„ბოლო ორი წელია, ფასები არ გაგვიზრდია... ძალიან გვინდა, მაგრამ არ გამოგვდის“, - იყო პასუხი.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომაზე მიწვეულმა ქართველმა მეწარმეებმა 13 თებერვლის სხდომაზე რამდენიმე პრობლემა წამოწიეს, რაც, მათი აზრით, პროდუქციას აძვირებს და მათაც უქმნის პრობლემებს. მათ შორის:
- ქსელური სუპერმარკეტების მაღალი გადასახადები.
- დასარეგულირებელი იმპორტი.
- დაგვიანებული გადახდები.
- და ამ ფონზე მათი საბანკო სესხები.
"გვითხარით, რა იწვევს ფასების ზრდას?" - ამ კითხვით მიმართა მეწარმეებს კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.
კომისიის წევრმა ნინო წილოსანმა კი კითხვა უფრო დააკონკრეტა - ქსელურ მარკეტებთან ურთიერთობაში რა პრობლემები გაქვთ, რა ბარიერებს აწყდებითო.
კომისიის სხდომაზე ერთ მხარეს ისხდნენ ჩირის და თხილის, ხილის და ბოსტნეულის, წვენებისა და ხილფაფების ქართველი მწარმოებლები - მათ პირისპირ კი კომისიის წევრები, რომლებიც მათ კითხვებს უსვამდნენ.
ვაშლის მწარმოებელი კომპანიის, “ტირიფონის ხილის” ხელმძღვანელმა ზურაბ გოჯიაშვილმა თქვა, რომ მათ პროდუქციაზე ფასებს მათგან დამოუკიდებლად ბაზარი განაპირობებს.
კითხვაზე, რა მისცემდა მათ პროდუქტის გაიაფების შესაძლებლობას, ვერ დაასახელა რომელიმე დანახარჯი, რომელმაც ფასის მომატება განაპირობა. თუმცა თქვა, რომ ბოლო სამ წელში მისი კომპანიის პროდუქციის ღირებულება არ შეცვლილა.
- ანუ პრობლემები არ გაქვთ? - ჰკითხა მას კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
- პრობლემები როგორ არ გვაქვს. უცოდინრობა, პესტიციდების ხარისხი… ქსელურ მარკეტებზე თუ მეკითხებით, ჩვენ მათთან პრობლემა არ გვაქვს - სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ.
- ანუ თანხის გადახდას არ გიგვიანებენ?
- არა. 2-3 კვირაში იხდიან. ისე, ჩვენ, როგორც მწარმოებელი, ვცდილობთ, რომ მამასისხლად გავყიდოთ პროდუქცია, მაგრამ ბაზარი არ ყიდულობს ამ ფასად.
- ახლა რა ღირს ვაშლი?
- შარშან იყო 2,33 ლარი. წინა წელს 2,25 ლარი იყო გასაყიდი ფასი… ფასი არ მომატებულა.
ქართული ჩირების და თხილების კომპანია “ქალაქურის” დამფუძნებელმა მურად ღოღაძემ ფასების დაწევის წინაპირობად იმპორტის ნაწილის დარეგულირება დაასახელა.
კომისიაზე მას სთხოვეს დაეზუსტებინა, რა იგულისხმება “დარეგულირებაში”.
"როცა ადგილობრივი ნედლეული გვაქვს, ჯობია, რომ ადგილობრივი ვაწარმოოთ სრულად. თუ იმპორტი სწორად დარეგულირდება და ადგილობრივ წარმოებასთან თანაბარ პირობებში იქნება, ქართული ბიზნესიც უფრო წელში გაიმართება. ახლა არათანაბარ კონკურენციაში ვართ უცხოურ პროდუქციასთან".
კითხვაზე, როდის შეცვალეს ბოლოს ფასი, მან უპასუხა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ფასი უცვლელი იყო, თუმცა დეკემბერში მათი პროდუქცია გაძვირდა. ჩირეულის სეგმენტში - 8-დან 12 პროცენტამდე და თხილეულზე კი ფასმა მოიმატა 30-40%-ით.
- კიდევ მაქვს თხოვნა, - თქვა მურად ღოღაძემ, - ნაჭუჭიანი თხილი გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან, მოხალული თხილი კი არა, იქნებ ამაში დაგვეხმაროთ.
- ანუ თუ იმპორტის საკითხი დარეგულირდება ქსელურ მარკეტებში, თხილის ფასი შემცირდება? - ჰკითხა მას კომისიის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.
- დიახ. შემცირდება.
ნინო წილოსანი კი დაინტერესდა, რამდენ დღეში უხდიან სუპერმარკეტები მწარმოებლებს მათი გაყიდული თანხის საფასურს.
- 60 დღეც გვიწევს ლოდინი.
- ანუ 60 დღე სუპერმარკეტი თქვენს ფულს იყენებს, ხომ? თქვენ კი მაგ დროს იხდით სესხს... ხოლო ქსელი თქვენს თანხას თავის სასარგებლოდ ატრიალებს. ესაა ყველაზე დიდი პრობლემა. ამით უნდა დაგეწყოთ.
სადავო პარლამენტში შექმნილი კომისიის მიზანია დაადგინოს, რატომ ღირს ქართულ სუპერმარკეტებში პროდუქტი იმაზე უფრო ძვირი, ვიდრე ევროპულ ბაზარზე - რამდენი რჩებათ კომპანიებს მოგება, ხომ არ არის კარტელური გარიგებები.
„საიდან მოიტანეთ ეს 86%-იანი ფასნამატი? - იკითხა კომისიის სხდომაზე ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი კომპანია „ჩინებულის“ ხელმძღვანელმა გოჩა ღვინეფაძემ.
შემდეგ კი ჩამოთვალა ის გადასახადები, რომელთა გადახდაც მას, როგორც მწარმოებელს, უწევს ქსელური მარკეტებისთვის. მისი პროდუქციის 90% სწორედ სუპერმარკეტებში იყიდება:
„იქს“ ფასს სულ თავიდან ემატება მარკეტის ფასნამატი, ეგ სადღაც 30-40 პროცენტია. მაგრამ მაგის გარდა უამრავი სხვა გადასახადია, რისი გადახდაც გვიწევს, ფიქსირებული გადასახადი - ჩვენს შემთხვევაში ეგ 20,5 %-ია. მარკეტინგის გადასახადი - 15 %. მერე მოდის ლოიალობის გადასახადი - 1%. მერე ციფრული მომსახურების პროცენტი - 1%. შემდეგ 7,5% ლოგისტიკის ხარჯი... თაროზე განთავსების, მარკეტში შესვლის გადასახადები.... მერე სადღაც გვეწევა ჩვენი მთავრობის ეს საწყალი დღგ... არ ვიცი 86% საიდან მოიტანეთ. ჩვენს ფასს სინამდვილეში 185% ემატება“.
დიმიტრი ხუნდაძე: იმედია, ამ გულწრფელობისთვის მარკეტები პრობლემას არ შეგიქმნიან და ჩვენ ამასაც გავაკონტროლებთ.
გოჩა ღვინეფაძე: პრობლემა ისედაც შექმნილი მაქვს. ეს თემა დასალაგებელია. და მარტო მე კი არა, ყველას აქვს ეს პრობლემა. ჩემს ქარხანაში ბატონი გახარიაც ნამყოფია და ბატონი ღარიბაშვილიც. ახალი პრემიერი ჯერ არ მოსულა. კი იცოდნენ ამ სფეროში რა პრობლემებიც იყო და ამაზე სულ ვლაპარაკობდით. ისე მიდის საქმე, მალე ალბათ ვიტყვი, დუმბაძის არ იყოს, რა მინდოდა წვენებშიო“.
ამ ხუმრობას კომისიის სხდომაზე სიცილი მოჰყვა.
ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანია „მილმართის“ წარმომადგენელმა გიორგი მაისურაძემ კომისიის სხდომაზე თქვა, რომ ქსელურ მარკეტებთან პრობლემა აქვს ყველა მწარმოებელს.
"რაც დრო გადის, პრობლემები იზრდება და ამიტომ, ვცდილობთ, უფრო მეტად გადავერთოთ ექსპორტზე. ჩვენ, მაგალითად, ოთხი თვეა ქსელებში შეტანები შევაჩერეთ".
- ქართულ ჩაის იმპორტირებული პროდუქცია უფრო ჩაგრავს თუ სუპერმარკეტების ქსელი? - ჰკითხეს მას.
- დიახ. იმპორტირებული პროდუქცია საკმაოდ დაბალ ფასებში შემოდის, ქართული ჩაის თვითღირებულება კი მაღალია.
ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია მომდევნო სხდომასაც მწარმოებლებთან გამართავს. შემდეგ კი დაიწყებს დისტრიბუტორებთან და იმპორტიორებთან შეხვედრებს.
გასული წლის მიწურულს, 24 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოში, ევროპასთან შედარებით, სურსათი ძვირია, რადგან მაღალი ფასნამატი და მოგებაა. მისი ინიციატივა იყო, შექმნილიყო საგამოძიებო კომისია და დაწყებულიყო გამოძიება. ამ საკითხის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
ფორუმი