გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამის, თამაზ ხომასურიძის დაკავების ფაქტზე განმარტება გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ. მისი თქმით, ხომასურიძე დაკავებულია შაქარაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, ცრუ ჩვენებების მიცემისა და ბრალდებულთათვის მოსალოდნელი სასჯელის თავიდან აცილების მიზნით დანაშაულის ორგანიზებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერიც, სადაც ზ.ხ.-ს მამა რეგისტრაციის გარეშე მობილური ტელეფონებისა და სიმბარათების შეძენაზე საუბრობს, ასევე გეგმავს შაქარაშვილის საქმის მოწმის, გურამ ამირხანაშვილის სახლთან მისვლას და წინასწარ შეთანხმებული ტექსტებით აღნიშნულ ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას.
“ბრალდებულის მეგობარი მივიდა ვაზისუბანში, გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმის - გურამ ამირხანაშვილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც, წინასწარი შეთანხმებით, მისივე ნაყიდი ერთ-ერთი მობილური ტელეფონის საშუალებით გააგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება მეორე ტელეფონზე, რომელიც უკვე არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამას ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროს, ბრალდებული წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და მიზანმიმართულად, აღნიშნული ადგილებიდან ახორციელებდა მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღებას და გაგზავნას.
გამოძიებით დგინდება, რომ არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამამ ფალსიფიცირებული მტკიცებულება შექმნა, თითქოს საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებს, საქმის ერთ-ერთ მოწმესთან - გურამ ამირხანაშვილთან, სპეციალურად მისთვის განკუთვნილი მობილური ტელეფონით ჰქონდათ კავშირი”, - თქვა მამუკა ჭელიძემ სპეციალურად ამ თემაზე გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, თამაზ ხომასურიძემ “მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ბრალდებული გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მიმართ, მედიასაშუალებებში გაკეთებული განცხადებებით სისტემატურად ახორციელებდა სხვადასხვა სახის მუქარას. კერძოდ, დაკავებული ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოწმეებს: გურამ ამირხანაშვილსა და იაკობ ბრეგვაძეს, ასევე, გიორგი შაქარაშვილის ბიძას - მირიან ნიკოლაძეს. ამ უკანასკნელის მიმართ, ასევე, ის სისტემატურად ახორციელებდა მუქარას სოციალური ქსელის საშუალებით”.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 369(1) მუხლის მესამე ნაწილითა და 370-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს.
თამაზ ხომასურიძის ადვოკატი, მურმან ნიკოლეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ განმარტებამდე ამბობდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება მის აქტიურობას უკავშირდება.
"ამ ეტაპზე დეტალური ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება მუქარის ფაქტს, რაც ხომასურიძის მიერ გაკეთებული განცხადებები მომისმენია, იქიდან ის პირადად არავის დამუქრებია. შესაბამისად, ვფიქრობ, მისი ამ მიზეზით დაკავებას საფუძველი არ ექნება. მე არ ველოდი მის დაკავებას და ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ვფიქრობ, მისი დაკავება იმ აქტიურობას მოჰყვა, რომელსაც ის ახორციელებდა მისი შვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე", - თქვა ადვოკატმა მურმან ნიკოლეიშვილმა მამუკა ჭელიძის ბრიფინგამდე.
თამაზ ხომასურიძე დღეს, 11 სექტემბერს დააკავეს.
გასულ კვირაში ხომასურიძე პროკურატურასთან საპროტესტო აქციებს მართავდა, გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში რადიკალური ზომების მიღებით იმუქრებოდა.
ასევე ნახეთ: შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის მამა სასამართლოში გამოკითხეს
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ზ.ხ.-ს მამის თქმით, სახლში, სავარაუდოდ, მოსასმენი მოწყობილობა იპოვა
შეუძლია თუ არა გამოძიებას შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების სიცრუის დეტექტორით დაკითხვა?