Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“: ომი ისევ ივანიშვილის გვერდის ავლით


თანდათან სულ უფრო მწვავდება დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის. თუმცა ყოფილ თანაგუნდელებთან ომში, ეკა ბესელია და მისი მომხრეები არ ჩქარობენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებას. რისი იმედი აქვთ მათ? შესაძლებელი იქნება თუ არა ოპოზიციურ ფლანგზე რეალური წარმატების მიღწევა ბიძინა ივანიშვილთან ღია დაპირისპირების გარეშე?

შეტევა ცხარე და უკომპრომისოა

„ქართულმა ოცნებამ“ თავისი გაიტანა - 20 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით.

ეს სწორედ ის თემაა, რომლის გამოც ეკა ბესელიამ ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, ხოლო შემდეგ უმრავლესობის რიგებსაც გამოეთიშა.

ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ კანონპროექტზე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:02 0:00

​ეკა ბესელიამ ბოლო დღეებში არაერთხელ გაიმეორა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სასამართლოს "კლანის" ინტერესების დაცვას ცდილობენ. ყველაზე მწვავედ ის პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუნდსა და კერძოდ - ხუთ ყოფილ თანაგუნდელს უტევს, ესენი არიან:

  • ვანო ზარდიაშვილი
  • მამუკა მდინარაძე
  • ანრი ოხანაშვილი
  • სოფიო კილაძე
  • დავით მათიკაშვილი

დაპირისპირებული მხარეები სიმბოლურად ხშირად ახსენებენ „ხუთს“, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომერს. ისინი ერთმანეთს სწორედ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აიგივებენ და ზოგჯერ ერთმანეთს ამ პოლიტიკურ ძალაზე უარესადაც აცხადებენ.

მამუკა მდინარაძე ყოფილ თანაგუნდელებს აკრიტიკებს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:17 0:00

ისმის ბრალდებები პირად ანგარებასთან, „საოჯახო ბიზნესთან“ და კორუფციასთან დაკავშირებით. საქმის არაჯეროვნად შესრულებისა და უსაქმურობის ბრალდებაც გაისმა 19 მარტს, როცა უმრავლესობა ცდილობდა პოსტიდან გადაეყენებინა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეზვიად კვაჭანტირაძე. პირველ ჯერზე ვერ გადააყენეს, მაგრამ, მეორე მცდელობამდე, ის თავად გადადგა. პროცესი უმრავლესობიდან წასულებმა „სამაგალითო დასჯად“ აღიქვეს.

„ქართული ოცნებიდან“ წასულებმა და დარჩენილებმა ერთმანეთს რა არ აკადრეს, მაგრამ ეკა ბესელიასა და მის მომხრეებს მწვავე საერთოდ არაფერი უთქვამთ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილზე. მათი კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, ბიძინა ივანიშვილი შეცდომაში შეჰყავთ ირაკლი კობახიძისა და მის გარემოცვას.

„არ ვიცი, როგორ ახერხებს კობახიძე ბიძინა ივანიშვილის მართვას, რაღაც ზემითიური ძალებით ახერხებს... ქვეყნისთვის სამწუხაროდ, დღეს ბატონი ბიძინა მთლიანად ენდობა კობახიძის ჯგუფს“, - ეს ზვიად კვაჭანტირაძის სიტყვებია.

ივანიშვილთან დაპირისპირება მოუწევთ

ამ დღეებში ეკა ბესელიამ არაერთხელ განაცხადა, რომ მოსამართლეების შერჩევის საკითხი „ქართულ ოცნებას“ ძვირად დაუჯდება და ის პოლიტიკურ საფასურს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში წაგებით გადაიხდის.

ბესელიას არ უთქვამს, სად და ვისთან ერთად იდგება თავად ის და სად იდგებიან მისი ამჟამინდელი მომხრეები 2020 წელს.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ბესელიას (გუნდთან ერთად თუ ცალკე) აუცილებლად ექნება გამარჯვების ამბიცია და ამისათვის არსებობს ერთადერთი გზა - ღიად და მწვავედ უნდა დაუპირისპირდეს მთელ „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ასე მოქცევა მოუწევს „ქართული ოცნების“ ყველა იმ ყოფილ წევრს, ვისაც პოლიტიკური სიცოცხლის გაგრძელების ამბიცია აქვს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე რადიო თავისუფლებასთან გარკვეულ ვადებსაც ასახელებს. მისი აზრით, ფრონტი გაიხსნება და კრიტიკასთან ერთად, ბრალდებებსაც მოვისმენთ:

  • ყველაზე ადრე - 2019 წლის შემოდგომაზე;
  • ყველაზე გვიან - 2020 წლის გაზაფხულზე.

„როგორც ჩანს, ჯერჯერობით ისინი ქულებს იწერენ იმ ამომრჩევლის თვალში, ვისაც იმედები გაუცრუა „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ ვისთვისაც ჯერ ისევ ძვირფასია ბიძინა ივანიშვილი“, - ასე ხსნის ვახტანგ ძაბირაძე ივანიშვილის ღია კრიტიკისგან უმრავლესობის ყოფილი წევრების თავშეკავებას.

მაგრამ თუკი ხალხი საბოლოოდ დაინახავს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ასრულებს საპრეზიდენტო არჩევნების წინ ხალხისთვის მიცემულ დაპირებას უკეთეს მომავალთან დაკავშირებით, საპროტესტო მუხტი გაიზრდება და პოლიტიკური ქულების დაწერა ძირითადად მხოლოდ ივანიშვილთან დაპირისპირებით იქნება შესაძლებელი.

„ისე მიდის საქმე, რომ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ გასაკრიტიკებელი მასალა სულ უფრო გროვდება არა მხოლოდ მოლაპარაკე თავებისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, რომელთა ცხოვრება, რომელთა სოციალური მდგომარეობა ყოველდღე უარესდება“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

ეკა ბესელიასა და მის თანამოაზრეებს 2020 წლისთვის მაქსიმუმ მხოლოდ რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წიაღში ხედავს ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე. ესეც იმ შემთხვევაში, თუკი უმრავლესობიდან წამოსულები ღიად და დაუფარავად დაიწყებენ მთელ „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებას, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით.

ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობით, ანალიტიკოსების დიდი ნაწილის მსგავსად, ეკა ბესელიას პოლიტიკური ძალის ლიდერობას არც ხათუნა ლაგაზიძე უწინასწარმეტყველებს.

როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ეკა ბესელიას მომავალი დამოკიდებული იქნება რამდენიმე ფაქტორზე:

  • მოეხსნება თუ არა ხალხს „ნაციონალური მოძრაობის“ რევანშის შიში;
  • თუკი ეს შიში მიხეილ სააკაშვილის უკანა პლანზე გადაწევით მოიხსნა, დიდი ალბათობით, დღის წესრიგში აღარ დადგება მესამე ძალის გამოჩენის აუცილებლობა;
  • ასეთ შემთხვევაში, ამომრჩევლის სოლიდური ნაწილი ხმას გაერთიანებულ ოპოზიციას მისცემს;
  • თუკი „ქართულ ოცნებას“ სხვა ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფებიც გამოეყოფა, ეკა ბესელიასა და მისი მომხრეების პოლიტიკური შანსები კიდევ უფრო შემცირდება.

ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ე.წ. "განდგომილების" თავშეკავება იმითაც არის განპირობებული, რომ უმრავლესობიდან წასულებს 2020 წლის არჩევნების შემდეგ, თავი მაინც „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში წარმოუდგენიათ და ხიდებს არ წვავენ. თუმცა ასეთი პოზიცია ანალიტიკოსს წამგებიანად მიაჩნია.

„ძველი გვარდია“ ისევ დაძახების მოლოდინში?

რატომ არ ჩქარობენ ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებას? - ამ შეკითხვაზე საპასუხოდ ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს კიდევ ერთი ვერსია აქვს.

ამ ვერსიის თანახმად, "ოცნებიდან" წასულები იმედოვნებენ, რომ:

  • ბიძინა ივანიშვილი ადრე თუ გვიან მოიძულებს ე.წ. ახლების გუნდს;
  • ასეთ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი საყრდენად ისევ „ძველ გვარდიას“ დაუძახებს.

„ივანიშვილმა შესაძლოა ე.წ. კობახიძის ჯგუფი, ახლების ჯგუფი მართლაც ჩაანაცვლოს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ისევ ბესელიასა და სხვა განდგომილებს დაუძახოს... „ახლების“ ადგილს უფრო სხვები დაიკავებენ “, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვახტანგ ძაბირაძე.

მაგრამ თუკი ბიძინა ივანიშვილი მაინც დაუძახებს ეკა ბესელიასა და მის თანამოაზრეებს, ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ამ მინიმალური შანსისთვის გადამწყვეტი იქნება - როდის დაუძახებს.

„თუკი ეს ამომრჩევლის კიდევ უფრო დიდი უკმაყოფილების ფონზე მოხდება, შესაძლოა, ეკა ბესელიასა და მის თანამოაზრეებს უკვე თავადაც აღარ მოუნდეთ ბიძინა ივანიშვილის გვერდში დგომა“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, ეკა ბესელიას მოსამართლეების თემაზე სხვადასხვა სახის ღია მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ 10-მდე დეპუტატმა გამოუცხადა. თუმცა ამ მოსამართლეთა თემის ეგიდით უმრავლესობას გაემიჯნენ მხოლოდ:

  • ეკა ბესელია
  • გედევან ფოფხაძე
  • ლევან გოგიჩაიშვილი
  • ზვიად კვაჭანტირაძე
  • კობა ნარჩემაშვილი

ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის რიგები ასევე დატოვეს „სოციალ-დემოკრატებმაც“, მაგრამ დეკლარირებულად უფრო ეკონომიკურ თემებზე შეუთანხმებლობის გამო. ესენი არიან:

  • ბექა ნაცვლიშვილ
  • გია ჟორჟოლიანი
  • მირიან წიკლაური

აქტიურად ვრცელდება ხმები, რომ „ქართულ ოცნებას“ კიდევ არაერთი დეპუტატი გამოეთიშება.

თუმცა თავად "ქართული ოცნება" ასეთ საფრთხეს ვერ ხედავს. პარტიას აქვს დიდი იმედი, რომ მათთან ახლახან დაბრუნებული ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გუნდის შეკვრას, განმტკიცებასა და 2020 წლის არჩევნებისთვის მომზადებას შეძლებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG