Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყარაბაღში რესტორნებს სტუმრებზე შეზღუდვები დაუწესეს - მიზეზი პანდემია არ არის


მთიან ყარაბაღში სასურსათო დეფიციტია
მთიან ყარაბაღში სასურსათო დეფიციტია

მთიანი ყარაბაღის ბლოკადა ძლიერდება და ჰუმანიტარული კრიზისი სულ უფრო და უფრო მწვავდება. პირველადი მოხმარების პროდუქტებზე დეფიციტია, ფასები იზრდება, დენი კი გამუდმებით ითიშება…

აზერბაიჯანი ისევ ულტიმატუმის ენით საუბრობს, დე ფაქტო ხელისუფლება დათმობაზე წასვლას არ გეგმავს, სომხეთი კი უკვე თავისი სუვერენული ტერიტორიის დაცვაზეა ფოკუსირებული.

რუსეთს, შეერთებულ შტატებსა და ევროპულ დედაქალაქებს შორის გაბნეული მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში ვერ დასრულდება. ჯერ არც ჰუმანიტარული კრიზისის გადაჭრის პერსპექტივა ჩანს.

შეზღუდვები და ბლოკადა

5 ივლისს მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლებამ რესტორნებს კვლავ აუკრძალა ქელეხების, საქორწინო სუფრების და, ზოგადად, ხალხმრავალი ღონისძიებების მასპინძლობა.

თუკი წინა შემთხვევაში ამის მიზეზი კორონავირუსის გავრცელების რისკი იყო, ახლა მიზეზი საკვებ პროდუქტებზე დეფიციტია. დეფიციტი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელ მთავარ გზაზე - ლაჩინის დერეფანში - აზერბაიჯანის ბლოკადის გამკაცრებამ გამოიწვია.

2022 წლის დეკემბრიდან ლაჩინის დერეფანთან გამაგრებულები იყვნენ აზერბაიჯანელი მოქალაქეები, რომლებიც თავს ეკოაქტივისტებს უწოდებდნენ და ამბობდნენ, რომ „წიაღისეულის უკანონო მოპოვებას და მის სომხეთში გატანას“ აპროტესტებდნენ.

აპრილის ბოლოს, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა იმავე მიდამოებში, რუსი სამშვიდობოების კონტინგენტის განთავსების ადგილიდან ოციოდე მეტრში, გამშვები პუნქტი მოაწყვეს. „ეკოაქტივისტები“ ჯარისკაცებმა ჩაანაცვლეს. ახლა ეს პუნქტი - და, შესაბამისად, აზერბაიჯანული მხარე - აკონტროლებს, ვინ შევა და გამოვა მთიანი ყარაბაღიდან. და ეს კონტროლი მკაცრია.

ლაჩინის დერეფანი
ლაჩინის დერეფანი

იმდენად მკაცრი, რომ, რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, 15 ივნისიდან მოყოლებული, საკვების, მედიკამენტებისა და სხვა პირველადი მოხმარების ნივთების „გადაუდებელი მიწოდებაც“ კი აიკრძალა. მანამდე ამ ნივთებს ყარაბაღელები რუსი, სამშვიდობოების ეგიდით მყოფი ჯარისკაცების მეშვეობით იღებდნენ, - ისიც შეზღუდული რაოდენობით.

დეფიციტი, გადამყიდველები და ფერმერები

„შაქარი, საპონი და სარეცხი ფხვნილი მაღაზიებიდან გაქრა. ტკბილეულის ფასი ხუთჯერაა გაზრდილი, მზესუმზირას ზეთისა და წამლების - გაორმაგებული“, - ეუბნება სტეფანაკერტელი სილვა ხაჩატრიანი რადიო თავისუფლებას.

5 ივლისიდან შემოღებული შეზღუდვებიც ამ დეფიციტს უკავშირდება. ქელეხს 30-ზე მეტი ადამიანი ვერ დაესწრება. სხვა ჭერი დაწესდა საზეიმო თავშეყრაზე: 50 ადამიანი. შეზღუდვების მიზანია, შემოტანილი, დეფიციტური საკვები პროდუქციის მოხმარება შეამციროს.

სილვა ხაჩატრიანი ამბობს, რომ პროდუქტების გაძვირება „უსირცხვილო გადამყიდველების“ ბრალია. ისინი ფერმერებისგან ყიდულობენ პროდუქციას და გაცილებით ძვირად ყიდიანო.

„კრიზისით ბოროტად სარგებლობენ“, - ყარაბაღის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, გურგენ ნერსისიანმა პასუხისმგებლობა ფერმერებს დააკისრა. მან პირობა დადო, რომ „მთავრობა ეცდება, მწარმოებლებთან ეს პრობლემა მოაგვაროს“.

6 ივლისს ნერსისიანი ოჯახებს, რომელთაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, შეჰპირდა, რომ შაქარსა და ზეთს დაურიგებენ.

სომხური მედიის ცნობით, ყარაბაღში არც საწვავია ხელმისაწვდომი, - აქამდე საწვავს რუსული სამშვიდობოები ეზიდებოდნენ. ახლა კი საცხობები უმანქანოდ ვერ ახერხებენ, პური მიაწოდონ მაღაზიებს.

გამშვები პუნქტი ლაჩინის დერეფანში
გამშვები პუნქტი ლაჩინის დერეფანში

დიპლომატიური ფრონტი

ეს მხოლოდ ნაწილია იმ წნეხისა, რასაც ახლა ყარაბაღელები განიცდიან. 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომში წარმატების შემდეგ, აზერბაიჯანი წინ მიიწევს - ყარაბაღზე კონტროლის სრულად აღდგენისკენ.

სომხეთი, რომელსაც ოკუპირებული ჰქონდა ყარაბაღი და მიმდებარე შვიდი რაიონი, მეორე ომში მარცხის შემდეგ იძულებული გახდა, უკან დაეხია. ეს აისახება კიდეც ლიდერების განცხადებებში.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბოლო პერიოდში რამდენჯერმე თქვა, რომ ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის უფლებების დაცვის გარანტიის სანაცვლოდ, სომხეთი მზად არის, აზერბაიჯანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს.

მაგრამ აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ ყარაბაღი მისი შიდა საკითხი და სომხეთთან მოლაპარაკებების ნაწილია. აზერბაიჯანს „ბაქო-სტეფანაკერტის ფორმატში“ სურს ყარაბაღელ სომხებთან საუბრის გაგრძელება. ამაზე ყარაბაღელები უარს აცხადებენ.

ყარაბაღის მოსახლეობა და დე ფაქტო მთავრობა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ყოველ ულტიმატუმს მუქარად აღიქვამენ, - „ეთნიკური წმენდის მუქარად“. მათთვის წარმოუდგენელია, რომ აზერბაიჯანის მმართველობის პირობებში, მათი საბაზისო უფლებები დაცული იქნება.

4 ივლისს პრეზიდენტმა ალიევმა სომხეთს მოუწოდა, „გაიყვანოს თავისი არმიის ნარჩენები ყარაბაღიდან“, რაზეც ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ყარაბაღში სომხური არმიის ნაწილები არ დგანან.

ამასთან, ყარაბაღის დე ფაქტო მთავრობა ზეწოლას ახორციელებს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანზე და მას მოსკოვთან დაპირისპირების პოლიტიკას უწუნებს. 5 ივლისს დე ფაქტო უშიშროების საბჭოზე დე ფაქტო პრეზიდენტმა, არაიკ არუთუნიანმა განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანმა მისი თხოვნით დაურეკა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

„ჩვენ წინაშე არსებული საგანგაშო სიტუაციის გათვალისწინებით, არცახის [ასე უწოდებენ სომხები ყარაბაღს - რ.თ.] ხალხი და ხელისუფლება უმოკლეს დროში ელოდება კონკრეტულ შედეგებს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული სიტუაციის შესამსუბუქებლად და ბლოკადის მოხსნის მიზნით“, – განაცხადა არუთუნიანმა.

დე ფაქტო პრეზიდენტი არაიკ არუთუნიანი
დე ფაქტო პრეზიდენტი არაიკ არუთუნიანი

კრემლი და ერევანი

კრემლის ცნობით, ფაშინიანმა და პუტინმა 5 ივლისს ისაუბრეს „მთიანი ყარაბაღის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის, ლაჩინის დერეფანში შეუფერხებელი მოძრაობის აღდგენის საჭიროებაზე“.

მეორე დღეს, 6 ივლისს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა: „არსებული ინფორმაციით, რეგიონში ჰუმანიტარული ვითარება უარესდება. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ყარაბაღის მოსახლეობა, მომარაგების შეჩერების შედეგად, შესაძლოა, დარჩეს საკვების, პირველადი საჭიროებების პროდუქტებისა და მედიკამენტების გარეშე“.

მან მოუწოდა აზერბაიჯანს, განბლოკოს ლაჩინის დერეფანი: „მოვუწოდებთ ბაქოსა და ერევანს, ყველა საკითხი პოლიტიკურ-დიპლომატიური არხებით მოაგვარონ, და მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, განბლოკოს ლაჩინის დერეფანი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ადამიანების, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და პროდუქტების გადაადგილება სამოქალაქო დანიშნულებით“.

მარია ზახაროვას ცნობით, ერევანსა და ბაქოს უახლოეს პერიოდში ეწვევა იგორ ხოვაევი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირებაზე მუშაობს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა

ზახაროვამ ასევე განაცხადა, რომ „რუსი მშვიდობისმყოფელების მოქმედება დამოკიდებული იქნება ადგილზე განვითარებულ მოვლენებზე“. მაგრამ სომხეთს ახლა დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთის „სამშვიდობო მისიასთანაც“. ამ დაძაბულობის უახლესი ეპიზოდი გამკაცრებულ ბლოკადას უკავშირდება:

15 ივნისს აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში პროდუქტების „გადაუდებელი მიწოდების“ აკრძალვას წინ შეტაკება უძღოდა. სომხეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა ბლოკპოსტის მიმდებარედ გადაკვეთეს მდინარე ჰაკარის ხიდი, გადალახეს სომხეთის საზღვარი და იქ სცადეს აზერბაიჯანის დროშის აღმართვა, რის გამოც ცეცხლი გაუხსნეს. აზერბაიჯანი უარყოფს საზღვრის გადაკვეთას.

ინციდენტის ამსახველმა ვიდეომასალამ აჩვენა, რომ აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს ხიდზე გადასვლისას რუსი სამშვიდობოები ახლდნენ თან. და ამის გამო სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მეორე დღესვე დაიბარა ერევანში რუსეთის ელჩი, რათა „ძლიერი უკმაყოფილება“ გამოეხატა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „აბსოლუტურად უსაფუძვლო“ უწოდა სომხეთის კრიტიკას და თავი იმით იმართლა, რომ „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი დადგენილი [„დელიმიტირებული“] არ არის“. სომხურმა მხარემ 22 ივნისს კვლავ გამოხატა უკმაყოფილება და რუსეთს მოუწოდა, „გამამართლებელი საბაბების ძებნის“ ნაცვლად, 2020 წლის სამმხრივი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

ევროკავშირის უარი სომხეთს სამხედრო დახმარებაზე

ერევნისა და მოსკოვის განხეთქილება, სტრატეგიული პარტნიორობის მიუხედავად, დიდი ხანია, მწიფდება. სომხეთში უკიდურეს შეშფოთებას იწვევს ის, რომ მათ სუვერენულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის თავდასხმის მიუხედავად, რუსეთის გარშემო შეკრულმა ალიანსმა, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ“ (კუხომ, ОДКБ-მ) უარი განაცხადა, პროცესში ჩართულიყო. მას შემდეგ სომხეთი ალტერნატიულ გზებს ეძებს თავდაცვისათვის.

14-17 მარტს სომხეთს სტუმრობდა ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, რომელიც ამ პოსტს 2009-14 წლებში იკავებდა. რასმუსენის თქმით, იგი სომხეთში ჩავიდა, რათა ქვეყანას დასავლეთთან ურთიერთობების გაძლიერებაში დაეხმაროს. ევროკომისიის გამჭვირვალობის რეესტრის თანახმად, რასმუსენი სომხეთის მთავრობამ კონსულტანტად დაიქირავა.

„ევროკავშირს აქვს სპეციალური ფონდი, „ევროპული მშვიდობის ფონდი“, EPF, რომელიც ძირითადად უკრაინის დასახმარებლად გამოიყენება, მაგრამ შეიძლება სომხეთის დასახმარებლადაც ვიფიქროთ მისი გამოყენება“, - განაცხადა ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ერევანში ყოფნისას.

პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი ხვდება პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას. 2023 წლის 4 ივლისი
პარლამენტის სპიკერი ალენ სიმონიანი ხვდება პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას. 2023 წლის 4 ივლისი

ეს იდეა ვერ განხორციელდა. 3 ივლისს სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უარი თქვა სომხეთის სამხედრო დახმარებაზე:

„ამ მექანიზმით ევროკავშირი ეხმარება უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს. სამწუხაროდ, სომხეთის თხოვნა უარყოფილ იქნა, იმ საფუძვლით, რომ ევროკავშირი ცდილობს მედიაციას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ასევე, „კონფლიქტის სენსიტიურობიდან“ გამომდინარე“, - განაცხადა სიმონიანმა და დასძინა: „მინდა, გავიმეორო, რომ საუბარი იყო ტექნიკურ დახმარებაზე, რაც [სომხეთის] თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებდა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG