Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძველი სასაფლაოები ნადგურდება


საფლავის ქვები ძველი სასაფლაოებიდან, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანია, ერთმანეთის მიყოლებით ნადგურდება. მათ უმეტესობას ძეგლის სტატუსი დღემდე არა აქვს.

მართკუთხა ქვები... ზოგს მეცხვარე კაცი ახატია, კომბლით ხელში, ზოგს - ქალი, საქსოვით ან მაკრატლით... პატარა ქვის ქვეშ, სავარაუდოდ, ბავშვია დამარხული და წარწერები: „სიკვდილს არა ვფიქრობდი“, „მუხთალმა წუთისოფელმან რა უდროოდ მიგო მახე“...

„ჩვენ დავდივართ რეგიონებში და ვნახულობთ მიტოვებულ სასაფლაოებს, რომლებიც ძალიან ღირებულია და, ამასთან, არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ზოგი დაზიანებულია, ზოგი - განადგურებული, ზიგი - მიწაში ჩაფლული ან გადაყრილი, რადგან ეკლესიას ტერიტორია დასჭირდა და ქვები აიღო“, - ამბობს ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრის მკვლევარი, ხელოვნებათმცოდნე ეკა კვაჭატაძე.

მისი თქმით, განსკუთრებით რთული მდგომარეობაა თბილისში. ვერის სასაფლაოზე 100 წლის წინანდელი ქვები, რომლებიც ჯერ კიდევ 2000 წელს ადგილზე იყო, ახლა უკვე ვეღარ იპოვეს. ძველი საფლავების რაოდენობა შემცირებულია კუკიის სასაფლაოზეც. რაც შეეხება რეგიონებს, აქ საფლავები ჯერ კიდევ არის, თუმცა მათი არსებობაც მხოლოდ დროის საკითხია.

„ვაპირებთ ეს საკითხი ძეგლთა დაცვის სააგენტოში დავაყენოთ. თუ მთლიანად ვერ მოვიცავთ, რაღაც ნიშნით მაინც შემოვიფარგლოთ - ან ღირებულების, ან ეპოქის მიხედვით და იმას მივხედოთ“, - ამბობს ეკა კვაჭატაძე.

მწერალმა ამირან არაბულმა ძველ საფლავებზე 2008 წელს გამოსცა წიგნი-ალბომი „შენდობით მომიხსენეთ“. მისი თქმით, საფლავის ქვები მნიშვნელოვანია როგორც მხატვრული ღირებულებით, ასევე იმითაც, რომ ხშირად მისი მეშვეობით ადგენენ საზღვარს სოფლებს შორის.

„რამდენიმე ქვა ნამდვილი ხელოვნების ნიმუში იყო, თავისი ბარელიეფებით და მხატვრობით. მაგრამ ამ ქვებზე ყველაფერი მოქმედებს - თოვლი, წვიმა - და ამიტომაც არის საჩქარო ყველა მათგანის ფოტოგადაღება.

მხატვრობის პრიმიტიული ფორმებია, მაგრამ თავისი ნაივურობით, დამოკიდებულებით ყოფნა-არყოფნის მიმართ ისეთი ნიმუშებია, ცალკე წიგნად გამოშვებაც შეიძლება“, - ამბობს ამირან არაბული.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ანთიძე ამბობს, საქართველოში სასაფლაოების აღწერა არ ჩატარებულა და, შესაბამისად, მათი სრული რაოდენობა ცნობილი არ არისო. ძეგლის სტატუსი მხოლოდ 10-15 სასაფლაოს თუ აქვს. ანთიძის თქმით, სასაფლაოების აღსაწერად სააგენტოს ამჯერად არც დრო აქვს და არც რესურსი.

„ამიტომ ჩვენ ასე დამოუკიდებლად სასაფლაოებზე ვერ ვიმუშავებთ, მთელი საქართველოს მასშტაბით სასაფლაოების ინვენტარიზაციას ვერ ჩავატარებთ. ინიციატივა უნდა გამოიჩინოს ვინმემ და მერე ჩვენ ჩავალთ, გადავამოწმებთ და მივანიჭებთ ძეგლის სტატუსს“, - ამბობს ნიკა ანთიძე.

მისი თქმით, ინიციატორი შესაძლოა იყოს კერძო პირი, მოქალაქეთა ჯგუფი, ადგილობრივი ხელისუფლება ან არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მიუთითებს, თუ სად არის ესა თუ ის სასაფლაო, რის შემდეგაც სააგენტო უკვე ადგილზე შეისწავლის და გადაწყვეტს, მიანიჭოს თუ არა მას ძეგლის სტატუსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG