Accessibility links

„ჩემი ბრალი ხომ არ არის, რომ აფხაზეთში არააფხაზად დავიბადე“


სოფელი საბერიო, გალის რაიონი.

აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში პასპორტების შეცვლის პროცესმა ბევრი არააფხაზი ეროვნების ადამიანი მოქალაქეობის გარეშე დატოვა. ისინი ვერ ასაბუთებენ აფხაზეთში ცხოვრების ფაქტს 1994-1999 წლებში, რასაც მოქალაქეობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება ითხოვს. საქმე ისაა, რომ გალის რაიონში დევნილების დაბრუნების მასობრივი პროცესი 1999 წლიდან დაიწყო, 2004 წელს კი გალის რაიონის მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცა. ამ ვითარების შესაცვლელად, 2013 წელს კანონში ჩაემატა პუნქტი ბინადრობის ცენზის შესახებ. კანონი თავდაპირველად მიმართული იყო გალის რაიონის მცხოვრებლების უფლებების შესაზღუდად, თუმცა ახლა გამოიყენება ყველა არააფხაზის მიმართ. სოხუმელებმა თავიანთი გულისტკივილი გაუზიარეს რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“, კორესპონდენტს, ელენა ზავოდსკაიას.

„ეხო კავკაზა“: თუ შეგქმნიათ პრობლემები პასპორტის შეცვლისას?

ხანუმა: კი, სერიოზული პრობლემები შემექმნა. მოითხოვენ ისეთ ცნობებს, რომლებიც ჩამონათვალში არ არის. გიწევს ისეთი რამეების ახსნა, რომელთა ახსნა ძალიან რთულია იმის გამო, რომ იმ მომენტში ბავშვი იყავი. გიწევს ბევრი სირბილი და ისეთი რაღაცების კეთება, რომელიც შენ არ უნდა აკეთო. ვითარება ასეთია: კანონის მიხედვით, თუ 1994-1999 წლებში აფხაზეთში არ გიცხოვრია, ავტომატურად კარგავ მოქალაქეობას, მაგრამ ჩემი პრობლემა ისაა, რომ იმ პერიოდში მხოლოდ ხუთი წლის ვიყავი. შესაბამისად, პასუხს ვერ ვაგებდი ჩემს საქციელზე, მაგრამ კანონი სხვა რამეს ამბობს.

„ეხო კავკაზა“: ახლა რა ეტაპზე იმყოფებით?

ხანუმა: შევიტანე საბუთები, მომივიდა უარი პასპორტის შეცვლაზე. ახლა ჩემი საბუთები მოქალაქეობის შესახებ კომისიაში აქვთ, თუმცა ვერ ვხედავ აზრს ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაში, რადგანაც აქ ვარ დაბადებული.

თემური: ერთი თვის წინ შევცვალე პასპორტი. უპრობლემოდ ჩავაბარე საბუთები „საპასპორტო მაგიდას“. ათ დღეში გადმომცეს ნომერი, რომელიც უნდა შემეტანა საიტზე. ათი დღის შემდეგ შევედი და შევიტყვე, რომ პასპორტი მზადაა. ჩემი თანამშრომელი კი პრობლემებს წააწყდა. მოსთხოვეს ატესტატი, რომ დაამთავრა სკოლა, უნივერსიტეტი. სამხედრო ბილეთიც კი მიიტანა, მაგრამ მიუხედავად ყველა ამ საბუთისა, მაინც ჰქონდა პრობლემები. განიცდიდა. მერე დასახმარებლად ჩართო ხალხი და საკითხი დადებითად გადაწყდა.

„ეხო კავკაზა“: როგორ ფიქრობთ, უნდა შეიცვალოს კანონი მოქალაქეობის შესახებ?

თემური: უნდა მოიძებნოს ოქროს შუალედი, დაბალანსებული გადაწყვეტილება, რათა არ შეილახოს არააფხაზი ეროვნების მოქალაქეების უფლებები.

ანაიდა: როცა მივმართე „საპასპორტო მაგიდას“ პასპორტის შესაცვლელად, მომთხოვეს შესაბამისი დოკუმენტები, სად ვიყავი 1994-1999 წლებში. წარვუდგინე სკოლის ატესტატი და დიპლომი, რომ ვსწავლობდი მუსიკალურ სასწავლებელში. ამის შემდეგ არანაირი პრობლემა აღარ მქონია. რაღაც დროის შემდეგ მომცეს ახალი პასპორტი. ისე კი, რა თქმა უნდა, დადასტურებული ინფორმაციაა, რომ ბევრს პრობლემები ექმნება. ერთი კაცი მივიდა საპასპორტო სამსახურში, რათა პასპორტი შეეცვალა. რატომღაც ეგრევე გვარი ჰკითხეს. როცა სომხური გვარი დაუსახელა, უთხრეს, რომ არ შეუცვლიდნენ პასპორტს. საბოლოოდ გაირკვა, რომ ამ კაცს დედა ჰყავდა აფხაზი. მოძებნა ნათესავები, რომლებიც მიჰყვნენ საპასპორტო განყოფილებაში და ასე შეცვალა პასპორტი.

ამრა: არა, ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი საპასპორტო სამსახურის მუშაობით.

ალა: პასპორტი ავიღე ჩვეულებრივ, ერთ თვეში, პრობლემების გარეშე. ჩემი ვაჟი აფხაზეთში დაბრუნდა ომის შემდეგ, 1994 წელს. ითხოვენ მეზობლების დასტურს, რომ ამ დროს აფხაზეთში იმყოფებოდა. ეს ყველაფერი გვაქვს.

„ეხო კავკაზა“: ვაჟმა აიღო პასპორტი?

ალა: ჯერ არა.

„ეხო კავკაზა“: როდის ჩააბარა საბუთები?

ალა: 2017 წლის დეკემბერში. ჩემი შვილის სახელია ირაკლი მიხეილის ძე კუზნეცოვი. უცნაური დამთხვევით, დღეს უნდა მივიდეს და გაარკვიოს, რაშია საქმე.

„ეხო კავკაზა“: არ უთქვამთ მიზეზი?

ალა: 1994 წელს, როცა ომი დაიწყო, ჩემი შვილი 13 წლის იყო. გავარიდეთ აქაურობას, ერთი წელი გაუცდა სკოლაში. როგორც ლტოლვილმა, ერთი წელი დაყო რუსეთში, 1994 წელს დაბრუნდა. 1997 წლიდან მუშაობს, შრომის წიგნაკიც აქვს გახსნილი.

როზა: პირადად მე - არა, მაგრამ იყო შემთხვევები. ქალიშვალმა ლამის ყველა ცნობა მოაგროვა დაბადებიდან დღემდე: პირველიდან მეოთხე კლასამდე სოხუმის მეოთხე სკოლაში რომ სწავლობდა, მეოთხედან მერვე კლასამდე კი - მესამე სკოლაში რომ სწავლობდა, შემდეგ ღამის სკოლა რომ დაამთავრა - სამივე ცნობა მოსთხოვეს. 1987 წელსაა დაბადებული. სიმართლე ვთქვა, ძალიან საწყენია. დაიბადა აფხაზეთში, დედა და მამაც აქ დაიბადნენ, ბებია და ბაბუაც, ახლა კი უნდა დავუმტკიცო ვიღაცას, რომ აფხაზეთის მოქალაქე ვარ.

„ეხო კავკაზა“: როგორ ფიქრობთ, უნდა შეიცვალოს კანონი მოქალაქეობის შესახებ?

როზა: მასში პირდაპირ წერია: არააფხაზური ეროვნების მოქალაქეებისათვის. ჩემი ბრალი ხომ არ არის, რომ აფხაზეთში არააფხაზად დავიბადე?!

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG