Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით მთავრდება


ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით სრულდება - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს 23 202 ქორწინება დაფიქსირდა, განქორწინებულთა რაოდენობა კი 10 288 არის.

განქორწინებულთა რაოდენობა რადიკალურად 2014 წლიდან იზრდება. თსუ-ს პროფესორი, დემოგრაფი გია მელაძე ამბობს, რომ 2014-ში განქორწინებულთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 9 ათასს. 90-იანი წლების პერიოდში ეს მაჩვენებელი 1500-2000-ს არ სცილდებოდა.

„თუმცა საეჭვოა 2008-წლამდელი სტატისტიკა რეალური იყოს. სავარაუდოდ, უფრო მეტი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ოჯახის კუთხით ყველაზე გამოკვეთილი მოვლენა ბოლო წლებში სწორედ განქორწინებაა. ეს გლობალურად ასეა, არა მხოლოდ საქართველოში“, - ამბობს გია მელაძე.

მისი თქმით, გაცილებეთ უარესი მდგომარეობაა ზოგ ქვეყანაში. მაგალითად, თუ საქართველოში განქორწინების კოეფიციენტი ათას კაცზე 2.8 არის (2018 წ.), რუსეთში ის 4.4-ს, აშშ კი - 3.2-ს უტოლდება.

„განქორწინებას ხელს უწყობს ეკონომიკური კრიზისი, ინფლაცია, მომავლის რწმენის დაკარგვა, ემიგრაცია... მილიონზე მეტი ადამიანი ქვეყნიდან არის გასული. მეუღლეები რომ წლების განმავლობაში ერთმანეთს ვერ ხედავენ, ეს, რა თქმა უნდა, განქორწინებაზეც აისახება.

საქართველოში ბოლო წლებში ჩატარებულ კვლევებში განქორწინების მიზეზად ხშირად მიუთითებენ, რომ მათ გრძნობა გაუქრათ. ასევე, არცთუ იშვიათად ასახელებენ ღალატს მამაკაცის მხრიდან. ადრე ეს მიზეზი არ იყო გამოკვეთილი, ახლა კი გოგონები ნაკლებად პატიობენ. ადრე რაც უფრო მეტი ბავშვი იყო ოჯახში, განქორწინების ალბათობაც კლებულობდა. ახლა აღარც ეს არის დაბრკოლება“, - ამბობს გია მელაძე.

ფსიქოლოგი ლელა გაფრინდაშვილიც ადასტურებს, რომ დრო შეიცვალა:​ „თუ ადრე ქალი ბედს ეგუებოდა, ახლა უკვე ეს საკითხი ქალთა უფლებებთან არის დაკავშირებული“.

ფსიქოლოგი ლიკა ბარაბაძე კი მიიჩნევს, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად ის წყვილები იყრებიან, რომლებსაც ერთად ოთხ წელზე მეტი არ უცხოვრიათ. ასევე, შორდებიან 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, როდესაც შვილები გაზრდილები არიან და ცოლ-ქმარი ერთმანეთის პირისპირ რჩება.

„ამ დროს ან ხელახლა უნდა შეეჩვიონ ერთმანეთს, ან გაშორდნენ“, - ამბობს ლიკა ბარაბაძე.

ნამდვილ მიზეზს მოსამართლეს არავინ ეუბნება. ყველა შეუთავსებლობას ასახელებს,
გია მელაძე


გია მელაძე მიუთითებს კიდევ რამდენიმე მიზეზზე. კერძოდ, განქორწინებაზე გავლენას ახდენს ასაკიც: თუ ოჯახი 20-წლამდე ან 30 წლის მერე შეიქმნა, განქორწინების „შანსი“ მეტია. პირველ შემთხვევაში მიზეზი გამოუცდელობაა, მეორე შემთხვევაში კი ჩამოყალიბებული ხასიათი, რომლის შეცვლა ცოლ-ქმარს უკვე ეძნელდება. ასევე კვლევები ცხადყოფს, რომ ოჯახი მით უფრო მყარია, რაც უფრო მაღალია მამაკაცის ანაზღაურება ან განათლების ხარისხი. ქალის შემთხვევაში კი, პირიქით, - აღმოჩნდა, რომ თუ ქალს მამაკაცზე მეტი შემოსავალი აქვს ან უფრო განათლებულია, განქორწინების რისკი მატულობს.

„გლობალური კვლევებით, განქორწინების 60-70 შემთხვევაში ინიციატორებად ქალები გამოდიან. ზოგადად კი მიზეზების კვლევა საკმაოდ ძნელია, რადგან ნამდვილ მიზეზს მოსამართლეს არავინ ეუბნება. ყველა შეუთავსებლობას ასახელებს, მაგრამ ნამდვილი მიზეზი ეს არაა. ასევე მიზეზი ხდება ის, რომ ქორწინებას არ უყურებენ როგორც პასუხისმგებლობას“, - ამბობს გია მელაძე.

მისივე თქმით, ახლა ძირითადად ის თაობა ქორწინდება, რომელიც 1993 წლის შემდეგ დაიბადა. შემდეგ წლებში შობადობა კლებულობდა. შესაბამისად, იმის მოლოდინი, რომ ქორწინებების რაოდენობა გაიზრდება, არ უნდა გვქონდეს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG