Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება იწყება - რა არ უნდა გამოგრჩეს 27 აპრილს


ევროკავშირის გირაო თუ ამნისტია - როგორ გადაწყდება შეთანხმების პირველი პუნქტი?

დღეს პარლამენტში ის ოპოზიციონერი დეპუტატები დარეგისტრირდებიან, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეთანხმებას მოაწერეს ხელი და ბოიკოტს წყვეტენ.

გუშინ ოპოზიციისა და ხელისუფლების მორიგი შეხვედრის შემდეგ „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ, დიდი ალბათობით, 27 აპრილს აღარ დარეგისტრირდება 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის პროექტი. თუმცა უცვლელ გეგმად რჩება პრეზიდენტის დაანონსებული შეწყალება, რომლის საფუძველზეც ციხე უნდა დატოვოს „მთავარი არხის“ მფლობელმა გიორგი რურუამ.

უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა ანრი ოხანაშვილმა კი შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ამნისტიის კანონი მაინც დარეგისტრირდება. მისი თქმით: „თუ იქნება რესურსი, რომ ოპოზიცია ამას დაეთანხმოს, ეს სამართლიანი და რაციონალური იქნება“.

ამნისტიის კანონპროექტის ყველაზე მწვავე საკითხზე კონსენსუსის მოლოდინი აქვს შეთანხმების ერთ-ერთ ხელმომწერს სალომე სამადაშვილს. მან გუშინ თქვა, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ერთ აზრზეა იმასთან დაკავშირებით, რომ ამნისტია არ უნდა შეეხოს იმ პირებს, ვინც პასუხისმგებელია ადამიანების სხეულის განზრახ, მძიმე დაზიანებაზე:

„ამ ამნისტიის შედეგად დასახიჩრებაზე პასუხისმგებელი პირები დაცული არ იქნებიან. ეს არის „ქართული ოცნების“ პოზიცია. რაც შეეხება იურიდიულ ტექნიკას, ანუ, როგორ გაიწერება საბოლოოდ ამნისტიის კანონპროექტი, ამაზე ხვალ გავაგრძელებთ საუბარს და კონსულტაციებს. ხვალ არის მნიშვნელოვანი დღე, როდესაც შეთანხმების შესრულება იწყება. შესაბამისად, ოპოზიცია პარლამენტში დარეგისტრირდება და ამის შემდეგ გადაიდგმება პირველი ნაბიჯი გიორგი რურუას შეწყალების სახით. რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, ამაზე ხვალ კონსულტაციები გაგრძელდება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ამნისტიის შესახებ კანონმა არაერთი პროტესტი გამოიწვია. მას არ იწონებს არც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია და არც 20 ივნისის ღამეს დაზარალებულები, რომლებიც ამბობენ, რომ ამნისტიით პასუხისმგებლობას გაექცევიან დაშლის ღამეს ბრძანების გამცემი პირები.

გუშინ თავის ფეისბუკგანცხადებაში ნიკა მელიამ სთხოვა ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს „შარლ მიშელის დოკუმენტს“ და მიმართა „ქართულ ოცნებას“, გაითხოვონ ამნისტიის საკითხი. მელია იღებს პასუხისმგებლობას, რომ დათანხმდება ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დატოვებს ციხეს.

ამ თემაზე ასევე ნახე:

შეზღუდვები დღესასწაულის წინ - როგორ ემზადება ქვეყანა მესამე ტალღისთვის

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აღდგომის დღეებში სასაფლაოზე მისვლა შეიზღუდება. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოზე გასვლა შეიზღუდება და ჩაიკეტება სასაფლაოსთან მისასვლელი გზები. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით "ბრწყინვალე შვიდეულის" კვირაში, განსაკუთრებით ორშაბათს და აღდგომის დღეს, როცა ძირითადად ადამიანები გადიან საფლავებზე, განსაკუთრებულად გაკონტროლდება საფლავებზე გასვლის პროცესი.

26 აპრილს, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აღდგომის ღამეს კომენდანტის საათი 3 საათით შემცირდება და გადაადგილებაზე შეზღუდვა 23 საათიდან 4 საათამდე იმოქმედებს. გარდა ამისა, 4-12 მაისის პერიოდში, უქმე დღეებში შეიზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღისთვის ემზადება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის დამატებითი საწოლების მობილიზებას იწყებს. გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საწოლების რაოდენობა 2300-ით უნდა გაიზარდოს.

წაიკითხე მეტი.

პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურა დღეს გაიმართება

დღეს პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა პირველი მოსმენის რეჟიმით ტარდება და ამ საკითხებთან დაკავშირებით, ხვალ გვექნება მსჯელობა, მას მერე, რაც მივიღებთ ცნობას, განცხადებას გადადგომის შესახებ. შემდეგ იქნება, პოლიტიკური დებატები და შემდეგ გაგრძელდება პროცედურა ახალი თავმჯდომარის არჩევის“, - თქვა ვოლსკიმ.

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან 24 აპრილს გადადგა. მის ადგილს პირველი ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა დაიკავებს.

რუსეთმა მანევრების შემდეგ ორი დიდი სადესანტო გემი დატოვა შავ ზღვაში

რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის ორი დიდი სადესანტო ხომალდი ამ დრომდე რჩება შავი ზღვის აკვატორიაში მას შემდეგ, რაც რუსეთის სამხედრო უწყებამ დასრულებულად გამოაცხადა ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ თანახმად, საუბარია ორ დიდ სადესანტო გემზე „ალექსანდრ ოტრაკოვსკიზე“ და „კონდოპოგაზე“, რომლებიც „აგრძელებენ შავი ზღვის აკვატორიაში მოქმედებას შორეული ნაოსნობის გეგმების მიხედვით“, - იუწყება რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის პრესსამსახური.

ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე მიმდინარე სამკვირიან წვრთნებში ჩრდილოეთის ფლოტის დიდი სადესანტო გემები „ალექსანდრ ოტრაკოვსკი“ და „კონდოპოგა“ სასწავლო ამოცანებს ასრულებდნენ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარებთან ერთად.

წაიკითხე მეტი.

მცოცავი ოკუპაცია ღოღეთში გაგრძელდა

ტახტისძირისა და დირბის შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღოღეთსა და თამარაშენშიც გამოჩნდნენ. სოფლების მიმდებარე მინდვრებში, საოკუპაციო ბანერებთან, მათ ახალი ხის ძელები ჩასვეს.

ბოლო ორი კვირაა, ოკუპაციის ხაზთან ე. წ. მესაზღვრეები ერთი და იმავე ტაქტიკით მოქმედებენ. ისინი ბანერებიდან დაახლოებით 2 მეტრის სიღრმეში ხის ძელებს ამონტაჟებენ. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ტახტისძირსა და დირბში ეს ძელები წითლადაა შეღებილი, ხოლო ღოღეთსა და თამარაშენში ყვითლად. ძელები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეა შემოწეული და მცოცავი ოკუპაციის კიდევ ერთ ტალღას წარმოადგენს მას შემდეგ, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში ე. წ. სადემარკაციო კომისიამ მუშაობა განაახლა. ქარელის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მცოცავ ოკუპაციას აკვირდებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები და ადგილიდან ავრცელებენ ფოტო- და ვიდეომასალას. ღოღეთში ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ჩავიდა. ზაზა გულიაშვილი ახალდამონტაჟებული ხის ძელებისგან მოშორებით დადგა და ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საოკუპაციო ძალების გააქტიურებას ვერ ხედავს.

იმას, რასაც ქარელის მერი ვერ ხედავს, ხედავს ადგილობრივი მოსახლეობა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც, რამდენიმე დღეა, ქარელის სოფლებში მიმდინარე ბორდერიზაციის შესახებ განცხადებებს ავრცელებს.

წაიკითხე ვრცლად გოგა აფციაურის სტატიაში.

რატომ და ვისთვის მკაცრდება კანონი - პარლამენტი ცვლილებებს გეგმავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავის მიმართ დაუმორჩილებლობის ან შეურაცხყოფის ფაქტზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შესაძლოა გამკაცრდეს - საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკვე გაიტანეს, წინ საკომიტეტო მოსმენებია.

კოდექსის ორი მუხლი, რომელსაც ცვლილებები შეეხება, ყველაზე ხშირად გვხვდება აქტივისტების და საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირებისთვის წაყენებულ ბრალში. იურისტები ფიქრობენ, რომ კანონის გამკაცრებაც მათ წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილია და მოსალოდნელ ცვლილებებს დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად თვლიან.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი ქართული ოცნების დეპუტატებმა მოამზადეს და ამ ცვლილებებით მკაცრდება სასჯელი კოდექსით გათვალისწინებული 166-ე და 173-ე მუხლის დარღვევის შემთხვევებში.

წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველის დაუმორჩილებლობის განმეორებით ჩადენისას ჯარიმის ოდენობა მკვეთრად იზრდება და თუკი წვრილმანი ხულიგნობა (166-ე მუხლი) პირველ ჯერზე 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობის ჯარიმას ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას გულისხმობდა, განმეორებით შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 1500-დან 2000 ლარამდე განისაზღვრება, პატიმრობის ვადა კი 7-დან 15 დღემდე შეიძლება იყოს.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი 166-ე და 173-ე მუხლებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ყველაზე პრობლემურ მუხლებად მიიჩნევს და იხსენებს, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ ერთხელ უკვე გაზარდა ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების შემთხვევაში გათვალისწინებული ჯარიმები 2018 წელს და სანქციების გამკაცრებამ მსუსხავი ეფექტიც იქონია, მისი შეფასებით, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზებისას. ედუარდ მარიკაშვილი თვლის, რომ დღეს უკვე მოქმედი სანქციები აღარ ჰყოფნის ხელისუფლებას პროტესტის ჩასახშობად და საკანონმდებლო ცვლილებები ამით არის განპირობებული.

წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

ჩერნობილის ატომური სადგურის თანამშრომელი ანა შინკარენკო იხსენებს, როგორი დაბნეულობა სუფევდა 1986 წელს საბჭოთა კავშირში ატომური ტრაგედიის შემდეგ და როგორ დააყოვნა მოსახლეობის ევაკუაცია მთავრობამ. ის ამბობს, რომ თავდაპირველად ავარიის შესახებ არაფერს ეუბნებოდნენ. მერეც, როცა შინკარენკო, მისი მეუღლე და შვილები ქალაქს გამოერიდნენ, ისინი რადიაციით გამოწვეული დაავადებებით იტანჯებოდნენ. „ჩერნობილმა ჩვენ ბავშვობა წაგვართვა“, - უთხრა მას ქალიშვილმა, - „შენ და მამას კი ნორმალური ცხოვრება დაგინგრიათ“.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG