 53 რეგიონსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედებს, - ამის შესახებ წერს გამოცემა The Bell-ი. 16 ივნისს BBC-ის რუსულმა სამსახურმა რუსეთის რეგიონული მედიების პუბლიკაციებით დადასტურებული 33 „დეფიციტური რეგიონის“ შესახებ დაწერა.
საწვავის გაცემაზე შეზღუდვები უკვე შორეულ აღმოსავლეთამდე გავრცელდა. ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორმა დმიტრი დემეშინმა ლიმიტების დაწესება ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში მიმდინარე „სეზონური და არაგეგმური სამუშაოებით“ ახსნა: თესვის კამპანიის დასრულების შემდეგ ქარხნები ტექნიკურ მომსახურებაზე გადადიან და ეს ყოველწლიური პრაქტიკაა“.
მანამდე გამოცემა „ვერსტკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „როსნეფტისა“ და ТНК-ის ავტოგასამართმა სადგურებმა ბენზინის კანისტრებით გაყიდვა აკრძალეს, ხოლო ერთ მომხმარებელზე გასაცემი საწვავის მაქსიმალური მოცულობა 90 ლიტრით შეზღუდეს.
სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, „ტატნეფტმაც“ რუსეთის მასშტაბით საკუთარ ყველა ავტოგასამართ სადგურზე ბენზინისა და დიზელის გაცემაზე ლიმიტი დააწესა. კომპანიის "ცხელი ხაზის" ოპერატორების განმარტებით, ამის მიზეზი „გაზრდილი სეზონური მოთხოვნაა“.
ჩელიაბინსკში ავტოგასამართ სადგურებზე მძღოლებს აფრთხილებენ, რომ „ტექნიკური მიზეზების“ გამო მსუბუქ ავტომობილებზე ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 30 ლიტრი ბენზინის ან 60 ლიტრი დიზელის გაცემა, ხოლო სატვირთო ავტომობილებისთვის ლიმიტი 300 ლიტრ დიზელს შეადგენს.
როგორც რუსული მედია წერს, შედარებით მსუბუქი შეზღუდვები მოქმედებს „ლუკოილის“ გასამართ სადგურებზე, სადაც ერთ ადამიანზე 100 ლიტრამდე ბენზინი გაიცემა, თუმცა ამ კომპანიის სადგურებში მხოლოდ ავზებში ასხამენ საწვავს, რაც გამორიცხავს კანისტრებით საწვავის შეძენას და, შესაბამისად, მარაგის შექმნასაც.
საწვავის რაოდენობრივი შეზღუდვების გარდა, ავტოგასამართი სადგურების ნაწილზე ასევე შეიცვალა გადახდის წესიც - საწვავის შეძენა მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით არის შესაძლებელი.
„ტატნეფტის“ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის გაცემის შეზღუდვებისა და ვოლგისპირეთის რამდენიმე რეგიონში ბენზინისა და დიზელის დეფიციტის შესახებ ცნობები 13 ივნისს გავრცელდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ იერიში მიიტანა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა ТАНЕКО-ზე, რომელიც „ტატნეფტის“ ჯგუფში შედის.
16 ივნისს „ინტერფაქსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთში „ტატნეფტის“ ყველა ბენზინგასამართ სადგურზე შეზღუდვები დაწესდა. თუმცა ზოგიერთ რეგიონში, კერძოდ, უდმურტეთსა და ჩელიაბინსკის რეგიონში, ოდნავ მაღალი ლიმიტები დაფიქსირდა: 30 ლიტრი ბენზინი და 60 ლიტრი დიზელი ერთ სამგზავრო მანქანაზე.
თათრეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება აცხადებს, რომ საწვავის მწარმოებლებმა შეზღუდვები მხოლოდ „ცალკეულ“ ავტოგასამართ სადგურებზე დააწესეს, რათა „ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი“ თავიდან აეცილებინათ.
რთული ვითარებაა კრასნოდარის მხარეში, რომლის საგანგებო სიტუაციების ცენტრმა განაცხადა, რომ 15 ბენზინგასამართ სადგურს ბენზინი გაუთავდა: „ეს ძირითადად მცირე, კერძო საკუთრებაში არსებული ბენზინგასამართი სადგურებია“.
ექსპერტთა შეფასებით, მცირე ბენზინგასამართი სადგურები პირველები ზარალდებიან, რადგან მათ საკუთარი წარმოების ობიექტები არ გააჩნიათ. თუმცა პრობლემები ასევე შეეხო მსხვილ კომპანიებს, რომლებსაც საკუთარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები აქვთ. მაგალითად, კრასნოდარში „გაზპრომნეფტს“ ბენზინი გაუთავდა, - წერს ადგილობრივი ბლოგერი იური ბარანჩიკი. მიზეზებზე საბრისას, საგანგებო სიტუაციების რეაგირების ცენტრი „მომხმარებელთა მოთხოვნის ზრდას“ ასახელებს.
2026 წლის მაისის ბოლოს ბენზინის დეფიციტი პირველად დაფიქსირდა ანექსირებულ ყირიმში, შემდეგ კი - ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში. მოგვიანებით საწვავის მიწოდების პრობლემები გაჩნდა მოსკოვში, მოსკოვისა და ლენინგრადის ოლქებში, კრასნოდარის მხარესა და ბურიატიაში მდებარე ავტოგასამართ სადგურებზეც. ამ პრობლემების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება რუსეთის ევროპულ ნაწილში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ რეგულარულად განხორციელებული იერიშები.
როგორია კრიზისის მექანიზმი
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთში პირველად დაფიქსირდა ნავთობის მოპოვების შემცირება, ვლადიმირ პუტინმა კი აღიარა, რომ ქვეყანას უფრო ეფექტიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება.
უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმები სიახლე არ არის. თუმცა, ღია წყაროებისა და დარგის ანალიტიკოსების შეფასებით, იერიშების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ასევე გაიზარდა წინასწარ, მიზანმიმართულად შერჩეული სამიზნეების რაოდენობა.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა რუსეთში საწვავის კრიზისის შესახებ დასმული კითხვების პასუხად განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვება შემცირდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ჩატარებული „არაგეგმური ტექნიკური მომსახურების“ გამო, თუმცა მან არაფერი თქვა იმაზე, რატომ გახდა აუცილებელი ასეთი „არაგეგმური მომსახურება“.
მოგვიანებით რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელმაც მეტი სიცხადე შეიტანა საკითხში.
„საწვავისა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედი კომპანიები აღმოჩნდნენ მოწინააღმდეგის გახშირებული საჰაერო თავდასხმების წინაშე, რამაც საწვავის მიწოდებაში დროებითი შეფერხებები გამოიწვია“, - ნათქვამია უწყების მიერ 9 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
საერთო ჯამში, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ მიმდინარე წელს უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობის სექტორზე გახშირებულმა იერიშებმა ნავთობის მოპოვების შემცირება და საწვავის დეფიციტი გამოიწვია.
უკრაინული დრონების მიერ შექმნილ პრობლემებს გვერდი ვერ აუარა ვლადიმირ პუტინმაც, რომელმაც 2026 წლის 5 ივნისს პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის მსვლელობისას განაცხადა, რომ მუდმივად ჩნდება ომის წარმოების ახალი მეთოდები და საშუალებები, ზოგიერთი ქვეყანა ტოვებს ძველ შეთანხმებებს და აწვდის უკრაინას უპილოტო საფრენ აპარატებსა და მათ კომპონენტებს.
„როგორ უნდა ვუპასუხოთ ამას? უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემა და ყველაფერი გავაკეთოთ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რუსეთს ამჟამად აქვს საკუთარი იარაღი, რომელიც უკრაინას არ აქვს. ესენია ჰიპერბგერითი იარაღი, ფრთოსანი რაკეტები და საშუალო რადიუსის ისეთი იარაღი, როგორიცაა „ორეშნიკი“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა, თუმცა ამით უკრაინული დრონების მიერ რუსეთის ეკონომიკისათვის მიყენებული ზიანი არ შემცირებულა.
უკრაინელთა მიზანშია ჰიდროკრეკინგი
BBC-ს მონაცემებით, 2026 წლის მაისში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წარმადობის მაჩვენებელი თითქმის 12%-ით ნაკლები იყო გასული წლის მაისთან შედარებით, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. განსაკუთრებით დაზარალდა ბენზინის წარმოება, რომელიც მაისში დაახლოებით 22%-ით შემცირდა (დიზელისთვის ეს მაჩვენებელი 15%-ია).
სპეციალისტების განმარტებით, ნავთობგადამამუშავებელ დარგზე ასეთი ნეგატიური გავლენის მიზეზი შეიძლება იყოს არა მხოლოდ საჰაერო იერიშების რაოდენობის ზრდა, არამედ სამიზნეების უფრო ზუსტი შერჩევაც.
კომპანია Kpler-ის უფროსი ანალიტიკოსი ნიკჰილ დუბეი აღნიშნავს, რომ გადამწყვეტ ფაქტორად იქცა არა უბრალოდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები, არამედ ქარხნების შიგნით არსებული კონკრეტული ტექნოლოგიური დანადგარების განადგურება.
„ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში არაერთი განსხვავებული საწარმოო ხაზია. მაგალითად, დისტილაციის (გამოხდის) ხაზი, სადაც ნედლი ნავთობი ხურდება და სხვადასხვა პროდუქტი მიიღება, - განუცხადა ანალიტიკოსმა რადიო თავისუფლებას, - ეს მთავარი დანადგარია, რადგან სწორედ აქ შედის ნედლი ნავთობი. თუმცა მისგან მიღებული პროდუქტები ჯერ კიდევ არ არის გასაყიდად მზად - მათ პირდაპირ ვერ გადაიტან ბენზინის ან დიზელის რეზერვუარებში.“
ამისთვის საჭიროა მეორადი გადამუშავების დანადგარები, მათ შორის ჰიდროკრეკინგის სისტემები, რომლებიც, მაგალითად, გოგირდს აშორებენ და დიზელის საწვავის წარმოების საშუალებას იძლევიან. ეს გაცილებით უფრო რთული ტექნოლოგიური მოწყობილობებია, რომელთა შეცვლას ბევრად მეტი დრო სჭირდება.
„ასეთი მოწყობილობები ქარხნის საწყობში არ ინახება. თუ დაზიანდა, ახალი უნდა შეუკვეთო. რადგან ეს სპეციალიზებული კომპონენტებია, მათ წარმოებასა და მიწოდებას კი დრო სჭირდება“, - ამბობს ნიკჰილ დუბეი.
ჰიდროკრეკინგი - ნავთობის ღრმა გადამუშავების მაღალტექნოლოგიური პროცესი, რომელიც გულისხმობს მძიმე ნახშირწყალბადების დაშლას უფრო მსუბუქ ნახშირწყალბადებად (კრეკინგი) და ამავდროულად მათი წყალბადით გაჯერებას (ჰიდროგენიზაცია) მაღალ ტემპერატურასა და წნევაზე კატალიზატორების გამოყენებით.
მისი თქმით, მიწოდების ვადა შეიძლება რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე მერყეობდეს, ხოლო დასავლეთის სანქციებმა, რომლებიც ამ კომპონენტებსაც ეხება, ეს პროცესი კიდევ უფრო გაახანგრძლივა.
კომპანია Kpler-ის მონაცემებით, 2026 წლის მაისში რუსეთის ნავთობის მეორადი გადამუშავების მწყობრიდან გამოსული სიმძლავრეების მოცულობა დაახლოებით 1,2-1,3 მლნ ბარელით (დღეში) აღემატებოდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამ ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი დრონებით განხორციელებულ დარტყმებს უკავშირდება. ექსპერტთა შეფასებით, მხოლოდ ჰიდროკრეკინგის დანადგარებზე მოდიოდა დღეში დაახლოებით 250 ათასი ბარელი, მაშინ როდესაც ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 50–60 ათას ბარელს შეადგენდა.
„როდესაც ასეთი ტიპის ტექნოლოგიურ ხაზებზე იერიშები მეორდება, ეკონომიკური შედეგები გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე მაშინ, როდესაც თავდასხმები მხოლოდ საცავებზე ან ძირითად საწარმოო ობიექტებზეა მიმართული, - უთხრა რადიო თავისუფლებას აშშ-ში კოლუმბიის უნივერსიტეტის გლობალური ენერგეტიკული პოლიტიკის ცენტრის ექსპერტმა ტატიანა მიტროვამ, - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა დარტყმას ერთნაირი შედეგი არ აქვს. ვიწრო ტექნოლოგიური დანიშნულების კრიტიკული კვანძების დაზიანებით გამოწვეული ზიანის აღმოფხვრა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შედარებით მარტივი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანების შემთხვევაში.“
განმეორებითი დარტყმები
ახალი ტაქტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ის, რომ უკრაინამ ერთი და იმავე საწარმოებზე განმეორებითი იერიშების განხორციელება დაიწყო, რაც სარემონტო სამუშაოებს კიდევ უფრო აჭიანურებს.
„ეს შედარებით ახალი ტენდენციაა, რომელსაც გაცილებით უფრო ხშირად ვხედავთ 2026 წელს“, - ამბობს ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) ანალიტიკოსი ისააკ ლევი.
მისი თქმით, ადრე დრონების ასეთი თავდასხმები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს „სამი, ოთხი ან ხუთი დღით“ აჩერებდა, ახლა კი მდგომარეობა ხშირად გაცილებით უფრო რთულია.
ამის ერთ-ერთი მაგალითია შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ტუაფსეს ნავთობის საექსპორტო პორტი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. 2026 წლის აპრილში მასზე სამი თავდასხმა განხორციელდა, მაისში - კიდევ ორი.
რადიო თავისუფლება იუწყებოდა, რომ ქალაქის თავზე შავი კვამლის უზარმაზარი სვეტები იდგა, ხოლო ნავთობპროდუქტები ზღვაში იღვრებოდა. მანამდე, 2025 წლის ახალი წლის წინ, იერიში მიიტანეს კომპლექსის მთავარ (დისტილაციის) საამქროზე, ხოლო 2025 წლის ნოემბერში - ნავთობტერმინალზე.
CREA-ს მონაცემებით, 2026 წლის მაისში ტუაფსედან ნავთობის გადაზიდვების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 91%-ით შემცირდა.
ტუაფსეს მაგალითი ასევე აჩვენებს, რომ უკრაინა კვლავაც აგრძელებს რუსეთის საექსპორტო ნავთობის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს. თუმცა ამ მიმართულებით შედეგები, როგორც ჩანს, ნაკლებად მასშტაბურია, რადგან სარემონტო სამუშაოები უფრო სწრაფად სრულდება.
ამის მაგალითია ბალტიის ზღვაზე მდებარე უსტ-ლუგის პორტი, რომელიც დაზიანდა 2026 წლის მარტის ბოლოს განხორციელებული მასშტაბური შეტევების შედეგად. ექსპერტთა შეფასებების თანახმად, იმ პერიოდში მწყობრიდან გამოვიდა რუსეთის ნავთობის საექსპორტო სიმძლავრეების დაახლოებით 40%.
თუმცა ეს ეფექტი ხანმოკლე აღმოჩნდა. CREA-ს მონაცემებით, 2026 წლის მაისში უსტ-ლუგიდან ნედლი ნავთობის ექსპორტის მოცულობა აპრილთან შედარებით 49%-ით გაიზარდა. რუსეთში სიდიდით მეოთხე საექსპორტო პორტმა მუშაობა აღადგინა და ფინეთის ყურეში დაგროვილი ტანკერების რიგიც გააქრო.
„უსტ-ლუგა ძალიან სწრაფად აღდგა, - აღნიშნავს ლევი, - ზოგადად, პორტები უფრო გამძლე აღმოჩნდა.“
კრიზისი თუ გარდამტეხი მომენტი?
უკრაინის საჰაერო იერიშების კამპანია რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გუშინ არ დაწყებულა. ჯერ კიდევ 2025 წელს ვრცელდებოდა ცნობები, რომ უკრაინული დრონების შეტევების შედეგად რუსეთში საწვავის დეფიციტი წარმოიშვა.
თუმცა 2026 წელს ამ ოპერაციის მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ბრიტანული ჟურნალი The Economist-ი, პროექტ ACLED-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2022 წლიდან 2024 წლის ბოლომდე უკრაინის საზღვრიდან მინიმუმ 100 კმ-ის არეალში მდებარე ობიექტებზე 335 დარტყმა დაფიქსირდა.
„მხოლოდ 2025 წელს უკრაინამ უკვე განახორციელა 658 ასეთი იერიში - თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე წინა სამი წლის განმავლობაში ერთად აღებული. თუ ამჟამინდელი ტემპი შენარჩუნდება, 2026 წელს შორ მანძილზე განხორციელებული იერიშების რაოდენობა 800-ს გადააჭარბებს“, - აღნიშნულია გამოცემაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გაიზარდა ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობა, ხოლო სააგენტო Bloomberg-მა 2026 წლის მაისში ნავთობის ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმების რეკორდული მაჩვენებლის შესახებ დაწერა. წინა რეკორდი აპრილში იყო დაფიქსირებული. ამ კამპანიის შედეგებზე მეტყველებს ოკუპირებულ ყირიმში ავტოგასამართ სადგურებთან გაჩენილი ავტომობილების გრძელი რიგები.
რუსულმა გამოცემა „7×7-მა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვები მოქმედებს ათეულობით რეგიონში - მოსკოვიდან კამჩატკამდე. საწვავზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა რუსეთის ზოგიერთ რეგიონსა და ოკუპირებულ ყირიმში.
1 აპრილიდან მოსკოვმა აკრძალა ბენზინის ექსპორტი, ხოლო 1 ივნისიდან ძალაში შევიდა საავიაციო საწვავის ექსპორტის აკრძალვაც.
იმ ზომებს შორის, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება არაერთხელ მიმართავდა საწვავის დეფიციტის დროს და დღესაც იყენებს, არის ნავთობპროდუქტების იმპორტი ბელარუსიდან. რუსეთის საბირჟო ფასების ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ მაისში სანქტ-პეტერბურგის ბირჟაზე ბელარუსში წარმოებული ბენზინის გაყიდვების საერთო მოცულობა (23 640 ტონა) 26-ჯერ მეტი იყო წინა წელთან შედარებით.
რუსეთის ხელისუფლების კიდევ ერთი ნაბიჯი ბენზინის ხარისხს უკავშირდება. როგორც გაზეთი „კომერსანტი“ იტყობინება, ზოგიერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დროებით მიეცა ბენზინისა და დიზელის ისეთი საწვავის წარმოების უფლება, რომელიც ფორმალურად აკმაყოფილებს „ევრო-5“ სტანდარტს, მაგრამ გარკვეული პარამეტრებით შეესაბამება ძველ „ევრო-3“ სტანდარტს. „ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს საწვავის წარმოების გაზრდას და ადგილობრივი დეფიციტის რისკის შემცირებას, მაგრამ ასეთმა საწვავმა შეიძლება დააჩქაროს ძრავების, გამონაბოლქვი სისტემებისა და ავტომობილების კატალიზატორების ცვეთა“, - წერს გამოცემა.
უკრაინის მიერ დრონებით განხორციელებული იერიშების კამპანია აშკარად იძლევა შედეგებს, თუმცა ტატიანა მიტროვა ცდილობს ნაჩქარევი დასკვნები არ გააკეთოს.
„საწვავის დეფიციტი ან მიწოდების შეზღუდვები ჯერ არ უნდა მივიჩნიოთ იმის მტკიცებულებად, რომ გარდამტეხი მომენტი უკვე დადგა“, - ამბობს ექსპერტი, რომლის თქმითაც, რუსეთი საწვავის დეფიციტს ადრეც აწყდებოდა, მათ შორის მშვიდობიან პერიოდშიც.
„2026 წელს უკრაინის დარტყმებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა იმიტომ კი არ შეიძინა, რომ მათ უკვე გაანადგურეს რუსეთის ნავთობის სისტემა, არამედ იმიტომ, რომ თანდათანობით ამცირებენ მის უნარს, მოერგოს მზარდ ზეწოლასა და კრიზისულ ვითარებას“, - ამბობს ტატიანა მიტროვა, კოლუმბიის უნივერსიტეტის გლობალური ენერგეტიკული პოლიტიკის ცენტრის ექსპერტი.
მაინც რას გამოიწვევს საწვავის დეფიციტი?
საწვავის დეფიციტმა და მისმა გაძვირებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს რუსეთის სოფლის მეურნეობაზე. ანექსირებული ყირიმის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი აქსიონოვმა, 15 ივნისს განაცხადა, რომ რეგიონში დაიწყო ადრეული მარცვლოვანი კულტურების, მათ შორის ულტრაადრეული ჯიშის ქერის მოსავლის აღების კამპანია. მისი თქმით, ამ სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავით უზრუნველყოფის საკითხი ადგილობრივი ხელისუფლების მუდმივი კონტროლის ქვეშ არის. თუმცა სოციალურ ქსელებში ფერმერები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ:
„აგრარიკოსებს საწვავთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვთ: 1 ლიტრ დიზელს 130 რუბლად გვთავაზობენ, მაგრამ მიწოდებას არავინ გვპირდება! ასეთ ვითარებაში როგორ უნდა იმუშაო ყველაზე დატვირთულ სეზონზე?“
Forbes-ის ინფორმაციით, რუსეთის სამხრეთ რეგიონებში ფერმერები დიზელის მიწოდებას რამდენიმე დღე ელოდებიან, ხოლო საწვავის შესაძენად ზოგჯერ ვოლგისპირეთის რეგიონებში უწევთ გამგზავრება.
პრობლემებზე მხოლოდ სამხრეთ რუსეთში არ საუბრობენ. ირკუტსკის ოლქის საკანონმდებლო კრების დეპუტატმა, სტეპან ფრანტენკომ, განაცხადა, რომ ზოგიერთი მომწოდებელი ფერმერებს ურჩევს, საწვავი ჩვეულებრივ ავტოგასამართ სადგურებზე შეიძინონ, რადგან საბითუმო მიწოდება ვერ ხერხდება. მაგრამ პრობლემა ისიცაა, რომ მსხვილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეყვანა ბენზინგასამართ სადგურებზე (გაბარიტების გამო) პრაქტიკულად შეუძლებელია.
ფრანტენკოს განცხადებით, „სპეკულანტების“ გამო დიზელის ღირებულება მკვეთრად გაიზარდა, ხოლო უსოლიეს რაიონში მდებარე საცდელ-საწარმოო მეურნეობა „ბურეტსკოემ“ საწვავის დეფიციტის გამო საერთოდ შეწყვიტა საგაზაფხულო თესვის კამპანია.
„მომწოდებლებთან შეთანხმების გაფორმების ყველა მცდელობაზე ორი პასუხი გვესმის: ან უბრალოდ საწვავი არ აქვთ, ან მათი პრიორიტეტი დასავლეთ რუსეთის მომარაგებაა. თუ ახლა საჭირო მოცულობის საწვავს ვერ მივიღებთ, აღარ გვექნება არც საქონლის საკვები კულტურები და არც მარცვლეული. ასეთ შემთხვევაში ასობით მილიონი რუბლის დახარჯვას აზრი აღარ ექნება - ჯობს ირკუტსკის ოლქის სოფლის მეურნეობის სრული გაჩერებისთვის მოვემზადოთ“, - განაცხადა დეპუტატმა ადგილობრივი კომიტეტის სხდომაზე.
ანალიტიკური ცენტრის, „სოვეკონის“ დირექტორი და რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი აგროექსპერტი, ანდრეი სიზოვი, სკეპტიკურად აფასებს ვარაუდს, რომ საწვავის პრობლემები წლევანდელ მოსავალს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. BBC-სთან საუბრისას მან თქვა, რომ ირკუტსკის ოლქი, „რბილად რომ ვთქვათ, რუსეთის სოფლის მეურნეობის ყველაზე მნიშვნელოვანი მწარმოებელი არ არის, მოსავლის აღება ახლა მხოლოდ ქვეყნის სამხრეთში იწყება.
„ამ ეტაპზე არ შეიძლება ითქვას, რომ საწვავი ფიზიკურად აღარ არის ან ვინმეს ნამდვილად არ ეყოფა. სიტუაცია ჯერ ასეთი მძიმე არ არის, თუმცა ფასების ზრდა უკვე აშკარაა. უბრალოდ, ეს დამატებითი დარტყმა იქნება სოფლის მეურნეობის ეკონომიკის მწარმოებლებისთვის“, - განმარტავს სიზოვი.
მისი შეფასებით, საწვავის გაძვირება საცალო ფასებზეც აისახება. „რამდენად დიდი იქნება ეს გავლენა, ძნელი სათქმელია, რადგან დიზელს მხოლოდ სოფლის მეურნეობა არ მოიხმარს. სატვირთო ავტომობილების უმეტესობა, თუ არა ყველა, დიზელზე მუშაობს და სწორედ მათ გადააქვთ, მათ შორის, სურსათიც“, - ამბობს ექსპერტი.
საბოლოოდ, ფასების ზრდა, მისი აზრით, კიდევ უფრო შეამცირებს სოფლის მეურნეობის მწარმოებლების ისედაც დაბალ მომგებიანობას, რომელიც „ბევრ შემთხვევაში უკვე დიდი ხანია უარყოფით მაჩვენებელზეა“.
ფორუმი