Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

6 ყველაზე პოპულარული ექსპონატი ჯანაშიას მუზეუმში


საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმმა მოგვაწოდა იმ 6 ექსპონატის სია და ფოტოები, რომელიც დამთვალიერებლებს ყველზე მეტად იზიდავს, ესენია:

ქვევრი - უძველესი ღვინის ჭურჭელი, ძვ.წ VI ათასწლეული. სამხრეთ საქართველო. ჭურჭელი შემკულია ყურძნის მტევნების გამოსახულებებით.​

მეხუთე თავის ქალა - „პირველი ევროპელების" ოჯახიდან - 1,8 მლნ. წელი. დმანისი. ეს ნიმუში ზრდასრული ინდივიდის ერთადერთი საუკეთესოდ შემონახული თავის ქალაა. 2013 წელს მეხუთე თავის ქალა წარმოდგენილი იყო ჟურნალ Science-ის ყდაზე. აღნიშნული თავის ქალა პირველია, რომლის მიხედვითაც მეცნიერებს შეუძლიათ აქამდე უცნობი ადრეული ადამიანის ანატომიის შესწავლა. დმანისში აღმოჩენილი ნაშთები ყველაზე ადრეულია აფრიკის გარეთ აღმოჩენილ ნამარხებს შორის. მათზე ადრეული ნაშთები ევრაზიაში ჯერ არ აღმოჩენილა.

ჭაბუკის ტორსი - ვანი, ძვ.წ. II ს. ბრინჯაო, სიმაღლე 105 სმ. ბრინჯაოს ტორსი ახვლედიანების გორაზე – ვასილ ახვლედიანის ყოფილ კარ-მიდამოში აღმოჩნდა და ვანის ექსპედიციის წევრებმაც მოფერებით „ვასიკო“ შეარქვეს. ვასიკო ძლიერი კოლხეთის ერთგვარი სიმბოლოა, რომელიც ადასტურებს – საქართველო, როგორც უძველესი კულტურის ქვეყანა, ყოველთვის იყო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი.

თრიალეთის ვერცხლის თასი -1937 წელს ყორღანში აღმოჩნდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქეოლოგიური ექსპონატი – თრიალეთის ვერცხლის თასი. ძვ.წ. II ათასწლეულის პირველი ნახევარი, ვერცხლი. თასი ორი ფრიზითაა შემკული. ზედა ფრიზი საკულტო პროცესიას გამოხატავს, ხოლო ქვედაზე ფურირმებია გამოსახული. აღმოჩენიდან 70 წლის შემდეგ, 2008 წელს მეტროპოლიტენის მუზეუმის საეტაპო გამოფენაზე: „ბაბილონს მიღმა: ხელოვნება, ვაჭრობა და დიპლომატია ძვ. წ. II ათასწლეულში“, ამ ეპოქის ცნობილ ნიმუშებს, მსოფლიოს წამყვან მუზეუმებთან ერთად, საქართველოს ეროვნული მუზეუმიც წარმოადგენდა თრიალეთის უნიკალური ვერცხლის თასით.

კუებიანი ყელსაბამი - ვანი. ძვ.წ. V ს. ოქრო. ყელსაბამი კოლხური ოქრომჭედლობის განვითარების უმაღლეს დონეზე მიუთითებს.

ტეტრადრაქმა - ძვ.წ. VI- V სს. ვერცხლი. საქართველოში ფულის მოჭრის ისტორია ოცდაშვიდ საუკუნეს ითვლის. კოლხეთი სამონეტო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი კერაა მსოფლიოში. აქ ძვ.წ. VI საუკუნეში იწყება მონეტების მოჭრა და ფულის მიმოქცევა. ეს მონეტები ,,კოლხური თეთრის" სახელით არის ცნობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG