Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატები: „ჩანს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ დევნასთან“


მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე

„ჩვენ ვხედავთ, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეზე პოლიტიკოსები აკეთებენ საჯარო განცხადებებს. და ამ განცხადებებს აკეთებენ თანამდებობის პირები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და მათი საუბრიდან ირკვევა, რომ საკმაოდ დეტალური ცოდნა აქვთ ამ საქმის თაობაზე. ეს ყველაფერი კი ქმნის შთაბეჭდილება, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ დევნასთან და შესაბამისად, ეს პროცესი არ მიმდინარეობს კანონის უზენაესობის შესაბამისად“, - ასე გამოეხმაურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ადვოკატი სტივენ ქეი, „თიბისის საქმის“ გარშემო მიმდინარე პროცესებს.

6 სექტემბერს, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ქართველმა და უცხოელმა ადვოკატებმა პრესკონფერენცია გამართეს. სტივენ ქეი აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ გარშემო „უჩვეულო სიტუაციაა“ შექმნილი:

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ქართველი და უცხოელი ადვოკატების პრესკონფერენცია
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ქართველი და უცხოელი ადვოკატების პრესკონფერენცია

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს, გამოძიება ედავება 11 წლის წინ, 2008 წელს განხორციელებული ტრანზაქციის გამო. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. რატომ არის ეს არის უჩვეულო ფაქტი? იმიტომ, რომ ამ 11 წლის განმავლობაში არანაირი სისხლის სამართლის წარმოება არ დაწყებულა მათ მიმართ. ეს ტრანზაქცია არ იყო დაფარული ტრანზაქცია. მის შესახებ ცნობილი იყო საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, ის იყო შესწავლილი საერთაშორისო აუდიტორების მიერ. სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების საფუძვლად ამ ტრანზაქციის დასახელება, არის აბსოლუტურად არასწორი ქმედება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს წაყენებული აქვთ უჩვეულო ბრალდება, ფულის გათეთრების ბრალდება. მე ამ საქმეში მოწვეული ვარ, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო ექსპერტი. და მე მაინტერესებს, როგორ მიმდინარეობს საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, რამდენად სათანადოდ მიმდინარეობს პროცესები და რა თქმა უნდა, დაინტერესებულები ვართ, რომ ვაწარმოოთ დაკვირვება იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ ბრალდებებს აყენებენ. თავად კონტექსტიც საკმაოდ უჩვეულოა, რადგან როდესაც გავეცანი საქმის მასალებს, დავინახეთ, რომ საკმაოდ მაღალი რანგის პოლიტიკოსები აკეთებენ საჯარო განცხადებებს, ჩანს, რომ საკმაოდ დეტალური ცოდნა აქვთ ამ საქმის თაობაზე. ნამდვილად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს არის გარკვეული პოლიტიკური დევნა და შესაბამისად, ეს პროცესი არ მიმდინარეობს კანონის უზენაესობის შესაბამისად“, - აცხადებს სტივენ ქეი, ევროპის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ბიუროს თანადამფუძნებელი და წევრი.

სტივენ ქეიმ კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ყურადღება გაამახვილა ე.წ. მუქარის წერილზე, რომლის შესახებაც მიმდინარე წლის მარტში გახდა ცნობილი და რომელიც მამუკა ხაზარაძის თქმით, მას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, შს მინისტრმა შუამავლის ხელით გაუგზავნა. ამ წერილის შინაარსის მიხედვით, მამუკა ხაზარაძეს „ყველანაირი წინაპირობის გარეშე“ უნდა შეესრულებინა რამდენიმე პირობა, მათ შორის, უნდა გააკეთებინა ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელი იყო ნაციონალური მოძრაობის რევანში, რადგან ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვდა, თუ როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია.

„მინდა ვისაუბრო წერილზე, რომელიც პრაქტიკულად არსებითი სახის მტკიცებულებაა. წერილი გადაცემულ იქნა გაერთიანებული სამეფოს სასამართლო ექსპერტიზის ბიუროსთვის შესასწავლად. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ საქმის მსვლელობისას გამოვიყენოთ ეს წერილი, როგორც მტკიცებულება“, - აცხადებს სტივენ ქეი.

მისივე თქმით, ამ საქმეში მნიშვნელოვანია, რომ პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და გამოძიება და სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი:

„ამ განცხადებას ვაკეთებ იმიტომ, რომ 25 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრ ისეთ სასამართლო პროცესში მიმიღია მონაწილეობა, რომელშიც ამ საქმის მსგავსად, იკვეთებოდა პოლიტიკური ინტერესები. შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროცესები ნამდვილად არ დასრულებულა პოლიტიკოსების სასარგებლოდ“.

ძალიან ხშირად ჩვენ გვქონია შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოსთვის სასჯელი დაგვიკისრებია იმის გამო, რომ მან პოლიტიკურ ოპონენტებისთვის მიუყენებია ზარალი


„თიბისი“ ბანკის დამფუძნებლების კიდევ ერთი ადვოკატი, ვინსენტ ბერგერი, ევროპის ადვოკატთა საბჭოსა და სამართლის საზოგადოებების (CCBE) ექსპერტი, რომელიც წლების განმავლობაში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იკავებდა სხვადასხვა პოზიციას, იყო ევროსაბჭოს ექსპერტი, აცხადებს, რომ მისი მიზანია დეტალურად შეისწავლოს თუ როგორია „თიბისი ბანკის“ საქმეში ეროვნული ბანკისა და მისი მმართველის პოზიციები და შეესაბამება თუ არა ის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის დებულებებს, რომელიც განსაზღვრავს თანასწორი და სამართლიანი პროცესის უფლებებს:

„ამ კონკრეტულ მუხლზე ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე სტრასბურგში. ის, რაც ძალიან გაგვიკვირდა „თიბისი ბანკის“ საქმეში, არის ის, რომ გამოძიებამ რატომღაც ძალიან გვიან, 11 წლის თავზე გაიხსენა ის ტრანზაქცია, რომელიც არავისთვის ყოფილა საიდუმლო. გარდა ამისა, ამ პროცესში, მე დამაკლდა სამართლიანი მიდგომები ბანკის მმართველების მიმართ. ამ პრობლემებმა ვერ ჰპოვა გამოსწორება საქართველოს სასამართლო სისტემაში. ბანკმა ძალიან დიდი ზარალი განიცადა საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან. შეილახა ბანკის რეპუტაცია, ისევე როგორც მისი მმართველებისა. მათ დააკისრეს ჯარიმები, ასევე აიძულეს, რომ გადამდგარიყვნენ თანამდებობებიდან. შესაბამისად, ამ დეტალებზე დაყრდნობით, ჩვენ ინდივიდუალურად შევისწავლით ამ საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ეს საქმე იმსახურებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მთელ ყურადღებას და ძალიან ხშირად ჩვენ გვქონია შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოსთვის სასჯელი დაგვიკისრებია იმის გამო, რომ მან პოლიტიკურ ოპონენტებისთვის მიუყენებია ზარალი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევით. საქართველოს საბანკო საკითხების მიღმა, ეს საქმე არის ძალიან საინტერესო ბევრი ქვეყნისთვის, კერძოდ კი მათთვის, ვინც მუშაობს ფინანსურ სექტორში“.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, საქმეში დაგროვებული მასალები უკვე სრულად იძლევა შესაძლებლობას, რომ დაცვის მხარემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარუდგინა.

პროკურატურის გადაწყვეტილების თანახმად, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, პროკურატურის მოთხოვნითა და სასამართლოს განჩინებით, დააყადაღეს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში.

ანგარიშების დაყადაღების ფაქტს პროკურატურა უწოდებს „მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშებზე, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღებას“.

26 აგვისტოს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გადაიხადეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა, 700 000-700 000 ლარი.

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს პროკურატურის ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე აკრძალული აქვთ საქართველოს დატოვება.

რამდენიმე დღის წინ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ 6 სექტემბერს გენერალური პროკურატურა გეგმავდა დახურულ შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

ამ ინფორმაციას იმავე დღეს გამოეხმაურა პროკურატურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ დროს არანაირი შეხვედრა არ იგეგმება, თუმცა, მათი განცხადებით, უმაღლესი კვალიფიკაციის უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას აუცილებლად გაეცნობიან საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

XS
SM
MD
LG