Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში შეშფოთებულები არიან რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებით


საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დროშები ცხინვალში. 2018 წ.
საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დროშები ცხინვალში. 2018 წ.

26 სექტემბერს ტელეგრამის არხებზე ცხინვალელმა სამოქალაქო აქტივისტებმა გაავრცელეს ცნობა იმის შესახებ, რომ ქალაქში სამობილიზაციო უწყებების დარიგება დაიწყეს.

ამ ინფორმაციამ ცხინვალში დიდი შეშფოთება გამოიწვია. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა კი დაიწყეს იმ პირების ძებნა, რომლებსაც უწყება მიუვიდათ. ერთ-ერთმა ცხინვალელმა ჟურნალისტმა ანონიმურობის დაცვის პირობით რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ერთი ასეთი პირი მართლაც იპოვეს.

ერთ ახალგაზრდა ბიჭს მიუტანეს სახლში სამობილიზაციო შეტყობინება და რუსეთის სამხედრო ბაზაზე გამოცხადება მოსთხოვეს. ეს ბიჭი გაკვირვებული იყო და თავიდან ინფორმაცია თავადვე გაავრცელა. მას არასოდეს უმსახურია რუსეთის არმიაში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეობას ფლობს. ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ მას კიდევ ერთხელ მიაკითხეს და უთხრეს, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და ბაზაზე მისვლა საჭირო აღარ იყო. ხალხი აქ შეშფოთებულია, ისედაც დიდი მსხვერპლი გავიღეთ და კიდევ მობილიზაციის გამოცხადება წარმოუდგენელია. სამხრეთ ოსეთში, რუსეთის მოქალაქეობა დიდ ნაწილს აქვს მიღებული და ეს შეშფოთება უსაფუძვლო სულაც არ არის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ცხინვალელმა წყარომ.

მოგვიანებით დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია უარყო. უწყების ცნობით, რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზის თანამშრომლები კარდაკარ არ დადიან და სამობილიზაციო ფურცლებს არ არიგებენ. ე.წ. თავდაცვის სამინისტრო მსგავს ინფორმაციას პროვოკაციულს უწოდებს და აცხადებს, რომ მიზანია სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა და რუსეთთან ურთიერთობებისადმი ნდობის შერყევა. დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ, 21 სექტემბრიდან გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია მათ არ შეეხებათ.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მაინც აქტიურად განიხილავენ რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ სამხედრო მობილიზაციას და ამ რეგიონიდან ახალგაზრდების ომში გაწვევის შესაძლებლობას. მედიით უკვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის მიერ აღიარებული ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონებიდანაც მალე დაიწყება გაწვევა.

სამხრეთ ოსეთში მობილიზაციის გამოცხადება საჭირო არ არის თუნდაც იმიტომ, რომ სამხრეთი ოსეთი მთელი გულით რუსეთის მხარესაა...
თემურ ცხურბათი

მაგალითად, მედიასაშუალება Meduza, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კრემლში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებიდან რამდენიმე ათასი ადამიანის იძულებით მობილიზაციას განიზილავენ. რადიო თავისუფლების პროგრამამ „ეხო კავკაზა“ ცხინვალში ადგილობრივი მოქალაქეები გამოკითხა, უმრავლესობის აზრით, ოსებს ეს პროცესი არ უნდა შეეხოთ, რადგან სამხრეთმა ოსეთმა ისედაც დიდი მსხვერპლი გაიღო, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხურბათი აცხადებს, რომ იძულებითი მობილიზაცია რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ურთიერთობებს გააფუჭებს. ცხინვალელი მოხალისეები კი ისედაც მიდიან ომში და სიცოცხლესაც წირავენ რუსეთის წარმატებისთვის.

სამხრეთ ოსეთში მობილიზაციის გამოცხადება საჭირო არ არის თუნდაც იმიტომ, რომ სამხრეთი ოსეთი მთელი გულით რუსეთის მხარესაა. სამხრეთელი ოსები რუსეთს მხარს უჭერენ ყველაფრის გარეშე და თუ ამას იძულებითი სახე მიეცა, შესაძლოა ოსები ზურგით შეაბრუნოს. დღეს ჩვენი მოხალისეები იქ არიან და არ არის საჭირო არაფერი ზედმეტი და არანაირი მობილიზაცია. დონბასის მოვლენებში პროცენტულად უფრო მეტი ოსი მოხალისე მონაწილეობს, ვიდრე რუსი. პროცენტულად ამდენივე რუსი რომ მონაწილეობდეს, უკვე კიევამდე მივიდოდნენ“.

რამდენიმე შემთხვევა ვიცი, როდესაც ოსი ეროვნების ოჯახები ცდილობენ საქართველოში გადამალონ საკუთარი შვილები...
სოსო ვახტანგაშვილი

ცხინვალიდან მიღებული ცნობების მიხედვით, უკვე 20 ადგილობრივი ახალგაზრდაა დაღუპული რუსეთ-უკრაინის ომში. მათი ნაწილი მოხალისე იყო, ნაწილი კი რუსეთის 58-ე არმიის მეოთხე სამხედრო-საოკუპაციო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობდა. ადგილობრივ საზოგადოებაში დაღუპულებისადმი დამოკიდებულება ორაზროვანია: ზოგი მათ გმირებად მიიჩნევს, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა ბიჭების ომში გაგზავნა და მათი იქ დაღუპვა „მცირე ერის“ სიკვდილს უტოლდება. სოციალურ ქსელში ამდენ მსხვერპლს „ერის კასტრაციაც“ კი უწოდეს.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს. 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. რასაც ადგილობრივი საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

ცხინვალელი ისტორიკოსი სოსო ვახტანგაშვილი, რომელიც ამჟამად დევნილია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ მეგობრებსა და ახლობლებთან კონტაქტს ინარჩუნებს. მათგან იცის, რომ ცხინვალში "ნაწლობრივი" მობილიზაცია ჯერ არ გამოუცხადებით, მაგრამ იქაურების ნაწილი ცდილობს, რომ ცხინვალს გაეცალოს და ომში იძულებით წაყვანას თავი დააღწიოს.

რამდენიმე შემთხვევა ვიცი, როდესაც ოსი ეროვნების ოჯახები ცდილობენ საქართველოში გადამალონ საკუთარი შვილები. სხვადასხვა გზებით ნათესავებთან მოავლინონ და ცოტა ხნით მაინც აარიდონ გაწვევას, რომ მათმა შვილებმა არ მიიღონ მონაწილეობა რუსეთ-უკრაინის ომში. ისინი საკუთარი ქართველი ნათესავების მეშვეობით ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობენ“.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ, 23 სექტემბერს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო ხელს არ შეუშლის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოქალაქეების გადმოსვლას.

ცენტრალური ხელისუფლება არ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ვინ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ოკუპირებული ტერიტორიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსასვლელი არაერთი გზა არსებობს. მავთულხლართები და ღობეები ყველგან არ არის დამონტაჟებული. მინდვრებსა და ტყის მასივებში არაერთი ბილიკი არსებობს, რომელთა მეშვეობითაც მოსაზღვრე ქართულ სოფლებში გადასვლა შესაძლებელია. თუმცა რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ სასაზღვრო ნაწილი ე.წ. სასაზღვრო მონაკვეთებზე პატრულირებას ყოველთვიურად სულ უფრო მეტად ამკაცრებს.

რუსეთის ფედერაციას ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში განთავსებული აქვს მე-4 სამხედრო ბაზა, სადაც ადგილობრივები კონტრაქტით მსახურობენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ამ ბაზიდან ორ ნაკადად გაგზავნეს ჯარისკაცები. ამასთან, 24 თებერვლის შემდეგ ომში ჩასართავად რუსეთმა გაიყვანა სამხედრო ტექნიკის ნაწილი როგორც აფხაზეთის ტერიტორიიდან, ასევე ცხინვალიდან. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო-სამხედრო ბაზებზე ჯამში 10 ათასამდე პირი მსახურობს, ამას ემატება „ეფ-ეს-ბეს“ სასაზღვრო სამსახურის 1200-კაციანი კონტინგენტიც.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა მოსახლეობის ე.წ ნაწილობრივი მობილიზაცია უკრაინის ომისთვის და ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებას. მის ღია ნაწილში არ არის განსაზღვრული პარამეტრები, რომლითაც „ნაწილობრივი“ გაწვევა დადგინდება. საჯარო განცხადებების თანახმად, პირველ ეტაპზე იგეგმება 300 ათასი რეზერვისტის გაწვევა, - აცხადებენ, რომ ეს რუსეთის სამობილიზაციო პოტენციალის ერთ პროცენტს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG