Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 წელი დიდი მეგობრის ლეხ კაჩინსკის დაკარგვიდან


პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი. 2008 წელი

ავტორი: ირაკლი ტაბლიაშვილი

"კატასტროფის მიზეზი რუსული მხარის გადაწყვეტილებები გახდა. შეგნებულად, თუ ჩვეულებრივი "ბარდაგის" გამო, ეს რთული დასადგენია.” - იაროსლავ კაჩინსკი, ლეხ კაჩინსკის ძმა პრეზიდენტის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შესახებ.

დღეს, 10 აპრილს 9 წელი შესრულდა პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის, მისი მეუღლის - მარია კაჩინსკისა და პოლონეთის პოლიტიკური, სამხედრო და სასულიერო ლიდერების დაღუპვიდან. საპრეზიდენტო თვითმფრინავი სმოლენსკთან, კატინის ტყიდან რამდენიმე კილომეტრში ჩამოვარდა.

პრეზიდენტი და კიდევ 95 ადამიანი კატინის ტყეში დახვრეტილი პოლონელი სამხედროების მემორიალის მოსანახულებლად მიემგზავრებოდნენ. ამ ადგილას 1940 წელს, სტალინის უშუალო ბრძანებით, საბჭოთა НКВД-მ, 21 547 სამხედრო ტყვე დახვრიტა. საბჭოთა კავშირი ამ დანაშაულს 1990 წლამდე გერმანიის ფაშისტურ რეჟიმს აბრალებდა. რუსეთის ხელისუფლება მხოლოდ გასული საუკუნის მიწურულს გახდა იძულებული ეღიარებინა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უსასტიკესი დანაშაული. სწორედ ამ "რუსული აღიარების" გამო გადაწყვიტეს პრეზიდენტმა კაჩინსკიმ და სხვა ლიდერებმა მემორიალის მონახულებით მიეგოთ პატივი დაღუპული პოლონელებისთვის.

საგამოძიებო კომისიასთან, რომელიც კატასტროფის შემდეგ მალევე შეიქმნა, რუსეთის ფედერაცია არ ან რთულად თანამშრომლობდა, თავდაპირველად დაადგინა, რომ კატასტროფის მთავარი მიზეზი დისპეტჩერთა შეცდომები გახდა, თუმცა ამ ვერსიის საფუძვლიანობასა თუ სრულყოფილებაში ეჭვი ბევრს, მათ შორის, პოლონეთის მმართველთა დიდ ნაწილს შეჰქონდა.

2015 წლიდან გამოძიებამ ავიაკატასტროფის სხვა, რუსეთისათვის არახელსაყრელ ვერსიაზე დაიწყო მუშაობა, რომელის თანახმადაც, თვითმფრინავი ჰაერშივე, დედამიწიდან დაახლოებით 900 მეტრის სიმაღლეზე აფეთქდა.

"უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვიყავით ტერორიზმის პირველი მსხვერპლები 30-იან წლებში და ახლაც, ასევე სმოლენსკში, ჩვენ ვართ ტერორიზმის მსხვერპლი თანამედროვე სამყაროში მიმდინარე კონფლიქტისას, რომელიც ჩვენ თვალწინ ხდება… არ არსებობს არავითარი ეჭვი, რომ მომხდარის მიზანი იყო, პოლონეთის ხელისუფლების უსასტიკესად დასჯა". - განაცხადა პოლონეთის ახლა უკვე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და ცნობილმა ანტისაბჭოთა დისიდენტმა ანტონი მაცერევიჩმა. პოლონეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, ამ აზრს საზოგადოების დიდი ნაწილი იზიარებს, გამოკითხულთა 76 %-მა თქვა, რომ სმოლენსკთან მომხდარი ტრაგედია ტერორისტული აქტი იყო.

პოლონური მხარე დღემდე ამტკიცებს, რომ რუსეთმა შავი ყუთის ჩანაწერების ნაწილი დაკარგა, გამოძიება დღემდე უშედეგოდ ითხოვს დამსხვრეული თვითმფრინავის ნარჩენების მიწოდებასაც.

2008 წლის აგვისტოში, როცა რუსეთი კიდევ ერთხელ დაესხა თავს საქართველოს, იმის მიუხედავად, რომ უსაფრთხოების ზომები ბოლომდე არ იყო დაცული და პოლონელი მფრინავებიც რეისის შესრულებაზე უარს ამბობდნენ, ლეხ კაჩინსკი საქართველოში ჩამოფრინდა.

მისი ინიციატივით იმ დღეებში თბილისში შეიკრიბა ექვსი სახელმწიფოს ლიდერები, რომლებმაც, ფაქტობრივად შეაჩერეს ჯარის სვლა თბილისისკენ. “ევროპის ქვეყნებმა იციან, რომ საქართველოს შემდეგ იქნება უკრაინა, შემდეგ პოლონეთის ჯერიც მოვა. მთელი ევროპა ერთად უნდა იყოს", - განაცხადა მაშინ ლეხ კაჩინსკიმ.

კაჩინსკი აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ქვეყნის დასავლურ მისწრაფებებსაც, ხშირად მოუწოდებდა დასავლელ ლიდერებს, მიეღოთ უფრო მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილებები საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.

2008 წლის 23 ნოემბერს, თბილისში სტუმრობისას, ის და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალგორის რაიონისკენ გაემგზავრნენ იმის შესამოწმებლად, თუ როგორ ასრულებდა რუსეთი ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. ახალგორის ადმინისტრაციულ საზღვართან პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტების მიახლოებისას, ავტომატური იარაღით ცეცხლი გახსნეს იმ ტერიტორიიდან, რომელსაც რუსეთის ჯარები და ოსი სეპარატისტები აკონტროლებდნენ. მაშინ პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ ხმამაღლა განაცხადა, რომ სარკოზი-მედვედევის შეთანხმება არ სრულდება.

და ბოლოს, კითხვა, განადგურებულია თუ არა პრეზიდენტი კაჩინსკი და პოლონეთის პოლიტიკური, სამხედრო და სასულიერო ელიტა 2010 წელს, აქტუალობას არ კარგავს. სამაგიეროდ, ყველა თანხმდება, რომ ჯერაც ვერდამტკიცებული, მაგრამ კაცობრიობის წინაშე უდავოდ ჩადენილი დანაშაულები - წყალქვეშა "კურსკის" ჩაძირვა, ნორდ-ოსტი, ბესლანი, ჩეჩენი ერის გენოციდი, საქართველოში შემოჭრა და ოკუპაცია, უკრაინაში შეჭრა და ყირიმის ანექსია და კიდევ უამრავი ცოდვა არის რუსეთის და პირადად პრეზიდენტ პუტინის კისერზე. შესაბამისად, ვერსია, რომ რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ "გაჩარხა" კაჩინსკის და პოლონეთის ელიტის მკვლელობა, უსაფუძვლო ვერ იქნება.

დაწერეთ კომენტარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG