Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაქარაშვილის საქმე: იკვეთება თუ არა შს სამინისტროს მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობა?


სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებს - თანამდებობიდან დროებით იქნას დათხოვნილი სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ნინო გიორგობიანი. უფლებამოსილების შეჩერების საფუძვლად კუპრავა ასახელებს ინტერესთა კონფლიქტს, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში გამოვლინდა.

„ქალბატონი გიორგობიანის გუშინდელი განცხადება და ქმედებები საქმესთან მიმართებით, პირდაპირ შეუთავსებელია საჯარო სამსახურის ინტერესებთან...

არსებობს ძალიან სერიოზული შეკითხვები ე.წ. მოწმე-ფოტოგრაფთან დაკავშირებით; არსებობს პატაკი მისი ფოტოაპარატიდან მტკიცებულებების წაშლის შესახებ; არსებობს კონკრეტული ქმედებები (ავტომობილ) „შკოდასთან“ დაკავშირებით - ქალბატონმა გიორგობიანმა „შკოდა“ გაუგზავნა მოწმეს და მხოლოდ და მხოლოდ მისი ნათესავის ევაკუაცია მოახდინა იმ ადგილიდან, სადაც „არმატურებითა“ და „დუბინკებით“ დასდევდნენ ერთმანეთს ახალგაზრდა ადამიანები.

ეს გარემოებები არის ინტერესთა კონფლიქტი... შესაბამისად, ჩვენ მივმართავთ (შინაგან საქმეთა) მინისტრს, (ვახტანგ) გომელაურს - რაც შეიძლება სწრაფად, დროებით, გამოძიების დასრულებამდე შეუჩეროს უფლებამოსილება (ნინო გიორგობიანს)“, - აცხადებს კუპრავა.

შს სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა 3 ივლისს გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტში დაადასტურა, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, 18 წლის ფოტოგრაფი, იაკობ ბრეგვაძე მისი მამიდაშვილია. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ 19 ივნისს მომხდარ ინციდენტში თავისი ნათესავის მონაწილეობის ფაქტი 22 ივნისს, იაკობ ბრეგვაძის დედისგან შეიტყო.

გიორგობიანი თავის განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს „ახალი კამპანიის აგორების“ ნიშნებზე და დასძენს, რომ ეს არავის გამოუვა - „იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ის ერთადერთია, რომელმაც პოლიცია გამოიძახა“.

რადიო თავისუფლება ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს დამატებითი დეტალებისა და შს სამინისტროს პოზიციის გარკვევას ამ ფაქტებთან დაკავშირებით.

რა ვიცით იაკობ ბრეგვაძესა და სამართალდამცველების ქმედებებზე?

გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ - იაკობ ბრეგვაძემ საზოგადოების ყურადღება სხვადასხვა შინაარსის ჩვენებების მიცემის გამო მიიპყრო.

  • 19 ივნისს მიცემულ პირველ ჩვენებაში ის ამბობს, რომ გაქცევისას 112-ში დარეკა პოლიციის გამოძახების მიზნით; ხოლო ადგილზე ინციდენტის ამოწურვის შემდეგ მისულ საპატრულო ეკიპაჟს უთხრა, რომ აღარაფერი ხდებოდა და მათვე დაემგზავრა თბილისისკენ;
  • 21 ივნისს მიცემულ მეორე ჩვენებაში კი, ბრეგვაძე ამბობს, რომ: პატრული გამოიძახა და შემდეგ - გამოძახება გააუქმა, რადგან კონფლიქტი ამოწურული იყო. თუმცა ადგილზე მაინც მივიდა პოლიცია „შკოდისმარკის ავტომანქანით და, თხოვნის შედეგად, სწორედ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ჩამოიყვანა ის თბილისში.

ერთ-ერთი მთავრი შეკითხვა, რაც იურისტებსა და მედიას გიორგი შაქარაშვილის საქმესთან მიმართებით უჩნდებათ, სწორედ პოლიციის მოქმედებებს უკავშირდება - რატომ არ დაიწყეს სამართალდამცველებმა დაუყოვნებლივ შემთხვევის ადგილის შესწავლა და ინციდენტში მონაწილე სხვა ახალგაზრდების მოძებნა?!

ამ შეკითხვას აჩენს, მაგალითად, „ინტერპრესნიუსის“ მიერ იაკობ ბრეგვაძის ნაამბობზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ინციდენტის შესახებ პოლიციამ მისგან ყველაფერი შეიტყო - და, მეთქი, მორჩა ყველაფერი და ერთადერთი თუ შეგიძლიათ, რომ თბილისში წამიყვანოთ-მეთქი და წამიყვანეს თბილისში“.

შაქარაშვილის საქმეში დევს შს სამინისტროს მცხეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პატაკი, რომლის მიხედვთაც - ბრეგვაძე პირადად ინახავს „სონის“ მარკის ციფრულ ფოტოაპარატს, რომლითაც იღებდა ფოტოებს 2020 წლის 18 ივნისს, ნარეკვავის დასახლებაში მომხდარი ძალადობისა და გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების დროს. პატაკის თანახმად, მოწმე-ფოტოგრაფი ფოტოაპარატის განადგურებას გეგმავს.

გამოძიების თანახმად

შს სამინისტროში მიმდინარე გამოძიება ასეთ სურათს ხატავს:

  • 2020 წლის 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი მოზარდების ორ ჯგუფს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში.
  • კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში, ანგარიშსწორების მიზნით მოახდინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ავტომანქანებით გაემგზავრა მცხეთაში.
  • შემდეგ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, მოხდა თავდასხმა თბილისის მიმართულებით ფეხით მიმავალ ახალგაზრდებზე.
  • ახალგაზრდები გაიქცნენ, მაგრამ ანგარიშსწორების მიზნით, მოძალადეებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა;
  • გიორგი შაქარაშვილი გაიქცა მდინარე არაგვის კალაპოტის მიმართულებით.

შემთხვევის ადგილიდან მოძალადეებს გაექცა იაკობ ბრეგვაძეც, რომელიც იქვე, ახლოს მდებარე შენობაში დაიმალა.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს მდინარე არაგვის კალაპოტში.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით (225-ე, 143-ე და 126-ე) მიმდინარეობს, რაც გულისხმობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, ძალადობასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას.

საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

შაქარაშვილის ოჯახი და ახლობლები უპირველეს ვერსიად განზრახ მკვლელობას განიხილავენ და ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG