9 იანვრის დილას შავ ზღვაში შევიდა რუსეთის ჩრდილოეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდი, წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო სარაკეტო საესკადრო ნაღმოსანი „სევერომორსკი“. 10 იანვარს ხომალდი სევასტოპოლში შევიდა და, როგორც რუსეთის მედია იტყობინება, საესკადრო ნაღმოსანს იქ შეაკეთებენ. რუსეთის სადესანტო ხომალდი შავ ზღვაში გამოჩნდა მალევე მას მერე, რაც იქ შევიდა აშშ-ის სამხედრო ხომალდი Fort McHenry და დიდი ბრიტანეთის HMS Echo (H87). რა უნდა იყოს ამის რეალური მიზეზი, რა სურს რუსეთს - ძალის დემონსტრირება და საკუთარი შესაძლებლობების განმტკიცება შავ ზღვაში? უნდა შიშობდეს უკრაინა? არის თუ არა ეს პასუხი აშშ-ისა და ბრიტანეთის ქმედებებზე?
არამხოლოდ ძალის დემონსტრაციად მიიჩნევს შავ ზღვაში „სევერომორსკის“ შესვალს რუსი სამხედრო მიმომხილველი, პაველ ფელგენგაუერი. მისი აზრით, რუსეთი ცდილობს ამგვარად სამხედრო ფლოტი გააძლიეროს შავ ზღვაში.
უკრაინის „გლობალისტიკის ცენტრ XXI-“ის პრეზიდენტი მიხაილ გონჩარი ვარაუდობს, რომ საესკადრო ნაღმოსან „სევერომორსკის“ შავ ზღვაში შეყვანით რუსეთს სურს ამერიკელებსა და ბრიტანელებს უჩვენოს, რომ იქ მათი გემების ადგილი არ არის. მაგრამ, ამავე დროს, ექსპერტი აღნიშნავს, რომ ერთი გემი არ წარმოადგენს საფრთხეს, რადგან ასეთი გემის წარმატება მხოლოდ სხვა ხომალდებთან ერთად ჯგუფური ქმედებისას არის ეფექტიანი. ასე რომ, გონჩარს ეს ნაბიჯი ძალის დემონსტრირება ჰგონია, ისევე როგორც ამერიკული და ბრიტანული ხომალდების შეყვანა შავ ზღვაში. მისი აზრით, ეს დემონსტრაციაა იმ ფონზე, რაც ხდება შავ ზღვაში და რაც ხდება სირიაში, სადაც, მიუხედავად განცხადებებისა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ დაამარცხეს, არც ისე მარტივადაა საქმე. პირველ რიგში, რუსეთის ხომალდის შავ ზღვაში შესვლა მიმართულია აშშ-ის საპასუხოდ, თვლის ის. ამერიკის მე-6 ფლოტის გემები მუდმივად მოძრაობენ შავ ზღვაში, ამბობს გონჩარი და მათი, ისევე როგორც ბრიტანეთის გემების შავ ზღვაში ყოფნის საჩვენებელ ბუნებაზე ლაპარაკობს. გონჩარი ფიქრობს, რომ ამ ორ სახელმწიფოს არა აქვს აუცილებლობა გემების ყოლისა შავ ზღვაში, რომელიც თანამედროვე იარაღის გამოყენების საუკეთესო შესაძლებლობას არ იძლევა თავისი სიმცირის გამო. საბჭოთა პერიოდში, იხსენებს გონჩარი, შავ ზღვაზე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს ისროდნენ ყირიმის ტერიტორიიდან. ახლა თავს არავინ აიტკივებს, ამბობს ის, მით უმეტეს, რომ შავ ზღვაში სამიზნეების განადგურება ხმელთაშუა ზღვიდანაც შესანიშნავად შეიძლება.
ვითარების მოგვარება რთულდება რუსეთსა და უკრაინას შორის დადებული ორმხრივი შეთანხმებით, თვლის ოგრიზკო. ამ შეთანხმებით, ამბობს, ის, თუ უკრაინის მიერ მიწვეულ რომელიმე ქვეყნის გემს სურს, მაგალითად, მარიუპოლის ნავსადგურში შესვლა, მას სჭირდება რუსეთის ფედერაციის ნებართვა.
არამხოლოდ ძალის დემონსტრაციად მიიჩნევს შავ ზღვაში „სევერომორსკის“ შესვალს რუსი სამხედრო მიმომხილველი, პაველ ფელგენგაუერი. მისი აზრით, რუსეთი ცდილობს ამგვარად სამხედრო ფლოტი გააძლიეროს შავ ზღვაში. ფელგენგაუერის ინფორმაციით, შავ ზღვაში მყოფი რუსეთის ხომალდები - მაგალითად, კრეისერი „მოსკვა“ და სხვები - სამხედრო მზადყოფნაში ვერ არიან. ექსპერტი, ამასთან, ვარაუდობს, რომ საჭიროა ხმელთაშუა ზღვის დაჯგუფების მხარდაჭერა. ამიტომაც გახდა საჭირო ძალების იქით გადასროლა, მით უმეტეს, რომ ნატოს შეუძლია მკვეთრად გააძლიეროს თავისი ყოფნა შავ ზღვაში, ფიქრობს ფელგენგაუერი და შესაძლებლად მიიჩნევს სამხედრო-საზღვაო ძალებისა და, აგრეთვე, სახმელეთო სამხედრო მოქმედებების ესკალაციას. ვითარება საკმაოდ დაძაბულია, თვლის სამხედრო ექსპერტი, რომლის კოლეგა, უკრაინის სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელი ტარას ჩმუტა, რჩევას იძლევა, არ ღირს პანიკაო. ჩმუტასთვის დასაშვებია, რომ ნაღმოსანი მართლაც შესაკეთებლად ჩაიყვანეს სევასტოპოლში. არ დავარქმევდი ამას განსაკუთრებულ მოვლენასო, ამბობს ჩმუტა. ნატოს ხომალდები რეგულარულად შედიან შავ ზღვაში, მშვიდად, სხვა გემებთან ერთად ან ცალ-ცალკე; რუსეთის გემებიც ასევე რეგულარულად შედიან ხოლმე შავ ზღვაშიო. მაგალითად, როცა ამერიკის სადესანტო ხომალდი შევიდა შავ ზღვაში, მას შავი ზღვის ფლოტის სადარაჯო ხომალდი აცილებდა, იხსენებს ჩმუტა და შენიშნავს, რომ ეს გავრცელებული პრაქტიკაა, როცა რუსეთის გემები გარკვეულ მანძილზე აცილებენ ამერიკულ ხომალდებს, ან მეთვალყურის სტატუსით მონაწილეობენ ხოლმე, როცა ერთობლივი სამხედრო სწავლება იმართება შავი ზღვის აკვატორიაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვლადიმირ ოგრიზკოს, აზრით, რუსეთმა საზღვაო სამართალი უხეშად დაარღვია, როცა უკრაინის გემები და მეზღვაურები დააპატიმრა 25 ნოემბერს შავ ზღვაში. ვითარების მოგვარება რთულდება რუსეთსა და უკრაინას შორის დადებული ორმხრივი შეთანხმებით, თვლის ოგრიზკო. ამ შეთანხმებით, ამბობს, ის, თუ უკრაინის მიერ მიწვეულ რომელიმე ქვეყნის გემს სურს, მაგალითად, მარიუპოლის ნავსადგურში შესვლა, მას სჭირდება რუსეთის ფედერაციის ნებართვა. გასაგებია, რომ რუსეთი ასეთ ნებართვას არ გასცემს. ეს შეთანხმება რომ არ იყოს, იმოქმედებდა საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს 1982 წლის კონვენცია, რომლის თანახმად, ასეთი შესვლა თავისუფლად უნდა ხდებოდეს. სხვა საკითხია, განმარტავს უკრაინის ყოფილი მინისტრი, რამდენად არის უკრაინისთვის პოლიტიკურად გამართლებული და ეკონომიკურად ხელსაყრელი ასეთი შეთანხმების გაუქმება. არსებობს მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტები. თუ შეთანხმება არ იარსებებდა, რუსეთი ვერ შეძლებდა ვერანაირი ხომალდის - მათ შორის ნატოს გემების - შეჩერებას.