უფროსები შორიდან ეფერებიან, კომენტარებში „გულებს“ უტოვებენ, ლოცავენ, აქებენ. მათ ვიდეოებს ათობით ათასი, ხანდახან მილიონობით ნახვა აქვს.
ვირტუალურ სამყაროში ცნობილ ბავშვებს სოციალური მედიის მკვლევრებმა kidfluencer-ები, ანუ ბავშვი-ინფლუენსერები შეარქვეს - მოზარდები, რომლებმაც სოციალურ ქსელებში თავდაპირველად სხვადასხვა ჟანრის, მაგალითად, იუმორისტული, გასართობი ვიდეოების გამოქვეყნებით გაითქვეს სახელი და მალე ისეთი პოპულარულები გახდნენ, რომ ეს საქმიანობა მათი და მათი მშობლების შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდაც იქცა.
უმეტეს შემთხვევაში, ბავშვების პოპულარობა მშობლების მონდომებით იწყება. თვითონ აქვეყნებენ შვილების „საყვარელ“ ფოტოებს და ვიდეოებს სოციალურ ქსელებში და ამბებს თავიანთი შვილების შესახებ მეტ და მეტ ადამიანს უზიარებენ. აუდიტორიის ზრდასთან ერთად ბავშვები ისეთი პოპულარულები ხდებიან, რომ მათ უკვე ყველგან ცნობენ.
შემდეგი, კომპანიების დაინტერესებაა და უკვე ამ ეტაპზე „მონეტიზაციას“ [სოციალურ ქსელებში „ნახვების“ რაოდენობაზე დამოკიდებული შემოსავალი] სარეკლამო ვიდეოების გადაღების შეთავაზებებიც ემატება.
ქართულ ინტერნეტს არაერთი პოპულარული ბავშვი ჰყავს. მათ შორის არიან ცნობილი ადამიანების შვილები. ბავშვების ვიდეოებს ხშირად აქვეყნებენ დედები და როგორც წესი, ასეთ კონტენტს ყოველთვის ძალიან ბევრი „ნახვა“ და კომენტარი აქვს.
და არიან ბავშვები, რომლებმაც ვირტუალურ სივრცეში სახელი გაითქვეს იუმორისტული, გასართობი ვიდეოებით, რომლებშიც თავიანთ უნარებს ავლენენ და მათი გამომწერების რაოდენობა ასიათასებს აღწევს, ნახვები კი მილიონებს.
„ჩემი მიზანი არ ყოფილა, რომ ნიკე ცნობილი ყოფილიყო“
ტიკტოკზე, ფეისბუკზე, ინსტაგრამზე, იუთუბზე - ჯამში 200 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს ნიკე ჩაჩანიძეს. მესამე კლასში სწავლობს. საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი ბავშვი-ინფლუენსერია. ძირითადად სახლში გადაღებულ იუმორისტულ ვიდეოებს, რომლებშიც ის მთავარ როლს ასრულებს, ასიათასობით ნახვა აქვს.
ცნობენ მთელ საქართველოში, ქუჩაში ფოტოს გადაღებას სთხოვენ. სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან ყურადღების ცენტრშია: „უკვირს ხოლმე, აქაც მცნობენო?“ - მეუბნება ნიკეს დედა, ხატია ფარსმანიშვილი.
ყველაფერი ნიკეს დაბადებისთანავე დაიწყო, „ჩემი მიზანი არ ყოფილა, რომ ნიკე ცნობილი ყოფილიყო, - ჰყვება ნიკეს დედა, - როგორც ყველა დედა უღებს თავის შვილს საყვარელ და ლამაზ ფოტოებს და ვიდეოებს, ასე ვიღებდი მეც“.
თავიდან ნიკეს ფოტოებს დედა თავის გვერდზე დებდა, მერე, როცა უკვე ძალიან ბევრმა სთხოვა, ბავშვს საკუთარი, პირადი გვერდიც გაუკეთა.
„ნიკემ ჯერ სიარულიც არ იცოდა, ლაპარაკი რომ დაიწყო. ლაპარაკობდა გამართულად, აზრიანად. ამ ვიდეოებს რომ ვდებდი, ძალიან ბევრი გამომწერი მომემატა ჩემს პირად გვერდზე და მთხოვდნენ, გამოყავი ბავშვის გვერდი ცალკე, ან youtub-გვერდი გაუკეთე, რომ მხოლოდ ნიკეს ვუყუროთო“.
მიუხედავად იმისა, რომ ნიკე თავად სულ 8 წლისაა, უკვე 5 წელია პირადი გვერდი აქვს. ის უკვე იღებს საქმიან წინადადებებს და სხვადასხვა სარეკლამო რგოლებს აქვეყნებს სოციალურ მედიაში.
„როცა კომპანია მიკავშირდება რეკლამის შესაკვეთად, პირველ რიგში, ნიკეს ვუთანხმდები, გავაკეთოთ? ასე უნდა გადავიღოთ, ისე უნდა გადავიღოთ. ძალიან ბევრ რამეზე ამბობს, რომ არა, ეს არ გვინდა. რაღაცებს თანხმდება“, - ამბობს ნიკეს დედა.
სარეკლამო ვიდეოების სცენარს, სათქმელს კომპანიები აგზავნიან, სცენების დადგმასა და გადაღებაში, ინტერნეტში ატვირთვაში კი ბავშვს დედა ეხმარება. ხატია სიამაყით ამბობს, რომ ამ საქმიანობის წყალობით ოჯახმა მიწის ნაკვეთის ყიდვაც კი მოახერხა.
„ჩვენ ძალიან პატარა სახლი გვაქვს. ერთი ძალიან დიდი შენაძენი უკვე გვაქვს ნიკეს ფულით - მიწის ნაკვეთი. ახლა სახლისთვის ვაგროვებთ ფულს. იდეაში, გროვდება ნიკეს სახლის ფული მისი შემოსავლებით“.
ნიკეს დედა ამბობს, რომ მისი შვილი სხვა ბავშვებივით ცხოვრობს, მათგან არაფრით განსხვავდება: "ყოველდღიურობაში ფულს არ ვაძლევ, რომ, მაგალითად, დღეს ამ რეკლამაში მოგცეს 1000 ლარი და მოდი, აი, დახარჯე. ...ნიკეს ბოლომდე კიდევ არ აქვს გააზრებული, რომ ამდენი ადამიანი ცნობს. ნებისმიერი დედა რომ დააყენებს თავის შვილს და გადაუღებს ფოტოს ლამაზად, მხოლოდ ეს შეგრძნება აქვს“.
ხატიას კიდევ ერთი შვილი ჰყავს, თუმცა კი მას არ უნდა სოციალურ მედიაში გამოჩენა. აი, ნიკეს კი სიამოვნებს, რომ ცნობენ - მისი ახალი ვიდეოები თითქმის ყოველ მეორე დღეს იდება. სკოლაში უფროსკლასელები ნიკეს კლასში აკითხავენ, რომ მასთან ფოტო გადაიღონ, სთხოვენ youtub-ზე არხი უფრო გააქტიუროს.
ბავშვის გვერდებს დედა მართავს, ასე შვილსაც იცავს იმ უსიამოვნო კომენტარებისგან, რომლებსაც დრო და დრო ვიდეოების ქვეშ ტოვებენ:
„[ნიკეს არ აქვს წვდომა] არც ცუდ კომენტარებთან, არც აგრესიულ ხალხთან. იმაზეც ვესაუბრები, რომ ისეთს ვერაფერს გავაკეთებთ, რომ 100%-ით ყველას მოეწონოს.
ვუკითხავ პოზიტიურ კომენტარებსაც, მაგრამ იცის, რომ იქნებიან სხვებიც, ვისაც არ მოსწონს, რასაც ნიკე აკეთებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ჩვენ აღარ უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ხომ ამით ვერთობით. მთავარია, რომ ეს ჩვენ მოგვწონს და სანამ მოგვწონს, მოდი, გავაკეთოთ და გავერთოთ“.
“ემილიაზეა დამოკიდებული, იარსებებს თუ არა EmiliTv”
4 წლის იყო ემილია, მისმა მამამ, ლევან ალიმბარაშვილმა, შვილის მონაწილეობით youtub-ზე პირველი ვიდეო რომ ატვირთა. ერთი შეხედვით, არაფერი განსაკუთრებული - ემილი მაგიდასთან ზის და სათამაშოებით თამაშობს.
თითქმის 10 წელი ხდება, რაც თამაშით დაწყებული ამბავი პროფესიად, საქმედ ჩამოყალიბდა. დღეს მხოლოდ youtub-ზე, EmiliTV-ის მილიონამდე გამომწერი ჰყავს.
13 წლის ემილი იღებს ვლოგებს თავისი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ, სოციალური ქსელებისთვის შექმნილ მინისერიალს, „ემილი და მეგობრები“, აქვს სარეკლამო შეკვეთები...
დღეს ემილი ქართულ სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბავშვი-ინფლუენსერია. მის ვიდეოებს უყურებენ მცირეწლოვანი ბავშვებიც და ახლა უკვე თინეიჯერებიც.
„იმ პერიოდში, ემილი youtub-ზე უყურებდა სხვა, უცხოელი ბავშვების ვიდეოებს. განსაკუთრებით მოსწონდა ერთი ბავშვი, რომელიც მამასთან ერთად თამაშობდა. ემილიმ თავად გამოთქვა სურვილი, ჩვენც გადავიღოთო. ანუ, ეს იდეა ემილის მოუვიდა თავში.
...პოპულარობაც ძალიან მალე მოვიდა. თავიდან უფრო ხშირად ვიღებდით, ვიდრე ახლა. ვისხედით მაგიდასთან და ვთამაშობდით. ანუ, ვაკეთებდით იმას, რაც ემილის მოსწონდა. ეს ისეთი რამ არის, რომ თუკი ბავშვს არ მოსწონს და თვითონ თუ არ ერთობა, ასეთ ვიდეოებს ვერც გადაიღებ. ამიტომ გამოვიდა ეს არხი ასეთი წარმატებული, რომ ემილია ყოველთვის ჩართული იყო, ყოველთვის სიამოვნებდა, უფრო მეტის გადაღება უნდოდა და ჩვენც ამაში ხელს ვუწყობდით“, - ამბობს ლევან ალიმბარაშვილი.
პოპულარობის ზრდასთან ერთად, გაიზარდა ემილისა და მისი ოჯახის შემოსავალიც. თუმცა ლევან ალიმბარაშვილი ამბობს, რომ როდესაც ვიდეოების გადაღება დაიწყეს, მისი მიზანი ეს არ ყოფილა:
„ეს იყო გართობის საშუალება. თუმცა შემდეგ დაიწყო კომპანიების მხრიდან შემოთავაზებები. თუკი რაიმეს რეკლამას ვუწევთ, ამ პროდუქტს, პირველ რიგში, ჩვენ ვსწავლობთ. არასდროს ვუკეთებთ რეკლამას ისეთ რაიმეს, რასაც თავად არ მოვიხმართ. რეალურად, დამკვეთი კომპანია ერგება ჩვენს მოთხოვნებს. ჩვენ არ გვაქვს სარეკლამო არხი. ჩვენ გვაქვს ჩვენი კრიტერიუმები - რა სახით და როგორ გადავიღებთ ვიდეოს“.
ემილის მამა ამბობს, რომ „ინფლუენსერობით“ მიღებული თანხა, პირველი რიგში, ემილისა და მისი უმცროსი დის კეთილდღეობას ხმარდება:
„ბავშვები დადიან ერთ-ერთ ფასიან პრესტიჟულ სკოლაში, პირველ რიგში, არა იმიტომ, რომ საჯარო სკოლა ცუდია, უბრალოდ, ცნობადობა, ასევე სხვა დეტალები... ასე გადავწყვიტეთ, რომ ბავშვთან, მაგალითად, ყოფილიყო ნაკლები კომუნიკაცია, ვგულისხმობ, მაგალითად, ფოტოს გადაღება... ასე ჩავთვალეთ, რომ სწავლაში ხელი არ შეშლოდა და ეს იყო ერთ-ერთი სკოლა, სადაც სასწავლო პროცესის დროს ტელეფონების გამოყენება შეზღუდული იყო. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ უფრო კარგად იგრძნობდა თავს. თუმცა ემილი ცნობადობის გამო სტრესში არასდროს ჩავარდნილა“.
საქართველოში ყველაზე ცნობილი ბავშვი-ინფლუენსერის მამა ამბობს, რომ ამ წლების განმავლობაში, ემილიმ თავად ისწავლა, როგორ აიცილოს სოციალური ქსლებისთვის ჩვეული, ხანდახან დაუნდობელი და სასტიკი კრიტიკა.
„მე არ მისწავლებია მისთვის, მაგრამ საერთოდ არ აქცევს ყურადღებას უარყოფით, ნეგატიურ კომენტარებს. არ ვიცი, რატომ არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც არაფრის გამო აყენებენ შეურაცხყოფას ბავშვებს. მაგრამ ემილიაზე ეს არ მოქმედებს.
ამ წამსაც რომ თქვას ემილიამ, რომ აღარ უნდა ვიდეოების გადაღება, ცხადია, ეს ყველაფერი მაშინვე დასრულდება. ემილიას ნებაზეა, იარსებებს თუ არა EmiliTV“.
„იმედია, გამოძიება დაადგენს, ვინ ძალადობს ჩვენს ოჯახზე ფსიქოლოგიურად“
რამდენიმე თვის წინ, სოციალური პლატფორმები მოიცვა მცირეწლოვანი გოგონას ვიდეოებმა.
არტისტული ნიჭით გამორჩეულმა 4 წლის ბავშვმა სოციალური ქსელების მომხმარებლების ყურადღება ძალიან მალე მიიქცია. მისი და მისი უფროსი დის ვიდეოებს სხვადასხვა პლატფორმაზე მილიონობით ნახვა აქვს - ბავშვები მღერიან, ლექსებს კითხულობენ, სხვადასხვა სახალისო დადგმას სთავაზობენ მაყურებელს. მათ ზოგიერთ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს. კომენტარებში მეტწილად ქალები აქებენ ბავშვებს.
მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში შვილების მიმართ გამოხატული აგრესიის შესახებ ვიდეო-მიმართვა გაავრცელა მცირეწლოვანი გოგოს დედამ.
ქალი ამბობს, რომ გამოჩნდნენ აგრესიული ადამიანები, რომლებიც ბავშვებს შეურაცხყოფას აყენებენ: „ცილისმწამებლური და ბინძური ტექსტების თანხლებით, გოგონების ვიდეოებს სხვადასხვა პლატფორმაზე აზიარებენ და ,,მოწონებებით’’ მხარდაჭერას ითხოვენ... სამართალდამცავებსაც მივმართე. იმედია, საგამოძიებო ორგანოები დაადგენენ, ვინ და რა მიზნით ძალადობს ჩვენს ოჯახზე ფსიქოლოგიურად", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
თამაშით შეფუთული შრომა?
ბოლო წლებია, აკადემიური კვლევების ავტორები სულ უფრო ხშირად აღწერენ kidinfluencing-ს ანუ, „ბავშვების ინფლუენსერობას“, როგორც „უხილავ შრომას“, რომელიც გართობასა და თამაშშია შეფუთული.
2025 წლის ივლისში გამოქვეყნებული გამოკვლევა ამ პროცესს playbour-ს, ანუ თამაშისა და შრომის შერწყმას უწოდებს. მედიისა და კომუნიკაციის სფეროს მკვლევრები, კეტრინ არჩერი და კეიტ მირანდილა დელმო, კვლევაში წერენ, რომ ბოლო დროს, ბავშვების მონაწილეობით გადაღებული ვიდეოები „სრულფასოვან კომერციულ საქმიანობად“ იქცა.
მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ვიდეოებში ბავშვები თითქოს უბრალოდ თამაშობენ ან ყოველდღიურ ცხოვრებას უზიარებენ გამომწერებს, მათი ვიდეოები რეალურ შემოსავალს ქმნის ოჯახებისა და კონკრეტული ბრენდებისთვის.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ბავშვებს, მათ შორის სამართლებრივი რეგულაციების ნაკლებობის გამოც, არ უყურებენ, როგორც დასაქმებულებს და მათ უმეტესობაზე არც შრომითი დაცვის მექანიზმები არ ვრცელდება. მაგალითად, არ აქვთ გარანტირებული ანაზღაურება, სამუშაო საათების ლიმიტი ან პირადი ცხოვრების დაცვის მექანიზმები.
მკვლევრები მიუთითებენ, რომ ეს ქმნის ეთიკურ და სამართლებრივ დილემას, სადაც „ბავშვობა“ ერთგვარ კომერციულ პროდუქტად იქცა, ხოლო ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვა ძირითადად მშობლების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული და არა კანონით განსაზღვრულ სტანდარტებზე.
სად და როგორ იცავს კანონი ბავშვ-ინფლუენსერებს?
დღეს kidfluencer-ების შრომითი უფლებების პირდაპირი სამართლებრივი დაცვა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში არსებობს. მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ბავშვები, რომლებიც სოციალური ქსელებისთვის კომერციულ ვიდეოებს ქმნიან, ჯერ ისევ სამართლებრივი ჩარჩოების გარეშე მუშაობენ.
ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ბავშვი ინფლუენსერების უფლებების დაცვის კანონი მიიღო, საფრანგეთია.
საფრანგეთის პარლამენტმა 2020 წელს მიიღო პირველი სრულფასოვანი კანონი, რომელიც არეგულირებს 16 წლამდე ბავშვების მონაწილეობის პირობებს კომერციული ხასიათის ონლაინ-კონტენტში. ეს კანონი ძალაში შევიდა 2021 წლის გაზაფხულიდან.
კანონის თანახმად:
- ბავშვი-ინფლუენსერის საქმიანობა განიხილება, როგორც შრომა;
- შემოსავლის დიდი ნაწილი უნდა გადაირიცხოს ბავშვის სახელზე დაცულ ანგარიშზე;
- ბავშვს აქვს უფლება, მომავალში მოითხოვოს მის მიერ შექმნილი ვიდეოების წაშლა.
დაწესებულია „სამუშაო საათების“ ლიმიტები და ის ასაკის მიხედვით მკაცრად იზღუდება. მაგალითად, 6-11 წლის ბავშვებს დღეში საშუალოდ სამ საათამდე შეუძლიათ კომერციული ტიპის ვიდეოებზე მუშაობა. კანონის თანახმად, გათვალისწინებულია მონიტორინგიც, რათა ონლაინ კონტენტის წარმოებამ ბავშვის განათლებისა და ჯანმრთელობის უფლება არ დააზიანოს.
აშშ-ში სულ რამდენიმე შტატს აქვს მსგავსი ტიპის რეგულაცია. მათ შორის, პირველი შტატი, რომელმაც 2024 წელს ბავშვი-ინფლუენსერებისათვის კანონი აამოქმედა, ილინოისი იყო.
იქ მოქმედი კანონის თანახმად, თუკი ბავშვი სოციალურ ქსელში განთავსებული ვიდეოების 30%-ზე მეტში მონაწილეობს და ეს ვიდეოები მონეტიზებულია (ანუ სოციალური ქსელი ამისათვის იხდის თანხას), შემოსავლის ნაწილი სავალდებულოდ უნდა ჩაირიცხოს ბავშვის სახელზე გახსნილ ანგარიშზე. მას უფლება აქვს, 18 წლის შესრულების შემდეგ ეს თანხა სრულად მიიღოს.
მსგავსი ტიპის კანონი 2025 წელს ამოქმედდა კალიფორნიაშიც. ამ შემთხვევაში, კალიფორნიამ გააფართოვა ბავშვი მსახიობების შრომითი უფლებების დაცვის მოდელი და ამ რეგულაციის ქვეშ მოექცნენ ბავშვი-ინფლუენსერებიც.
ამ კანონის თანახმად, მშობლები ვალდებული არიან, შვილების სახელზე გახსნან ე.წ. ტრასტ-ანგარიში (დაცული ანგარიში ბავშვისთვის), სადაც თავს მოიყრის მათი შრომით გამომუშავებული თანხა და იქ შეინახება იმ დრომდე, სანამ მოზარდს 18 წელი არ შეუსრულდება.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ბავშვი-ინფლუენსერების უფლებების დაცვისათვის განკუთვნილი სამართლებრივი რეგულაციების შემოღებაზე მსჯელობს გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდი. მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ბავშვები, რომლებიც სოციალური ქსელებისთვის კომერციულ ვიდეოებს ქმნიან, ჯერ ისევ სამართლებრივი ჩარჩოების გარეშე მუშაობენ.
ბავშვთა ინფლუენსერობის სარისკო მხარეები
2025 წლის თებერვალში გამოქვეყნებული კიდევ ერთი საერთაშორისო გამოკვლევის ავტორები, ალისა ჯეინო-ჩარლზი და დანიელ კლარკი, kidfluencing-ს ანუ ბავშვთა ინფლუენსერობას ასე მოიხსენიებენ:
- „სწრაფად მზარდი, მილიარდიანი და პრაქტიკულად არარეგულირებული ინდუსტრია, სადაც „თამაში“ ხშირად ეკონომიკურ საქმიანობად იქცევა“;
- „მშობლების მიერ შექმნილი ბიზნესი შვილების პოპულარობის გარშემო“.
გამოკვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ბავშვთა ინფლუენსერობა გულისხმობს მუდმივ დაძაბულობას. ერთი მხრივ, ისინი იძენენ პოპულარობას, მეორე მხრივ კი, იზრდება უფლებების დარღვევის რისკიც.
ისინი ხუთ მთავარ საფრთხეს ჩამოთვლიან:
- ბავშვის საუკეთესო ინტერესის რისკი - როცა ბავშვი ოჯახისთვის ხდება შემოსავლის წყარო, რთულდება იმის განსაზღვრა, თუ რა არის ბავშვის კეთილდღეობა და რა ბიზნესი;
- ინფორმირებული თანხმობის პრობლემა - ბავშვებს ხშირად არ შეუძლიათ სრულად გააცნობიერონ, რას ნიშნავს მათი ცხოვრების საჯაროდ გავრცელება და რა შედეგები ექნება მომავალში;
- ფინანსური ექსპლუატაციის რისკი - მათ შემოსავალს ხშირად მშობლები მართავენ. მშობელი არის დამსაქმებელიც და ფინანსების მფლობელიც;
- პირადი ცხოვრების დაკარგვა - ბავშვის ყოველდღიური ცხოვრება ხდება საჯარო განხილვის საგანი;
- რეგულაციის ნაკლებობა - დაურეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა, პლატფორმების ბუნდოვანი პასუხისმგებლობა, მინიმალური კონტროლი.
მკვლევრები ეფუძნებიან გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციას და მიაჩნიათ, რომ kidfluencing-ი შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, ეწინააღმდეგებოდეს:
- ბავშვის საუკეთესო ინტერესის პრინციპს, ეკონომიკური ექსპლუატაციისგან დაცვის უფლებას;
- პირადი ცხოვრების უფლებას;
- განათლებისა და განვითარების უფლებას.
„მოძალადეებს ბავშვებზე ინფორმაცია დიდწილად მიღებული აქვთ სოციალური ქსელებიდან“
ერთ-ერთი მთავარი რისკი, რაზეც იურისტი და ბავშვთა უფლებადამცველი, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი თამარ გაბოძე ამახვილებს ყურადღებას ჩვენთან საუბრისას, ეს არის სოციალური ქსელებიდან ბავშვების შესახებ ინფორმაციის შეგროვების საფრთხე და შემდეგ, ამ ინფორმაციის უკონტროლო და დამაზიანებელი გავრცელება.
„ეს არის ერთგვარი სამართლებრივი დილემა - ერთი, მშობლების გამოხატვის თავისუფლება და მეორე, ბავშვების პირადი ცხოვრების უფლება, პირადი მონაცემების დაცვის უფლება.
სულაც გართობისა და უწყინარი მიზნებით რომ იყოს გამოყენებული ბავშვის ინფორმაცია, ამან შეიძლება ძალიან ბევრი რისკი და ზიანი მოუტანოს მას“.
ამბობს, რომ ხშირად მშობლები სათანადოდ ვერ აფასებენ იმ რისკებს, რაც სოციალურ ქსელში ბავშვების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება:
„ბავშვები, რომელთა შესახებ ყველაფერი ვიცით, რას ჭამენ, რომელ სკოლაში დადიან, სად ცხოვრობენ, როგორია მათი რუტინა... როცა ეს ყველაფერი საჯარო ხდება, ეს შესაძლოა დროთა განმავლობაში იქცეს როგორც ბავშვის სერიოზული სტრესის და შფოთვის მიზეზად, ასევე ძალადობის საფრთხედ“.
ბავშვთა უფლებადამცველი ერთ-ერთ რისკ-ფაქტორად ასახელებს მოზარდების მონაცემების გამოყენებას ე.წ. დიპფეიკების შესაქმნელად:
„ბოლო წლებში, ძალიან დიდი გამოწვევაა არასწორი ინფორმაციის გამოყენება, ე.წ. დიპფეიკები, რა დროსაც, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, შესაძლებელია, რომ საერთოდ სხვა მონაცემები შეგროვდეს ბავშვების შესახებ და ბოროტად გამოიყენონ ეს ინფორმაცია.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც მშობლები გააზიარებენ შვილების შესახებ ინფორმაციას, არ მიუთითონ, მაგალითად, სკოლის, ლოკაციის, საცხოვრებელი სახლის შესახებ“, - ამბობს იურისტი და უფლებადამცველი.
სხვადასხვა საერთაშორისო კვლევის თანახმად, მშობლები ერთი წლის განმავლობაში შვილების დაახლოებით 100-დან 300-მდე ფოტოსა და ვიდეოს აქვეყნებენ. ბავშვების ონლაინ უსაფრთხოების თემაზე მომუშავე ბრიტანული ორგანიზაციის, Internet Matters-ის მონაცემებით, რომლის პარტნიორია Google, Meta, TikTok-ი და სხვა ტექნოლოგიური კომპანიები, მშობლები სოციალურ ქსელებში 13 წლამდე ასაკის შვილების თითქმის 1300 ფოტოს აქვეყნებენ.
ამ ფენომენს, როდესაც მშობლები შვილების ყოველდღიურ ცხოვრებას ონლაინ აზიარებენ, მკვლევრები უწოდებენ sharenting-ს (share - გაზიარება, parent-მშობელი), ანუ მშობლების მიერ სოციალურ ქსელში შვილების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და მიაჩნიათ, რომ ეს თვისება ბავშვების კონფიდენციალურობისა და ციფრული უსაფრთხოების ახალ გამოწვევებს ქმნის.
სად არის ნამდვილი მე და სად იწყება პერსონაჟი
ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა ცდილობს მშობლებს აუხსნას ის ემოციური რისკები, რასაც შეიძლება წააწყდნენ ბავშვები, რომელთა პირადი ცხოვრება „მოწონების“ სამიზნე ხდება.
„ბავშვი სწავლობს, რომ მისი ღირებულება იზომება რიცხვებით, ლაიქებით, ნახვებით, კომენტარებით და თუკი რომელიმე ვიდეო ვერ "დაიქოქა", ეს შეიძლება ბავშვმა მიიღოს პერსონალურ მარცხად, რაც, რა თქმა უნდა, მკაფიოდ აისახება მის თვითშეფასებაზე.
ყველაზე სახიფათო კი არის ზღვრის წაშლა პირად და საჯარო სივრცეს შორის...ხშირად ბავშვს ურთულდება გაიგოს, სად არის ნამდვილი მე და სად იწყება პერსონაჟი, რომელიც იქმნება ვირტუალურ სივრცეში“.
მაია ცირამუა თვლის, რომ ბავშვების დიდი დოზით ჩართულობა სოციალური ქსელებისათვის განკუთვნილ კონტენტში, რაც არ უნდა სახალისო და გასართობი ჟანრის იყოს ვიდეო, ეს აღარ არის თამაში, ის ბავშვისთვის შრომას უთანაბრდება და მას ზედმეტ პასუხისმგებლობებს აკისრებს:
„აი, მაგალითად, ბავშვმა შეიძლება იგრძნოს პასუხისმგებლობა ოჯახის შემოსავალზე, რაც ამ ასაკისთვის სრულიად შეუსაბამო ტვირთია. ეს დაახლოებით ასე გამოიყურება, სკოლის ან სკოლამდელი ასაკის ბავშვი გამოაწყო და გაუშვა სამსახურში, საიდანაც მან ფული უნდა მოიტანოს.
ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ მშობელი ხდება მენეჯერი. რაც უკვე არის მენეჯერის და დაქვემდებარებულის ურთიერთობა და არა შვილის და მშობლის“.
იმის გამო, რომ საქართველოში ბავშვთა ინფლუენსერობა მეტ-ნაკლებად ახალი მოვლენაა, რთული აღმოჩნდა, უკვე გაზრდილი, სრულწლოვანებას მიღწეული ინფლუენსერების პოვნა, რომლებიც თავიანთი გადასახედიდან შეაფასებდნენ, რა იყო კარგი და რა იყო ცუდი, როცა ინფლუენსერები ჯერ კიდევ ბავშვობაში გახდნენ.
თუმცა ასეთი, უკვე გაზრდილი kidinfluencer-ების შესახებ, გასულ, 2025 წელს Netflix-მა გადაიღო დოკუმენტური მინისერიალი, „Bad Influence: The Dark Side of Kidfluencing“ (ცუდი გავლენა: ბავშვთა-ინფლუენსერობის ბნელი მხარე).
სერიალი ეძღვნება ბავშვი-ინფლუენსერების ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ამბავს - პოპულარული ამერიკელი თინეიჯერის, YouTuber-ის, Piper Rockelle-ისა და მისი „ინფლუენსერების ჯგუფის“ ისტორიას.
ფილმის ავტორებმა აჩვენეს, რა შეიძლება იდგეს ბავშვების მონაწილეობით შექმნილი მილიონობით ნახვის მქონე ვიდეოების უკან.
სერიალში ყოფილი ინფლუენსერები და მათი მშობლები ჰყვებიან ფინანსურ კონტროლზე, ემოციურ ზეწოლაზე, რომელიც, მათი თქმით, ონლაინ პოპულარობის შენარჩუნებას ახლდა თან. მსჯელობენ რა ხდება, როდესაც ბავშვების და მშობლების ურთიერთობა ოჯახური ბიზნესის ნაწილი ხდება.
ფორუმი